Home Blog Page 7

რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია, გულწრფელად ეშინიათ საჯარო დისკუსიის, რასაც ერთადერთი მიზეზი აქვს, მათ იციან, სად არის სიმართლე -პრემიერი

დისკუსიას გაურბიან, ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტსა და ადამიანს დისკუსია არაერთხელ შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაში რჩება.

„ახალგაზრდებზე გავაკეთე აქცენტი. შემდეგ გამოვიდა მაგალითად შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა საზოგადოებას. მას მივმართე, წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის კომპეტენციაშიც ან გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული და აქაც ნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიისგან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც ფილმებში ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას უპირისპირებს, ასეთი რაღაც ემართებათ. რადიკალური ოპოზიცია და საჯარო დისკუსია ერთმანეთისგან აბსოლუტურად დაშორიშორებული ცნებებია. გულწრფელად ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ვინც არის რადიკალური ოპოზიციის თუნდაც რიგითი მხარდამჭერი, თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის ის, რომ არ არის მართალი და რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სხვა მიზეზი და ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს გაქცევას შეთავაზებიდან საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ საჯარო დისკუსიას, ისინი გაურბიან. 2012 წლამდე იყო პირიქით, ხალხი ითხოვდა დალაპარაკებას ხელისუფლებისგან და ხელისუფლება იყო ჩაკეტილი. ჩვენ ვითხოვთ, ახლაც ვიმეორებ იგივე შეთავაზებას. 10-12 კაცი შეიკრიბოს, ვისაც აქვს პრეტენზია გულწრფელობაზე და ვისაც აქვს ინტერესი, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხი, მოვიდნენ, პირდაპირი ეთერის ფორმატში და გავმართოთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. გაურბიან დისკუსიას. ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, მათ იციან, სად არის სიმართლე და ამიტომ ეშინიათ ასეთი დისკუსიის“,- განაცხადა პრემიერმა.

 ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი -ირაკლი კობახიძე

ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს – ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს.

„ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა – ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა.

„დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო ენდობა პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე-სალომე ზურაბიშვილი

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლეში წერს.

„საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს! 29-ში და შემდგომშიც – ახალ არჩევნებამდე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

https://x.com/Zourabichvili_S/status/1872339652667126220

 საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს -ჯიმ რიში

ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება თავიანთი მთავრობის სახიფათო გზას, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ოცნებაა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანება, მთავრობამ ამას პატივი უნდა სცეს. ტაშს ვუკრავ ხალხის შეუპოვრობასა და უფრო ნათელი მომავლისადმი ერთგულებას, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლის გადატანაც მოუწიათ”,- წერს

ჯიმ რიში.

https://x.com/SenateForeign/status/1872322781209366996

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარკვეული შფოთვა და გაურკვევლობა ახლავს, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განცდა თანდათან გაქრება. მნიშვნელოვანია თქვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რასაც ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევთ. შინაგანი ჰარმონია კონცენტრირებასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, მიღებული წინადადებები ყურადღებით შეისწავლოთ და ფიქრისთვის დრო ითხოვოთ.

კურო

ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, განსაკუთებით მით უფრო, თუ ხშირად უმიზეზოდ კამათობთ. თანდაყოლილი ტაქტი და დიპლომატიური უნარები დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. გირჩევთ, ცხოვრების წესში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ და კვების რაციონის დაბალანსებასა და რეგულარული ვარჯიშის დაწყებაზე იზრუნოთ.

ტყუპი

სამუშაო ადგილზე ახალი გამოწვევები გელით. ცდუნებები ყურადღებას გიფანტავთ: კოლეგებთან ერთად ყავის დალევა, სოციალური აქტივობები ან ახალი ჭორები გაიძულებთ, საქმეს მოწყდეთ და ყურადღება სხვაგან გადაიტანოთ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენაა. შესაძლოა, მარტოხელა ტყუპი საინტერესო ადამიანს შეხვდეს და თავდავიწყებით შეუყვარდეს.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, უსიამოვნო შეხვედრები და საუბრები გელით, რომლებსაც სიამოვნებით აიცილებდით თავიდან. გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც არც ისე სასიამოვნოა. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

ლომი

სამსახურში პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ და ლიდერის უნარებს ავლენთ. საკუთარი თავის ელეგანტურად წარმოჩენის უნარი ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. ამ დღეს თქვენს მომხიბვლელობას ვერავინ უძლებს. ეცადეთ, ამით ისარგებლოთ და კოლეგებს – დახმარება, მენეჯმენტს კი დასვენება სთხოვოთ. დაიმახსოვრეთ, რომ შეუსვენებლად მუშაობამ შეიძლება სტრესი და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

ქალწული

სამსახურში გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებით, რაც გაიძულებთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ხელსაყრელი დღეა განვლილი ცხოვრების შეფასებისა და მედიტაციისთვის. შესაძლოა, განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა მოგინდეთ, მაგრამ მოზღვავებული საქმეები ამის საშუალებას არ გაძლევთ. ეცადეთ, სურვილი რეალობას შეუფარდოთ. საღამოს შეგიძლიათ იოგით ისიამოვნოთ, რაც შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

სასწორი

მუშაობის დროს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ სწორად არჩეული სტრატეგია დავალებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ზოგი სასწორისთვის დადებითი ცხოვრებისეული ცვლილებები დაიწყება – სავარაუდოდ, ისინი ოჯახურ ან სასიყვარულო ცხოვრებას ეხება. მარტოხელა სასწორს საინტერესო შეხვედრა ელის, ამიტომ უნდა ეცადოს, სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

მორიელი

ძველი უთანხმოების მოგვარებას და სიმართლის გარკვევას ცდილობთ. მშვენიერი იდეაა, მაგრამ საუბრის შემდეგ ვიღაცას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რისთვისაც მზად არ ხართ. თქვენი ცნობისმოყვარეობა იზრდება, ამიტომ ცდილობთ, მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახს ან ახლობელ ადამიანს თქვენი ყურადღება აკლია. თუ ასეა, ეცადეთ, ეს დეფიციტი შეუვსოთ. მეგობრულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ.

მშვილდოსანი

კოლეგების დახმარება უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. ოპტიმიზმი და შრომისმოყვარეობა თქვენ წინაშე მოულოდნელ შესაძლებლობებს გააჩენს. მთავარია, თქვენთვის უცნობ საქმეს არ შეეჭიდოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ.

თხის რქა

პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც გახასიათებთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ სხვისთვის მიცემული პირობა შეასრულოთ და ურთიერთობა სიყვარულით იყოს სავსე. ამ დღეს სამუშაო მეორეხარისხოვანი გახდება. ეცადეთ, ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ და უსამართლობა დაივიწყოთ.

მერწყული

ამ დღეს სურვილებსა და რეალურად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – უნდა დასჯერდეთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ ან სასურველის ძებნა გააგრძელოთ და იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ამ დღეს უარი თქვით ხმაურიან წვეულებაზე და საღამო ოჯახთან ერთად, მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.

თევზები

ეს დღე ნაყოფიერი იქნება, თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის დროს გამონახავთ. თუ პირად ან საქმიან ურთიერთობებში რაღაც არ მოგწონთ, ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი მოახვიოთ, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. კარგი დროა მოგზაურობის დასაგეგმად. თანამოაზრეებთან შეხვედრა სიამოვნებას მოგიტანთ.

რუსეთთან რომ ვაჭრობ, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას -ირაკლი კობახიძე

არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, რომ გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი შეფასება, როდესაც კომპანიების ნაწილი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, დიდ მოგებას იღებენ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესეც არის იგივე ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი საჯარო დისკუსიას გაურბიან.

„არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მათ შორის, ალბათ მომხრე არიან, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე. მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას. ან მეორე კითხვა – ევროპარლამენტი რომ გამოვიდა და მოითხოვა ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, გამოვიდა ვინმე და გააკეთა კრიტიკული განცხადება? ხომ აწყობთ, გააგრძელონ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამაში ჩვენ ვერ გავკიცხავთ მათ, პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მომხრე იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შევინარჩუნოთ, მაგრამ შენ რომ ხარ ბიზნესმენი და რომ სარგებლობ ამ ყველაფრით და გაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკურ შემოსავალს იღებ რუსეთთან ვაჭრობით, რატომ არ გამოხვედი და რატომ არ გააკრიტიკე ევროპარლამენტი იმისათვის, რომ სრულიად არაადეკვატური მოთხოვნა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. თუ შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა დაიცვა ყველგან შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის ინტერესები, რატომ არ გამოხვედი და არ გააკრიტიკე ევროპარლამენტის აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა, ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა. ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, ამიტომ ვერ ჯდებიან ვერც  ერთ დისკუსიის ფორმატში, რომ არცერთ კითხვაზე მათ არ აქვთ პასუხი. ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, რაც არ უნდა დაისვას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში -ირაკლი კობახიძე

როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“.

„ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, რადგან ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალოს, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვინ როგორი კმაყოფილი დარჩა, ამაზე სჯობს, თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ. ისინი იყვნენ შეხვედრის მეორე მხარე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი მოკლევადიანი რყევები ყოველთვის აისახება ბიზნესსა და ლარის კურსზე, თუმცა ყოველ ჯერზე ძალიან მალე ხდებოდა როგორც კურსის, ისე ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება.

„ახლაც ასეა. როგორც კი ეს ძალადობრივი რესურსი გამოეცალა ოპოზიციას, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. რა თქმა უნდა, აქ ეროვნული ბანკის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური პროცესებიც თანდათან სულ უფრო მეტად სტაბილურდება. იანვრიდან ველოდებით, რომ სრული მასშტაბით აღდგება ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც გვქონდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამიტომ ამ კუთხით ბიზნესს არაფერი ემუქრება. ამ შეხვედრის შემდეგ იყო შეთავაზება ჩვენი მხრიდან, რომ იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები, დამატებით ღია ეთერის ფორმატში, საჯაროდ გაგვემართა დისკუსია. ბიზნესთან შეთავაზება როცა იყო, მათაც გვთხოვეს, სახელებით არ დაგვეკონკრეტებინა, მაგრამ ხალხი ალბათ მიხვდება ვისზეც არის საუბარი, მათაც უარი განაცხადეს საჯარო დისკუსიაზე. თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ, რატომ არ მოდიხარ ამ დისკუსიაზე? მათაც შეეშინდათ ამ დისკუსიის და უარი თქვეს პირდაპირ ეთერში დაჯდომაზე. ჯანსაღი დისკუსია იყო ის, რაც მათ შევთავაზეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეშია, მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის 28 ოქტომბერი -ირაკლი კობახიძე

ცნობილია მომდევნო არჩევნების თარიღი, სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ოთხ წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია.

„ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა – როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო ოთხი წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, ოთხ წელიწადში იქნება არჩევნები.

ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია.  რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი -ირაკლი კობახიძე 

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ.

„წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. პირველიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები.

პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ უწყვეტად ეს პროტესტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დიდი რესურსი მათ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.

„ნაცმოძრაობამ” „ლელომ” და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში -ირაკლი კობახიძე

 
დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ” „ლელომ” და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება.
 
„როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ” „ლელომ” და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერმა.

ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას -პრემიერი

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
“ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები.
 როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს-ცესკო

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.