Home Blog Page 7

საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას, რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია თავს დაესხა, შეავიწროვა, „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა, ან აღჭურვილობა დაუზიანა.

„7 დეკემბერს, 30-ზე მეტი „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძისა და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძისა და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად.

ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა. მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

„მედია ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუმსუბუქა სასჯელი 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც 16 ნოემბერს ამნისტია შეეხოთ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე. ამ თავდასხმების არცერთი ორგანიზატორისთვის ბრალი არ წაუყენებიათ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს „რევერანსებით საუბრის“ ხასიათზე არ ხართ და გსურთ, ადამიანებს სახეში მიახალოთ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი პირდაპირობა კონფლიქტის მიზეზად იქცეს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ. საქმეში, რომელსაც დამოუკიდებლად დაიწყებთ და დაასრულებთ, შეიძლება შეუძლებელი შეძლოთ.

კურო

ეცადეთ, ამ დღეს უფროსს თვალში არ მოხვდეთ, თორემ მის რისხვას ვერ გადაურჩებით. თუმცა, ეს მხოლოდ უფროსს კი არა, ყველა იმ ადამიანს ეხება, ვისზეც დამოკიდებული ხართ ან თქვენზე გავლენას ახდენს: მშობლები, საყვარელი ადამიანი, მეგობრები. შესაძლოა, ვიღაცისთვის განტევების ვაცი აღმოჩნდეთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად მოემზადოთ. საქმე შეიძლება ფულთან დაკავშირებულ დავას ან უსამართლო ბრალდებებს ეხებოდეს. ხელთ უტყუარი მტკიცებულებებიც რომ გქონდეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავაში საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოითმინოთ და თქვენი არგუმენტები იმ დროს გამოაჩინოთ, როდესაც გამარჯვების მეტი შანსი გექნებათ.

კირჩხიბი

მომავლის დაგეგმვის დრო დასრულდა, მოქმედება უნდა დაიწყოთ. თუ დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყებაზე, გრძნობების გამჟღავნებაზე ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, დროა, აისრულოთ. თუნდაც წინ გრძელი გზა გედოთ, არ უნდა შეშინდეთ: ყოველი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

ლომი

ამ დღეს შეიძლება შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცეთ. ეს შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებს, სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებს ან ახლობლებთან ურთიერთობებს ეხებოდეს. საკუთარი შეცდომების აღიარება რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შეცდომებს ყველა ადამიანმა უშვებს. მიეცით საკუთარ თავს ამის შანსი და სანაცვლოდ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიხსნება.

ქალწული

ამ დღეს მთელი ძალით ეწინააღმდეგებით მათ, ვინც გაბედავს და გზაზე გადაგეღობებათ. ასეთივე გულმოდგინებით მზად ხართ საკუთარი მეგობრები და ყველა უსამართლოდ განაწყენებული ადამიანი დაიცვათ. ერთი მხრივ, ასეთი კატეგორიულობა საშუალებას მოგცემთ, მოწინააღმდეგე ბოლომდე დაამარცხოთ, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ახალი მტერი შეიძინოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, არ იაროთ შემოვლითი გზით იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლე გზაა. ამ დღეს წარმატების სტრატეგია ძალიან მარტივია – არავითარი ტყუილი ან რაიმეს დამალვის მცდელობა. ცხოვრების ყველა სფეროში მხოლოდ პირდაპირობა და გულწრფელობა დაგეხმარებათ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.

მორიელი

ამ დღეს თქვენს თვალში შეიძლება ბუზი სპილოდ იქცეს. ამის გამო პრიორიტეტების სწორად დალაგება გაგიჭირდებათ. შედეგად, შეიძლება ყველა საქმის ერთდროულად კეთება სცადოთ და საბოლოოდ არაფერი გამოგივიდეთ. იმისთვის, რომ მთელი დღე უშედეგო სირბილში არ გავიდეს, საქმეში მეტი დისციპლინა გმართებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება შემთხვევით ვიღაცას აწყენინოთ – დაუფიქრებლად სხვისი საიდუმლო გასცეთ ან თანამოსაუბრეს უსიამოვნო სიმართლე პირში მიახალოთ. იმისათვის, რომ ამ დღემ უსიამოვნო ინციდენტების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემო მყოფებს შორის მაღალი და ფართო „კედელი“ უნდა აღმართოთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ კრიტიკულად ხართ განწყობილი და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავთ. იმისათვის, რომ ახლობელთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მტკივნეულ და დელიკატურ თემებს არ შეეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ, მაგრამ მისი გამწვავება ძალიან ადვილად შეიძლება.

მერწყული

გარშემომყოფებმა შეიძლება უსარგებლო დავაში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. შესაძლოა, იგრძნოთ კიდეც, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით იკვებება და თქვენი ენერგეტიკული ვამპირია. ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გვერდით გადგეთ და ყასიდად დაეთანხმოთ, ვიდრე პოლემიკაში ჩაერთოთ და მერე ძალის გამოცლამდე იყვიროთ. ნუ მოუშვებთ ვამპირს ახლოს და ამით ძალას გამოაცლით.

თევზები

ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები პრინციპული მოქმედება იქნება. შეიძლება თამამი ნაბიჯის გადადგმა გაბედოთ, მთავარი პირობაა, რომ ეს ნაბიჯი კარგად გააზრებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. თუ გაქვთ გეგმა, რომლის განხორციელებისთვის აქამდე სიმამაცე არ გყოფნიდათ, ახლა დროა, იმოქმედოთ. მთავარია, ემოციის გავლენით არაფერი წამოიწყებთ – მოულოდნელმა იმპულსებმა შეიძლება ავანტიურისტული, ნაჩქარევი ნაბიჯები გადაგადგმევინონ.

პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა და აქედან არაფერი გამოვიდა – ის ფიქრობს, რომ ერთი-ერთზე უნდა მოუსმინოს მას, შეაფასოს – ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა – მარკო რუბიო

პრეზიდენტი ტრამპი პუტინს სამჯერ თუ ოთხჯერ ესაუბრა ტელეფონით და აქედან არაფერი არ გამოვიდა, ახლა პრეზიდენტი თვლის, რომ პუტინი პირისპირ უნდა ნახოს და შეაფასოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა 15 აგვისტოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

“სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს შეფასებითი შეხვედრაა. ასე აღვწერდი ამას. პრეზიდენტმა პუტინთან ტელეფონით სამჯერ თუ ოთხჯერ ისაუბრა. კარგი. და აქედან არაფერი არ გამოვიდა – ან, როგორც მინიმუმ, იქამდე არ მივედით, სადამდეც გვინდოდა მისვლა. ასე რომ, პრეზიდენტი ფიქრობს: “ეს ადამიანი [პუტინი] მაგიდასთან უნდა ვნახო”. პირისპირ უნდა ვნახო ის. ერთი-ერთზე უნდა მოვუსმინო მას. შეფასება უნდა გავაკეთო მისი დანახვით. და ადამიანებმა უნდა გაიგონ – პრეზიდენტ ტრამპისთვის შეხვედრა დათმობა არაა… შეხვედრას იმისთვის მართავ, რომ რაღაცნაირად გაერკვე და შენი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ყველა ფაქტი მქონდეს. მინდა ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო. და პრეზიდენტს ამის გაკეთება სურს. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრის დაწყებიდან ძალიან მალევე გვეცოდინება ამ რაღაცას აქვს თუ არა წარმატების შანსი.

და პრეზიდენტი შესანიშნავი შეთანხმებების მიმღწევია… საოცარი მომლაპარაკებელია. უბრალოდ არ ვამბობ ამას – ის ნამდვილად არის. ადამიანური ბუნების გაშიფვრის უზარმაზარი ინსტინქტი აქვს. ასე რომ, მას ესმის როგორ ხდება ასეთ რაღაცებში ნავიგაცია… ასე რომ, მგონი პარასკევის შეხვედრა ასეთი ხასიათის იქნება და უკეთესი წარმოდგენა გვექნება ამაზე. მარტივი არ იქნება. ეს ომი ბევრს ნიშნავს პუტინისთვის. გასულ თვეს, რუსებმა ივლისში 60,000 ადამიანი დაკარგეს – არა უგზო-უკვლოდ დაკარგულები – მკვდრები”, – განაცხადა რუბიომ.

საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისათვის რეგიონში და რეგიონს მიღმა – ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომელიც მიხელ ყაველაშვილთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება.

“ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეა, რომელიც არის ხერხემალი შუა კორიდორის და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს. საქართველო გახლავთ სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავისი ისტორიული სამშობლოდან 1944 წლის ნოემბერში.

ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ კავშირებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, გავაღრმაოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, განვითარებას ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენს ურთიერთობას მყარი საფუძველი აქვს. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – 3 მლრდ დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიც არის 5 მლრდ დოლარი და აგრეთვე, რომ გვქონდეს მეტი ურთიერთ ინვესტიცია.

იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში – ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში, თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით, გარდა ამისა, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული, გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე ერთობლივ პროექტებზე. თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ურთიერთობა და თანამშრომლობა სამხედრო-თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისაა – ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები.

ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საქმეში.

შავ ზღვაზე, უსაფრთხოებაზე კავკასიაში და აგრეთვე, ომზე უკრაინაში, ადამიანურ ტრაგედიაზე ღაზაში, ამ საკითხებზე ვისაუბრე პრეზიდენტ ყაველაშვილთან და საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ ერთად მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც.

მე აგრეთვე, გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს.

საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია – ვიმსჯელეთ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად – მიხეილ ყაველაშვილი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

„მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება შუა დერეფნის კონცეფციაზე და ჩვენი ქვეყნებისათვის მის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ჩვენ აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, განათლების და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში – მიხეილ ყაველაშვილი

მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. არაერთხელ გვითქვამს და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით რეგიონულმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გამახვილდა ყურადღება.

„ უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე, ყაველაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, სადაც აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას.

შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

ასევე, სირაძის განცხადებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების, მათი არსებობის შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.

დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი – გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ. მ. სა და დ. მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.

გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.

საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული.

ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – აღნიშნა სირაძემ.

რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი – საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა სპეცოპერაცია რუსებთან ერთად – ლევან ხაბეიშვილი

კალაძემ ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები , – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას.

ხაბეიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ კალაძის განცხადებით, რადგან მისივე თქმით, თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ „ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”.

“მდინარაძის და კალაძის „კლანი“, ანუ ოხანაშვილი და მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოსცდა – ჩამოვიყვანეთო, არადა სუს-ის ვერსია სრულიად სხვაა, ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა-სისხლად არიან გადაკიდებულები. ეს არ იყო წამოყვირება, მან ფაქტობრივად გასცა მდინარაძე-ოხანაშვილის ვერსია. სპეცოპერაცია ჩაატარა “გრუმ”, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომელმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს დუბაიდან. აქ ამ ოპერაციის ჩამტარებელი, მდინარაძე და ეს უწყება, რომ რაღაცას ატარებენ, ცხადია ეს ანეკდოტია. რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოსცეს ბაჩიაშვილი და დღეს კალაძემ ფაქტობრივად ეს გასცა. შესაბამისად, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ამით უნდა დაინტერესდნენ, რადგან თბილისის მერმა პირდაპირ ხელი დაადო ოხანაშვილ-მდინარაძეს, რომ ამ ხალხმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია რუსებთან ერთად”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისათვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და მისი ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს.

„რაც შეეხება მის ჩამოყვანას, ის ჩამოყვანილი იყო უცხო ქვეყნიდან. არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება]“,-აღნიშნა კალაძემ.

უცხოური ვალუტის კურსი 13 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6948 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1381 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი; მანვე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – 230,5 გრამ ნარკოტიკულ საშუალება დამაძინებელ ყაყაჩოს და 41,3 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. მეორე დაკავებულმა კი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24 370 გრამი (67 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. მან ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 12,58 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული – ტრამპი

„ვლადიმერ პუტინთან გარიგების პირობები უშუალოდ ალასკაზე შეხვედრის დროს იქნება განსაზღვრული“, – განაცხადა 11 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა თავისი კარგი ურთიერთობები რუს კოლეგასთან და იმედი გამოხატა, რომ სამიტი ნაყოფიერი იქნება. პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნებულია თეთრი სახლის (The White House) ვებ-გვერდზე სათაურით „მალე დავიწყებთ“.

გთავაზობთ ამონარიდებს პრეს-კონფერენციის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან:

– თქვენ ახსენეთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან  შეხვედრა, რომელიც ალასკაზეა დაგეგმილი. გთხოვთ გვითხრათ, რას ელოდებით სამიტისაგან და მიიწვევთ თუ არა შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის?

– თქვენ, რასაკვირველია, უნდა გესმოდეთ, რომ ეს კონფლიქტი არ დაიწყებოდა და საერთოდ არ მოხდებოდა, მე რომ იმ დროს პრეზიდენტი ვყოფილიყავი. [პუტინი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ჩვენთან ურთიერთობებს], ჩვენ ერთმანეთთან კარგად ვიყავით. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს [რუსებს მიეცათ] ტერიტორიების გაკონტროლების შესაძლებლობა. ბარაკ ობამას დროს მათ დაიწყეს ამ შესაძლებლობის გამოყენება [უკრაინაში] და დიდი ტერიტორიები დაიკავეს, ხოლო ჯო ბაიდენის დროს მათ პრაქტიკულად ყველაფერი დაიპყრეს. ახლა ეს დროის საკითხს წარმოადგენს.

და იცით, რა დაიპყრეს [რუსებმა] ტრამპის დროს? არაფერი. მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა მილსადენის მშენებლობის დასრულება, რომელიც იმ დროს სანახევროდ იყო აშენებული. ჰოდა, მე რომ პრეზიდენტი გავხდი [პირველი ვადით], მისი მშენებლობა შევაჩერე. მილსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ერქვა. თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ ამის შესახებ. ანუ მე გავაჩერე მსოფლიოში უდიდესი გაზსადენის მშენებლობა.

მე რუსეთის მეგობარი არ ვიყავი, მაგრამ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. და არამარტო რუსეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს წელში მოხრას და დამორჩილებას. შემდეგ მოვიდა ჯო ბაიდენი და მისმა ადმინისტრაციამ გაზსადენის მშენებლობა მოიწონა. მე ამის დაჯერება არ მინდოდა. შემდეგ მათ [ბაიდენის გუნდის წევრებმა] ისიც თქვეს, „ტრამპი რუსეთის მიმართ მკაცრი არ იყოო“. მე ყოველთვის მკაცრი ვიყავი. ვიმეორებ: მე გავაჩერე უდიდესი ეკონომიკური და ათასობით სამუშაო ადგილის მქონე პროექტი. და ეს დაბალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი [ბაიდენი] მოვიდა და მათ მილსადენის მშენებლობის დასრულების ნება მისცა ევროპისათვის რუსული გაზისა და ნავთობის მისაწოდებლად….

ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრა სინამდვილეში სასინჯ შეხვედრას წარმოადგენს. პრეზიდენტმა პუტინმა შეხვედრა შემომთავაზა. მას სურს, რომ შემხვდეს და ახლა მე მისი მჯერა. ამის შესახებ ადრე რამდენჯერმე უკვე ვთქვი, თუმცა იმ დროს იმედგაცრუებული დავრჩი. ჩვენ კარგად ვსაუბრობდით ერთმანეთთან, მაგრამ როცა საუბარს ვამთავრებდით, რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებს ეცემოდა და ათობით ადამიანი იღუპებოდა.. მე მაშინ პუტინს ვუთხარი, რომ ეს ულმობელი მოქმედებაა და რომ რუსები დაუნდობლად მოქმედებენ. ახლაც ყოველდღიურად იღუპება 5-6 ათასი ადამიანი. დიახ, ეს ჩვენიანები – ამერიკელები არ არიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან, მაგრამ რაკეტებით არავინ არ უნდა დაიღუპოს. ისინი ხომ ახალგაზრდა ჯარისკაცები არიან. უკრაინელი ჯარისკაცების ასაკი მატულობს, ახლა ჯარში უკვე 60-წლიანებს იწვევენ. ეს საშინელებაა.

მე ვთვლი, რომ ვალდებული ვარ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. გაიგეთ, ხალხო, რომ ეს ომი ჯო ბაიდენმა დაიწყო. ეს ჩემი ომი არ არის. ერთი თვის წინათ ნატოსთან ხელშეკრულება დავდე, იცით თქვენ ამის შესახებ [უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე]. ჩვენ ახლა არაფერს არ ვიხდით. ისინი ჩვენგან ყიდულობენ და ამის ფულს ნატოს ევროპელი წევრები იხდიან. მე ასევე მოვამატე სამხედრო ხარჯები ნატოს წევრი ქვეყნებისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2-დან 5%-მდე.

ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი გამოყო, ევროპამ – 100 მილიარდი. დახარჯულმა ფულმა უამრავი ადამიანი შეიწირა – ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა.

ამიტომაც მე ვაპირებ პირადად შეხვხვდე ვლადიმერ პუტინს და ვესაუბრო. მინდა მას ვუთხრა, რომ დროა დაამთავროს ეს ომი. მე ვიცი, რომ მას სიტუაციის არევა არ სურდა და ამ ომს იგი არასდროს არ დაიწყებდა, რომ არა… როცა არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა , ხელისუფლებაში „ავტოკალამი“ მოვიდა. დაიწყო ცუდი ამბები, გაუგებრობები, ათასგვარი სისულელე  და ბოლოს საქმე ომამდე მივიდა, რომელიც შეიძლება მესამე მსოფლიო ომად გადაქცეულიყო.

მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ისევ განმეორდება, ამიტომ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და მოვიფიქრე. მე ამერიკის დიდ პატივისცემად ვთვლი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში მოდის და მე მის ქვეყანაში არ მივდივარ, ან სადმე მესამე სახელმწიფოში.

ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკება გვექნება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალასკიდან გამოფრენის წინ, დავურეკავ ევროპის ლიდერებს, რომლებთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს [და ყველაფერს გავაცნობ]. სხვათა შორის, მე ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რაც მან გააკეთა.

ეს ომი არ უნდა მომხდარიყო [და არ უნდა გაგრძელდეს]. ამიტომაც მე დაველაპარაკები ზელენსკისაც. შემდეგი შეხვედრა ან ზელენსკისა და პუტინს შორის იქნება, ან ზელენსკის, პუტინს და ჩემს შორის, თუ ჩემი მონაწილეობა საჭირო გახდება. მაგრამ მე მინდა, რომ მათი შეხვედრა იქნას ორგანიზებული. მე ძალიან შემაშფოთა იმან, რაც ზელენსკიმ თქვა: „მე საკონსტიტუციო ორგანოდან თანხმობა და მხარდაჭერა დამჭირდებაო“. ესე იგი, რა გამოდის? მას აქვს უფლება საომარი მოქმედებები აწარმოოს, მაგრამ ტერიტორიების გასაცვლელად თურმე ნებართვა და თანხმობა ჭირდება. ტერიტორიების გაცვლა უკრაინის ინტერესებს შეესაბამება. დიახ, იქნება არასასიამოვნო მომენტებიც ორივე მხარისათვის. რას ვიზამთ, არის კარგიც და არის ცუდიც.

რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან რთულია. საზღვრები ყველგან ერთნაირი და ერთგვაროვანი არ არის. იქნება რაღაც ცვლილება ტერიტორიებში. სხვათა შორის, ყველა ამბობს სიტყვას „ცვლილება“. ჩვენ ვაპირებთ ფრონტის ხაზის ცვლილებას. რუსებმა უკრაინის დიდი ნაწილი დაიკავეს. შევეცდებით ამ ტერიტორიების [რაღაც] ნაწილი დავუბრუნოთ უკრაინას, მაგრამ რუსებს ბევრი აქვთ დაკავებული, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში, რომელიც ყველაზე ღირებულია. თუ თქვენს გვერდით ტბაა, მდინარე ან ზღვა და ოკეანე, ეს ყველაზე საუკეთესო საკუთრებას წარმოადგენს. ბევრმა არ იცის, რომ უკრაინა ადრე ოკეანის [შავი ზღვის] ნაპირზე ათასობით კილომეტრზე იყო გადაშლილი, დღეს კი მისი სანაპირო ტერიტორია მხოლოდ ოდესის ოლქით შემოიფარგლება.

ამიტომაც მე მივდივარ სამიტზე, რომ ეს პირობები განვიხილოთ. შესაძლოა მე იქიდან [ხელცარიელი] დავბრუნდე, მაგრამ შემდგომი წარმატების იმედით. შეიძლება ვთქვა კიდეც, რომ ამ საკითხისა გადაწყვეტა შეუძლებელია. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

ვფიქრობ, მე რომ არ ვიყო, პუტინი არავის არ დაელაპარაკებოდა. მე კი მას შევხვდები, დაველაპარაკები, საკითხებს განვიხილავთ და შემდეგ, როგორც გითხარით, ყველაფერს ვეტყვი ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს – რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მე მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. საერთოდ კი ვფიქრობ, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

ვფიქრობ, რუსეთმა საკუთარი თავის მოწყობას მეტი დრო უნდა დაუთმოს. რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, მისი ტერიტორია 11 სასაათო სარტყელშია მოქცეული. რუსეთი პლანეტის ყველაზე დიდი ქვეყანაა. მას აქვს უდიდესი წარმატების პოტენციალი, მაგრამ მისი ეკონომიკა არცთუ კარგ მდგომარეობაშია, ომმა ძალიან დააზარალა.

რა თქმა უნდა, არაფერი კარგი არაა იმაში, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსული ნავთობის მყიდველ დიდ ქვეყანას ეუბნება, რომ 50%-იან ბაჟს დაუწესებს, თუ მოსკოვისაგან ნავთობის ყიდვას გააგრძელებს. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება. თქვეს კიდეც, რომ მათ სხვა ასე არ მოექცეოდა.

მე მზად ვიყავი [რუსეთის მიმართ] უფრო სერიოზული ზომები მიმეღო, მაგრამ შემატყობინეს, რომ გარიგების დასადებად მზად არიან. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მე მინდა, რომ რეალურად დავინახო ცეცხლის შეწყვეტა. მინდა, რომ დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისათვის კარგი და სასარგებლო იქნება. ტანგოს ხომ ორი ცეკვავს? ჰოდა, იმედი მაქვს, კარგი მოლაპარაკება გვექნება, თუმცა კარგად იცით ისიც, რომ მათ [რუსების] მიმართ ყოველთვის კეთილი არ ვიყავი: გავაჩერე მათი მილსადენის მშენებლობა, უკრაინელებს „ჯაველინები“ მივეცი… იცით, რა შეუძლიათ „ჯაველინებს“? მათ „ტანკების მკვლელებს“ უწოდებენ. ობამამ უკრაინელებს ზეწრები მისცა, მე კი „ჯაველინები“ მივეცი. უჩემოდ უკრაინელები რუსების ტანკებს ვერ გაანადგურებდნენ და ისინი ოთხ საათში კიევს დაიკავებდნენ, გზატკეცილით რომ წასულიყვნენ. მაგრამ რუსმა გენერალმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღო – ტანკები სოფლის გზებით და სახნავ-სათეს მიწებზე გაუშვა… თავსხმა წვიმების გამო რუსული ტანკები ტალახში ჩაიფლენ. მე იმ გენერალს არ ვიცნობ, მაგრამ რადგანაც ვლადიმერის ხასიათი კარგად ვიცი, ის გენერალი თავის პოსტზე უკვე აღარ იქნება.

ალასკაზე პუტინთან საუბრის შემდეგ, როცა პირადად გავიგებ, რას მთავაზობს, ჯერ, რასაკვირველია, ზელენსკის დავურეკავ, შემდეგ ევროპელებს და, ალბათ, ვეტყვი – „აბა, წარმატებები. გააგრძელეთ ბრძოლა“, ან ვეტყვი ასე: „ჩვენ მოლაპარაკება შეგვიძლია“.

ერთ ფაქტს გეტყვით: უკრაინელებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ რუსეთთან გარიგება დაიდოს. არადა, სამი წლის წინ ყველა ბრძოლის გაგრძელების მომხრე იყო. საერთოდ, ყველას უნდა ბრძოლა, სანამ ბრძოლა უშუალოდ არ დაიწყება.

– მე რამდენიმე კითხვა მაქვს: ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად არ არის მიწვეული პარასკევს?

– ჩვენს შეხვედრაში მისი მონაწილეობა არ იგეგმება. მე შემეძლო ისე გამაკეთებინა, რომ ის ალასკაზე ჩამოსულიყო, მაგრამ იცით… მას ბევრი შანსი ჰქონდა [ომის შესაწყვეტად], მაგრამ ბრძოლები სამ წელზე მეტია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებია.

– რას ნიშნავს „კარგი გარიგება“?

– მე ამას მაშინ გეტყვით, როცა გავიგებ, კონკრეტულად რა სურს პუტინს. „კარგ გარიგებას“ ბევრი განმარტება აქვს. ჩვენ ახლა ძალიან რთულ სიტუაციაზე ვლაპარაკობთ… ომი, რომელიც მე ახლახან მოვაგვარე [სომხეთ-აზერბაიჯანს შორის], ისეთივე რთული იყო, როგორც ეს [რუსეთ-უკრაინის] ომი, თან საქმე მარშრუტებს და ვაჭრობას ეხებოდა. როცა ვლადიმერ პუტინს შევხვდები, პირველივე ორ-სამ წუთში მივხვდები, შეიძლება თუ არა გარიგების დადება.

– საიდან იცით?

– იქიდან ვიცი, რომ ეს ჩემი სამუშაოა. მე ვდებ გარიგებებს.

წყარო:

https://inosmi.ru/20250812/konferentsiya-274148748.html

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

წლიური ინფლაცია ივლისში 4.3%-მდე გაიზარდა, რაც ივნისის მონაცემს 0.3 პროცენტული პუნქტით აღემატება და 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ივნისის 7.3%-თან შედარებით საგრძნობლად შემცირდა სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ყოველთვიური ინფლაცია და ივლისში მიზნობრივ მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ მეტი, 3.1% შეადგინა. თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს სხვა ანალიტიკური საზომებიც, როგორიცაა სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მთლიანობაში, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია, წინა პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია, რაც ყურადსაღები ფაქტორია. ამავდროულად, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება. 

მომსახურების ინფლაციამ, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, ივლისში 3% შეადგინა. მომსახურების ინფლაცია მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, მომდევნო თვიდან ინტერნეტის გადასახადის ერთჯერადი ეფექტის ამოწურვის შემდგომ, კვლავ გაიზრდება. ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს. მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო. საერთაშორისო და ადგილობრივი ფაქტორების ერთობლიობით, მოსალოდნელია, რომ საკვებზე ფასების ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

ამავდროულად, ინფლაციის ბოლოდროინდელი აჩქარება ადგილობრივ და შერეულ პროდუქტებზე მზარდი ფასებითაა განპირობებული, ხოლო იმპორტული ინფლაცია უარყოფითია. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო.

ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის მატებაში მიმდინარე წელს ყველაზე დიდი წილი სურსათზე მოდის – განსაკუთრებით, პურზე, ყველსა და ხორცზე – თუმცა, საკვების გარდა, ფასები პროდუქტების ფართო სპექტრზეა გაზრდილი. სურსათი – უპირველესად, მზესუმზირის ზეთი, კარტოფილი და შოკოლადი – განაპირობებდა ყველაზე მეტად შერეული პროდუქციის ინფლაციის ზრდასაც, მედიკამენტებთან ერთად. რაც შეეხება იმპორტულ ინფლაციას, რომელიც უარყოფითია, ერთი მხრივ, ზრდის კუთხით გამოვყოფთ ყავისა და სიგარეტის (მათ შორის, აქციზის გადასახადის გავლენით) ფასებს, ხოლო, მეორე მხრივ, კლების კუთხით აღსანიშნავია, პირველ რიგში, ფასები საწვავზე და, აგრეთვე, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ჭურჭელზე, სხვა სიტყვებით – გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე.

მართლაც, თუ პროდუქტებს მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით დავაჯგუფებთ, 2025 წელს მოკლევადიანი მოხმარების საქონელს ჯამურად იმპორტულ ინფლაციაში წვლილი, ფაქტობრივად, არ შეუტანია, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად იმპორტული პროდუქციის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. საპირისპიროდ, დეფლაცია მთლიანად საშუალო და გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოდიოდა. ამავდროულად, ადგილობრივი პროდუქტების ინფლაციაში წამყვანი მომსახურება და მოკლევადიანი მოხმარების საქონელი იყო, ხოლო შერეული პროდუქტების ინფლაციაში – აგრეთვე მოკლევადიანი მოხმარების საქონელი. ინფლაციის ფაქტორების ეს ასიმეტრია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრძელვადიანი მოხმარების საქონლის როლის მნიშვნელობას მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, და ადასტურებს, რომ ინფლაცია სულ უფრო მეტადაა განპირობებული ადგილობრივი ფაქტორებით.

გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, ასევე საყურადღებოა, რომ, უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, აგვისტოს პირველ კვირაში ასეთ საქონელზე უნაღდო დანახარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, წინა თვეებისგან განსხვავებით. გაუმჯობესება იკვეთება ჯამური უნაღდო დანახარჯების მხრივაც, რაც, შესაძლოა, აგვისტოში უფრო ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებდეს. მეორე მხრივ, არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯვის დინამიკა წინა თვეებთან შედარებით დიდწილად უცვლელია. კერძოდ, არარეზიდენტების დანახარჯები ზრდას აგრძელებს, მიგრანტების ხარჯები კი მცირედით შენელებულია.

სხვა მაჩვენებლების მხრივ, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა ივლისის ბოლოს მდგომარეობით 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ივნისთან შედარებით 7.1%-ით, ანუ $331 მილიონი აშშ დოლარითაა გაზრდილი. რეზერვების ზრდა თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ ივლისში ინტერვენციების აჩქარების ჩვენს მოლოდინებთან. არსებული შეფასებით, მოცულობითი ინტერვენციები აგვისტოს პირველ კვირაშიც გრძელდება. როგორც ადრეც აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით უფრო სუსტი რჩება. კერძოდ, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები. ამდენად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს.

ამავდროულად, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ჯერ კიდევ აქცენტის გაკეთებას უფრო ადგილობრივ მოთხოვნასა და საპროცენტო განაკვეთებზე მოიაზრებს, ვიდრე ლარის გაცვლით კურსზე, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფლაციის მხრივ არა იმპორტული, არამედ ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია შუალედური მოხმარებისთვის იმპორტის საკმაოდ მაღალ კომპონენტსაც მოიცავს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრისას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, სებ-მა საპროცენტო განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა.

დასასრულს, ასევე საყურადღებოა, რომ, ვინაიდან ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა მისი გამყარების ალბათობას ზრდის, ინფლაციის დინამიკისგან დამოუკიდებლადაც, ეს მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორია თიბისი კაპიტალის ლარი-ევრო-დოლარის სტრატეგიის კონტექსტში, სადაც საშუალო და გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების საშუალებას იძლევა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007050-macro-update-georgia

R