„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ (ISFED ) აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ISFED-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის თქმით, არჩევნები შესაძლოა, სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას.
„ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები. ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს „სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.