Home Blog Page 7

პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე – შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე. პირდაპირ ამას ითხოვს ეს რეზოლუცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ, ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა.


„ხანდახან უნდათ, მათ შორის ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პარლამენტში, იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიცია არის და ამიტომ ამ მხრივაც არის მძიმე, რომ ეს რეზოლუციაში აღმოჩნდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, მასთან პირადად და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ, რომ სანქციები დაეწესებინა საქართველოს რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ იძლეოდნენ.

„ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, არადა ამაზე საუბარი დაიწყო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როდესაც ჩემთან პირადად შეხვედრაზე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ არჩევას ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, ანუ სანქციასა და არასანქციას შორის, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის.

მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ერთი წელი ალბათ, ყველა შეხვედრა საგარეო ვიზიტებში სულ ამაზე გვიწევდა მსჯელობა და ახსნა, რომ აი საქართველო აი რუსეთი, ჩვენ ვერ დავაკლებთ ვერაფერს, სამაგიეროდ ჩვენ დაცული არ ვართ, თქვენ ნატოს წევრი ხართ, ატომური ბომბები გაქვთ, ჩვენ ბომბები არც ატომური და არც არაატომური არ გვაქვს საერთოდ, თქვენ ევროკავშირის წევრი ხართ და ერთმანეთს ფულით ეხმარებით – ჩვენ წყალობას თუ გადმოგვიგდებს ვინმე უცხოეთიდან ამ შემთხვევაში. ვეკითხებოდით – დაგვიცავთ? იომებთ? ფულს მოგვცემთ თუ ჩამოიშალა? და არაფერზე გარანტიას, რა თქმა უნდა, არავინ არ გვაძლევდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას.

„ეს იყო ყველაზე გულდამწყვეტი, რომ ეს საუბრები მიდიოდა შიგნით, ხედავდი რამხელა წნეხი იყო და ხედავდი გარეთ, როგორ მუშაობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას და გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას და შეგახსენებთ ომის დაწყებიდან 2-3 დღე იყო გასული მე მგონი, აქციები რუსთაველზე, სადაც ოპოზიცია, ენჯეობი, სახალხო დამცველი, მაშინდელი, ქალბატონი ნინო ლომჯარია იდგნენ და რას ითხოვდნენ? ითხოვდნენ გაგვეგზავნა სამხედროები, ანუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილიყო მთავრობის მიერ ორგანიზებულად ჯგუფი და თვითმფრინავი და CNN-ზე, BBC-ზე, „რია ნოვოსწიში“, თუ ა.შ. გასულიყო ინფორმაცია, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ახლა ჩაფრინდება უკრაინაში და იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა არის თუ არა ომში ჩართვა?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

,მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს”- ჰელსინკის კომისია

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

“ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხისმგებლობის ზომების ფართო სპექტრი დააანონსა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვების წინააღმდეგ, ვინც ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

„მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს – ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაპოლი“ კვარაცხელიას შემცვლელად ნერეშს ამზადებს, ქართველს კი გაყიდიან – ჯერარდო ფასანო

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ჯერარდო ფასანომ გაზეთ AreaNapoli-სთან „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის.

„სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე რამდენიმე თვე რჩება და „ნაპოლი“ ზამთრის ტრანსფერებსა და გაძლიერებაზე უკვე მუშაობს. რა გარიგებებს ამზადებს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი? დარჩება თუ არა კვარაცხელია ნეაპოლში? შესაძლოა, ნერეშის შეძენა კვარაცხელიას მომავალ სეზონში გაყიდვისთვის მზადების ნაწილი იყო.

შემთხვევითი არ არის, რომ კონტე ბრაზილიელს მარცხენა ფლანგზეც იყენებს. დავიდ ნერეში კარის სიახლოვეს ახლა უფრო მწვევა, ვიდრე კვარაცხელია.

თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით კვარას სათადარიგოთა სკამზე დასმა არასასურველ ვითარებას შექმნიდა. სად შეიძლება წავიდეს კვარაცხელია? მას მადრიდის „რეალში“ თამაში სურს, როგორც ამ ზაფხულს ვთქვით. შესაძლოა, როდრიგოსა და ქართველს შორის რაიმე სახის როტაცია მოხდეს“, – ამბობს სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ჯერარდო ფასანო.

 „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად: 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი“.

„6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი; 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი; 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი; ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს“, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუკზე“.

,, 2017 წელს გიზო უგლავა და დავით საყვარელიძე ოდესის მერს 500 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ სისხლის სამართლის წარმოების გადაწყვეტას სთავაზობდნენ”- უკრაინული მედია

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე გიზო უგლავა, უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე და რამდენიმე ადამიანი ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს 500 ათას დოლარს სთხოვდნენ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის დასრულების სანაცვლოდ. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის რადას ყოფილ დეპუტატზე, იგორ მოსიიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2024 წლის 3 სექტემბერს გათავისუფლებული უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე გიზო უგლავა შესაძლოა მართლსაწინააღმდეგოდ 500 ათას დოლარს ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრობლემის გადასაწყვეტად“, – ამბობს მოსიიჩუკი.

მედია ავრცელებს მერის დაკითხვის ოქმს. როგორც ოქმიდან ირკვევა, მოქმედება 2017 წელს ვითარდებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უგლავა ტრუხანოვს ანტიკორუფციული ბიუროს ოფისში შეხვდა. საუბრის დროს მან ოდესის მერს საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან, დავით საყვარელიძესთან და ვინმე ირაკლისთან შეხვედრა შესთავაზა.

შემდეგ ტრუხანოვს ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე გრანოვსკი დაუკავშირდა და ზემოთ მოყვანილ პირებთან შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დაგეგმა. აღნიშნულ შეხვედრაზე ტრუხანოვს 500 ათასი დოლარი მოსთხოვეს, რაზედაც მან უარი განაცხადა. უარის შემდეგ ცოტა ხანში უგლავამ პირადად წარუდგინა ტრუხანოვს ბრალდება „კრაიანის“ ქარხნის საქმეზე.

 ,, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა, დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული” – მიხეილ სააკაშვილი

ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვენახს ჩემი უმცროსი ძმა გიორგი უვლის. შარშან აიღო ვალი, რათა წესრიგში მოეყვანა იქაურობა. ამ ვალის გასტუმრებას აპირებდა წლევანდელი წლის მოსავლით. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ასე ყურძნის გარეშე და ვალ-აკიდებული.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კახელების უმეტესი ნაწილი იმავე მდგომარეობაში იმყოფება და ელემენტარული საჭმლის ფული არ აქვს. ვისაც არ დაესეტყვა იმათ ყურძენს ისეთ დამცინავ ფასებში იბარებენ, რომ ასევე ძალიან უჭირთ ვენახის შენახვა.

26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

,,საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის ახალი შენობა დაათვალიერებინეს.

ირაკლი კობახიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ დატვირთვაზე გაამახვილა ყურადღება.

„შენობა გამორჩეულია შინაარსით და ძალიან ეფექტურია მთელი ინფრასტრუქტურით. მოხარული ვარ, რომ დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს სრულიად განსხვავებულ გარემოში, ახალ შენობაში, ახალ სტუდიებში და სრულად განახლებული აპარატურით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტისთვის. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გასულ წლებში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ კერძო მაუწყებლებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელიც მიითვისა, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ისევე სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით, როგორც სარგებლობენ კერძო მაუწყებლები. უფრო მეტიც, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში, მე-17 მუხლში საგანგებოდ აისახა ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური სტატუსი. გარდა ამისა, კონსტიტუცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან. ეს არის ერთ-ერთი დახვეწილი ჩანაწერი, რაც სხვადასხვა კონსტიტუციაში შეიძლება შეგხვდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ეს არის ახლანდელი დამოკიდებულება ზოგადად მედიის მიმართ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ეს შენობაც, ვფიქრობ, არის ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინება. საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მუდმივად ვიზრუნოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მის დამოუკიდებლობაზე, მის მუდმივ განვითარებაზე. საქართველოს მთავრობის სახელით, შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ ეს ზრუნვა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტელევიზიამ საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი შენობის გახსნა, გამორჩეულად მინდა, მოგილოცოთ ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიას და მინდა, გისურვოთ უდიდესი წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, კატასტროფის გეგმაა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის”- მარია ზახაროვა

xr:d:DAF9m8wnx2k:397,j:6778340090891917259,t:24032406

მოსკოვში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა თავისი გეგმით, დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მორიგი ისტერიკა უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე, რომელიც ზელენსკის თვალსაზრისით, უნდა იყოს მონდომების მტკიცებულება და აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ პარტნიორები უკრაინას „უსაფრთხოების არქიტექტურაში“.

„ეს არ არის ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის „კატასტროფის გეგმა“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

,,გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის”- არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი

თბილისის მშრალი პორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია – მომავალში განსახორციელებელი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთი. ამ პროექტის განხორციელების მიზანია საქონლის ტრანსპორტირების ნაკადის უზრუნველყოფა შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და, იმავდროულად, მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობის გაზრდა. საქართველოსთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა, რომელიც „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც. მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან.

„ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიაფრენების მიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი პროგნოზია, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები,“ – აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

26 ოქტომბრის არჩევნები, პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე, იქვე უნდა გადავანგრიოთ, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება – მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბრის არჩევნები – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე! ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა გამოვიდეს.

“26 ოქტომბრის არჩევნები – პირველი არჩევნებია მეორე ტურის გარეშე!

ანუ, იქვე უნდა გადავანგრიოთ, იმ დღეს, მეორე შანსი აგენტურის ბოლომდე გადამტვრევის აღარ იქნება! მოგმართავთ თქვენ, ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად ევროპული მომავალი, სიმართლე და სამშობლო:

ზუსტად 10 დღეში, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია საქართველოში, ვუთხრათ მათ პატრონებს, რომ აქ ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს და არა ვინმე სხვა, გაცილებით უკეთეს პირობებში გავაგრძელოთ მშვიდი და ღირსეული ცხოვრება, ასევე მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმე მოქალაქეები და გავაერთიანოთ ქვეყანა!

26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის!

#აფხაზეთისაქართველოა

#სამაჩაბლოსაქართველოა

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობითევროპისკენ!”, – წერს მამუკა მდინარაძე.

“ლაშქრობანი მოსკოვზე და მსოფლიო წესრიგი”-Sabah

შვედეთის მეფის კარლ XII-ისა და საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I-ის რუსული ლაშქრობების შედეგები დასავლეთის იმის გაკვეთილია, რომ მისი მიზნები ჩასაფუშად არის განწირული. ამასობაში კი ინგლისელები სიტუაციას აკვირდებიან, ხელებს სიამოვნებისაგან იფშვნეტენ და ელოდებიან მომენტს მსოფლიოს ხელახლა დასანაწილებლად მათთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით. არაფერი არ შეცვლილა – წარსული ჩვენს გვერდითაა“, – ნათქვამია თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: „ლაშქრობანი მოსკოვზე და მსოფლიო წესრიგი“ (ავტორი – ჰაშმეთ ბაბაოღლუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ყურადსაღები და ჭკუის სასწავლი ისტორიები: როცა ნაპოლეონ I ბონაპარტი 1812 წლის ივნისში რუსეთში შეიჭრა, მას თან ჰქონდა წიგნი, რომელსაც იგი ყოველ მოსახერხებელ მომენტში გადაშლიდა  და გადახედავდა ხოლმე. ეს იყო წიგნი სახელწოდებით „კარლ XII-ის ისტორია“, რომელშიც ვოლტერის (ფრანსუა-მარი არუე) მიერ აღწერილი იყო შვედეთის მეფის კარლ XII-ის მოსკოვზე ლაშქრობა და მისი მარცხი – ნაპოლეონის დროიდან 100 წლის წინათ მომხდარი ამბავი.

მაგრამ იცით… როგორც კი ადამიანი აკვიატებულ მიზანზე და ოცნებაზე ჩაიციკლება, მას გონება ენისლება. მზერა სიამაყით დაუბნელდება ხოლმე და იგი ზედიზედ ყველაფერს ივიწყებს – ყველაფერს, რაც კი წაუკითხავს, გაუგია და უსწავლია.

ამბობენ, რომ ნაპოლეონს უთქვამს თავისი ადიუტანტისათვის: „ჩვენ არ გავიმეორებთ შვედეთის მეფის სულელურ მოქმედებებს“.

მაგრამ რად გინდა… თვითონ ბონაპარტმა ჩაიდინა დიდი სისულელე: სკოლის ყოველმა მოსწავლემ იცის ნაპოლეონის მოსკოვზე ლაშქრობის შედეგი.

*****

ისტორია გვაჩვენებს, რომ დასავლეთი ცდილობდა თავისი ყოველი კრიზისული პერიოდი მოსკოვზე ლაშქრობით გადაელახა. სწორედ ამიტომ იმ მოარულმა იდეამ, რომ უკრაინის შემდეგ პოლონეთის ჯერი დადგებაო, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ის, რაც „რეგიონულ კონფლიქტად“ გამოიყურება, სინამდვილეში დასავლეთის ავადმყოფობაა, რომელიც ყოველ 100 წელიწადში ერთხელ რეციდივის სახით მეორდება.

რუსეთი ყოველთვის კრახის წინაშე იდგა ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ომის ბედს მაინც მოსკოვი წყვეტდა. უფრო მეტიც – მას მსოფლიო წესრიგის სისტემაში ცვლილებები მოსდევდა ხოლმე.

იბადება კითხვა: დღეს, როცა სამიზნე ვლადიმერ პუტინი ხდება, დასავლეთი ისევ ესწრაფვის თავისი ასეთი გათვლების რეალიზებას? დიახ, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

***

ეჰ, როგორი დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო ნაპოლეონი თავდაპირველად…

რუსეთის მუხლებზე დაჩოქების პერსპექტივა ევროპელ ლიდერებს ყოველთვის მაცდურად იზიდავდა.

მოსკოვზე სალაშქროდ ნაპოლეონმა იმ დროისთვის უპრეცედენტო და კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია შეკრიბა – 655 ათასი ჯარისკაცით – და 1812 წლის 24 ივნისს რუსეთის იმპერიის სასაზღვრო მდინარე ნემანი გადალახა. საფრანგეთის არმიას თან ახლდა 50 ათასი სამოქალაქო პირი, ქალების ჩათვლით, რომლებიც ჯარს ემსახურებოდნენ.

დასავლური ისტორიები, რომლებიც თაობებს გადაეცემა, ლიტერატურა, ფილმები – ყველაფერი იმას შთაგვაგონებს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტმა მარცხი „გენერალ მოროზის“ (ყინვის) გამო განიცადა. მაგრამ ეს ასე არ არის…

კი, ფრანგებმა ყინვიან ამინდში დაიწყეს უკანდახევა, მაგრამ ნაპოლეონის არმია ყველაზე მეტად  ზაფხულის პაპანაქებაში მომხდარი ბრძოლების შედეგად დაზარალდა: როცა ბონაპარტი 1812 წლის სექტემბრის დასაწყისში დაცარიელებულ მოსკოვში შევიდა, მისი არმიის მესამედზე მეტი უკვე განადგურებული იყო.

ეს გრძელი ისტორიაა.

მაგრამ ყურადღება! ინგლისელები თვალს ადევნებდნენ ნაპოლეონის მოსკოვურ ლაშქრობას, ხელებს სიამოვნებით იფშვნეტდნენ და 1813 წელს მსოფლიო ხელახლა გადანაწილდა.

„ომი და მშვიდობა… ყველაფერი დროულად ხდება. დიახ, ყველაფერი თავის დროზე მოდის მათთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია“ (ლევ ტოლსტოი. „ომი და მშვიდობა“).

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 ,,გერმანია მზად არის რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის”- ოლაფ შოლცი

უკრაინის მხარდაჭერის გარდა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი მუდამ არ გაგრძელდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) გამოსვლისას განაცხადა.

“უკრაინის აშკარა მხარდაჭერის გარდა ასევე ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთოთ, რათა გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ეს ომი მუდამ არ გაგრძელდეს”, – განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა რუსულ ბომბებსა და რაკეტებს, რაც არ უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის “იმპერიალისტურ სიგიჟეს” ყოველდღიურად ასევე უთვალავი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლება.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის რუსეთის ხელმძღვანელობასთან საუბრისთვის, მაგრამ ბერლინი ყოველთვის გაყვება ნათელ პრინციპებს: გადაწყვეტილებები არასდროს არ იქნება მიღებული “უკრაინის ზურგს უკან და არასდროს ჩვენს უახლოეს პარტიორებთან კოორდინაციის გარეშე”.

მან აღნიშნა, რომ ბერლინისა და მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, კიევის მოკავშირეებმა უნდა “გაგზავნონ ნათელი სიგნალი, რომლის იმედიც უკრაინას შეუძლია რომ ჰქონდეს – გავაკეთოთ ნათელი სიგნალი, რომლის იგნორირებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს”