Home Blog Page 7

პროკურატურამ ბათუმში, სასტუმრო „ბილიონერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, სასტუმრო „ბილიონერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, რითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ბილიონერის“ მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზიანდა სასტუმროში შესასვლელი კარის შუშა, გარე ფასადი და უხეშად მოხდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,974 გრ. ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (ფუძე), რაც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 22 ივლისს დააკავეს, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აგვისტოში წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს, იქნებიან ახალი სახეებიც – კალაძე

„არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მას არ სურს ოპოზიციაზე საუბარი, რადგან ისინი თავად ვერ გარკვეულან მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ან ვინ იქნება მერობის მათი კანდიდატი.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან საქმე ეხება კონკრეტულ უბნებში, რაიონებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. ცხადია, არსებობს გამოწვევები. მე თბილისზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან ყველა პრობლემა ვიცით, რაც უნდა მოგვარდეს და რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო. ეს არ არის ჩემი საქმე. თავად ვერ გარკვეულან ერთმანეთში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, როგორი ფორმით წარდგება არჩევნებში. მთავარი არის ის, რომ ჩვენ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე. ერთადერთი პარტია, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს თუნდაც დედაქალაქში და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით: „თქვენ ძალიან ნერვიულობთ ჩემს კანდიდატურაზე. გაგიხარდებათ, როგორც მოქალაქეს, მე რომ ვიყო თბილისის მერი? დაელოდეთ და თავის დროზე ყველაფერი ცხადი გახდება“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგვისტოში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს და მათ შორის ახალი სახეებიც იქნებიან.

„აგვისტოში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. გვეყოლება ახალი სახეებიც. მნიშვნელოვანია ხალხში გასვლა, პირდაპირი კომუნიკაცია. ვინც დიდი ხანია საკრებულოშია და ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მათ მოსახლეობასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტიათ. ახალი სახეებიც პირველივე დღიდან ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დოკუმენტი გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით, გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა -კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”

„მეგობარი აქტი“ გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით, გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა – პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს, – განუცხადა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს.

კახა კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

„რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილით. უკვე გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აქტში. სულ 360 ათასია გადახდილი, ხოლო კონკრეტულ კონგრესმენს, პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ ინფორმაციით გააჯეროს აღნიშნული დოკუმენტი. ეს არის მოცემულობა, რეალობა და ეს არის სიმართლე, რაც ცნობილი გახდა FARA-ს კანონით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველა ხვდება, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში FARA-ს ანალოგიური კანონის მიღებას.

„ზოგადად, აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ არა ის შემოტევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა, არავის არაფერი გამოუვა – ჩვენ ხალხთან ერთად დავიცავთ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

AI-ს საერთაშორისო დღის ფარგლებში, სპეციალურად თიბისი IT აკადემიის ალუმნისთვის AI Meet-up გაიმართა, რომელსაც 100-მდე სტუდენტი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც თიბისი IT აკადემიისა და თიბისის Data & AI გუნდის ერთობლივი ორგანიზებით შედგა, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თიბისის AI და მონაცემთა მიმართულების ლიდერების ინსპირაციულ Spark Talks-ებს, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ტექნიკურ ასპექტებს – მონაცემთა დამუშავებიდან დაწყებული, Generative AI-ის გამოყენებით ეფექტური ბრძანების წერის ტექნიკებით დასრულებული.

ღონისძიების მეორე ნაწილი განსხვავებული კონცეფციით წარიმართა – ინტერაქციული Dilemma Game-ის ფორმატში. მონაწილეებმა გუნდებად იმუშავეს რეალურ ბიზნეს-ქეისებზე. თამაში ფოკუსირებული იყო AI სისტემების უზუსტობებზე, ეთიკურ საკითხებზე, რისკების მართვასა და მომხმარებელზე ალგორითმული გადაწყვეტილებების გავლენაზე.

“ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ მიდგომას – ხელი შევუწყოთ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების გაძლიერებას” – თქვა თათა ანჯაფარიძემ, თიბისი IT აკადემიის ლიდმა, რომელიც მონაწილეებს აკადემიის ტექ კომუნის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თიბისისთვის AI არის ყოველდღიურობის ნაწილი, სტრატეგიული მიმართულება და ქვეყნის ციფრული მომავლის შენების ერთ-ერთი მთავარი ძრავა.

2014 წლიდან დღემდე, თიბისი არაერთ მნიშვნელოვან AI პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის კომპანიის შიდა პროცესებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. უკვე წარმატებით განხორციელდა მრავალი ინიციატივა; ხოლო რიგი მასშტაბური პროექტები რეალიზაციის პროცესშია.

თიბისი გეგმავს, მომავალშიც აქტიურად განავითაროს AI ეკოსისტემა ქვეყანაში, დარჩეს მისი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და წამყვანი მოთამაშე როგორც ბიზნესში, ისე განათლებისა და ინოვაციების სფეროში.

(R)

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად, დაკავებულია უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე. მათ შორის არიან – იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთისა და თურქეთის მოქალაქეები.

დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

„მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აცხადებენ შსს-ში.

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.

„არ მივცემთ საშუალებას “ქართულ ოცნებას”, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა”,- განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პარტია არჩევნების ბოიკოტსაც არ უერთდება და აღნიშნა, რომ რესურსების დახარჯვა, რომ „სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.

„ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა დოლიძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებენ. მათ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოაწერეს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, 8 მათგანს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.

ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება ოფიციალური წარდგენა, მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას -კახა კალაძე

ქალაქის მოქმედი მერი ვარ, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ღიად ისაუბრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ამგვარად კალაძემ უპასუხა კითხვას – ვის ელოდება კონკურენტებად თვითმმართველობის არჩევნებზე და ვინ შეიძლება გახდეს მისი საპირწონე?

როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკურენტებზე საუბარი არ სურს, მისი მხრიდან უხერხული იქნება.

ამასთან, კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას მალე დაიწყებს.

„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მზადება, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომლებიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია გამარჯვებას მოიპოვებს.

„რეიტინგებს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე მერების თვალსაზრისით მიიღებს 100-პროცენტიან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

PSP-ს კიდევ ერთი სიახლე – ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის!

 

PSP-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე ქართველ მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის – ამერიკული კომპანია “შუგაბიარპროს” (SugarBearPro) -ს ვიტამინები თქვენი თმის, კანის, ფრჩხილის ჯანმრთელობის, ძილის ხარისხის გაუმჯობესების, იმუნიტეტის გაძლიერების, ქალის ჯანმრთელობისა და ენერგიის მოსამატებლად.

“შუგაბიარპრო” ამერიკული კომპანიაა, რომელმაც სახელი გაითქვა ინოვაციური, გემრიელი და მარტივად მისაღები ვიტამინების წარმოებით. ბრენდის მისიაა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელმისაწვდომი და სასიამოვნო გახადოს თანამედროვე მომხმარებლისთვის. 2015 წლიდან აწარმოებს პროდუქტებს FDA-ის რეგულაციებისა და GMP სტანდარტების სრული დაცვით.

პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივი, ჰიპოალერგიული და ვეგანური ფორმულებით, არ ტესტირდება ცხოველებზე (cruelty-free), არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, გლუტენს, სოიოსა და რძის პროდუქტებს, აქვს შესანიშნავი გემო და უზრუნველყოფს მომხმარებლის ჯანმრთელობას და სილამაზეს.

იდეა შეექმნათ ვიტამინები გემრიელი, საღეჭი ფორმით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მარტივსა და მიმზიდველს გახდიდა საფუძვლად დაედო კომპანიის პირველი პროდუქტის – ცისფერი დათუნიას ფორმის საღეჭ ვიტამინებს თმისთვის, რომლის ინოვაციურმა ფორმატმა და სასიამოვნო გემომ პროდუქტს სწრაფად მოუტანა საერთაშორისო აღიარება. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით პროექტებში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენებას.

„შუგაბიარპროს“ ძალისხმევა, ყველასთვის მარტივი გახადოს ჯანსაღი ცხოვრების ხელშწყობა, PSP-ს მთავარ საზრუნავს პირდაპირ ეხმიანება, მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა 30 წელზე მეტია PSP-ეს მთავარი პრიორიტეტია“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით ქეთი ქუთათელაძე

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ქეთი ქუთათელაძე.   

“ჩემი მიზნების და ოცნებების ასრულება პირდაპირ უკავშირდება განათლებას, რადგან ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ, რეალურ ბიზნეს გარემოში უნდა გამოვიყენო. ამიტომ, მგონია, რომ განათლებას კრიტიკული როლი აქვს ჩემს კვალიფიკაციურ პერსონალად ჩამოყალიბებაში, წარმატების მიღწევაში, ჩემი და გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში და საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაში.”

ქეთის ამბავში განათლებას უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული და თან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქცია აქვს. თუმცა, ერთ-ერთი, მისი აზრით, ყველაზე გამორჩეული, განათლებით საკუთარი თავის აღმოჩენაა. ძიება იმ ინტერესების, რომლებიც პროფესიულ გზაზე თვალებს აგინთებს და ნებისმიერ მომენტში დაგაჯერებს – შენი შესაძლებლობები უსაზღვროა და ამ ამბავში შეუძლებელიც შესაძლებელია. 

ქეთის სჯერა, რომ განათლება არის ის, რაც დიდი გამარჯვებებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად სჭირდება. განათლებით შექმნის ამბავს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენით სწორედ ისე დაასრულებს, როგორც თავის ოცნებებში წარმოუდგენია.

“არა მხოლოდ განათლების კუთხით, საკუთარი თავის რწმენა ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. შეიძლება გზის ბოლოს იყო მისული და საკუთარ თავში ეჭვის შეტანამ მოგაბრუნოს, როცა გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გაკლდა. ამიტომ უნდა გჯეროდეს, რომ შენს ცხოვრებას შენ აკონტროლებ და შეგიძლია, გადადგა თამამი ნაბიჯები, რომლებიც შენს ოცნებებს რეალობას აქცევს.”

სიცოცხლე უსასრულო აღმოჩენაა და ამ გზაზე თითოეული ადამიანი უნიკალურ ამბავს ქმნის. განათლება, განსაკუთრებით ახალი თაობის ცხოვრებაში, ამ ამბების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განათლების ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.

როგორი ამინდი იქნება 24 ივლისს საქართველოში

24 ივლისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთში უნალექო დღე იქნება. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +32 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიანი დღეა, ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +25, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავში, +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან დღეს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო ამინდია. დღისით +36 გრადუსი იქნება, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც სავარაუდოდ, იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

უკრაინაში ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება

უკრაინის უმაღლესი რადის გადაწყვეტილების გამო ქვეყანაში მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. საპროტესტო გამოსვლები უკრაინის 17 ქალაქში გაიმართა.

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა 22 ივლისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე

ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია, იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე.

“უკვე მეშვიდე რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა და შვიდივე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება საზოგადოებაში ევროპარლამენტის და მთლიანად, ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. ძირითადად, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არაღსრულებას. ეს არის მთავარი ხაზი. ამას გარდა, ისინი ითხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას, კრიმინალების გათავისუფლებას, მათ მიმართ სამართლის არაღსრულებას. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო ამერიკული, არამედ, ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში. ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-დან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება. კერძოდ, USAID-ის და NED-ის ხაზით. ეს იყო ორი მთავარი ხაზი. ასეთ პირობებში, ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ლუსტრაცია ჩანს ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის ძალიან დასანანი და ასეთ პირობებში არავის გაუკვირდება ის, რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში რადიკალურად შემცირებულია. იმიტომ, რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს, და იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და იმ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან”, – განაცხადა პრემიერმა.