Home Blog Page 700

პუტინმა აიათოლა ალი ხამენეის ისრაელისთვის თავშეკავებული პასუხის გაცემა სთხოვა -Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ისრაელისთვის თავშეკავებული პასუხის გაცემა სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ პუტინმა ამ გზავნილის გადასაცემად თეირანში სპეციალურად გაგზავნა რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი შოიგუ.

ირანული წყაროები, რომლებიც ესწრებოდნენ შოიგუს შეხვედრას ირანელ მაღალჩინოსნებთან, აცხადებენ, რომ მოსკოვმა თეირანს ურჩია, თავი აარიდოს თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

წყაროები ამტკიცებენ, რომ შოიგუს ვიზიტი მოსკოვმა გამოიყენა ირანისთვის თავშეკავების აუცილებლობის შესახებ მესიჯის გადასაცემად.

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. საქმე, რომელსაც ახლა იწყებთ, არა მხოლოდ თქვენთვის, გარშემომყოფებისთვისაც სასარგებლო იქნება. ამ დღეს ძველი შეცდომების გამოსწორების და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა გექნებათ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება. ეს საუკეთესო დროა რომანტიკული პაემნებისთვის.

კურო

უჩვეულო ამბავი გელით, რომელიც საინტერესო იდეებს შთაგაგონებთ. გირჩევთ, ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ და ადრე შედგენილ გეგმას მიჰყვეთ. ამ დღეს იმპროვიზაცია ისე კარგად არ გამოგდით, როგორც სხვა დროს, ხოლო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.
მეორე ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობისთვის. ის საშუალებას გაძლევთ, პირადი პრობლემები გადაჭრათ და დაძაბული ურთიერთობები გააუმჯობესოთ.

ტყუპები

თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, წარმატებას მიაღწევთ. სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სერიოზულ ბიზნესს ან საქმიან ადამიანებთან შეხვედრას გეგმავთ. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ვერ ახერხებთ. ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევთ რას ამბობენ ადამიანები, ამიტომ ახალი ინფორმაციის გააზრება ან უმარტივესი საკითხების განხილვაც კი გიჭირთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ შეთანხმებას მიაღწიოთ ისეთ ადამიანთანაც კი, ვისაც ვერავინ ეწყობა. თქვენი დიპლომატიური უნარები შეიძლება ყველასთვის სასარგებლო აღმოჩნდეს – სავარაუდოდ, დაპირისპირებული მხარეების მორიგებას და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, იმ პრობლემის გასაღები იპოვოთ, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ.

ლომი

რთული დღეა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ოპტიმიზმი არ უნდა დაკარგოთ. რაც უფრო მეტი დაბრკოლებაა თქვენს გზაზე, მით უფრო მეტ ხერხს იპოვით მათ დასაძლევად. ახალი იდეების დამსახურებით თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიაღწევთ იმას, რაზედაც აქამდე არასოდეს გიოცნებიათ. თქვენი იდეები ბევრ ადამიანს მოსწონს და დახმარებისთვის მზადაა. დღის მეორე ნახევარი შეიძლება უფრო სტრესული იყოს, რადგან ამ დროს ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება მოგიწევთ.

ქალწული

სანერვიულო არაფერი გაქვთ. ამ დღეს თქვენს თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ ეპარება, ამიტომ შეცდომების ალბათობა მინიმალურია. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. გარშემომყოფები რჩევას ხშირად გეკითხებიან. ჩნდება ახალი, უჩვეულო და თამამი გეგმები. ეცადეთ, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და გეგმების განხორციელება სამომავლოდ არ გადადოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება ბევრჯერ გამოგადგებათ.

სასწორი

სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს საქმეებს შესანიშნავად უმკლავდებით. შეუპოვრობის და მონდომების წყალობით მიაღწევთ იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. ამ დღეს ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და საკუთარი არგუმენტების უტყუარობაში ყველაზე დიდი სკეპტიკოსის დარწმუნებაც შეგიძლიათ.
მოსალოდნელია მნიშვნელოვან პროექტზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და დაუვიწყარი პაემნისთვის.

მორიელი

დილიდან დადებითი ტენდენციების გავლენას იგრძნობთ. შესაძლოა, წარმატებას იქ მიაღწიოთ, სადაც არ ელოდით. უნდა ისარგებლონ ამ მომენტით და რთული დავალება შეასრულოთ. სამწუხაროდ, ზოგი მორიელისთვის ეს დღე ახლობელ ადამიანებთან უთანხმოების გარეშე არ ჩაივლის. კამათი წარმოიქმნება ისეთ წვრილმანებზე, რომლებსაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. დამშვიდდით, ეს ამბავი ხვალ არავის ემახსოვრება.

მშვილდოსანი

დაძაბული დღეა. გამუდმებით ყურადღების ერთი საქმიდან მეორეზე გადატანა გიწევთ, რამაც შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. ნუ გადაიღლებით – მუშაობის დროს ხშირად უნდა შეისვენოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევები თუნდაც ერთი დღით დაივიწყოთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს.

თხის რქა

მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის – ინტუიცია არ გიღალატებთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა საკითხის განხილვისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სამუშაოსთან ან გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ხელსაყრელი წინადადება მიიღოთ.
დღის მეორე ნახევარში ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით ძვირად ღირებული და უსარგებლო ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ.

თევზები

სირთულეები არ გაშინებთ, დაბრკოლებები ვერ გაიძულებთ, რომ უკან დაიხიოთ. იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ, თქვენ შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში გადაღლა თავიდან აიცილოთ და დაპირისპირება მშვიდობიანად მოაგვაროთ.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება, ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბორელის განცხადებაშია აღნიშნული, კვლავ ურყევია ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

ამავე განცხადების მიხედვით, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.

ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის.

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.

შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტს 1997 წლიდან 2004 წლამდე იკავებდა. 2004 წელს მან საკუთარი კანდიდატურა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. 2004 წლის დეკემბრიდან ის კვლავ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. 2010-11 წლებში იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2020 წლიდან ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შამბას რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე გუდაუთის „ადმისტრაციის მეთაურად“ არ დაამტკიცეს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე ინალ არძინბა იყო, რომელიც ამ პოსტიდან საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 7 მაისს გაათავისუფლა.

მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა -მიხეილ სააკაშვილი

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. “პიჯაკების” საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა.- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ზურაბიშვილი სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას.

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. “პიჯაკების” საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა.

ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?“,- წერია სააკაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს, მედიასთან პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას და განაცხადა, რომ ამაზე “ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია”. პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ძალიან ნიშანდობლივია”, რომ სააკაშვილის ყველა სასამართლო ახლა ინიშნება, აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გააჟღეროს, რადგან „ოცნების ბოლო იმედია, ამომრჩეველი კიდევ სააკაშვილით შეაშინოს”. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილი აქტუალური არ არის, აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს. მისი თქმით, “ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც თავის ადგილზე იქნება“.

საქართველოში ამინდი გაუარესდება -უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ხვალ, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია, დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.

მათივე ცნობით, 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო რაიონებს: (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 7-8 აგვისტოს – დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, სამტრედია, ოზურგეთი) მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 7-8 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 7-8 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ზოგან – ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 7-8 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 +32 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

 ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა – მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს საფრთხე არ ემუქრებათ -გარემოს ეროვნული სააგენტო 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

მათივე ცნობით, მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა.

სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საკუთარ თავზე როცა არ ხარ დამოკიდებული, ხშირად მოგიწევს საკუთარი ნათქვამის გადაკეთება, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ადამიანს უწევს ამის კეთება დღეს -მაკა ბოჭორიშვილი

საკუთარ თავზე როცა არ ხარ დამოკიდებული, ნამდვილად ვერ იქნები პრინციპული და მოგიწევს ძალიან ხშირად შენი ნათქვამის გადათქმა, შენი ქმედების გადაკეთება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ადამიანს უწევს ამის კეთება დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასაფიქრებელია, რას ემსახურება ქართველის ხალხის შანტაჟი და წინასწარ აპელირება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შედეგები, რასაც, ბოჭორიშვილის შეფასებით, ოპოზიციის, პრეზიდენტის და ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მხრიდან აქვს ადგილი.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ქართველ ხალხს აქვს არჩევანი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის სწორედ იმის გარანტი, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი, პოზიცია არჩევნებზე დააფიქსიროს. ხდება წინასწარ აპელირება, როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის შანტაჟი, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკვე ამდენი თვეა და რასაც ახორციელებს ოპოზიცია, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეგულარულად არღვევს კონსტიტუციას მსგავსი ნაბიჯებით და ჩართულები არიან უცხოელი პოლიტიკოსებიც. ნამდვილად დასაფიქრებელია, რას ემსახურება ეს ყველაფერი და ამ შანტაჟს ქართველი ხალხი ზუსტადაც გასცემს პასუხს 26 ოქტომბერს. შემდგომ არავის არ უნდა გაუკვირდეს ის შედეგი, რაც დადგება 26 ოქტომბერს.

ძალიან რთულია, პოლიტიკოსი და, ზოგადად, ადამიანი იყო პრინციპული, როდესაც საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული. ამ შემთხვევასთან გვაქვს ზუსტად საქმე. როდესაც საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული, ნამდვილად ვერ იქნები პრინციპული და მოგიწევს ძალიან ხშირად შენი ნათქვამის გადათქმა, შენი ქმედების გადაკეთება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ადამიანს უწევს ამის კეთება დღეს. ეს არის ზუსტად, როდესაც პოლიტიკოსი, ადამიანი არ ხარ საკუთარი თავის პატრონი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კამალა ჰარისმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა.

ინფორმაციას CNN  ავრცელებს.

უოლცი მინესოტას გუბერნატორია მეორე ვადით, ასევე დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციას ხელმძღვანელობს; მანამდე 12 წელი მსახურობდა კონგრესში.

„სიენენის“ ინფორმაციით, უოლცი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად გუნდის ფავორიტი იყო.

ცესკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. “გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ცესკოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობაზეც, რომელიც ამომრჩევლებისთვის ტექნოლოგიების გაცნობას ემსახურება.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესია. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვის პირველი ნაბიჯი კი სწორედ საარჩევნო უფლების გამოყენებაა.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიბლიოთეკაც დაათვალიერეს.

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა”, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისის აეროპორტი ივლისში 519 275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% – ით მეტია, ხოლო ბათუმის აეროპორტმა წინა წელთან შედარებით 48%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა. ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 2024 წლის 7 თვეში მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაიზარდა როგორც სიხშირეები, ისე მიმართულებები ევროპისა და ყურის ქვეყნებიდან, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდულ ზრდაზე აისახა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი ევროპული მიმართულებით ხდება ფრენების ოპერირება.

„ქუთაისში 30-მდე მიმართულება გვაქვს ევროპული, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის დივერსიფიკაციაზე და ზრდის ევროპელი ტურისტების წილს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა აქტივობის განხორციელებას კერძო სექტორთან ერთად, რაც უზრუნველვყოთ ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების მდგრადობა,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანოს ახალი ავიაკომპანიები, გაიზარდოს ფრენის სიხშირეები იმ მიმართულებებზე, რომლებიც გამოირჩევა სტრატეგიულობით. მარიამ ქვრივიშვილმა დაასახელა ავსტრიის ავიახაზები, რომელიც ასრულებს ფრენებს ვენა – თბილისის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანია „ტრანსავია“, რომელიც ასრულებს რეისებს ამსტერდამსა და თბილისს შორის.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ზაფხულის ტურიზმის სექტორი საქართველოში და მას წარმატებული უწოდა. მისი თქმით, ქვეყანამ შემოსავლის სახით ტურიზმიდან ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, რაც 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით 1,9 მლრდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.

„ეს მაჩვენებლები პირდაპირაა დაკავშირებული სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა აწარმოებს როგორც ტურიზმის, ისე სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვაწარმოებთ საერთაშორისო არეალზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მიზანი აქვთ, რომ როგორმე ტონი აიმაღლონ, იქნებ ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერი მათთან დებატებში შევიდეს – გია ვოლსკი

რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება – ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს! – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე.

ვოლსკის აზრით, „ეს იმ შანტაჟსა და პოლიტიკურ სპეკულაციაზე წასვლა იქნება, რასაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი სთავაზობს“.

„მიზანია, როგორმე რაღაცით ტონი აიმაღლონ, იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი, შევიდნენ მათთან დებატებში.

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით არის პოსტზე, სადაც მან ყველა ვალდებულება დაარღვია. სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. ასეთ ვითარებაში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, პირდაპირ შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია სწორედ იმ მიზნით, რომ რაღაცით თავი წარმოიჩინოს, მაშინ როცა „ქართულმა ოცნებამ” ის, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, როგორც დიასპორის წარმომადგენელი, როგორც ქალბატონი, ევროპელი წამოსწია იმ პოსტზე, რასაც ის დღეს ფორმალურად იკავებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.