Home Blog Page 7

 საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს – ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხი პასუხს ვერ სცემს კითხვაზე, „რის გამო ზის მიხეილ სააკაშვილი?“

„იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, პრაქტიკულად, სწრაფად იკლებს ტურისტების რაოდენობა. მოვა დრო, როცა ნულზე ჩამოვა. თქვენ გინდათ, რომ ვიყოთ იზოლირებული, სადაც არავინ ჩამოდის, არავინ არ არის ამბის გამტანი, ვინც კი ხმის ამომღებია, ქვეყნიდან არის გაგდებული და ა.შ. თქვენ მეც გყავდით ქვეყნიდან გაგდებული, როდესაც არ მიშვებდით ქვეყანაში, არცერთი გზა არ დამიტოვეთ ქვეყანაში შემოსვლის, რათა ჩემს ხალხთან არ მქონოდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმავეს აგრძელებთ ჩემი მრავალი წლით ჩაკეტვით. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე. პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის იდეას, სახელმწიფოებრიობის იდეას.

თქვენ ხომ არც გამოძიება აწარმოეთ. აბა, რა გამოძიება იყო, არცერთი ადამიანი არ გამოიკითხა, ვინ იყო სადილზე. თქვენ გგონიათ, ეს ინვესტიციები, რომლებიც მდინარედ მოდიოდა, ციდან ჩამოვარდა? ეს იყო დღედაღამ ამ ხალხის ტარება, მოფერება, შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი უფასო არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ათასმაგად დაგვიბრუნდა. ეს ის კი არ არის, საკუთარ ხალხს დენი მოჰპარო და ბიტკოინები გამოუშვა და მერე დამალო სადღაც ოფშორებში. ეს არის რეალური სამუშაო ადგილები, რეალური ინვესტიციები, ეს არის რეალური ხელფასები. მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს, ნუ გააბრიყვებინებთ საკუთარ თავს, ნუ მისცემთ საშუალებას, ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებით თავგზა აგიბნიონ და უბრალოდ გამყოფონ გაუგებრობაში. მართლები ხართ თქვენ და ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის, მართალია ყველა, ვინც არის სიმართლის, ფაქტების მხარეს. ეს ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა, პირველ რიგში, გათვლილია ქართველი ხალხის დემორალიზებასა და თავგზის აბნევაზე. როცა ეკითხებიან, სააკაშვილი რაზე ზის, ვერავინ სცემს პასუხს, ზოგი ამბობს, გირგვლიანის საქმეზე ზისო, რა შუაში ვიყავი იქ? პიჯაკების საქმე კი იცით უკვე. თქვენ გინდათ, ეს საქმე გადააქციოთ ვულგარულ თემად, მაგრამ ეს საქმე, ყველამ იცის, რომ არის თითიდან გამოწოვილი, როცა სხვა ვერაფერი აღმოაჩინეთ. მე საერთოდ არ მესმის, თემურ ჯანაშიასგან რა გინდათ? ის ასრულებდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ისე, როგორც ჩვენი ადმინისტრაციის ნებისმიერი სხვა წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დროს მისი ხელფასი 3 000-დან 4 000 ლარამდე იყო.

„საქმე, კონკრეტულად თუ ვინმეს აინტერესებს, ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, ჩემი ხელფასი იყო 3 000-დან 4 000 ლარამდე. ახლანდელი ე.წ. დეპუტატების ხელფასები არის თითქმის სამჯერ მეტი. ბუნებრივია, ამ ფულით მე ვერც დონალდ ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს, ვერც საპრეზიდენტო საჩუქრებს დავარიგებდი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომლებიც, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაიდუმლოებული იყო, რათა არ სცოდნოდა მტერს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან – ეს ყველაფერი იყო „გრიფით საიდუმლო“. ესენი მოვიდნენ და „გრიფით საიდუმლო“ მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებს. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში ყველაფრის საიდუმლოდ ხარჯვა. რაც მთავარია, ყველა ჩეკი ოფიციალურად გაფორმებულია. ყველაფერი არის ლეგალურად, გატარებულია ყველა კანონიერი ხარჯი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

SABA Reader- განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუზიური წიგნები

13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომი.

ეს კამპანია “საბას” მეგობარი გამომცემლობების  – სულაკაურის გამომცემლობის, პალიტრა L-ის, ინტელექტისა და არტანუჯის მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიის მთავარი მიზანია, “საბას” განახლებული პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება პირველი გაეცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან გამოცემებს.

ექსკლუზიური წიგნების ჩამონათვალი მუდმივად განახლდება და პირველ ნაკადში “საბა” პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს 5 წიგნზე შესთავაზებს ექსკლუზიურ წვდომას.  აღნიშნული წიგნების შესახებ ინფორმაციას მკითხველი 13 მარტიდან, “საბას” არხების მეშვეობით მიიღებს.

SABA Reader-ის განახლებული პრემიუმპაკეტი, ექსკლუზიური წიგნების გარდა, მკითხველს სთავაზობს შემდეგ ფუნქციებს: ერთდროულად 4 წიგნი პირად ბიბლიოთეკაში, კომენტარების სინქრონიზაცია, სწრაფი კითხვა, საკითხავი ფონტის არჩევა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ, 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით, „საბას“ ბიბლიოთეკაში 7500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

(R)

“მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ”-The Daily Telegraph-ი

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “მიეცით პატივმოყვარე დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია ახლავე, რომ მისი ჭეშმარიტი განზრახვა გავიგოთ”(ავტორი – ჩალზ მური).

პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის ქცევა-მოქმედების მიზეზები, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულებაში გამოიხატება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ფართოდ არის ცნობილი, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს. ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფიის მიხედვით, მათგან მხოლოდ ორნი გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები – ჯიმი კარტერი და ბარაკ ობამა.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღიზიანებს, რომ დღემდე მან ნობელის პრემიის მიღება ვერ მოახერხა.

თუ ჩვენ ბარაკ ობამას ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სიას დონალდ ტრამპისას შევადარებთ, აშკარად შევამჩნევთ, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა: ნობელის პრემიის გარდა, ბარაკ ობამას მიღებული აქვს „გრემისა“ და „ემის“ პრემიები, ჯონ კენედის და რობერტ კენედის სახელობის პრემიები, აგრეთვე სულ მცირე 15 პრემია და 16 საპატიო წოდება.

ჰოდა, რატომ უნდა ჩამოუვარდებოდეს პრემიებისა და წოდებების მინიჭების საკითხში  რესპუბლიკელი პრეზიდენტი დემოკრატ პრეზიდენტს? არადა, ფაქტი ჯიუტია: დონალდ ტრამპის გვარ სახელი 1995 წლიდან მხოლოდ აზარტული თამაშების დიდების დარბაზს ამშვენებს, გასულ წელს კი იგი McDonalds French Fry-ს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. სულ ესაა მისი მიღწევების აღიარება.

რასაკვირველია, ბარაკ ობამას ნობელის პრემიის მინიჭებაშიც არის გარკვეული არასასიამოვნო და საეჭვო მომენტები: კონკრეტულად რისთვის მიიღო მან – პრეზიდენტობის პირველ წელს, 2009-ში, ინაუგურაციიდან სულ რამდენიმე დღეში – ესოდენ პრესტიჟული პრემია, დღემდე მითქმა-მოთქმას იწვევს. თუ ამ პრინციპით, ალბათ, მისტერ დონალდ ტრამპს, პრემია 2017 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ახლა 2025 წელია, პრეზიდენტობის მეორე ვადა, ნორვეგიელები და შვედები კი მას ძველებურად არ აღიარებენ.

დონალდ ტრამპის სწრაფვას ჯილდოს მისაღებად არა მხოლოდ პატივმოყვარეობაა. იგი გულწრფელად თვლის თავის თავს მშვიდობისმყოფელად. მართლაც, მისი პრეზიდენტობის წლებში ამერიკას არცერთი ომი არ დაუწყია, რაც ძალიან იშვიათობად ითვლება 21-ე საუკუნეში. მან ხელი მოაწერა ავღანეთის ომი შეწყვეტის (ჯარების გამოყვანის) შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში (სხვა საკითხია, როგორ ქაოსურად გამოიყვანა ჯო ბაიდენმა). სწორი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ დონალდ ტრამპის აგრესიული ენერგია უფრო მეტად მიმართულია მოკავშირეების შეურაცხყოფისაკენ, ვიდრე მტრების დასაბომბად.

დიახ, დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, როგორ განსაზღვრავს იგი ტერმინ „მშვიდობას“.

ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი შეპყრობილია იდეით უკრაინაში მშვიდობის დამყარების თაობაზე. იგი ჯერ კიდევ არჩევამდე აცხადებდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას თავისი პრეზიდენტობის პირველსავე დღეს მოაგვარებდა. მართალია, მას ზუსტად არ შეუსრულებია დაპირება, მაგრამ აშკარაა, რომ სწრაფად მოქმედებს.

ჩვეულებრივი მშვიდობისმყოფელები არაფორმალურ მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან აწარმოებენ და ცდილობენ მათგან გარკვეულ დათმობებს მიაღწიონ, შემდეგ კი მათთან ერთად მაგიდას უსხდებიან. დონალდ ტრამპი პროცესს ისე აჩქარებს, რომ მას არავითარი ბალანსი არ აინტერესებს, იგი თავის ყურადღების კონცენტრირებას და ზეწოლას იმ მხარისაკენ მიმართავს, რომელსაც სუსტად თვლის. იგი მეგობრულად ლაპარაკობს ვლადიმერ პუტინთან, რომელსაც აშშ რუსეთის მტრად ჰყავს გამოცხადებული, მაგრამ საჯაროდ ამცირებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის ერთგული მეგობარია.

რამდენადაც ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს დათმობებზე აგრესორი რუსეთის მიმართ, უნდებად დონალდ ტრამპისათვის იგი დაბრკოლებას წარმოადგენს მშვიდობის მიღწევის გზაზე. სანამ ეს დაბრკოლება არ იქნება განეიტრალებული, ვლადიმერ პუტინი თავს უფლებას აძლევს როგორც სურს ისე მოიქცეს.

რა მიზანი აქვს დონალდ ტრამპს? ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ნობელის კომიტეტმა, ალბათ, ისევე უნდა იმოქმედოს, როგორც ბარაკ ობამას მიმართ – სასწრაფოდ მიანიჭოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს  მშვიდობის პრემია. მსოფლიო გაიგებს, მართლაც სურს თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება, თუ მისი ინტერესი მხოლოდ დროებითია.

ამჟამად დონალდ ტრამპი წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში იმყოფება: იგი ცდილობს მიზანს დაუბალანსებელი მოქმედებით მიაღწიოს და იმავდროულად უარს ამბობს მიღწეული შედეგის კონტროლზე პერსპექტივაში. ეჭვი მაქვს, რომ ჯერ-ჯერობით არავინ იცის – არც სახელმწიფო დეპარტამენტმა და არც პენტაგონმა, მით უმეტეს, არც აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა, თუ როგორი მტკიცე გეგმის ან როგორი სცენარის სახით შეიძლება სამშვიდობო პროცესი განვითარდეს. შესაძლოა, როცა დონალდი მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდება, რაღაც სინათლეს შეიტანს საკითხში.

გასულ კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთზეც ზეწოლას მოახდენს. „უკრაინას სურს გარიგებაზე დათანხმდეს, რადგან მას არჩევანი არ აქვს. ვფიქრობ, რუსეთსაც სურს გარიგება, იმიტომ, რომ… იმ განსხვავებული გარემოების გამო, რომელიც მხოლოდ მე ვიცი – არც [რუსებს] არ აქვთ არჩევანი“. საინტერესოა, რა განსხვავებული გარემოება არსებობს რუსეთისათვის?

სამწუხაროდ, ტრამპის მალულ იდეებზე ჩვენ არაფერი არ ვიცით. რა პრინციპით მოქმედებს პრეზიდენტი? არსებობს ერთ-ერთი საკმაოდ გონივრული თეორია, რომელიც ამერიკელმა სტრატეგიის თეორეტიკოსმა ედვარდ ლიუტვაკმა წამოაყენა: ტრამპი „ანტინიქსონისებურად“ მოქმედებს (ნიქსონივით, მაგრამ საწინააღმდეგო მიზნით).

რიჩარდ ნიქსონი 1970-იან წლებში ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ჩინეთთან, რომ რუსეთი (საბჭოთა კავშირი) დაესუსტებინა. 2020-იან წლებში ტრამპი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომ ჩინეთი დაასუსტოს. ამ თეორიას აქვს რეალური საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს რუსეთის მიმართ (არაოფიციალური) ტერიტორიული პრეტენზიები აქვს აღმოსავლეთში, ხოლო რუსეთი ბევრად ჩამოუვარდება ჩინეთს ეკონომიკური განვითარებით.

ერთადერთი, რითაც რუსეთი მნიშვნელოვნად ძლიერია ჩინეთზე, ეს არის ბირთვული იარაღის მეტი რაოდენობა. ამ მხრივ რუსეთი და აშშ თანაბარ დონეზე არიან, თითოეულს 10-ჯერ მეტი ბირთვული ქობინა აქვს, ვიდრე ჩინეთს. იბადება კითხვები: აქვთ თუ არა ვლადიმერ პუტინს და დონალდ ტრამპს რაიმე ერთობლივი ხედვა მსოფლიოში ერთად ბატონობის თაობაზე, რომელიც ბირთვული უპირატესობით არის განმტკიცებული? რამდენად შეიძლება მათი ერთობლივი შეთანხმებული ბატონობით მილიარდების დაზოგვა, იარაღის არსენალის შემცირება? ანუ მიაღწევენ თუ არა ისინი იმ წარმატებას, რომლის მიღწევა რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა 1986 წელს რეიკიავიკში ვერ შეძლეს?

რა თქმა უნდა, ჩემი ნათქვამი შეიძლება ვინმემ სპეკულაციად ჩათვალოს – ისევე როგორც  მოსაზრება მინერალების შესახებ შეთანხმებაზე უკრაინასთან, რომელსაც, ვფიქრობ, რუსული განზომილება აქვს. თვითონ განსაჯეთ: იმ რესურსების თითქმის 40%, რომელსაც უკრაინა ამერიკას სთავაზობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ისევ ჩნდება კითხვები: აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმის იმედი, რომ ორივე მხარეს – კიევს და მოსკოვს -იძულებულს გახდის მონაწილეობა მიიღონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, რომლის მთავარი ექსპლუატატორი თვითონ (აშშ) იქნება? იქიდან გამომდინარე, რომ „მახვილებისაგან შეიძლება არამარტო სახნისები გამოიჭედოს“, არამედ აქციებიც.

ეს ტრამპის გარდა არავინ იცის – მან ბოლო დროს რამდენჯერმე თქვა ფრაზა – „მხოლოდ მე ვიცი“. ალბათ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მან რაღაც საკითხი პირადად ვლადიმერ პუტინთან „ჩააწყო“, ერთი-ერთზე. აი, ამ დროს ჩვენ უკვე მივდივართ ტრამპის დიდი ხნის პოზიციასთან, რომ ის და ვლადიმერ პუტინი დაზარალებულნი არიან – ორივე ცილისწამების მსხვერპლია კლინტონების, ბაიდენების, ამერიკული მასმედიის და „ღრმა სახელმწიფოს” (deep state) მხრიდან და მათ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი რუსეთს პირველად 1987 წელს ეწვია და შემდგომ პერიოდში ვლადიმერ პუტინიც ახლოს გაიცნო. ამასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ გავრცელებულია უამრავი  [მაკომპრომეტირებელი] ხმები, რომლებიც არ დასტურდება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ტრამპი შინაგანად დარწმუნებულია – ის და პუტინი ერთმანეთს უგებენ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკა – ეს აშშ-ის პოლიტიკა კი არის, არამედ უშუალოდ მისი, დონალდ ტრამპის პოლიტიკა. სახელმწიფო მდივანი მარკო რუვიო დიდი ხნის განმავლობაში იყო ატლანტიზმის ერთგული, მაგრამ ახლა იგი, როგორც ჩანს, ტრამპის გავლენით, პუტინის პროპაგანდას იმეორებს, როცა ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკა და ნატო ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, „სხვისი [უკრაინელების] ხელით“.

ტრამპის მოქმედების სისტემას ხშირად ადარებენ მაფიის სისტემას და მისი ფორმირება უფრო მეტად ფლორიდაზე არსებულ რეზიდენციაში – მარა-ლაგოში ხდება, ვიდრე თეთრ სახლში. მაფიოზური სისტემის დროს ორ დაჯგუფებას შორის ურთიერთობა ხშირად ხასიათდება ერთმანეთის პოზიციისადმი „პატივისცემით“ – კონცეფციით, რომლითაც ისარგებლეს დონალდ ტრამპმა და ჯეიმს ვენსმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. როგორც ჩანს, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ლიდერი.

ამიტომაც ჩვენ ყველა – დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანადა და ნატოელი მოკავშირეები – იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ (თუმცა შეიძლება ვცდები), რომ როცა უკრაინას დაცვა ჭირდება, ის მხოლოდ ჩვენ უნდა დავიცვათ.

სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ეს დონალდ ტრამპს ჰგონია, ამიტომაც უკრაინის დაცვა ჩვენი ძალებით ნამდვილად შეგვიძლია. გვაქვს თუ არა ამის პოლიტიკური ნება – ეს უკვე სხვა საკითხია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას -შალვა პაპუაშვილი

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება. მიისვე თქმით, ოპოზიციის განცხადებების მიზანია, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ეკონომიკას.

„მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის.  ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება.

ამიტომ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებულები არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე. დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკო-ს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება-მამუკა მდინარაძე

მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია…

ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს, მათ შორის კი, ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ „დიფ სთეითის“ პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის მომსწრენი ვართ – ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების.

მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე. ე.წ. დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტწართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს.

შესაბამისად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც დახურეს USAID, NED და „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები, ეს ფუნქცია ასევე მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ე.წ. მთავრობებს გადაულოცეს. სწორედ ამიტომ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.

საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები. საზოგადოება ასევე კარგად ხედავს და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს. საბოლოო ჯამში კი, შედეგად მიიღეს დასუსტებული ევროპა და განადგურებული უკრაინა.

მეორე მხრივ, უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია, მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია. და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპველ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია „დიფ სთეითი“ ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში „ურჩი“ ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. ზუსტად ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუკეთეს. თანაც, ევროპაში გლობალურ ძალებს არათუ დასუსტების და განადგურების ეტყობა რაიმე, არამედ პირიქით, ის მოდერნიზაციას განიცდის და ახალი, შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას.

პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს.

მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, – ეს არის რეალური ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა…

ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი და არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“.

„მან რაც გააკეთა, იყო როგორც ბავშვისთვის კანფეტის წართმევა. ის ჭკვიანი და ძლიერი კაცია. მან ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამ ქვეყნიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი. ეს ძალიან ადვილი იყო. და მე უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაემგზავრეთ კანის კინოფესტივალზე თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის შეთავაზებით

თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს.

ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, გაემგზავროთ კანის კინოფესტივალზე და გაატაროთ დაუვიწყარი დრო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კინოფესტივალზე. ამისთვის, 1 – 31 მარტის ჩათვლით, ახალი კონცეპტ 360 – Mastercard World Elite ბარათით შეასრულეთ ჯამურად ყველაზე მეტი თანხის ტრანზაქცია და მოხვდით სამ გამარჯვებულს შორის.

კინოფესტივალის საგზური მოიცავს:

  • 2-კაციან საგზურს კანის კინოფესტივალზე
  • ავიაბილეთებს
  • სასტუმრო Barriere Le Majestic-ში განთავსებას
  • წითელ ხალიჩასა და კინოჩვენებებზე დასწრებას
  • ფოტოსესიას
  • ლანჩს და სადილს

არ გამოტოვოთ კონცეპტისა და კანის კინოფესტივალის გენერალური სპონსორის, Mastercard-ის ეს უნიკალური შეთავაზება და დააგროვეთ, ჯამში ყველაზე მეტი მოცულობის გადახდები.

Mastercard უკვე მრავალი წელია ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია და მომხმარებლებს წითელი ხალიჩის შეუფასებელ გამოცდილებას სთავაზობს.

მათ, ვისაც გსურთ შეთავაზებით სარგებლობა და ჯერ არ ხართ ბარათის მფლობელი, ახალი კონცეპტ 360 ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის, პირადი ბანკირის ან კონცეპტ ცენტრის *2700 მეშვეობით. გაიგეთ მეტი.

შეთავაზების დამატებითი დეტალები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

(R)

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრი სახლის მიმდებარედ შეიარაღებულ პირს ესროლეს და დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პირი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც „როიტერი“ წერს, საიდუმლო სამსახურმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ინფორმაცია კონკრეტული პირის შესახებ, რომელიც ინდიანიდან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა. მოგვიანებით აღნიშნული პირის მანქანა თეთრ სახლთან ახლოს აღმოაჩინეს. როდესაც ოფიცრები მამაკაცს მიუახლოვდნენ, მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რის შემდეგაც საიდუმლო სამსახურმა ცეცხლი გახსნა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს დაზიანება არ მიუღიათ.

უსაფრთხოების სამსახურები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის დროს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, ის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაშია.

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება

x

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება. სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. მეორე ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მესამე ეტაპზე საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 22 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით გასტანს.

როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი არასოდეს გამორთავს თავის ტერმინალებს-ილონ მასკი

ილონ მასკი აცხადებს, რომ Starlink-ის ქსელს უკრაინელ სამხედროებს არასდროს გამოურთავს, როგორც არ უნდა ეწინააღმდგებოდეს უკრაინის პოლიტიკას. ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.

მასკის თქმით, Starlink-ის გარეშე უკრაინის საკომუნიკაციო ხაზები გამოვიდოდნენ მწყობრიდან, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩახშობა.

„ძალიან გასაგებად რომ ვთქვა, როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი არასოდეს გამორთავს თავის ტერმინალებს. მე მარტივად ვამბობ, რომ Starlink-ის გარეშე უკრაინული ხაზები მწყობრიდან გამოვიდოდა, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩახშობა. ჩვენ არასდროს გავაკეთებდით ასეთ რამეს და არ გამოვიყენებდით მას, როგორც ვაჭრობის საშუალებას“, – წერს მასკი.

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბედისწერა ჭადრაკს თამაშობს, ხოლო თქვენ მისი მთავარი ფიგურა ხართ, რომელსაც წესების დარღვევა შეუძლია.
დილას ერთ უმნიშვნელო დეტალს – გამოხედვას არა მხოლოდ ამ დღის, არამედ თქვენი ახლო მომავლის შეცვლა შეუძლია.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დიალოგი, რომელშიც სიტყვებს შორის მეტი აზრი იქნება ჩადებული, ვიდრე თვითონ სიტყვებში.

რჩევა: დააკვირდით არავერბალურ ნიშნებს, როგორიც არის შემთხვევით შეხება, პაუზებს, სუნთქვა – ეს უბრალო წვრილმანები კი არა, გასაღებებია იმ კარის გასახსნელად, რომელიც დაკეტილი გეგონათ.

კურო

სამყარო გირჩევთ, პირად ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.
მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება მშვენიერი იდეაა, მაგრამ ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არ არის – თქვენი შინაგანი მდგომარეობა სიმშვიდესა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას მოითხოვს.
ასტრალური ენერგიები სულიერ სიმტკიცეს გმატებენ, მაგრამ ფრთხილად იყავით – ზედმეტმა სიმტკიცემ შესაძლოა ზედმეტ კონფლიქტებამდე მიგიყვანოთ.
თუ ამჟამად მარტოსული ხართ, ახალი ურთიერთობების სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდება, თუმცა, ნუ მისცემთ ემოციებს თქვენი მართვის უფლებას – ნაჩქარევმა ნაბიჯებმა შეიძლება ყველა პერსპექტივა დაამსხვრიოს.

რჩევა: უსმინეთ გულს, მაგრამ არ დაივიწყოთ გონების ხმა.

ტყუპები

ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ — ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სრულ ჰარმონიას გპირდებიან. ურთიერთობებში ურთიერთგაგება არსებობს. იდეალური დროა კავშირების გასამყარებლად, ზრუნვის გამოსახატავად და მნიშვნელოვანი თემების განსახილველად. გამოიყენეთ ეს ენერგია სიყვარულისა და სითბოს ატმოსფეროს შესაქმნელად.

თუ პარტნიორის ძიებაში ხართ, შეიძლება ბედისწერამ ისეთი ადამიანი შეგახვედროთ, ვინც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. მთავარია, არ იჩქაროთ და არ გამოტოვოთ ნიშნები, რომლებსაც სამყარო გიგზავნით.

რჩევა: ხელიდან არ გაუშვათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა — ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.

კირჩხიბი

არასტაბილური ემოციური მდგომარეობა ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. გაღიზიანებამ ან მელანქოლიამ შეიძლება გაუგებრობები გამოიწვიოს.
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დროებითი სირთულეების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ. თუ გრძნობთ, რომ მარტოობა გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ დრო საკუთარ თავს დაუთმოთ.

რჩევა: ამ დღეს შინაგანი ჰარმონია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი სურვილების დაკმაყოფილება.

ლომი

სამყარო კითხვებზე პასუხებს გიგზავნით და დღეს არცერთი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დეტალი შემთხვევითი არ იქნება. პირად ცხოვრებაში შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი შეხვედრა მოხდეს — ეს იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც იმ ადგილზე მიგიყვანთ, სადაც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყავით.

რჩევა: საკუთარი ნიჭი არამარტო რუტინული ამოცანების შესასრულებლად, არამედ რაიმე უნიკალურის შესაქმნელად გამოიყენეთ. იქ, სადაც აქამდე შეზღუდვებს ხედავდით, დღეს ახალი შესაძლებლობების გაგეხსნებათ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება ძლიერი სურვილი გაგიჩნდეთ, რომ მძაფრი ემოციები და ვნება გამოცადოთ. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, ფრთხილად იყავით – ცდუნებამ შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ.
მოახმარეთ ეს ენერგია პარტნიორთან კავშირის გაძლიერებას. თუ მარტოსული ხართ, ეს დღე საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ – არ აჰყვეთ დროებით განცდებს, თუ ღრმა და მყარ ურთიერთობას ეძებთ.

რჩევა: მიჰყევით საკუთარი გულის ხმას, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში გონება ჩართეთ.

სასწორი

ამ დღეს გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა ახლობლებთან ურთიერთგაგება აღადგინოთ. ყურადღებით მოუსმინეთ მათ სიტყვებს და მოთმინება და თანაგრძნობა გამოიჩინეთ – ასე ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ.
პარტნიორთან გულწრფელი საუბარი და მისი გრძნობების გათვალისწინება თქვენს კავშირს გაამყარებს.

თუ მარტოსული ხართ, ახლა საუკეთესო დროა ინიციატივის გამოსაჩენად – თუნდაც უბრალოდ რომ მიანიშნოთ თქვენს ინტერესზე. თქვენი სითამამე აუცილებლად დაჯილდოვდება!

რჩევა: ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებისთვის. შესაძლოა, ახლა მოგეცეთ შანსი, რომ დიდი ხნის იდეები რეალობად აქციოთ. პროფესიონალიზმი და თავდაჯერება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება ემოციურ წონასწორობას მოგიტანთ.
გაითვალისწინეთ თქვენი ნამდვილი სურვილები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის ნუ შეგეშინდებათ. დღევანდელი დღე შესაძლოა, თვალის ახელასავით იყოს, როდესაც გააცნობიერებთ, თუ რა გსურთ სინამდვილეში.

რჩევა: თუ ურთიერთობაში პრობლემა ან გაურკვევლობაა, გულწრფელი საუბარი დაძაბულობას განმუხტავს.

მშვილდოსანი

ახლობლებზე და, მით უფრო, შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნავთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტმა მზრუნველობამ არ დაგაზიანოთ. თუ თქვენი შეხედულებები შვილების აღზრდაზე ერთმანეთს არ ემთხვევა, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გელით.
ეცადეთ, მზრუნველობასა და თავისუფალი არჩევანის პატივისცემას შორის ბალანსი იპოვოთ.

რჩევა: გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ისიამოვნეთ თითოეული წუთით და ნუ მისცემთ გარე ფაქტორებს ან საკუთარ ფიქრებს უფლებას, რომ ეს ბედნიერება დაჩრდილონ. სამუშაო დღის განმავლობაში უამრავი დავალება გექნებათ და შესაძლოა დროის მართვის პრობლემებსაც შეეჯახოთ. საღამო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად – ეს შინაგან კმაყოფილებას და სიმყუდროვის შეგრძნებას მოგიტანთ.

რჩევა: ამ დღის ტემპი ცოტა დამღლელი იქნება, მაგრამ სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ყველაფერთან სტრესის გარეშე გამკლავებას შეძლებთ.

მერწყული

ეცადეთ, ამ დღეს ემოციური განცხადებების კეთებისგან თავი შეიკავოთ. ძველი წყენა თუ გაუგებრობა შესაძლოა დღეს კონფლიქტის მიზეზად იქცეს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინოთ. ზოგჯერ წვრილმანებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამით საყვარელ ადამიანებს ტკივილს ვაყენებთ.

რჩევა: ეცადეთ, ურთიერთობები უფრო მეტად დააფასოთ.

თევზები

ცვლილებების დრო ახლოვდება. წარსულიდან ვიღაც მოულოდნელად გამოჩნდება და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგიტანთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, მაგრამ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ — დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მალე თქვენს საფულეზე აისახება.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს — ხანდახან მომავალი წვრილმანებში იმალება.

ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა

„გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“ – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.

ამ კომენტარით მასკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.

„უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, წლიურად დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულებით. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის საკითხის გარდა, თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, იძულებული ვიქნებით, სხვა პროვაიდერი მოვძებნოთ“, – დაწერა სიკორსკიმ.

სიკორსკი ამ განცხადებით ილონ მასკს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია.

გასულ წელს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში Starlink-ის დაახლოებით 42 000 ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით ნახევარს პოლონეთი აფინანსებს, რაც უკრაინის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.