Home Blog Page 7

თბილისის მერია 2026 წლიდან ისტორიული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს

2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.

„ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა. პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ერთად, პარტნიორობითა და ნდობით, მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის იდეაც ვიცე-მერს, გიორგი ტყემელაძეს ეკუთვნის. კერძოდ, ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლება ისტორიულ თბილისში. თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალოტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.

„გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება და ამ შესაძლებლობას უამრავი ადამიანი გამოიყენებს. ამ გზით ჩვენ ვაღწევთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს: ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენი ისტორიული არეალების უნიკალურობასა და ავთენტურობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ  დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს – დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა. ა. და წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული თ.ნ., 1991 წელს დაბადებული გ.ძ. და 1981 წელს დაბადებული ბ.მ.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ -ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში “პოზიცია”, გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა, მისი მოკავშირეებიდან თუ ვის უხაროდა ეს ამბავი ყველაზე მეტად.

წითლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ამბავი “გიჟივით უხაროდა”, რამდენადაც შემდეგ მან დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი.

“2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ თინა ხიდაშელი გიჟივით მინისტრი გახდა. “რესპუბლიკელებმა” მაშინ მოიშორეს კონკურენტი. შიგნით მოკავშირეები მაინც ალასანია და “რესპუბლიკელები” იყვნენ, როგორც ორი პროევროპული. ალასანია გამოვიდა და თქვა, რომ იცვლება ქვეყნის კურსი და მივდივარო. ალასანია წავიდა, ყველაზე პროევროპელი ტიპი, რომელიც ამერიკულ კადრად ითვლებოდა, ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ. დოლიძე წაიყვანა მერე მოადგილედ, იქ ხომ კურიოზებია მერე. ჯარი ჰყვებოდა, რომ მოვიდნენ ჩვენთან, აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა ჯარშიო, დადიოდა დოლიძე ლეპტოპით და wifi-ის ეძებდა, სანგარში ვისხედით სადღაცო”, – აცხადებს ანა წითლიძე.

“ლილისი” – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თბილისში უკვე წლებია არსებობს ადგილი, სადაც ტკბილეულის გემო არა მხოლოდ სასიამოვნო მომენტს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აცოცხლებს. ეს არის „ლილისი“- საწარმო და სივრცე, რომელიც ქეთევან ხუნწარიამ და მისმა დამ, ლიკამ  ბებიის რეცეპტების ინსპირაციით შექმნეს.

ძველი რეცეპტისა და თანამედროვე ევროპული გემოების სინთეზმა საზოგადოებაში მალევე პოპულარობა მოიპოვა. ასე იქცა პატარა, ოთხი თანამშრომლით დაწყებული საწარმო დღეს უკვე ორმოცდაათზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდად.

ბუნებრივია, განვითარების გზაზე ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. როგორც ქეთევანი აღნიშნავს, საკონდიტრო წარმოება მუდმივად სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს „ლილისისთვის“ ახალი ცოდნის და განვითარების შესაძლებლობაა. სწორედ ამ მიდგომამ აქცია „ლილისი“ მუდმივად ცვალებად, ადაპტირებად და ინოვაციურ ბრენდად.

„ლილისი“ მხოლოდ ტკბილეული არაა. მისი მიზანია, თითოეულ სტუმარს მცირე ბედნიერება აჩუქოს. ამას ემატება მუდმივად განახლებადი მენიუ, რომელშიც რეტრო და ევროპული გემოების თანამედროვე სინთეზია წარმოდგენილი.

2022 წლიდან „ლილისიმ“ ახალი ნაბიჯი გადადგა – გახსნა სასაუზმე სივრცე, „Nibble“, რომელმაც 2024 წლიდან ფურშეტის და ქეითერინგის  მიმართულებაც განავითარა.

„ამ გზაზე თიბისი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თიბისის მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეგეგმა ზრდა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები და გამოგვემუშავებინა თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ეს არის პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას, მაშინაც, როცა გვჭირს და მაშინაც, როცა ზრდა და გაფართოება გვინდა“.

„ლილისის“ ისტორია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ექვსი წლის განმავლობაში ბრენდმა განვითარების გზაზე ბევრი ნაბიჯი გადადგა და ახლა კიდევ უფრო მასშტაბური გეგმების განხორციელებას იწყებს.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რომ „ლილისის“ უგემრიელესი ტკბილეული ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პარალელურად, ვაძლიერებთ ფურშეტის მიმართულებას და ბევრ სიურპრიზს ვპირდებით მომხმარებელს… და ეს ყველაფერი არ არის“, — აღნიშნავს ქეთევანი.

®

საქართველო ბრიტანულ Wanderlust-ზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

საქართველო პოპულარული ბრიტანული გამოგზაურო გამოცემის Wanderlust-ის ვებგვერდზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო.

გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისი და ბათუმი.

Wanderlust Travel Awards-ზე თბილისსა და ბათუმთან ერთად ნომინირებულია შემდეგი ქალაქები: ათენი, ბერლინი, ბოლონია, ბორდო, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დრეზდენი დუბლინი, ედინბურგი, გენუა, გენტი, სტამბოლი, მადრიდი, ოსლო, პორტო, პრაღა, რიგა, სიენა, სოფია, ვალენსია, ვენა, ვილნიუსი და ა.შ.

ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს :  https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2025-vote/

ხმის მიცემა დაწყებულია და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პრესტიჟული Wanderlust Reader Travel Awards 24-ედ ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

დაჯილდოებაზე გამოვლინდება ყველაზე სასურველი ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები, რომლებიც შერჩეულია Wanderlust-ის მკითხველების მიერ, გარდა ამისა, დაჯილდოვდება საუკეთესო მიმართულებები თავგადასავლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ბუნებისა და ველური ბუნების, გასტრონომიის და მდგრადი მოგზაურობისთვის.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჟურნალის ტირაჟი 137959 ასლს შეადგენს, ხოლო wanderlustmagazine.com-ს ყოველთვიურად 1,6 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით

Back To School-ის მრავალფეროვანი კვირეულის ფარგლებში, თიბისი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს 6-7 სექტემბერსაც სთავაზობს.

მოემზადეთ, ემოციებით სავსე, ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად. 6-7 სექტემბერს, თიბისის პოს-ტერმინალზე, გადაიხადეთ, ახალი თიბისი ბარათით 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40%, მაქსიმუმ 150 ლარი მომენტალურად.

შეთავაზება მოქმედებს ახალ თიბისი კონცეპტ ბარათებზეც, რომლებზეც პარტნიორ ობიექტებში, მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებთ.

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა – შეთავაზებები დაგხვდებათ იმ კატეგორიებსა და პარტნიორ ობიექტებში, სადაც ყველაზე მეტად ელოდით.

ჩამონათვალი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:

Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith.

თუ 6-7 სექტემბრისთვის ხარჯები არ გაქვთ გათვალისწინებული, აიღეთ ერთგული საკრედიტო ბარათი, დაიმტკიცეთ მაქსიმუმ 20,000 ლარის ლიმიტი და ისარგებლეთ, იდენტური შეთავაზებით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთგული საკრედიტო ბარათის აღება უკვე თიბისის მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.

6-7 სექტემბრის შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ

სურვილები ხდება – მთავარია, გჯეროდეს!

(R)

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა-

პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა.

დასკვნაში მოყვანილ შემაჯამებელ შეფასებებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პირველი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას საკვლევად განუსაზღვრა, იყო ძალადობა.

მისი თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნულოვანი ტოლერანტობის“ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური, რაც ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული; დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი – მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება; სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პატიმრობის პირობები ცალკე აღებული უტოლდებოდა წამებასა ან არაადამიანურ მოპყრობას; პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი.

მისივე თქმით, პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, არამცთუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში.
თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიამ ასევე დააგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა სამართალდამცავ სტრუქტურებში ძალადობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

„ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რითაც უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2004-2009 წლებში, სახალხო დამცველის აპარატი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სწრაფად რეაგირებდა საჩივრებზე, გამოავლენდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სისტემატურად ითხოვდა მათზე სათანადო რეაგირებას.

თეა წულუკიანის განცხადებით, 2004 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობა ევროპული სასამართლოსადმი და არაერთ შემთხვევაში, მძიმედ ავადმყოფი პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ჩარევით მოხერხდა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი, სრულად იყვნენ ინფორმირებული ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ იღებდნენ ამის საწინააღმდეგოდ არავითარ ზომას, რადგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათ მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა მათთვის აღმოსაფხვრელი პრობლემა კი არ იყო, არამედ – სახელმწიფოს მართვის მეთოდი.

„ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ.
პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად წარმართა გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში.
თეა წულუკიანის განცხადებით, დასკვნაში აღწერილ საზარელი წამებისა და მკვლელობის არაერთ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვერპლად ქცეულ, განსხვავებული აზრის ადამიანებს „ჯაშუშობას“, „რუსეთის აგენტობას“ და „სამშობლოს ღალატს“ უსაფუძვლოდ აბრალებდა, რაც დღესაც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების უცვლელ ხელწერად რჩება.

როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფის ფაქტებზე საუბრისას დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სისტემატურად და მასობრივად არღვევდა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას.
მისივე თქმით, 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების კადრების გავრცელებით მხილებულ იქნა სისტემური დანაშაული.

თეა წულუკიანის განცხადებით, დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიამ დადგენილად მიიჩნიოს, რომ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში დაამკვიდრა მოქალაქეთა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების, პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეოკადრების ფარულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შექმნის, შენახვისა და სხვადასხვა უკანონო მიზნით გამოყენების მავნებლური და საყოველთაო პრაქტიკა.

„ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდის დამკვიდრებას, რამაც ზოგიერთი მათგანის ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამასთან, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ფლობდეს მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების ასლებისგან შემდგარ ე.წ.შავ არქივს, რომელსაც, ნებისმიერ დროს, კვლავ მსხვერპლების წინააღმდეგ ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენებს“, -აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

შემდეგი თემა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა, შეეხება კორუფციას, ბიზნესის რეკეტს და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად გადანაწილებული ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც, ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვა, ბიზნესის წარმომადგენლებსა და კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ. დადასტურდა, რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ.შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის განმავლობაში, ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიაში ყველაზე მეტი – ასეულობით განცხადება შევიდა.

მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებზე საუბრისას კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებდა.
„ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. არაერთი საქმის ანალიზის შედეგად, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა. ის პირდაპირ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, რომ „მისი გამხდარიყო“, ხოლო სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად უწყობდა ხელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

თეა წულუკიანმა ასევე ისაუბრა კომისიის კიდევ ერთ საკვლევ თემაზე – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

როგორც მან აღნიშნა, კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ.
კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს სხვადასხვა ფაქტები და გარემოებები გააცნო.
„მოყვანილმა და სხვა გარემოებებმა, ერთობლიობაში, განაპირობა სამდღიანი ომი, მარცხი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, დევნილთა რიცხვის ზრდა, გაუმართლებელი მსხვერპლი, როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე, სამოქალაქო მოსახლეობაში, და მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ მანამდე ოკუპირებულ 363 დასახლებულ პუნქტს, 111 ოკუპირებული დასახლებული პუნქტი შეემატა. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა მანამდე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კოდორის ხეობაც, ხოლო ახალგორი ხელოვნურად შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის შედეგად ასევე ოკუპირებული იქნა რუსეთის მიერ, რაც სააკაშვილის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა გაადვილა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 წლის ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო, მაგრამ არავითარი ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან დროულად გამოეყვანა.

„უფრო მეტიც, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა. მოგვიანებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა – გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა, გიორგი (გოკა) გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ – გიორგი თარგამაძემ ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუციას, რითაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით „ცხინვალის დაბომბვა“ აღიარეს და საკუთარი ქვეყნის ჯარი ომის შესაძლო დანაშაულის ჩადენაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

„ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც, 2019 წლის ივლისამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თეა წულუკიანმა კიდევ ერთ თემაზე – 2012-2025 წლებში მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობაზე შეაჩერა ყურადღება.

მისი თქმით 2012-2025 წლებში, სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ.

„ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზედ მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება.
საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას, მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ დასკვნაში მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო.

„შემაჯამებელი შეფასების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ არც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით. პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა და კვლავაც კეთდება იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი განვითარების ეპოქად შეირაცხოს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ძალადობრივი წარსულისაგან განიბანოს და, გარე ძალებისა და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, დაუბრკოლებლად განაგრძოს კონსტიტუციური წყობილების, სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მიერ ამჟამად წარმოებული საქმიანობა“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით დადგენილების პროექტი მომზადდება, რომელსაც პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის.

ამინდი მკვეთრად იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მაინც იგრძნობა. ასე რომ, შეიძლება იმაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ, ვიდრე ელოდით. ბევრ ვერძს ფულთან და შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებში გაუმართლებს.

ადამიანებთან საერთო ენის პოვნას ადვილად ახერხებთ. შესაძლოა, საინტერესო ღონისძიებაზე აღმოჩნდეთ, სადაც თანამოაზრეებს იპოვით.

კურო

ეს დღე ნებისმიერი თამამი იდეის განხორციელებისთვის შესაფერისია. ახალი იდეების გარდა, შეგიძლიათ, ძველი, კარგად დავიწყებული გეგმა გაიხსენოთ – ამჟამად მისი განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოებებია.

შესაძლოა, სასიამოვნო ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს – ამ დღეს ახალი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, რა განსაკუთრებით მოგწონთ.

ტყუპები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. სირთულეები და დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. წარმატებისკენ სწრაფად მიიწევთ და გარშემომყოფებს თქვენი ენთუზიაზმით აინფიცირებთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის, ერთობლივი შვებულებისა და მოგზაურობისთვის.

ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. ხელსაყრელი დღეა ძველი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად გჭირდებათ.

კირჩხიბი

შესაფერისი დღეა სამომავლო გეგმების შედგენის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და თანამოაზრეებთან ერთობლივი მოქმედებების შეთანხმებისთვის. მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ და არ აიღოთ ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

თუ ხვდებით, რომ რთულ დავალებებს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის ახლობლებს უნდა მიმართოთ.

ლომი

ნათელი, საინტერესო და მოვლენებით მდიდარი დღეა. უამრავი სხვადასხვა საქმე გაქვთ ერთზე ყურადღების გამახვილებას ვერ ახერხებთ. სერიოზულ შეცდომებს არ უშვებთ, მცირე ხარვეზებს კი მალე გამოასწორებთ და შესაბამისად, კარგ შედეგს მიაღწევთ.

საკუთარ წარმატებებზე საუბარს მოერიდეთ – მიეცით გარშემო მყოფებს საშუალება, რომ თქვენი მიღწევები თავად შეამჩნიონ და შეაფასონ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ.

ქალწული

ნაკლებად ნაყოფიერი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დღეა. დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ცდილობთ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოთ.

მოგზაურობა სასიამოვნო ემოციების გარდა, ძველი პრობლემის მოგვარებასაც გპირდებათ. თავს გაუფრთხილდით – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოერიდეთ ფულის უაზრო ხარჯვას, თორემ ფინანსურ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ.

სასწორები

დილაობით უფრო ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ – ეს მარტივი საქმეების დასაწყებადაც კი არახელსაყრელი დროა. გამორიცხული არ არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავტომობილის გაფუჭება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან იზრდება.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. შეგიძლიათ დაგეგმოთ დიდი შესყიდვები, ასევე შეხვედრები თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან.

მორიელი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები სასიამოვნოდ გააკვირვოთ. იქ, სადაც სხვები იბნევიან, მიზნის მისაღწევად სწრაფ და ეფექტურ გზას იპოვით. თუ მოინდომებთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადაწყვეტთ.

კარიერისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა გაქვთ, მაგრამ მათი განხორციელება არ უნდა იჩქაროთ. ჯერ დამხმარეები იპოვეთ – მათთან ერთად საქმე ბევრად უფრო გაიოლდება.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით. შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რომელიც გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ნუ იზარმაცებთ და იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისთავად ან სხვა ადამიანების ძალისხმევით გამოვა.

საყიდლებზე წასვლა სამომავლოდ უნდა გადადოთ, სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი მალე იმედს გაგიცრუებთ.

თხის რქა

დღის დასაწყისი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დროს ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებთ და კეთილად განაწყობთ. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ გრძნობებში გარკვევას შეძლებთ და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან შეთანხმებას შეძლებთ.

დღის მეორე ნახევარში ახალი საქმე და საზრუნავი გაჩნდება, მაგრამ საკუთარ საქმეებში ჩაფლული ირგვლივ ვერაფერს ამჩნევთ.

მერწყული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. რის გაკეთებასაც არ უნდა გეგმავდეთ, სასურველი შედეგის მიღწევას ადვილად ახერხებთ. ადრე მიღებული ცოდნა და უნარები ძალიან გამოგადგებათ. ბევრი მერწყული გარშემო მყოფებს რთული და უჩვეულო საქმეების კეთების უნარით გააოცებს.

მარტოხელა მერწყულებს სასიყვარულო თავგადასავალი ელით. მისი ფინალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და ძვირფასი საჩუქრები.

თევზები

ამ დღეს საჭირო ინფორმაციის დროულად მიღებას და მათზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გამოტანას ადვილად ახერხებთ, შესაბამისად, არც რთული საკითხების გადაწყვეტა გიჭირთ.

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და გარე აქტივობებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ საკუთარ ცხოვრებაში სიახლეებისა და მრავალფეროვნების შეტანის შესაძლებლობა და არ ინანებთ.

„ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა…“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

„2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით“, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს..

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge “რეკომენდაციების” ველში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.      

The Times: ახლა უკვე არსებობს ნიშნები, რომ ტრამპი ევროპას დაადანაშაულებს მისი სამშვიდობო ინიციატივის ჩაშლაში

აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრიდან, რომელიც ალასკაზე გაიმართა, უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი რეალური პროგრესი ჯერაც არ ჩანს – მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას სწორედ რუსეთი აფერხებს, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობას ამის გამო ევროპას დააკისრებს, – წერს ბრიტანული გამოცემა The Times თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით.

თეთრ სახლში წყაროები, რომლებთანაც ჟურნალისტებმა ისაუბრეს, ვარაუდობენ, რომ ტრამპი ევროპელებს დაადანაშაულებს იმაში, რომ ისინი მოუწოდებდნენ კიევს, არ ყოფილიყო დამყოლი რუსული ულტიმატუმების მიმართ და დალოდებოდა სამშვიდობო შეთანხმების უკეთეს პირობებს.

სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ სიტუაციამ შესაძლოა ტრამპი იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ მან საერთოდ უნდა შეწყვიტოს სამშვიდობო ძალისხმევა. ჟურნალისტებს მოჰყავთ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელშიც მან ძალიან სადავო ანალოგია გაავლო და რუსეთის აგრესიული შეჭრა უკრაინაში ეზოში ორი ბავშვის ჩხუბს შეადარა.

გასულ კვირას ტრამპმა ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ყველა მხარეს დააკისრა და კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო“.

The Times მიიჩნევს, რომ პუტინმა ტრამპის რიტორიკაში ბოლო ცვლილებები შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმების გასაგრძელებლად მწვანე შუქად აღიქვას.

„ახლა უკვე არსებობს ნიშნები, რომ ტრამპი ევროპას დაადანაშაულებს მისი სამშვიდობო ინიციატივის ჩაშლაში“, – წერს The Times.

,,არ მოველით რაიმე არასწორ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან, იმიტომ რომ ეს ევროკავშირია და არა საბჭოთა კავშირი”- ნინო წილოსანი

არ მოველით რაიმე არასწორ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან, იმიტომ რომ ეს ევროკავშირია და არა საბჭოთა კავშირი, – განაცხადა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქვეყნის ინტერესების მნიშვნელობას ვერ გადაწონის.

„31 აგვისტოს ალბათ ბევრი სულგანაბული ელოდებოდა. ვხედავდით, როგორ გულშემატკივრობდნენ ჩვენი ოპონენტები, რომ რაც შეიძლება მძიმე გადაწყვეტილება თუ განცხადებები მოჰყოლოდა ამას და ყოფილიყო საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და გაუქმებაზე. ვფიქრობ, ერთი სიტყვით პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა, რომ ვიზალიბერალიზაცია ვერ გადაწონის ამ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი სასამართლო სისტემა და ა.შ. და ამ მაჩვენებლებით ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულშიც კი ხვდება. წილოსანი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე და საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების გათვალისწინებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე საუბარს ახსნა არ აქვს.

„არ არსებობს კავშირი ოჯახურ ღირებულებებსა და ვიზალიბერალიზაციას შორის“, – დასძინა წილოსანმა