Home Blog Page 7

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, “ბათუმელების” ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს -შემოსავლების სამსახური

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოეხსნას და დავალიანების შესაბამისი გრაფიკით დაფარვის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ განცხადება შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.

განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება – ლევან ხაბეიშვილი

კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის „საქმეს” მიხედავენ და „ატვეჩაიშიც” ჩადგნენ – გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გასწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, იგეგმება თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ, თორნიკე რიჟვაძეს შესთავაზონ გარიგება და მან სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს.

„კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის “საქმეს” მიხედავენ და “ატვეჩაიშიც” ჩადგნენ. შესაბამისად, კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება (ოჯახმა ცხადია იცის უკვე პირობები) – სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს. მხოლოდ ამიტომ არის, რომ ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც პროკურატურას და არც „შსს-ს“.

უნდა ესმოდეს ყველას, რომ საქმე გვაქვს ბანდფორმირებასთან, მკვლელებთან, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ “კილერის” დაქირავება და ადამიანის მკვლელობა! გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გაწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა“,- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი ის მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

არიან სახელმწიფოები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს -ნინო წილოსანი

ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება, თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ქართველი ხალხის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია.

„ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან. ეს სახელმწიფოები არიან იტალია, ავსტრია, თუ სხვები. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს დაანგრევს. საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო მიდგომა წარმოებს. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის და იმ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით დგება, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და სხვას არაფერს აზიანებს, მათ შორის არც ადამიანის უფლებებს. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამ ორ პროცესს შორის რაღაც კავშირის დანახვა ქართველი ხალხის მიმართ მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟია. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა? – ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა არჩევნების დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება, მართლაც გული დაწყვიტოს და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა. ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს“, – განაცხადა წილოსანმა.

“სუბსიდირებული იპოთეკური სესხი”-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა

სახელმწიფო პროგრამით „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” უკვე 8000-მდე ოჯახმა ისარგებლა, დამტკიცებული სესხების მოცულობამ კი 932 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე განმარტავს, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, თუ სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

პროგრამას სსიპ „აწარმოე საქართველოში” 2021 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი ბავშვიანი ოჯახების ბინის/სახლის აშენების ან შეძენის პროცესში ხელშეწყობაა. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადეგენს.

„პროგრამის თანახმად, ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4.5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი – რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, რაც დღეის მდგომარეობით 6.5%-ს შეადგენს”, – აღნიშნავს ირაკლი გაბრიაძე.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ასევე ვრცელდება მარტოხელა მშობლებზე, ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევებზე.

„აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე არსებული გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ სხვა ოჯახს მიეცემა მასში მონაწილეობის საშუალება”, – აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

გამიხარდება, ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ -კახა კალაძე

მე გამიხარდება, ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, კეთილდღეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული, რადგან მშვიდობის გარეშე ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი ზედმეტია.

„ყველაფერი როდესაც გახსნილია და ვიზის გარეშე შეგიძლია გადაადგილება სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში ბევრი ადამიანი მიდის. საქართველოს თუ შევადარებთ, ისინი უფრო განვითარებული არიან და ძლიერი ეკონომიკა აქვთ. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ეკონომიკურად ვვითარდებით. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე. ჩვენი მიზანია, დავეწიოთ და თუნდაც გავუსწროთ ევროპულ ეკონომიკებს. ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მიმართულია იმისკენ, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა. მშვიდობა თუ არ გვექნება, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ვერ ვისაუბრებთ და ეკონომიკური განვითარებაც ვერ გვექნება. ამიტომ, მე გამიხარდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან – მათ შევუქმნათ ისეთი პირობები და ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, კეთილდღეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ. ამიტომ, უნდა შევქმნათ ისეთი პირობები ქვეყნის შიგნით, რომ იყოს ღირსეული სამუშაო პირობები და ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს ყველამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ 2012 წელთან შედარებით, ქვეყანა ვითარდება, თუმცა ხელისუფლების ამოცანაა, კეთილდღეობა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა იგრძნოს.

„ყველაფერი ხომ შედარებითია? მე თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ იმ ეკონომიკური მდგომარეობით, განვითარებით, როგორიც აქვს საქართველოს? ცხადია, არ ვარ. მე, ზოგადად, მაქსილამისტი ვარ და მინდა უფრო მეტი. მინდა, უფრო ძლიერად იყოს ეკონომიკურად ჩემი ქვეყანა. 2012 წლიდან თუ შევადარებთ, ცხადია როგორ ვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, მეტი კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. ამისკენაა მიმართული ის პოლიტიკაც, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, მე და თქვენ დღეს აქ ვერ და არ ვიდგებოდით. შვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ეკონომიკური კეთილდღეობა მოხდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ -კახა კალაძე

არც გამჭვირვალობის კანონს და არც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირში არ აქვს – ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, როგორც გამჭვირვალობის შესახებ, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა  დაცვის შესახებ კანონები გამოყენებულია  მხოლოდ საბაბად.

„ეს არის საბაბი, რომ რაღაც მოიგონონ და სათქმელი ჰქონდეთ. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რაიმეს წინააღმდეგ? ეს წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვეულებრივად მუშაობს ეს კანონები და ევროპარლამენტიც მუშაობს ანალოგიური კანონის მისაღებად.  ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველაფერი, რასაც ვისმენთ, რომ თითქოს რაღაც პრობლემაა და უნდა შევცვალოთ, ეს არაფერ შუაშია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე, როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები. არავის ვაძლევთ ამის საშუალებას – გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, ამისთვის მზად ვართ და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა  დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყენებენ ნაცად გეგმას და შემოაქვთ რუსული ნარატივი.

„ეს უკვე ნაცადი გეგმაა და არ არის ახალი. რუსული ნარატივი შემოაქვთ ხოლმე, იძახიან – რუსეთუმე, რუსული კანონი, იგივე ხდება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით – არანაირი არგუმენტი და კონკრეტიკა,  მხოლოდ ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ,  საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება  არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. ძალიან რთული ვითარებაა როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად მსოფლიოში, ყველა ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, პირველ რიგში, ითვალისწინებს და მიმართულია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები – კახა კალაძე

რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით აშანტაჟებდნენ, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა იყო განსჯის საგანი.

„ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უსამართლო და ქართველი ხალხის დასჯა. ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ. რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? წარმოუდგენელია. არ არის ეს სასიამოვნო, თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შანტაჟი გრძელდება. პირველი იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ქვეყანას – მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთან შედარებით საქართველო ყველა კრიტერიუმით წინ არის, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მდგრადობით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, საქართველოს არ მისცეს სტატუსი და იმ ქვეყნებს მისცეს. ეს იყო ერთგვარი იარაღი იმისთვის, რომ გამოეყენებინათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველ ხალხს უთხრეს და მთელი პროპაგანდა ჰქონდათ ამის, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვადათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, ბოლო თემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხია.

„შემდეგი თემა იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი. აქაც წარმოუდგენელ, აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით. რა თქმა უნდა, ესეც ჩაუვარდათ. ახლა, ბოლო თემა, რაც დარჩათ ხელში, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხია და ამასაც იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე მხარეს არის ბევრად უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან, ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიმედოვნებთ, ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები -ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ამის შესახებ ალიევმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ალიევმა ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტამპს იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა შუშის მედიაფორუმზე მისი გამოსვლის ნაწილი, სადაც ის აშშ-თან პარტნიორობასა და მსოფლიოში მშვიდობიანი დღის წესრიგის მხარდაჭერაზე საუბრობდა.

„მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში, ჩვენი რეგიონის ჩათვლით, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის ხედვებისა და ძალისხმევის მიმართ. ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები და ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები მისი პრეზიდენტობის დროს ახალ დონეზე გადავა. ჩვენ ვუსურვებთ მას წარმატებებს ამ მიზნისკენ გზაზე ყველა მის წამოწყებაში“, – წერს ალიევი.

რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და “ქართული ოცნების” შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია- თამთა მიქელაძე

„რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და „ქართული ოცნების“ შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია“,- წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ზუსტად იმეორებდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის სულისკვეთებას ამ თემაზე.

მისივე თქმით, პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან.

„გუშინ ყველამ ნახეთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, რომელიც ზუსტად იმეორებდა ქართული ოცნების პროპაგანდის სულისკვეთებას ამ თემაზე.

თუ კარგად დავაკვირდებით, უშუალოდ საპატრიარქოს ვებ-გვერდზე და ფბ-გვერდზე არ დევს ამ შინაარსის განცხადება.

სინამდვილეში ეს გვერდი საპატრიარქოში მეუფე შიო მუჯირის ფრთას წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).

პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების დაცვას და აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო მინიმუმ 2014 წლის შემდეგ.

ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსული განათლების და ყაიდის მეუფე შიო მუჯირი ჯერ (და იმედია, არც მომავალში) არ წარმოადგენს ეკლესიას და მისი და „ქართული ოცნების“ შეთანხმებული, ნაყიდი თუ დავალებული საერთო გზავნილები ვერ ლეგიტიმიზირდება, როგორც ეკლესიის პოზიცია“, -წერს მიქელაძე.

https://www.facebook.com/tamta.mikeladze/posts/30465957966382773?ref=embed_post

ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება გააზიარა რომელშიც ის თეთრი სახლის ლიდერს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება გააზიარა რომელშიც აზერბაიჯანის ლიდერი ტრამპს მადლობას უხდის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მცდელობისთვის და თეთრი სახლის ლიდერს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში წარმატებას უსურვებს.

„ბატონი ტრამპი პატივს სცემს ფუნდამენტურ ფასეულობებს, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს. ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია. მისი მიზანი ომების დასრულებაა. ჩვენ მადლიერები ვართ მისი მისწრაფების გამო დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შეთანხმების მიღწევაში, მაშინ, როცა ის გაცილებით გლობალური უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული. ჩვენ გვიხარია მისი გამარჯვებები და წარმატებებს ვუსურვებთ ვაშინგტონს ჭაობის დაშრობაში“, – თქვა ალიევმა რამდენიმე დღის წინ ქალაქ ხანქენდიში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/114893353003200271

„ოცნების“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი გადაიქცა მმართველი პარტიის ნების ბრმად შემსრულებელ სტრუქტურად, რომელიც ოლიგარქის ინტერესების შესაბამისად იღებს თავისუფლების შემზღუდავ კანონებს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების ერთ-ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს და აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებლად გვევლინებოდეს, გადაიქცა მმართველი პარტიის ნების ბრმად შემსრულებელ სტრუქტურად, რომელიც ოლიგარქის ინტერესების შესაბამისად იღებს მკაცრ და თავისუფლების შემზღუდავ კანონებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელშიც ორგანიზაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მიმოიხილავს, რომელიც კანონმდებლობაში 2025 წლის აპრილის შემდეგ შევიდა.

ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ისეთი რეპრესიული კანონების მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას, სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებას, საპარლამენტო ზედამხედველობის მოშლას და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ პარტიულ დაქვემდებარებას.

„მიღებული და ინიციირებული ცვლილებებით: “ქართულმა ოცნებამ” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი საკუთარ კომფორტს მოარგო და გაუქმა კონსტიტუციური უფლების მნიშვნელოვანი გარანტიები; ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება; ჟურნალისტს შესაძლოა დააკისრონ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, კანონს უკუძალა ექნება და კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება;

დაიხურა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა და გაიზარდა „სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნება. ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ მედიაში, ნებისმიერი ფორმით სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა; სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობითაა შესაძლებელი; აქციების დროს გზის გადაკეტვისათვის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა პატიმრობას იწვევს; სისხლის სამართლის კოდექსის რეპრესიული ცვლილებებით, რომელსაც მოქმედების უკუძალაც აქვს, მსჯავრდადებულ პირებს (მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულში) შესაძლოა მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლა აკრძალოთ; დაზარალებულს უფლება ექნება ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირისგან, არამედ დაკავშირებული პირებისაგან (მათ შორის ოჯახის წევრებისგან) მოითხოვოს და მათ ქონება ჩამოერთვათ; მსჯავრდადებულს, რომელსაც არ შეუსრულებია დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აეკრძალება საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი დახმარება მიიღოს მეგობრის, ნათესავისა და ოჯახის წევრისაგან; სისხლის სამართლის პროცესში სასამართლო გადაწყვეტილება სხვა მტკიცებულებებთან ანონიმური მოწმის ჩვენებას შეიძლება დაეყრდნოს; “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად გააუქმა საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ისედაც არ ხორციელდებოდა და გაზრდილი ხელფასების ფონზე დეპუტატებს საქმე გაუნახევრა; “ქართულმა ოცნებამ” მთავრობის ნება სურვილს დაუქვემდებარა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღება და უკვე რიგით მეოთხე კანონი მიიღო თითქმის ყველა დაჩქარებული წესით, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას; გრძელდება რეპრესიები საჯარო სამსახურში და იხურება არა ერთი სსიპ-ი, რაც ათობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს; გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მთავარი ფუნქციაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო; გამარტივდა უცხოელთა გაძევება საქართველოდან, რასაც ხელისუფლება ძირითადად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილ უცხოელებთან დაკავშირებით იყენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი” გამოხატვის ჩახშობის იარაღად გადაიქცევა და არა დაცვის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

„ქართულმა ოცნებამ” “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც წარმოადგენს მმართველი ძალის გაცხადებულ მცდელობას სამართლებრივი სივრცის ტოტალური კონტროლი დაიკანონოს და გააუქმოს სასამართლო ხელისუფლებაზე საზოგადოების ზედამხედველობის საჯარო მექანიზმები. წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს სახიფათო უკუსვლას სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის კუთხით და სასამართლოს, რომლის დამოუკიდებლობის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, კიდევ უფრო დახურულ უწყებად აქცევს. სასამართლო პროცესების დახურვა, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლოს ზედამხედველობის საჯარო მექანიზმებს.

ახალი რეგლამენტით პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი მთავარი ფუნქციის – მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელებაზე. “ქართული ოცნების” პარლამენტი პრაქტიკაში ისედაც აღარ იყენებდა მის ხელთ არსებულ მექანიზმებს. მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, საბჭოები და კომიტეტები ხშირად ფორმალურად ფუნქციონირებდა და რეალურ ზედამხედველობას არ უზრუნველყოფდა. ახალი რეგლამენტის პროექტმა კი მხოლოდ დაადასტურა ის, რაც დიდი ხანია თვალსაჩინოა — ქართული ოცნების დეპუტატებისთვის მთავარი პრიორიტეტი არც გამჭვირვალობაა, არც საზოგადოებრივი ჩართულობა, არამედ საკუთარი პოლიტიკური კომფორტი: მეტი ხელფასი, მეტი თანაშემწე, მეტი სოციალური გარანტია და ნაკლები საქმე. ამიტომაც მოარგეს პარლამენტი“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 15 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულებმა დაზარალებულს დანებით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.