Home Blog Page 702

,,ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა”- სალომე სამადაშვილი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ტალიავინის დასკვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა.

სამადაშვილის თქმით, ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არა ერთი პრეტენზია მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა.

„ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით ჰქონდა არა ერთი პრეტენზია მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა. პრეტენზია ამ ანგარიშთან მე იგივე მაქვს, რაც მის ავტორს აქვს დღეს ანგარიშთან, რომ ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა და ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 ,,ტალიავინის დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის გასამართლებას”- დავით ჩიხელიძე

რატომ არის ტალიავინის კომისიის დასკვნა დღემდე აქტუალური და რატომ არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას” დასკვნის შესახებ ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე ვრცლად მიმოიხილავს „ტალიავინის დასკვნის” შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების შეცვლილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ასევე, იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იხსენებს.

ექსპერტი სვამს კითხვას, რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა”, ვინაიდან, ფაქტია, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს არ ატარებდნენ.

„მგრძნობიარე და სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს მინდა შევეხო, ყველას გვახსოვს აგვისტოს შემდეგ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია“, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მისიამ ანგარიში 2009 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. „ტალიავინის კომისიის დასკვნა“ რომელსაც ხელი ქართულმა დელეგაციამ მოაწერა მათ შორის სერგი კაპანაძემ, გიორგი კანდელაკმა და ა.შ. რატომ არის ტალიავინის კომისიის დასკვნა დღემდე აქტუალური და რატომ არ უნდათ „ნაციონალურ მოძრაობას” დასკვნის შესახებ ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, დასკვნის დეტალებში შესვლამდე ერთ ამბავს გეტყვით, რომელიც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. 2009 წელს წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია (1100 გვერდი) მხოლოდ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე იყო ხელმისაწვდომი, ქართულმა მხარემ პირველი განცხადება ტალიავინის დასკვნის ქართულად თარგმნის შესახებ მხოლოდ 2013 წელს გააკეთა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ალოგიკური შეფასებები მოჰყვა, რაც ცხადყოფს, დასკვნა მათთვის იმდენად მძიმე იყო, რომ სრული ტექსტის ქართულად თარგმნა მათთვის ხელისშემშლელი იქნებოდა, ამას მოწმობს ნაციონალური მოძრაობის წევრების და მათთან დაახლოებული ადამიანების განცხადებები. ეკა ტყეშელაშვილი: ახალი ხელისუფლების მიერ ტალიავინის კომისიის დასკვნის თარგმნა რევანშისტული პოლიტიკის ნაწილია. რა შუაშია რევანშისტული პოლიტიკა, აგვისტოს ომი ჩვენი უახლოესი წარსულია, რომლის გაყალბების უფლება არ გვაქვს, დამნაშავემ ციხე უნდა მიიღოს, გმირებმა კი დიდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უღალატა სახელმწიფოს და ვის ინტერესებს შეეწირა საქართველოს იურისდიქციაში არსებული მიწები. ტალიავინის დასკვნაში მთავარი რაც წერია და რის გამოც ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში უნდა მოიხადოს არის შემდეგი: საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს. „არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლად თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა.” იმასთან დაკავშირებით, გამართლებული იყო, თუ არა საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, მათ შორის ცხინვალის დაბომბვა, საერთაშორისო სამართლის კუთხით, დასკვნაში წერია: ”არ იყო”. დასკვნაში ასევე წერია, ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის საარტილერიო სისტემის გამოყენებით 7-8 აგვისტოს ღამეს ”საჭირო და პროპორციულ” ქმედებად ვერ ჩაითვლება. ეს არის ტალიავინის დასკვნიდან ამონარიდები, რომელსაც ქართული დელეგაცია დაეთანხმა, სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, ვისი და რომელი სახელმწიფოს ინტერესების გატარებას ახორციელებდა “ნაციონალური მოძრაობა”? ფაქტია ისინი საქართველოს ინტერესებს არ ატარებდნენ, რადგან დასკვნა, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შედგენილი დოკუმენტია. ტალიავინის დასკვნა იმდენად მისაღები აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო განაცხადა: აგვისტოს ომზე ტალიავინის დასკვნის მიხედვით უნდა ისაუბრონ ასევე ტალიავინის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით რუსეთი ამბობს რომ : ”რუსეთის მხარემ გამოიყენა ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პოზიციების ჩასახშობად, რომლებიც გამოიყენებოდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნებისმიერი მოაზროვნე გამოიტანს 30 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენებიდან საკვანძო დასკვნას იმაზე, რომ აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ (ნაციონალურმა მოძრაობამ) წამოიწყო.” ტალიავინის დასკვნამდე საქართველოს თუ დასავლური პრესის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, დასკვნის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა „უოლ სტრით ჯორნალი“- „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“ როიტერი- „საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ“ როიტერი- ანგარიში თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე მოსკოვს. შეუძლებელია არ დაეთანხმო როიტერის პუბლიკაციას, ტალიავინის დასკვნამ საქართველოს რუსეთზე დიდი ზიანი მოუტანა, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე სადაც საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად შემცირდა, შიდა ასპარეზზე კი ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც სჩვევიათ მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნის პირობებში, ჩვენთვის წამგებიანი დასკვნა გვაზეიმა, როგორც წაგებული ომი და მაპზე უკეთესი…. შოკისმომგვრელია 2011 წლის 23 მაისს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ გავრცელებული ანგარიში საქართველოს შესახებ სათაურით: „არ შეუძლია თუ არ უნდა? არასრულყოფილი გამოძიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე“. მასში ნათქვამია: „უამრავი მოწმისა და სავარაუდო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ასკვნის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც უნარი და არც სურვილი არ გააჩნია, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება იმ დანაშაულების დასადგენად, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში შედის და რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ“. აღნიშნულ ანგარიშში ყველაზე მძიმე წასაკითხია სიტყვები, რომ საქართველოს იმდროინდელ მთავრობას შესაძლო დანაშაულის გამოძიების სურვილი არ აქვს, გესმით ეს რას ნიშნავს? არსებობს ფაქტები, მაგრამ სურვილის არ არსებობის გამო გამოძიება არ იწყება, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, არა ქართული სახელმწიფოს არამედ სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა. კიდევ ერთი მონაკვეთი რომელსაც აბსურდამდე მივყავართ, ერთ ერთ ინტერვიუში სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ “არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი”, – დაწერა კაპანაძემ. აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: “საქართველო უარყოფს იმას, რასაც თქვენ აბრალებთ!.. “ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა” — რუსული ნარატივი, რომელიც ვერ დაამტკიცეს!” — დაწერა მდინარაძემ. შემდეგ სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ საქართველომ ცხინვალში დაბომბა სამხედრო წერტილები და არა — მშვიდობიანი მოსახლეობა. ხვდებით როგორ მტრულ ძალასთან გვაქვს საქმე? ტალიავინის დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გასამართლებას, ეს არის დასკვნას სადაც ნათლად ჩანს ნაციონალური მოძრაობის, როგორც მოღალატე ძალის ნამდვილი სახე და ზრახვები” – წერს დავით ჩიხელიძე.

უკრაინა კურსკის ოლქში საევაკუაციო დერეფნებს გახსნის – უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში „უსაფრთხოების ზონას“ ქმნიან, რათა საკუთარი სასაზღვრო ტერიტორიები (პირველ რიგში კი სუმის ოლქი) დაიცვან. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა  Telegram-ზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა უსაფრთხოების ზონაში რუსი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდებას გაუწევს ორგანიზებას და ასევე გახსნის საევაკუაციო დერეფნებს რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით.

„მითითებულ ზონაში რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისინი იმყოფებიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ქვეშ, რომელსაც უკრაინა სრულად იცავს.

ამიტომ, ჩვენი სამხედრო ძალები გეგმავენ:

1. მითითებულ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებას.

2. ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის: როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით.

3. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებას მითითებულ ზონაში ჰუმანიტარული რეაგირების, აგრეთვე ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ტრენინგები და კონსულტაციები“, – წერს ირინა ვერეშჩუკი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აბსოლუტურ შოკშია“ –  რუსეთის ყოფილი პრემიერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აბსოლუტურ შოკშია“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინა შეიჭრა, – ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პუტინის კრიტიკოსმა მიხაილ კასიანოვმა BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, ეს პუტინისთვის „სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაა“.

„პუტინმა შესაძლოა, ამ ყველაფერს ამა თუ იმ ქალაქის დაბომბვით, ან უკრაინელებისთვის რაიმე მტკივნეული ნაბიჯით უპასუხოს“, – აღნიშნა კასიანოვმა.

მიხაილ კასიანოვი რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2000-2004 წლებში იკავებდა, როდესაც პუტინი იყო პრეზიდენტი. ამჟამად ის ხელმძღვანელობს ოპოზიციურ „სახალხო თავისუფლების“ პარტიას ლატვიიდან.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9676 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9458 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0218 -მდე ლარი შეადგინა.

საფრანგეთში, Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

საფრანგეთში, Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, მერთი და მოზელის დეპარტამენტში მოხდა.

მედიის ცნობით, ერთი მფრინავი, რომელმაც კატაპულტირება მოახდინა, ნაპოვნია. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა.

როგორც ცნობილია, მფრინავების სამძებრო სამუშაოებში დეპარტამენტის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ეროვნული სატყეო დეპარტამენტი და პოლიციაა ჩართული.

ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს – ადვოკატები

ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისში, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმარი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატები ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე მსჯავრდებული თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს.

ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროსგან ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ.

„ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, ენტეროვირუსით მოწამლული არიან მსჯავრდებულები და გადაყვანილი არიან „ვივამედში“. ჩემი ინფორმაციით, 15 პატიმარია გადაყვანილი, თუმცა არ გამოვრიცხავ მეტი იყოს. სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ჯგუფებით“, – აცხადებს ადვოკატი სოფიო ბონდარენკო.

„ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ?!“ – ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს

ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი – ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება!, – წერს მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია. ის საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ოლივერი საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.

კულინარიის ვარსკვლავის გამომწერებს, სოციალური არხებით საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და სკუტ სკუტის ორგანიზებით „სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორც კომპანიები აცხადებენ, „სკუტერის დღეები“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას ორბორბლიან ტრანსპორტზე თამამად გადაჯდომისთვის.

„მოთხოვნიდან გამომდინარე, 1-ლი ივნისიდან თიბისი ლიზინგში ორთვლიანი ტრანსპორტის დაფინანსება გავამარტივეთ, ასევე სპეციალური შეთავაზებები დავგეგმეთ პარტნიორებთან ერთად. ვთვლით, რომ „სკუტერის დღე“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სკუტერის უსაფრთხო მართვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“ – ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომიმართულების ხელმძღვანელი.

“ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან იზრდება ორთვალა ტრანსპორტის პოპულარობა. ამ პროექტით გვინდა ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ მოქნილ და თავისუფალ ტრანსპორტზე გადმოსვლის იდეა, მაგრამ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სკუტერი ან მოტოციკლი თავად გამოეცადათ. „სკუტერის დღეებზე“, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კონტროლირებულ და უსაფრთხო გარემოში ეზიაროს სკუტერის მართვას და პირველი ნაბიჯი გადადგას ახალ ტრანსპორტზე გადმოჯდომის გზაზე.” – გიორგი მონავარდისაშვილი, სკუტ სკუტის თანადამფუძნებელი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ ვიღაცას გამბედაობა არ ეყო, ეთქვა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ კონგრესმენებთან შეხვედრაზე მის საკითხზე საუბრის შესაძლებლობა არ იყო -რაქვიაშვილი

ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს, ვინც მის ინფორმირებას აკეთებს, ის ხალხი, ვინც კონგრესმენთან და სენატორთან შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, სავარაუდოდ, ვერ ეტყვის მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი საკითხი არ იყო აქტუალური იმ მომენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის არასწორი ინფორმირება მოხდა.

„ნათლად ჩანს, რომ ლიდერსა და დანარჩენ პარტიას შორის დარღვეულია კომუნიკაცია, რაც ცუდად აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებებზე. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა საბოლოოდ ეს ყველაფერი. იერარქიულ სისტემებში, რიგით თანამშრომელს ძალიან უჭირს თავის ხელმძღვანელს სიმართლე უთხრას, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილსაც ატყუებენ „ქართული ოცნების“ რიგითი წარმომადგენლები, იგივე ხდება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილს უთხრას, ცდებითო. ამიტომ, ვიღაცას შეიძლება, გამბედაობა არ ეყო, რომ ეთქვა, არ იყო შესაძლებლობა თქვენ საკითხზე გველაპარაკაო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.

Fitch-მა უკრაინის სუვერენული რეიტინგი შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირა

სამშაბათს სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი “C” დონიდან შეზღუდულ დეფოლტამდე“ შეამცირა – ამის შესახებ უცხოური გამოცემა Reuters წერს.

მიზეზად კი სააგენტო 2026 წლის ევროობლიგაციების გადახდის საშეღავათო პერიოდის გასვლას ასახელებს.

ომის შედეგად განადგურებულმა ქვეყანამ საკუთარ ობლიგაციებზე დეფოლტი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ნებას რთავს საგარეო ვალის გადახდების შეჩერებას 1 ოქტომბრამდე.

ამავე თვის დასაწყისში, უკრაინამ 20 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო ობლიგაციების რესტრუქტურიზაციაზე ობლიგაციების მფლობელების თანხმობის მოპოვების პროცესი დაიწყო.

Fitch-მა შეინარჩუნა უკრაინის ადგილობრივი ვალუტის (LC) ვალის რეიტინგი “CCC-ზე”, რადგან ის მოელის, რომ LC ვალი გარე კომერციულ კრედიტორებთან რესტრუქტურიზაციის შეთანხმებიდან გამოირიცხება.

 რა ნდობა უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს ჰელსინკის კომისიისადმი, ერთ დღეს შეიძლება ისიც თქვან, საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებსო-ირაკლი ქადაგიშვილი

ქოლცენტრების წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მრავალი საგამოძიებო ქმედება არსებობს, მათ შორის გერმანიის პროკურატურასთან ერთად, ამ დროს, როდესაც ასეთ კომენტარს აკეთებ, რა ნდობა რჩება ქართველ ხალხს ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

„ისმის კითხვა, აბა საქართველო რას აკეთებს გადატვირთვისთვისო. კომენტარიც ძნელი სათქმელია, როდესაც ამ საკითხზე „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმს ვხედავთ. მაგრამ ყველაზე მთავარი, არსებობს საქართველოს პროკურატურის მრავალი საგამოძიებო ქმედება ქოლცენტრების წინააღმდეგ, მათ შორის გერმანიის პროკურატურასთან ერთად წარმოებული გამოძიებები, სადაც კეზერაშვილის და ძმათა მათი საქმიანობა იკვეთება. ამ დროს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ვიღაცამ თუ სიცხადე არ შეიტანა იმ წრეში, სადაც ასეთი განცხადებები კეთდება, შეიძლება ერთ დღეს თქვან, რომ საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს.

„ეს ხომ პირდაპირ თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის, ეს ლოგიკა, საბოლოო ჯამში, იქამდე მიდის, თუ ვიღაცამ სიცხადე არ შეიტანა იმ წრეში, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გვითხრან, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს საქართველოო. ბოლო განცხადებამ ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა. საზოგადოება ხომ უყურებს ამას და გაოცება, ცოტა ხანში, ადამიანებში ამერიკის მიმართ სულ სხვა აღქმაში გადაიზრდება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ, მაგრამ არ შემიძლია პირი ავუკრა იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.