Home Blog Page 7

თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ” აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახსნა

აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ”  აამოქმედა. 70 კვ.მ-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც.

საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა და ტექნოლოგიას ერთ პროდუქტში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ხმის სისტემებს(დინამიკები, საუნდბარები, WiFi/Bluetooth აუდიო მოწყობილობები), ყურსასმენებს, ტელევიზორებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თავსებადია სხვადასხვა პლატფორმასთან და ჭკვიან სახლში ინტეგრაციისთვის. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური, სკანდინავიური დიზაინი კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

Bang & Olufsen-ის თბილისის შოურუმი სრულად ასახავს ბრენდის გლობალურ კონცეფციას, შესაბამისად, მომხმარებლები ადგილზე მრავალფეროვან პროდუქტებთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციითა და კონსიერჟ-სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.

წლებია Bang & Olufsen-ი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს; საქართველოში პირველი შოურუმის გახსნის შემდეგ კი მათს გეგმებში გაფართოებაც შედის.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორი, აქტიურად აფინანსებს ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს და ბაზარზე წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბაზარზე Bang&Olufsen-ის შემოსვლა კი მაღალი კლასის სტანდარტს აწესებს, რაც სექტორის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7477 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7483 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1167 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1138 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

თუ ევროკავშირი დააყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელებს პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს ევროპული პერსპექტივა – გახარია

თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციას აღიქვამს როგორც საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის, რადგან ის მოითხოვს გამჭვირვალობას, ძალაუფლების განაწილებასა და ინკლუზიურ მმართველობას, მოთხოვნებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სულ უფრო ავტორიტარული ელიტის ინტერესებს.

„ქართული ოცნება“ სრულად ითვისებს ორბანის ანტიდემოკრატიულ მეთოდებსა და ნარატივებს, ხოლო პარალელურად ინარჩუნებს მხოლოდ ფორმალურ, ფასადურ ურთიერთობას დასავლეთთან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ევროპულ ძალად წარმოჩინდეს. ეს ორმაგი სტრატეგია შიდა და გარე აუდიტორიების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა გახარიამ.

მან ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იკვეთება არანაირი რეალური ინტერესი უკრაინის ომის სამართლიანი დასრულების მიმართ.

„მისი პოპულისტური რიტორიკა და შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ნარატივები სრულად ემთხვევა კრემლის დეზინფორმაციას, დასავლეთს აბრალებს რუსეთის აგრესიას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს იმაში, თითქოს ისინი თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ მეორე ფრონტის გასახსნელად. ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რეჟიმი ინარჩუნებს წვდომას დასავლურ ბაზრებზე. ეს აძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას ისეთი კაპიტალისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგულირებას. ეს ორმაგი სტრატეგია, ავტორიტარიზმი შიგნით და ღია ფინანსური არხები გარეთ, განამტკიცებს ძალაუფლების არსებულ კონსტრუქციას.

საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩემი ერთგულება არის ცალსახა და შეუქცევადი. მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა გახარიამ.

მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ, არსად წასვლას არ ვაპირებთ, მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია -თეა წულუკიანი

მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ. უნდა იცოდნენ, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კერძოდ, წულუკიანმა კითხვით მიმართა ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება:

„დღეს ხომ არ გემუქრებათ ვინმე ან რამე, რადგან ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი ფართხალებენ. მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირპროპორციულია. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც რაღაც საფრთხე, თუნდაც მოჩვენებითი, რადგან ამდენ ჭირ-ვარამ გამოვლილ ადამიანს, შეიძლება, მეტად ალესილი გქონდეს მგრძნობელობა სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისადმი. ხომ არ არის ასეთი, რომ საჯაროდ ვუთხრათ საზოგადოებას და ჩვენც ვიცოდეთ?“

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნით უნდა დადგინდეს ფაქტი, რომ „რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები“.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენების, მათთვის პატივის მიგების. მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს არ გვპატიობენ არცერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს.

არადა, დასკვნა, რომელიც კომისიამ უნდა დადოს და მთელი საქმიანობა, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ დადგინდეს ფაქტი, იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კოხტა კოდუა დამემუქრა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ცრუ ბრალდებას, წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში დამემუქრნენ ბუხარში ცეცხლში დაწვით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ყოფილ პატიმარს, ლაშა არქანიას მოუსმინეს.

ლაშა არქანიამ ჯვარის პოლიციის და შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ლაშა არქანიას თქმით, ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და მისგან მოითხოვდნენ, დაედანაშაულებინა მისთვის უცნობი პირები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტის ჩადენაში.

ლაშა არქანიას განმარტებით, მის მიმართ ძალადობა დაიწყო მიტოვებული ქარხნის ტერიტორიიდან და ამის შემდგომ გაგრძელდება ჯვარისა და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. კერძოდ, ლაშა არქანიას განცხადებით, 2011 წლის 14 ივნისს, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, იმჟამინდელი რეჟიმის პოლიციელებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მოხდა მისი გატაცება.

ლაშა არქანიას ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე, ასევე რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია.

„ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ იქ მყოფ პოლიციელებს უბრძანა, გარეთ გასულიყვნენ. შენობაში დაიტოვა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიცილებითურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველად დამარტყა ხელი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მის გვერდით მყოფ და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს დაუბარა, რომ გადაეწიათ ჟალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინე. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მე დამესახელებინა, დავხმარებოდი მათ პირადად, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტულ აქტის ჩადენაში. ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის. გარკვეულ როლს დამაკისრებდნენ თითქოსდა დახმარებაში. ამის გამო მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომისჯიდნენ მინიმალურ სასჯელს, 2 წლის ვადით. თუ არ დავეხმარებოდი ამ ყველაფერში, დამპირდნენ, რომ თავად მათ აიძულებდნენ, ჩემზე დაედოთ ხელი და დავედანაშაულებინე იმ დანაშაულში. იმ პირების შესახებ მე არათუ ინფორმაცია არ მქონდა, არამედ არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი. ჩემგან მოითხოვდნენ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები ამ ტერორისტული აქტის  ჩადენაში. ჩემი წარმოდგენით, სამხედრო პროფესიიდან გამომდინარე და დამოკიდებულება იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ, რომ არ ვიყავი შემწყნარებლური, იყო ერთ-ერთი მოტივი, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ.

ჯვარის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად. მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას. გამიყვანა იმჟამინდელმა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. დამაყენა არჩევანის წინაშე, დაგხვრეტ ან დამეხმარეო. მე ავირჩიე დახვრეტა. გამიყვანა კიდეც ამ მიზნით, მაგრამ პირადად მან დამარტყა იარაღის კონდახი, თუ მუჭი და მე აღმოვჩნდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში და საბედნიეროდ, არდახვრეტილი. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ზუგდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი. მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი. მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან უძლური ვიყავი, ამ დროს კოხტა კოდუამ და რამდენდაც ვიცი, ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, უსიტყვოდ, უმიზეზოდ დამიწყეს ხელახლა ცემა.

მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე. მათ უთხრეს, რომ არ ვაპირებდი დახმარებას. ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში იმ პირების დადანაშაულებაში დახმარებას, რომლის ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. უარის შემდეგ, ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს მე ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში, თითქოსდა მოვიხმარე ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე, რადგან კოხტა კოდუა დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ამ ცრუ ბრალდებას“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

ლაშა არქანიას თქმით, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა მისი ცემა და წამება.

„დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით, იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში. მოვახსენე იმჟამინდელ პროკურორს, რომ ეს ადამიანები არიან მწამებლები და ბრალს მდებენ დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია და ხელი მოვაწერე დანაშაულს, რომელიც ასევე არ ჩამიდენია. წალენჯიხის პროკურორი იმჟამად იყო ლევან ფიფია. მან ჩემი განცხადების საფუძველზე სავარაუდოდ ორ თვემდე პერიოდის შემდეგ დანიშნა ექსპერტიზა და აღძრა საქმე“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება -თეა წულუკიანი

უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ, – ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ნაწამებ ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.

წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს და მის „აქტიურ ცოფიანებს“ მსხვერპლების ხსენების და მათთვის პატივის მიგების ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სიწმინდის.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს, მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა, ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი ის საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ, ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლაშა არქანია 2011 წელს დააკავეს. ხელახლა ჩატარებული გამოძიების თანახმად, თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, არქანიამ ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ტექნოლოგიები და ინოვაციები – Global Tech Weekend Tbilisi 2025 – თიბისის მხარდაჭერით

20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მიმართულებების გარშემო გააერთიანებს, როგორებიცაა:

ხელოვნური ინტელექტი (AI)​, ფინტექი (FinTech)​, გეიმინგი, WEB3​, აგროტექნოლოგიები (AgriTech)​, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.

ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations.

იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავს ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ პროფესიონალები მოიყრიან.

Radio City | District 4-ში მისულ სტუმრებს დახვდებათ მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე და Outdoor სცენა, Co-Working და  მედია სივრცეები, Chillout და სპორტული ზონები, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციები და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიას, ინფლუენსერებს.  

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასა და 80 სპიკერს გააერთიანებს.

სპიკერებს შორის იქნებიან:

  • Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი;
  • Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;
  • Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
  • Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი;
  • John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;
  • JP Isham – Gala-Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი;
  • Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი;
  • More speakers/partners TBA

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით –

https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025

დამატებით ინფორმაციას სტარტაპ კონკურსის, გამოფენის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების სხვა დეტალების შესახებ,  Global Tech Weekend Tbilisi-ის  ვებ-გვერდზე იხილავთ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

R

„რიყის დოქები“ გაიყიდა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.

როგორც BPN-ი წერს, სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, რომ „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს ,,ნ.გ.ბ.” – მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ მისი ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. „მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.

თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.

ფურცელაძის ქუჩაზე, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით, მოვიდა დაახლოებით 50-მდე კუდი-ს წარმომადგენელი. 6 ახალგაზრდა დაჭრეს იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები -ბესიკ დანელია

„რაც შეეხება რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს ქმედებებს. პირველად აქციაზე გამოვედი 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა კაცი წამებით მოკლედ იმის გამო, რომ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც სუფრასთან იმყოფებოდა ახალაიებთან და თაკო სალაყაიასთან, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ერთად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესიკ დანელიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

ბესიკ დანელია 7 ნოემბრის და 6 მაისის მოვლენებს იხსენებს.

„2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. სპეცრაზმთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე, ვარ 2009 წლის 6 მაისის დაზარალებული, როდესაც აქციიდან წავედით, რომ გავიგეთ, ახალგაზრდებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში და იმ დღესაც პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ უმძიმესი დღე იყო, ვინაიდან, ჩემ გვერდით, ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი. მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო არნახულად მძიმე დღე. შემდეგ გავეშებული პოლიციელები, გამოვარდნენ სამმართველოს შენობიდან, ხელში ჯაჭვებით და რკინის ე.წ. ხელკეტით. გამეტებით ურტყამდნენ ხალხს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც კუდ-ელებმა 6 ადამიანი დაგვიჭრეს. ახალგაზრდებს მოგვმართეს, ე.წ. ზონდერი სპორტსმენები, რომლებიც ჰყავდა სააკაშვილს, მე რამდენადაც ვიცი ესენი იყვნენ უშუალოდ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, ხალხის ცემაში. ფურცელაძის ქუჩაზეც ასეთი რამ მოხდა, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით იქ, ასევე იყვნენ 35-40 წლის ხალხიც და ამ დროს, მოვიდა დაახლოებით 50-მდე ზონდერი კუდ-ელი, კუდი-ს სამსახური იყო, და 6 ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები, ისროდნენ რკინის ბურთულებს, ის რომ კაცს თავში მოგხვდებოდა, ჯობდა, ტყვია მოგხვედროდა“, – განაცხადა ბესიკ დანელიამ.

გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით გცემდნენ, რომ როგორღაც ბევრი დაზიანება არ მიგეღო და ადვოკატი რომ შემოსულიყო, დაზიანებები არ ენახა -გოჩა კაკოიშვილი იზოლატორში წამებაზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

გოჩა კაკოიშვილმა თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში წამება უპასუხა, რომ წამება გამოიხატებოდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ისე გაშიშვლებაში, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით ცემასა და შიმშილში.

„ცემაში, სიტყვიერი შეურაცხყოფაში, თუ ჩაგეძინებოდა ცივი წყლის გადასხმაში. ძირითადად ცემა ხდებოდა, რომ გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყლით გცემდნენ, რომ როგორღაც ბევრი დაზიანება არ მიმეღო. ადვოკატი რომ შემოსულიყო და დაზიანებები არ ენახა. მაგრამ დაზიანებები მაინც ნახეს, როდესაც შემოვიდნენ და მნახეს დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, რადგანაც მანამდე მეძებდნენ. შემდეგ უკვე ეს წამება შეწყდა მას შემდეგ როდესაც ტელევიზიამ გამომაცხადა. საჭმლის შემოწოდებაზე მაინც პრობლემა იყო და ძალიან დასუსტებული ვიყავი, როდესაც სახლში მიმიყვანეს ვერცერთმა მეზობელმა ვერ გაბედა, რომ მოსულიყო ჩემამდე და დახმარებოდნენ, რომ სახლში ავეყვანე. იმიტომ, რომ იმხელა შიშის ქვეშ იყვნენ მეზობლები, რომ იმ ნაციონალებს, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ ინფორმაცია არ მიეტანათ შტაბში, რათა ანალოგიურ უბედურებაში ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს – კახა კალაძე

ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს – წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

„ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ საქართველოში. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი. ეს რატომ სჭირდებოდათ? არ იფიქროთ, რომ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით აქვთ ეს დამოკიდებულება. ყველგან, სადაც ინტერესი აქვთ, იგივე მეთოდებით მუშაობენ – ქმნიან აგენტურულ ქსელს იმისთვის, რომ როცა დასჭირდებათ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, რისი მცდელობაც საქართველოში ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა NED-ით, USAID-ით, სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ ჯერ დამარცხებული არ არის. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას და ვიცავთ მის ინტერესს. თუ ის [დონალდ ტრამპი] მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ ვერ შეძლებს ამის მოგვარებას, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და გამოიყენონ, როგორც, მაგალითად, უკრაინა გამოიყენეს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობების დარეგულირებას, არსებული ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მიესალმება.

„არსებული ვითარება ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მათთვისაც მიღებული არ არის. ეს ყველაფერი შემოიფარგლებოდა იმით, რომ წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და ურთიერთობა იყოს ნორმალური, მეგობრული, პარტნიორული და ორმხრივი. არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ამერიკა დიდი სახელმწიფოა და ზემოდან უნდა უყურებდეს პატარა სახელმწიფოს“, – განაცხადა კალაძემ.

პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა-კახა კალაძე – აქციებზე

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე  მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური  შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.