Home Blog Page 700

,,ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია მშვიდობისა და ხვალინდელი დღისთვის”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელის, არტემ დმიტრუკის განცხადების გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ არ გაიმეორონ უკრაინის შეცდომები და არ ჩაერთონ ომში.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იცავს ქვეყნის მშვიდობას და არ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რასაც ხალხი არ აპატიებს.

 „ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.  ჩვენ რომ ამდენი ხანია ხელისუფლებაში ვართ, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ვიღაცებს რადიკალური ოპოზიციიდან ჰგონიათ, რომ რომელიღაც საელჩოში უნდა ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ვიცით, ერთ მხარეს რა დაჯგუფება დგას, რა არის მათი და მათი პატრონების მიზანი; მეორე მხარეს კი დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის მშვიდობას იცავს. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა გვინდა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ვიღაცებმა საკუთარი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის. შედეგად კი, ისევ ტერიტორიები დავკარგოთ, დავხოცოთ ხალხი, ახალგაზრდები სწავლის ნაცვლად ომში გავუშვათ. რატომ? რისი გულისთვის? არ გვიომია? გამოვლილი გვაქვს ეს პროცესები და ვიცით რამხელა ზიანის მომტანია ომი. 

ჩვენ შეცდომების დაშვების ფუფუნება არ გვაქვს. ამას არც აწმყოში და არც მომავალში არ გვაპატიებენ. შესაბამისად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის და ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აშშ არ ურჩევს ისრაელს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას – WP

აშშ-ის ოფიციალური პირები არ ურჩევენ ისრაელს ლიბანში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, – ამის შესახებ The Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ისრაელმა არ განახორციელოს სახმელეთო შეჭრა ლიბანში, რადგან ეს მხოლოდ გაართულებს ისრაელის მცდელობებს დაასუსტოს „ჰეზბოლა“.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ჯერ კიდევ აფასებენ ლიბანში არსებულ ვითარებას და მათ შემდგომ ნაბიჯებს და გააფრთხილეს, რომ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა შეიძლება მოხდეს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლა“ ლიდერის ჰასან ნასრალას გარდაცვალების შემდეგ.

ამავდროულად, ცნობილია, რომ რეგიონში აშშ-ის ჯარები ემზადებიან ნასრალას მკვლელობაზე ირანის შესაძლო პასუხისთვის.

ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ემზადება მთელი რიგი შესაძლო პასუხებისთვის, მათ შორის „ჰეზბოლას“ პირდაპირი რეაგირებისთვის, ირანის მიერ კონტროლირებადი ძალების თავდასხმებისთვის, ირანის თავდასხმებისთვის ამერიკულ ძალებზე რეგიონში ან პირდაპირი ირანის სარაკეტო თავდასხმისთვის ისრაელზე.

,,არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ტაშ-ფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო”- ვოლსკი

„არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი აიღებს და ტაშ-ფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარეს. 

„ოპოზიციის განცადებები მოვისმინთ ლავროვის თემასთან დაკავშირებით, ჩააბარეს რუსეთს ტერიტორიების 20%, ყველაფერი გააკეთეს, რათა გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში. თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის, რათა პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს, ეს არ არის ცუდი მესიჯი.

მთავარია, როგორ გამოიყენებ, არავინ უნდა ელოდოს, რომ რუსეთი აიღებს და ტაშ-ფანდურით გადმოგცემს იმას, რაც სააკაშვილმა ჩააბარა 2008 წელს, მუშაობაა საჭირო.

ევროკავშირი თავის დროზე ჩაერთვება თავისი უშველებელი პროგრამებით, საერთოდ, გამოცდილება ურთიერთობისა გვაქვს, ვიდრე ჩაშლიდა სააკაშვილის მავნებელი ხელისუფლება, თუმცა ფორმატები არსებობდა. ახლა უნდა ვიწვალოთ და დავუბრუნდეთ ფორმატებს, რომლის გამოცდილებაც გაგვაჩნია“, – აცხადებს გია ვოლსკი.

დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს.

30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია – გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი; 2 ოქტომბრის 00:00 საათიდან 8 ოქტომბრის 23:00 საათამდე მოძრაობა სრულად აიკრძალება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, იტალიის ქუჩაზე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი მძღოლები კი იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ჭანტურიას ქუჩას.

3 ოქტომბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე – აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და ისმაილ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრის 12:00 საათიდან 7 ოქტომბრის 02:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული ვითარების შესაბამისად. შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით კი გადაადგილება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

შეზღუდვების პერიოდში მოძრაობის მიმართულება შეეცვლება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.

კერძოდ, ავტობუსები: N326, N331, N342, N352 და N397 რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაცვლად, გადაადგილდებიან ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან კი, N320 იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ, N323 ავტობუსი – ჯავახიშვილის ქუჩისკენ და შემდეგ გადაადგილდება დადგენილი სქემით.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N536 და N550 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოენიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N536 მიკროავტობუსი უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ და მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

გიორგი ურუშაძე კადეტ მოფარიკავეთა შორის თბილისში გამართული ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

გიორგი ურუშაძე კადეტ მოფარიკავეთა შორის თბილისში გამართული ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა რამდენიმე ძლიერ მეტოქეს აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა. ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდურ შეჯიბრებაშიც იასპარეზეს და ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფარიკაობაში ევროპის თასის მომდევნო ეტაპს 12 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

,,არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში”- მერაბ დვალიშვილი

არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში!- ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ.

როგორც მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებთან აღნიშნა, მან საერთო გამარჯვება მოიპოვა.

„ამას არაფერი შეედრება… მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში! მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“,-აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

ინფორმაციისთის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა, სადაც გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბ დვალიშვილი აეროპორტიდან მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს, სადაც 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასხარ ჯიოევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველო „მეზობელ ქვეყნებთან“ – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შერიგებას.

„ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, შერიგების შესახებ ქართველო ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს თავად ქვეყნების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ჯიოევმა.

მისი მტკიცებით, „რუსი პარტნიორები“ ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის კუთხით.

„ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას“, – განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მომავალში „საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების“ შესაძლებლობას, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პოზიცია ცნობილია და არაერთხელ გაჟღერებულა.

„ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან“, – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანი პირობას დებს, რომ რევოლუციური გვარდიის მეთაურის მოადგილის, აბას ნილფორუშანის მკვლელობას უპასუხებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის მოადგილის მკვლელობა საშინელი დანაშაული იყო, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება.

„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიერ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, ბრიგადის გენერალი აბას ნილფორუშანი პარასკევს ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა, რომლის დროსაც „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია

რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის არმიამ, მიმდინარე კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 900-მდე საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 900 საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ი და 40-ზე მეტი რაკეტა. რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობით – უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანობით და ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენაში ერთიანობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაბომბეს.

ევროპული ”H145” ტიპის სამივე ვერტმფრენი საქართველოშია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამავე ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

„თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. “H145” ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, airbus helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები ? – დავით ქართველიშვილი

ვინაიდან გახარიას პარტიის საარჩევნო სიასაც გავეცანი, „ფეისბუქის“ მეხსიერებამ მომცა კარგი შესაძლებლობა “გახარისტების” პოტენციალზე, მათ ადგილზე ქართულ პოლიტიკაში ცნობილი ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება გამეხსენებინა. გავყვეთ ამ ცნობილი სპეციალისტის შეფასებას წელს, საარჩევნო პერიოდში“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, საინტერესოა, რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე.

„საოქრომჭედლო “სამყაროში” განასხვავებენ ოქროს ექვს კლასიფიკაციას: 375 სინჯის (37,5%), 500 სინჯის (50%), 585 სინჯის (58,5%), 750 სინჯის (75%), 900 სინჯის (90%) და 999 სინჯის (99,9%). როდესაც პოლიტოლოგი გადადის საკუთარი აზრის გამოხატვის “ალეგორიულ” მანერაზე, ჩვენ – მის მკითხველს, გვიჩნდება დამატებითი შეკითხვების დასმის “ფანჯარა”.
ზუსტად ერთი წლის წინ ბატონმა ძაბირაძემ ბრძანა: “გახარიას აქვს ოქროს მანდატები”. საუბარი იყო გახარიას “ჩინურ ვერსია” ქემოკლიძეზე, “მარიანის ღრმულის” ცნობილ მკვლევარზე. საუბარი იყო ალეკო ხოჯევანიშვილზე და დეპუტატ ანა ბუჩუკერზე. ასე რომ, ავითარებდა თავის თეორიას ბატონი ძაბირაძე: “რასაც უკარნახებს გახარია, ან ის უნდა მიიღონ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე – მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს, იმასთან გავაკეთებ კოალიციას”.

რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან ბატონ პოლიტოლოგისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს ჩემს მიერ ჩამოთვლილი წევრები? ან ჩვენს საზოგადოებას რაში შეატყო – ან დემენციური ამნეზიის, ან ოქროს თითბრისაგან გარჩევის უუნარობის ნიშნები? ან თავად გახარია – რომელ სინჯს განეკუთვნება? “ბაჯაღლოს”? შარშანვე ევროპელი პენსიონერების ფულით ჩატარებული კვლევებით მისთვის მიწერილი 10 პროცენტი რამდენად “საბაჯაღლოა”? საინტერესო იქნებოდა გავცნობოდეთ პატივცემული პოლიტოლოგის წლევანდელ პოზიციასაც, ან პირიქით – ინტერესმოკლებულ კატეგორიას მიგვეკუთვნებინა იგი“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.