Home Blog Page 7

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – გიორგი გახარია 

ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

„რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის რის გამოც გადაიდო, ჩემი მხრიდან არა“, – განაცხადა გახარიამ.

შევთანხმდით ერთ რამეზე, გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან – მამუკა ხაზარაძე 

შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში “საქართველოსთვის” დამფუძნებელ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, “მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ”.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

ხურჩის რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დროებით დააკავეს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები „ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა“ დროებით დააკავეს. ამის შესახებ ინფომაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

“ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე იმსჯლებენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა – დეტალები

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარია შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გიორგი გახარიას პირისპირ შეხვედრა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ სთხოვა, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სადილზე მიპატიჟება მიიღო.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე გიორგი გახარიას გასაუბრებოდა.

მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის მზაობა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემაც გამოთქვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის მამუკა ხაზარაძის თხოვნას ითვალისწინებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა – პრემიერი

ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და იცით ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში.

ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0060 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

84 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.

„ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებას 91% უჭერს მხარს – პრემიერი

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია,- მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად – 84 ხმით მიიღო.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველანაირ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას.

„ხედავთ, რომ არის სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიო მასშტაბით ძალიან საშიში ტენდენციები. ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია თავის პირად ცხოვრებაში, მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა ამ კანონის მიღებაა. პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევაც ჩაატარა და 91% კანონის მიღებას უჭერს მხარს, ხოლო „რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ პირდაპირ მიდის“.

„ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა – ისინი მოქმედებენ არა საზოგადოების დაკვეთით, არამედ გარე პატრონების დაკვეთით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამნისტიის შესახებ კანონზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უკვე მესამე მოსმენით არის მიღებული პარლამენტის მიერ.

„საქართველოში, დღეს, 10 000 პატიმარია, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით, 5 000 ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე,საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

TechXplore – თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის

18-20 ოქტომბერს ტარდება TechXplore, თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში.

ადგილზე, მონაწილეებმა უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭირო ღირებულებას.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია შეიკრას გუნდი. გუნდში შესაძლებელია იყოს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილე. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე, 30 სექტემბრამდე.

თიბისის ჰაკათონის მხარდამჭერია თინეთი, რომელიც მე-3 ადგილზე გასულ გუნდს დააჯილდოებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.

Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. 

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.

თიბისიში ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისის მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

მომხსენებლების, ვორქშოფებისა და რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას.