Home Blog Page 7

სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა -გიორგი ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების გარდა ძალუძს, რომ მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას.

„რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა. არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, რომელსაც წითელი ხალიჩა დაიმსახურა, სასახლე აიშენა, პოლიტიკური მმართველობა სრულად გადააბარა და ადმინისტრაციული მმართველობა დაიტოვა – ვისაც უნდა აღაზევებდა, რა თანხაც უნდოდა, დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, ტანით დახატული სურათისთვის, კბილების მასაჟისთვის. უამრავი ისეთი თემები აქვს, რაც წარმოუდგენია, თანამედროვე მსოფლიოში არსებობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქმე ცხრა მილიონში არ არის, საქმეა იმ გარყვინელებაშია, რასაც ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება და ხარჯები ქვია.

„ეს ის ხარჯებია, რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება, პრეზიდენტს ბოტოქსებისთვის, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის ასეთი ხარჯები გაეწია? უშველებელი ხარჯები ოჯახისთვის გასწია. ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, თუმცა ეს პროპაგანდისტულია, რადგან მხოლოდ პიჯაკები არ არის, საათებიც არის, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რაც დახურულია – გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მზარეულებში. ეს ხარჯები დაკავშირებული არ ყოფილა იმასთან, რომ პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, კარგად ჩაცმული. ეს იყო ფუფუნებასთან დაკავშირებული ხარჯები. არაერთი მაგალითია ევროპაში, ისრაელში, როცა ქვეყნის ლიდერები საბიუჯეტო თანხების ფლანგვაზე პასუხს აგებენ. ეს არის მართვა და იდეა, ტიპაჟი, როგორ მართავდა ქვეყანას. ის ლაპარაკობს, თითქოს, საქართველო გადაარჩინა და რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა სიარული გადაწყვეტილი და მათ წინ სააკაშვილი გადაუდგა, ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და რუსეთის არმიის აგრესია შეაკავა. ეს მოგონილია. როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების გარდა ძალუძს, რომ მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას. მისი ბოროტების ეს ნაწილი იმ ხარჯებშიც არის გამოხატული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ „რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“.

ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში – წინ ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი კვლავ შეინარჩუნეს და საქართველოში დატოვეს.

რუმინეთთან შეხვედრა 50-ე სანაკრებო მატჩი იყო აკა ტაბუცაძისთვის, რომელმაც თავისი 47-ე ლელო მიითვალა და ამ მაჩვენებლით, სანაკრებო მელელოვეების ტოპ 10-ში ლეგენდარულ ირლანდიელ ბრაიან ო’დრისკოლს გაუთანაბრდა (მე-9 პოზიცია).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთს ერთხელ უკვე დამაჯერებლად მოუგო – 62:32 და დიდი ალბათობით, მეტოქეს არც ფინალურ მატჩს დაუთმობს. ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს, 16 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტერიტორიაზე მოწყობილ ფან-ზონაში კი, თიბისის ახალი ბარათითა და ერთგული ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-იანი ქეშბექით და დაიბრუნოთ მაქსიმუმ 30 ლარი.

თიბისისა და ქართული რაგბის ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს. ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ბრძოლას კვლავ ერთობლივი ძალებით ვაგრძელებთ.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %- ით გაიზარდა. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეტაპობრივად ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას: 30 მარტიდან – გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways – ლონდონი- თბილისი 31 მარტიდან – ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet სამი მიმართულებით: ლონდონი, ჟენევა, მილანი 12 აპრილიდან – ფრანგული Transavia France- პარიზი-თბილისი 12 აპრილიდან Lufthansa Group-ის წარმომადგენელი შვეიცარიული Edelweiss – ციურიხი-თბილისი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და ხუთ მილიონამდე გაიზრდება.

თბილისის აეროპორტთან ერთად ხუთ საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი. შეფასების კრიტერიუმის თანახმად, წლის საუკეთესო აეროპორტებს მზარდი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ასევე ჯამურად წელიწადში ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატების კუთხით, ხმათა უმრავლესობით ავიაკომპანიები ირჩევენ. ავიაკომპანიებს კი პირიქით, აეროპორტები წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.

თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის მრავალფეროვან ინტერესებს და ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლით იწყებს. ონლაინ კურსებს კიდევ ერთი ძალიან მოთხოვნადი და საინტერესო – ხელოვნური ინტელექტის კურსი ემატება.

მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში, ტექსკოლა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.

თუ გსურს, შეიძინო ახალი უნარები და ტექსკოლის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით პროექტში, შეარჩიე სასურველი კურსი და გაიარე რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
  • UI/UX დიზაინი
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • გრაფიკული დიზაინი
  • სოციალური მედია მარკეტინგი
  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში

შეგახსენებთ, რომ ტექსკოლის ონლაინ კურსები თიბისის სრული დაფინანსებით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დარეგისტრირდი თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე და შეაბიჯე ტექნოლოგიურ სამყაროში!

(R)

სომხეთი-საქართველოს მატჩის საჯარო ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში გასვლით შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

„უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, დიდი ენერგიითa და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ, ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა
და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მატჩის ღია ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის, ჩვენს ბიჭებს კი წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.

პირველი აპრილიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამით მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს

თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.

„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით, პირველი აპრილიდან, პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად, აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2 400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.

„რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა? დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა” -მიხეილ სააკაშვილი

ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, „ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული“.

„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, თუმცა, როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.

ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მანამდე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, საქმიდან „ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოირიცხოს“, რადგან მისივე განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები.

„მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, იგი გაფლანგვის თანაშემსრულებლად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც საქმიდან ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია. იგი გახლდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მილიონზე მეტი ლარით, მხოლოდ მატერიალურ ზიანშიც არ არის საქმე, არამედ – მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიადგათ რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის. რაც შეეხება საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, ის გამოხატა იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, რომელიც არის ხალხის ფული, უნდა იხარჯებოდეს ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა პირადი ინტერესებისთვის. ასე რომ, თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ისეთი დანაშაულის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მან სწორედ ამ დანაშაულისათვის უნდა აგოს პასუხი.

თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული სსსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300 ათასი ლარის ოდენობით. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, შეწყალების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 9 მილიონი ლარის ოდენობის თანხის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. საგამოძიებო უწყების ცნობითვე, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა და ამავე დღეს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  პატრულ-ინსპექტორი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავაჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

„2024 წლის 14 იანვარს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი.

მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პატრულ-ინსპექტორი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა.

“ხუთშაბათის შეხვედრების” ახალ სეზონს ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები  –  შალვა ახრახაძე,“ფინანსური ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , “ლუკა პოლარეს” გენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივ “მოცვნარის” დირექტორი გაუძღვებიან.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები იმ გამოწვევებზე  ისაუბრებენ, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები  კომპანიის ზრდის პროცესში აწყდებიან- რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები, როგორ უმკლავდებიან ამ პროცესს თავად და რა არის ამ გამოწვევებთან გამკლავების მიღებული პრაქტიკები. სტუმრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხებენ.

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

13 მარტის შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/ETsJE8cqoSUDNU5H9

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +20 იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს. ბიზნესს სურს არა მოწოდებები გაფიცვის, დესტაბილიზაციის შესახებ, არამედ მშვიდობა, ბიზნესისადმი მეგობრული გარემო -გიორგი აბაშიშვილი

„ექსპერტთა”, პოლიტიკოსთა და ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი 2024 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, ლარი გაუფასურებულიყო და სერიოზულ კრიზისი დამდგარიყო, მათივე მოწოდებით, ბიზნესს პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დაეყენებინა (ზოგიერთი აიყოლიეს მოტყუებით, ზეწოლით/დაშინებით, ბულინგით), – წერს “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სინამდვილეში, ამ პერიოდში, EBRD-მა 2024 წლის სექტემბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლის ბოლოს გაზარდა 6 პროცენტამდე, Heritage Foundation-მა კი ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსში საქართველო დააწინაურა.

როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო სააგენტო მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკად შიდა და გარე პოტენციურ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ასახელებს, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

„მხოლოდ ფაქტები:

„ექსპერტთა”, პოლიტიკოსთა და ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი 2024 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო, ლარი გაუფასურებულიყო და სერიოზულ კრიზისი დამდგარიყო, მათივე მოწოდებით, ბიზნესს პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დაეყენებინა (ზოგიერთი აიყოლიეს მოტყუებით, ზეწოლით/დაშინებით, ბულინგით), ბიზნესები უნდა გაჩერებულიყო, ბიზნეს კომპანიების თანამშრომლები გაფიცულიყვნენ.

სინამდვილეში კი ამავე პერიოდში მოხდა შემდეგი:

– ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2024 წლის სექტემბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლის ბოლოს გაზარდა 6 პროცენტამდე (საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად შეამცირა მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი)

– ამერიკულმა ორგანიზაციამ Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსში საქართველოს დააწინაურა მათ შორის განსაკუთრებულად, ბიზნესის თავისუფლების, მთავრობის ხარჯების ეფექტიანობისა და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის მიმართულებით

– London Stock Exchange-ის მონაცემებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის (მათ შორის ორი კომერციული ბანკის აქციების ფასი საშუალოდ 27-46 პროცენტის ფარგლებში გაიზარდა

– თითქმის 170 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მივიღეთ ქვეყანაში 2024 წლის ბოლო კვარტალში, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, რაც ასევე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც კი 24.4 პროცენტით მეტია

– 2024 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით უმუშევრობა კვლავ შემცირდა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

– თითქმის მილიარდ დოლარს გაუტოლდა 2024 წლის მეოთხე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაც კვარტლის ჭრილში 10.3 პროცენტიანი ზრდაა (წლიური შემოსავალი კი სარეკორდო იყო)

– 62 მილიარდ ლარს გაუტოლდა 2024 წლის მეოთხე კვარტალში, ბიზნესის ბრუნვა (10 პროცენტიანი ზრდა), ხოლო პროდუქციის გამოშვება თითქმის 11 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

– 2024 წლის მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით სოლიდურადაა გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი

– ლარი მყარდება და ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთაა

რეალურად სია კიდევ გრძელია…. თუმცა აი ამ მცირე ჩამონათვალიდანაც ნათლად ჩანს თუ ვის უჯერებს და რა სურს ბიზნესს:

ბიზნესს სურს არა მოწოდებები დახურვის, გაფიცვის, მუქარის, შანტაჟის, დესტაბილიზაციის შესახებ, არამედ ბიზნესს სურს მშვიდობა, თავისუფალი, ბიზნესისადმი მეგობრული გარემო, სწორი, ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკის პროგნოზირებადობა, მუდმივი ღია დიალოგი მთავრობასთან და განვითარებაზე ორიენტირება.

ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი თუ სარეიტინგო სააგენტო მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკად შიდა და გარე პოტენციურ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას/არასტაბილურობას ასახელებს. აი ეს არის ის რაც არ უნდა დავუშვათ.” – წერს გიორგი აბაშიშვილი.