Home Blog Page 701

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, მადლობა თითოეულ მედალოსანს -ირაკლი კობახიძ

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. ჩვენ ერთი თვის წინ შევიკრიბეთ აქ და ყველას გისურვებთ წარმატებები ოლიმპიადაზე, მაშინ გამოვთქვით რწმენა, რომ ეს ოლიმპიადა იქნებოდა ყველაზე წარმატებული ჩვენს ისტორიაში და ეს მართლაც ასე მოხდა, რაც არის წარმოუდგენელი შედეგი. საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და ამით საქართველო გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ. ჩვენ გავედით 24-ე ადგილზე მსოფლიოში, ესეც არის საუკეთესო შედეგი. ესეც არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება. ეს არის ოლიმპიური კომიტეტის დამსახურება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს არ ჰყავდა არც ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით, ჩვენ შემთხვევაში მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა თითოეულ სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს – ტატო გრიგალაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო. მე მასთან მქონდა საუბარი, როცა მივულოცე ვიცე-ჩემპიონობა და მისი გამარჯვება იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მან გატეხა ნავსი, მან აიღო პირველი მედალი. გახსოვთ, რომ სტარტით ცოტა უკმაყოფილო ვიყავით, თუმც მისი მედლის შემდეგ, ერთმანეთს მიეწყო და ყოველი შემდეგი დღე იყო უკვე ძალიან წარმატებული. მადლობა ტატოს ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის და იმ სტიმულისთვის, რომელიც მან მისცა სხვა სპორტსმენებს.

ლაშა ბექაურმა დაამტკიცა, რომ ის არის წარმოუდგენელი ტალანტის მქონე სპორტსმენი და მადლობა მას განსაკუთრებული წარმატებისთვის. ზედიზედ ორი ოქროს მედალი არის ის, რაზეც ოცნებობს ნებისმიერი სპორტსმენი და ლაშას არ შეიძლება, განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ ოქროს მედლისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ილია სულამანიძეს. ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობისთვის. ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენს გულებში ის არის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა მე მგონია, რომ ამას მაინც გაფორმება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, 4 წელიწადში ეს ჩემპიონობა გაფორმდება. ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას ილია სულამანიძეს.

ლაშა გურულს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. სხვადასხვა სახეობებში ჩვენ ველოდებით მედლებს, თუმცა კრივში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა წარმატება და აქ ლაშამ გატეხა ეს ნავსი და აქედან გამომდინარე, ორმაგად დასაფასებელია მისი მედალი. მადლობა მას ამისთვის. ვულოცავ კიდევ ერთხელ ბრინჯაოს მედალს.

გენო პეტრიაშვილს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდით წინა ოლიმპიადის შემდეგ, მაშინდელი ფინალის შემდეგ. ყველას გვახსოვს ის დრამატული წამები და ყველაზე მეტად იმსახურებდა ეს კაცი ოლიმპიურ ჩემპიონობას. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, წარმოუდგენელ ბედნიერებას, რომელიც მან მოგვანიჭა თითოეულ ჩვენგანს.

ლაშა ტალახაძეზე რა შეიძლება ითქვას, არც ვიცი. ეს კაცი არის უბრალოდ ლეგენდა, ზედიზედ სამი ოქროს მედალი სამ ოლიმპიადაზე, სიტყვები არ მყოფნის როგორ შეიძლება, ამ კაცს მადლობა გადავუხადოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავ ამ უდიდეს წარმატებას.

გივი მაჭარაშვილს ძალიან დიდი მადლობა. ვულოცავ მასაც წარმატებას, ვიცე-ჩემპიონობას, ძალიან დიდი წარმატებაა ეს ყველაფერი. ისეთი მიზანდასახული კაცია, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩემპიონობასაც ვერაფერი დაუდგება წინ და ვუსურვებ სამომავლოდ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა -BBC

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.

კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება, ჩვენს ქვეყანას დიდი რისკები არ აქვს, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები -პრემიერი

კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი, როგორც თემა, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რისკები, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „როგორც კი გადაივლის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას რეგიონი, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები და დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიისა თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“.

„რომელიმე ქვეყანა თუკი უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში სხვა მდგომარეობაა, მოლდოვაში – სხვა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატიის, კორუფციის, ყველა თვალსაზრისით. ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს. რეალურად, ჩვენ გვაქვს თვისებრივი დაახლოების პროცესი.

შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს გამოიხატება, მაგალითად იმაში, რომ ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით ცხრა მილიარდით გავასწარით მოლდოვას ეკონომიკით. იცით, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მათ შორის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ევროპული ღირებულება უფრო მკაფიოდ დაინერგა ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და მუდმივი პროგრესი გვაქვს ყველა თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, ამ თამაშების გამო 2022 წელს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ. ასეთი თამაშები თუ იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული იქიდან გამომდინარე, რომ, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი, როგორც თემა, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რისკები, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები.

2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო დღეს არის ყველაზე დემოკრატიული, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოში ტარდება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, საქართველოში არის ბიზნესი ყველაზე მეტად თავისუფალი და ასე შემდეგ. კანდიდატ ქვეყნებს შორის კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა არის საქართველო, ეს არის მთავარი და არა განცხადებები. განცხადებები ხან ასეთი კეთდება, ხან – ისეთი, ეს განცხადებები შემდეგ იცვლება. პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია, მთავარია, შინაარსობრივად რამდენად არის ქვეყანა წელში გამართული და ამ კუთხით კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად არის წელში გამართული. შესაბამისად, როგორც კი გადაივლის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, როგორც კი დასრულდება, პირველ რიგში, ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები და მაშინვე დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიისა თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებები წელს დაიწყება, კობახიძემ აღნიშნა:

„ყველაფერი შეიძლება, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება, ეს არის პოლიტიკური საკითხი. შეიძლება წელს მოხდეს, შეიძლება გაისად. ასეც და ისეც, ჩვენი ორიენტირი არის 2030 წელი და დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“.

ეკოაქტივისტებმა გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს

ეკოაქტივისტებმა გერმანიაში რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მოძრაობა „უკანასკნელმა თაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა ბერლინის, შტუტგარტის, ნიურნბერგისა და კიოლნის აეროპორტებში.

გერმანული მედიის ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა 8 აქტივისტმა, რომელთაც სტაფილოსფერ ჟილეტები ეცვათ. კერძოდ, აქციის ორმა მონაწილემ ასაფრენ ბილიკზე შეაღწია. „ნავთობი კლავს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კლიმატური ცვლილებები გარდაუვალი ხდება და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ საჭიროა ქმედითი ზომების გატარება.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეკოაქტივისტების ქმედებას სახიფათო და სულელური უწოდა. მისივე ცნობით, სამინისტრო დაკავებული პირების მკაცრად დასჯას ითხოვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოძრაობა „უკანასკნელი თაობის“ წარმომადგენლებმა გერმანიის აეროპორტების მუშაობა შეაფერხეს. მსგავსი აქცია მათ ივლისის ბოლოსაც მოაწყვეს.

თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია “ფედერალისტები” დააფუძნეს

თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ახალი პარტია „ფედერალისტები“ დააფუძნეს.

პარტია „ფედერალისტების“ პრეზენტაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანების სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება და რაც მთავარია, ეს არის ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდების შერჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხები სექტემბერში გაეცემა. ასევე, მისივე განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.

„ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცით, რამ იმუშავა იქ, რამაც თქვენი ყურადღება ჩვენკენ მოაპყრო და ზუსტად ვიცით, ეს ყურადღება როგორ გავზარდოთ და გავაფართოოთ.

რაც შეეხება პარტიის სახელს, რატომ „ფედერალისტები“ – ორი დღის წინ ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა და ეს ერთდღიანი ფეისბუკ-მოთქმა ვნახეთ და ეს ახასიათებს, ზოგადად, სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ რაღაც დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში – ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერავინ აიცილებს, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისი სიცოცხლის უფლებისკენ, თავისუფლებისკენ, ბედნიერებისკენ სწრაფვის რეალიზება, საჭიროა, ეს თავს მოხვეული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ის პრაიმერიზიც. ეს არის სწორი სისტემა, როგორც უნდა ვიმუშაოთ და სწორედ ამიტომ, ფედერალიზმი. ფედერალიზმი არ არის სახელმწიფო მოწყობა, ეს არის სისტემა, რომელიც ძალის ისეთ გაწონასწორებას წარმოქმნის, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება.

არჩევნების გარშემო დასმულ კითხვებს პასუხებს სექტემბერში გავცემთ. მინდა გთხოვოთ, თუ კი თქვენი ნდობა გვაქვს, ეს ერთი თვეც მინდა გთხოვოთ ნდობის გამოჩენა. ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, რაც გულისხმობს რუსული რეჟიმის შეცვლას“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 სააკაშვილის რეჟიმმა ღალატი როცა ჩაიდინა, მოქმედებდა, როგორც უცხოური აგენტურა და მათი დანაშაული ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული -პრემიერი

ყველა ობიექტურ საერთაშორისო ინდექსში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს. ყველა ინდექსი აჩვენებს ფუნდამენტურ წინსვლას, რაც ქვეყანამ განიცადა 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, არც ეს ინდექსი არ არის გასაკვირი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „როგორ შეაფასებდით იმას, რომ გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატიის კვლევის მიხედვით, საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ევროპის იმ 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც ელექტორატული დემოკრატიაა?“

„ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. გახსოვთ, 2012 წლამდე არჩევნები ყალბდებოდა ტოტალურად ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ტარდება დემოკრატიული, კონკურენტული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და, რა თქმა უნდა, ამის ასახვაა ის ინდექსი, რომელიც თქვენ ახსენეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ამ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით, მიღებული პრაქტიკაა, ოლიმპიური თამაშები როცა სრულდება, ტარდება ოფიციალური მიღება -პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კინკლაობაში ჩაითრიოს, რაც არ მოხდება.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, დღეს დააჯილდოვოს ოლიმპიელები და აღნიშნა, რომ ეს მოხდება მოგვიანებით, პარალიმპიელ სპორტსმენებთან ერთად.

„არ ვიცი, ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. შესაბამისად, აქტუალურიც არ არის ეს განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება კარგი პრაქტიკაა, რომელსაც ამკვიდრებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად.

„დაჯილდოება მისი (ზურაბიშვილის) საქმეა. როგორც მოგეხსენებათ, დაჯილდოების ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა, ამას როდის გააკეთებს, სად გააკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება. რაც შეეხება უშუალოდ ორდენებით დაჯილდოებას, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. მახსოვს, 2021 წელს როცა გაიმართა ანალოგიური დახვედრა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით სპორტსმენების დაჯილდოება. მაშინაც გვყავდა ჩვენ დამსახურებული სპორტსმენები. მაგალითად, ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა სალომე ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება არცერთი ორდენით. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, თითოეული მედალოსანი, თითოეული ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოებს, რომლებზეც ისინი წარვადგინეთ ჩვენ, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ. ალბათ ასე მოხდება, თუ არადა, ოთხ თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოვებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა ობიექტურ საერთაშორისო ინდექსში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს, ყველა ინდექსი აჩვენებს ფუნდამენტურ წინსვლას, რაც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა -ირაკლი კობახიძე

ყველა ობიექტურ საერთაშორისო ინდექსში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს. ყველა ინდექსი აჩვენებს ფუნდამენტურ წინსვლას, რაც ქვეყანამ განიცადა 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, არც ეს ინდექსი არ არის გასაკვირი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „როგორ შეაფასებდით იმას, რომ გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატიის კვლევის მიხედვით, საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ევროპის იმ 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც ელექტორატული დემოკრატიაა“.

„ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. გახსოვთ, 2012 წლამდე არჩევნები ყალბდებოდა ტოტალურად ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. 2012 წლის შემდეგ საქართველოში ტარდება დემოკრატიული, კონკურენტული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და, რა თქმა უნდა, ამის ასახვაა ის ინდექსი, რომელიც თქვენ ახსენეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ – პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ აგვისტოს ომის გამოძიებას და “ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა.

„რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არ არის ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში დოკუმენტების როლს, რა თქმა უნდა, როგორც ერთი (ტალიავინის დასკვნა), ისე მეორე ევროსაბჭოს დოკუმენტი უშუალო მტკიცებულებაა. ერთ შემთხვევაში პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამით მათ აღიარეს ომის დაწყება. ეს ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულებაა მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, ხელმოწერას როგორც ასეთი პროცედურა არ ითვალისწინებდა, მაგრამ დაეთანხმნენ მტკიცებულებებს და დასკვნებს, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევა იმისთვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას 2008 წელს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს, ხოლო დღეს წარადგენს მხოლოდ 22 დელეგატს, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.

ესენი არიან, დავიწყებ კახეთით:

დავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

ირაკლი ქადაგიშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ.

რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს, ირაკლი შატაკიშვილი, ასევე, მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი.

მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი;

რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი – დავით შერაზადიშვილი.

ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი – ანტონ ობოლაშვილი, ასევ, მოქმედი დეპუტატი.

ახალქალაქი-ნინოწმინდა – მოქმედი დეპუტატი – სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი.

მცხეთა-მთიანეთში – დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში.

გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად.

ხაშური-ქარელი – მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე;

ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე;

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე;

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე;

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.

ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან.

ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია;

მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი.

გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი.

ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი.

ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი.

ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.

ასეთია დელეგატების შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ.

ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.

არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით.

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა მან.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6928 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6928 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,2.6927 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9648 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9676 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში, ქვეყნის დადანაშაულებაა – ნიკა გვარამია

ბრალდება, რომ საქართველომ დაიწყო ომი, უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია – თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და მოიყვანა ციტატა, „ქართული ოცნების“ განცხადების, რომლის თანახმადაც, „2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.“

ნიკა გვარამიას თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო სასამართლო, „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად“.

„მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და რა მიმართულებითაც ღალატს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის გასარკვევად, ხელისუფლება რა მიმართულებით მიდის. მე არ მეშლება, როცა ხაზგასმით ვამბობ სიტყვა „ღალატს“, იმიტომ, რომ არსებობს საკითხები, რომელიც დგას ყველა პოლიტიკურ ინტერესს მიღმა და ყველა პოლიტიკურ ინტერესს ზემოთ. გუშინწინ, 13 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბრობდა ომთან დაკავშირებით, მე სიზუსტისთვის ციტატას წავიკითხავ: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი, თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.

თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის „ქართული ოცნება“. ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მკაფიო მაგალითი ამისი და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში. „საქართველომ დაიწყო ომი“ – ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია. არავის მსოფლიოში და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში. ერთადერთი გამონაკლისი, პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“- საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არის საქართველოს ხელისუფლებაში.

ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენს სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა, ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, სამართლებრივ არგუმენტს ვძლევთ ამისა. ეს აზიანებს როგორც ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, ასევე აფერხებს და ხელს უშლის არაღიარების პოლიტიკას.

რაც შეეხება სააკაშვილის აქ მოხსენიებას, თუ რამეზე შეიძლება უყოყმანოდ შეთანხმდეს საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკის მთავარი წარმატება ამ ქვეყნის, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული, რომელსაც ომი არ დაუწყია. მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, ჩრდილი მიაყენოს პოლიტიკურ კონკურენტს, ეს არის ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო სასამართლო „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად, ახლა თუ არა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება!“- განაცხადა გვარამიამ.