Home Blog Page 70

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს

კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. სავარაუდო მოტივად, ამ დროისთვის, ეჭვიანობა სახელდება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს – გია ვოლსკი

საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში.

„საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. რუსეთთან დაკავშირებით კარგად იცის თვითონაც და განცხადებები უკეთებია, იმაზე, რომ იმ ოკუპაციის შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ოპოზიციაა. ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში. ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს, შემოჭრას, ოკუპაციას შეუქმნა სამართლებრივი წინაპირობა, ობიექტები, რასაც ჩვენ სტრატეგიულ ობიექტებს ვუწოდებთ, ჩააბარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს. სასამართლოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში, თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული რუსეთის ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა სალომე ზურაბიშვილის გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. პრიმიტიულია ფორმულა – ჩვენ იმ კურსის მომხრე ვართ, რაც კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ფაქტი, რომლის რეალიზაცია მოხდება მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები წავა მშვიდობისკენ, მოლაპარაკებისკენ და წერტილი დაესმება ამ სპეკულაციებს, რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ “უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი”.

„გორმედში“, საკეისრო კვეთის შემდეგ 30 წლის ქალი გარდაიცვალა

„გორმედში“ გარდაცვლილი 30 წლის მშობიარე ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, მზია კობერიძე აღნიშნავს, ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„ორსულს აღნიშნულ კლინიკაში არ უნდა ემშობიარა, ის სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაეგზავნა გინეკოლოგს, ნინი შერმადინს, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა. შერმადინი ძალიან კარგად იცნობდა გარდაცვლილის ანამნეზს, ქალბატონი პრობლემებით სავსე იყო, მაღალი წნევები ჰქონდა. ექიმი მის 37 კვირამდე მიყვანას ელოდებოდა, როცა ასეთი პაციენტის 37 კვირამდე მიყვანა არ შეიძლებოდა და 27 კვირაზე უნდა ემშობიარა, თან სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტს პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ ყურადღება არ მიექცა და ეს ფატალური შედეგი თავიდან ვერ აიცილეს. მას სათანადო კვლევები ვერ ჩაუტარდა, ჰემოგლობინის კვლევა რომ ჩაეტარებინათ, მიხვდებოდნენ, რომ დენა იყო დაწყებული. ოჯახს ასევე პრეტენზიები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, არავინ აყენებდა მათ საქმის კურსში, ექიმიც არ გამოსულა. მთელი რიგი დარღვევებია, რაზეც გამოძიება დაწყებულია და რეგულირებასაც მოკვლევა დაწყებული აქვს. დაკითხული არიან გარდაცვლილის დედა და მეუღლე.

ახლა ამტკიცებენ, თითქოს, აღნიშნულ საავადმყოფოში მოხვედრა იმიტომ მოხდა, რომ მას მშობიარობა ჰქონდა დაწყებული, არადა ის ჩვეულებრივ ვიზიტზე მივიდა ექიმთან და მათ მიიღეს უცებ გადაწყვეტილება, რომ საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.

ოჯახის პოზიციაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაისაჯონ, რადგან მათ პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს“, – განაცხადა კობერიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ „გორმედის“ სამეანო განყოფილების ხელმძღვანელს, ვასილ სიმონიას დაუკავშირდა. სიმონია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ასევე მომხდარ ფაქტს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, საქმეში პირველივე საათებიდან ჩართულია რეგულირების სააგენტო. პლუს გამოძიება დაწყებულია, ასევე ჩატარებულია ექსპერტიზა და მიზეზები დადგინდება, პასუხებს ველოდებით“, – განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, „გორმედში“ 30 წლის მაგდა ბალიაშვილი საკეისრო კვეთის შემდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს, დაახლოებით 2 კვირის წინ გარდაიცვალა. მას პირველადი ინფორმაციით, გული გაუჩერდა.

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.

დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო

დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გადმოგცემთ სრულიად კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ეს დიდებული ტაძარი – სიონი თავისი წლოვანებით თბილისის თანატოლია. როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქ თბილისს, მაშინ საფუძველი ჩაეყარა სიონის ტაძარსაც.

დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველოო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და საერთოდ, ყველას და ყველაფერს, რაც შექმნილია ღმერთის მიერ, მაგრამ რატომ ვზეიმობთ ასე განსაკუთრებით მიძინების დღესასწაულს? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განიღმრთო, მოხდა მისი განღმრთობა. მართალია ის იყო ღვთის ქმნილება, მაგრამ მისმა პირადმა და სამყაროში ერთადერთმა უცოდველობამ იგი აღამაღლა ქმნილებაზე მეტად. უფლის მადლმა და ძალამ აღამაღლა იგი აი, ამ უცოდველობის გამო.

სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიზეიმეთ ფერისცვალების დიდებული დღესასწაული, რომლის ტროპარიც გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოწაფეებს თავისი საღვთო დიდება უჩვენა. ამავე ტროპარში ნათქვამია, ლოცვის სახით ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. გახსოვთ ტროპარის სიტყვები, „გამოგვიბრწყინე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი მეოხებიოთა ღვთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო. უფალო, დიდება შენდა“. და, აი, ჩვენი ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ის არის,რომ ჩვენშიც გამობრწყინდეს საღვთო დიდების ეს მარადიული ნათელი. ვისაც დღეს სულიერი თვალები ახელილი აქვს, ისინი ხედავენ ამ საღვთო დიდების გამოვლინებას ღვთისმშობლის მიძინებაში. საეკლესიო გადმოცემა, ჩვენი იკონოგრაფია გვაუწყებს ჩვენ, როგორ მოხდა ღვთისმშობლის გარდაცვალება, როგორ გადავიდა იგი ზეციურ სამყაროში, რომ თვით ძე ღმერთი თავისი საღვთო დიდებით შეეგება მას. თვით ძე ღმერთი მთელს ზეციურ სამყაროსთან ერთად ეგებება მას გვირგვინით და რა გვირგვინია ეს, რაზე მიანიშნებს ეს გვირგვინი? აი, სწორედ ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა ზეციური დედოფალი, ამ ჟამს, მისი მიძინების ჟამს და მას შემდეგ წმინდა ეკლესია მას უწოდებს ზეცისა და მიწის დედოფალს, ყოველთა დედოფალს, და დედოფალს არ შეეძლო ზეცისთვის მიეცა ამაზე უფრო წმინდა, ამაზე უფრო უბიწო და აღმატებული არსება. ამიტომაც, ძვირფასო დებო და ძმებო, სწორედ მან მიიღო თავის წიაღში ნათლის მომცემელი და ცხოვრების მომცემელი ღმერთი და სწორედაც ამიტომ ფერისცვალების ტროპარში აღნიშნულია, რომ ღვთისმშობლის მეოხებით შეიძლება აღმოუბრწყინდეს ადამიანს საღვთო, მიუაჩრდილებელი თაბორის შუქი, მარადიული ნათელი. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვევედრო ჩვენ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი აი, ამ მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში და აი,ამ ლურჯი ზეცის ზემოთ,რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის კიდევ ერთი ზეცა,რომელიც სავსეა და დაფარულია ღვთისმშობლის დიდებით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულ და ვეცადოთ მთელი გულით შევიყვაროთ დედა ღვთისმშობელი და თაყვანი ვცეთ მას“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. უბედური შემთხვევა გუშინ, ნოქალაქევთან მოხდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან მალევე ამოასვენეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსეთის როსტოვის ოლქში ორი ნავთობბაზა იწვის

რუსეთის როსტოვის ოლქში, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ნავთობის ორ საცავში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას მედია , რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნავთობბაზაზე რამდენიმე ავზი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი „როსრეზერვის“ ქარხანა „ატლასის“ ტერიტორიაზეა.

უკრაინელებმა რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფზე დაყრდნობით ავრცელებს.

„”მარადიული ფრენა”, როგორც მტრის ზოგიერთი ბლოგერი ამბობს”, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

მათი ინფორმაციით, ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

„მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს ქვეითებს ერთით ნაკლები პრობლემა აქვთ“, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალული დედაღვთისა მესამე დღეს უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღამაღლა, ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის აღყვანებას ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება.

 ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ამ მარ­ხვის და­წყე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. უც­ნო­ბია, ასე­ვე, რო­დის და­წეს­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ღვთის­მშო­ბელს მისი მი­ძი­ნე­ბის დღე უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის მიერ ახა­რა, რო­მე­ლიც მას ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე ლოც­ვი­სას გა­მო­ე­ცხა­და. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა დე­დაღვთი­სას ამ­ცნო, რომ სამი დღის შემ­დეგ მი­ი­ძი­ნებ­და. ამის და­სა­მოწ­მებ­ლად კი სა­მო­თხე­ში დარ­გუ­ლი ფი­ნი­კის ხის ტოტი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლით ბრწყი­ნავ­და. იგი მის საფ­ლავ­თან უნდა მი­ე­ტა­ნათ. ღვთის­მშობ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, უფალ­მა სა­ქა­და­გებ­ლად წა­სუ­ლი წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი მი­ძი­ნე­ბის დღეს ღვთის­მშო­ბელ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შეკ­რი­ბა. უფალ­მა ასე­ვე ის­მი­ნა ღვთის­მშობ­ლის თხოვ­ნა, რომ არ ეხი­ლა ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და ღვთის­მშობ­ლის სული ცათა სა­უ­სუ­ფე­ველ­ში თა­ვად უფ­ლის ხე­ლით ავი­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­მა გეთ­სი­მა­ნი­ის ქვა­ბულ­ში დაკ­რძა­ლეს. ამ პრო­ცესს თომა მო­ცი­ქუ­ლი არ ეს­წრე­ბო­და. მე­სა­მე დღეს მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­თვის ქვა­ბუ­ლის ლოდი გა­და­ა­გო­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი უფალ­მა მკვდრე­თით აღად­გი­ნა და ხორ­ცით ზე­ცა­ში აღა­მაღ­ლა. ამი­ტომ ეკ­ლე­სია ღვთის­მშობ­ლის აღ­სას­რულს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს.

ცნო­ბე­ბი ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მის შე­სა­ხებ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას მო­ცი­ქულ­თა დრო­ი­დან მო­ე­პო­ვე­ბა. ჯერ კი­დევ I სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­წა­მე დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი წერ­და: პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მიერ ღვთის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გან­სწავ­ლუ­ლი, ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულს აუ­ცი­ლებ­ლად ღმერ­თად მი­ვიჩ­ნევ­დიო. წმინ­და დი­ო­ნი­სემ მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით მე-12 წელს მო­ი­ნა­ხუ­ლა ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი, მის­გან კურ­თხე­ვა და რჩე­ვა-და­რი­გე­ბა მი­ი­ღო.

ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის შე­სა­ხებ აგ­რეთ­ვე II სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე სარ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის მე­ლი­ტო­ნის თხზუ­ლე­ბებ­შია მო­თხრო­ბი­ლი. წმინ­და ეპი­ფა­ნე კვიპ­რელ­მა IV სა­უ­კუ­ნე­ში შეკ­რი­ბა მა­სა­ლე­ბი და აღ­წე­რა ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის მი­ძი­ნე­ბის ამ­ბა­ვი. V სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლი­მე­ლი პატ­რი­არ­ქი იუ­ბე­ნა­ლი კე­თილ­მსა­ხურ ბერ­ძენ დე­დო­ფალ პულ­ხე­რი­ას ასე მი­მარ­თავ­და: “მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბა წმინ­და წე­რილ­ში არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ჩვენ ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ უძ­ვე­ლე­სი და სრუ­ლი­ად სა­ი­მე­დო წყა­რო­ე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა”. ეს წმინ­და გად­მო­ცე­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ არის შეკ­რე­ბი­ლი და აღ­წე­რი­ლი XIV სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სის ნი­კი­ფო­რე კა­ლის­ტეს თხზუ­ლე­ბა­ში.

ტროპარი:

შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

კონდაკი:

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოებაჲ, ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ, ვითარცა დედაჲ ეგე ცხორებისაჲ, ცხორებად მიცგვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშოჲ მარადის ქალწულისა.

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ინფორმაციის მოპოვება იმდენად რთულია, რომ ხშირად ფაქტების ნაცვლად, ვარაუდებს ეყრდნობით. შესაბამისად, გადაწყვეტილების და სამომავლო გეგმების შედგენა გიჭირთ. ახლობელი ადამიანების რჩევები ვერაფერში გეხმარებათ, თუმცა მაინც კარგ განწყობას ინარჩუნებთ და მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი.

კურო

ამ დღეს ემოციური ფონი საკმაოდ მაღალია. უმნიშვნელო პრობლემებზეც სერიოზულად ნერვიულობთ და წონასწორობას კარგავთ, თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ ხდება.
ასეთ დღეებში მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით გჭირდებათ და სავარაუდოდ, მიღებთ კიდეც.
კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თავში ბევრი კარგი იდეა მოგივათ, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოთ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში უმნიშვნელო წვრილმანებზე ნერვიულობთ, უმცირეს დაბრკოლებაზე წონასწორობას კარგავთ და სისულელეებს აკეთებთ, ამიტომ ამ დროს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა დაგეგმოთ. დროთა განმავლობაში დადებითი ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ეცადეთ, არაფერი გამოტოვოთ და ახალი, იმედის მომცემი პროექტი დროულად დაიწყოთ.

კირჩხიბი

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. მოვლენების იღბლიანი განვითარების წყალობით მიზნის მისაღწევად არაფრის გაკეთება არ გიწევთ და ყველაფერი თავისთავად გვარდება. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ როგორ უნდა მოიქცეთ. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას – ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზეც იზრუნოთ – გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.

ქალწული

საავარაუდოდ, დილით უსიამოვნო შემთხვევები გელით, ამიტომ დროის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. გირჩევთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ – შესაძლოა, შეამჩნიოთ ის, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. დროთა განმავლობაში, დადებითი ტენდენციების გავლენა გაიზრდება, ბევრი რამ უფრო გაადვილდება და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

სასწორი

ეს დღე თქვენგან სიფრთხილეს და წინდახედულობას მოითხოვს. ეცადეთ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღოთ. მით უმეტეს, თუ საქმე თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ეხება.
დღის დასაწყისში ინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერდება, ამიტომ მის მითითებებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ.
დღის მეორე ნახევარში უჩვეულო შემთხვევამ შეიძლება საინტერესო აზრისკენ გიბიძგოთ. საყვარელ ადამიანთან საუბარი განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება რთულ კითხვებზეც კი სწორ პასუხს გაპოვნინებთ. ამ დღეს თქვენს მახვილ თვალს ყურადღებას არაფერი გამოეპარება, რაც გარიგებების დადებისას ძალიან დაგეხმარებათ. ინტუიცია წყალობით სწრაფად ხვდებით, რა იქნება თქვენთვის მოგებიანი და რა არა. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ.

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში უსიამოვნო ინციდენტი გელით. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, უმჯობესია ყურადღება ძველი საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ.
უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ. ნუ ეცდებით ადამიანებს საკუთარი შეხედულებები თავს მოახვიოთ და როცა შესაძლებელია, დაუთმეთ.
შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, ვისგანაც ბევრს ისწავლით. სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში ან სიყვარულში გადაიზრდება.

თხის რქა

გირჩევთ, რაც არ უნდა მოხდეს, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის სწორი არ არის, ხოლო ყოველთვის მახვილმა ინტუიციამ შეიძლება დღეს გიღალატოთ. კარგად დააკვირდით გვერდით მყოფ ადამიანს და შეეცადეთ, ამოიცნოთ რას უნდა ელოდოთ მისგან. მიმდინარე საქმეებს კარგად უმკლავდებით და შეიძლება დაასრულოთ პროექტი, რომელზეც დიდი დრო დაახარჯეთ.
ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დარჩება.

მერწყული

ეცადეთ, სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი ძალიან ნაყოფიერია. ეს შანსს გაძლევთ მნიშვნელოვან საქმეებს გაუმკლავდეთ და სერიოზული პრობლემების გადაჭრაში წარმატებას მიაღწიოთ.
დღის მეორე ნახევარი უფრო რთული და დამღლელი იქნება. ახლობელ ადამიანთან წვრილმანების გამო კამათი და გაუგებრობა გელით. ზოგჯერ საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც გიჭირთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. ეს დროებითი პრობლემებია და ხვალ აღარ გემახსოვრებათ.

თევზები

ამ დღეს გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას უნდა მოერიდოთ. ფიქრისთვის საკმარისი დრო გაქვთ და შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად აწონ-დაწონოთ.
ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკო პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების – ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. სულ გაიხსნება 3030 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, რისთვისაც მზადება წელიწადზე მეტია დაწყებულია. დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღესვე გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განკარგულებით სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც დაინიშნა, რომელიც
პარლამენტის არჩევნებთან ერთად 26 ოქტომბერს გაიმართება.

დღესვე ცესკომ მიიღო განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ.

ცესკომ ასევე მიიღო განკარგულებები როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე საკრებულოების შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების დადგენის თაობაზე.

დღევანდელ სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნონ აღნიშნულ ინფორმაციას.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსის გაფორმებას. პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშავა და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება.

არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. მაგრამ აქვე გვინდა მოვუწოდოთ არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.