Home Blog Page 7

ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ტრაგედია ოკუპორებულ გალში

ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა.მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.

შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.

პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო – რასა იუკნევიჩიენე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 23 თებერვლამდე გეგმავს – გერმანიის ოპოზიცია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა.

„სულ უფრო მზარდი ნიშნებია ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს პარიზის ქარტიის 10-20 წლით შეჩერებას. საჩვენებელი იქნება, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე უკრაინის მოსახლეობას თუ ჩვენს მეზობლებს“, – აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მარტშია დაგეგმილი.

„ამიტომ ყველამ თავისი დასკვნა გამოიტანოს ამ საკითხზე“, – დასძინა როდერიხ კიზევეტერმა.

მისი თქმით, არ უნდა მიიღონ შეთანხმებები, რომელიც უკრაინის ხარჯზე ხდება.

„ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ და დავუშვათ ეგრეთ წოდებული „ნორმანდიული შეთანხმებები“, რომელიც ხდება უკრაინის ხარჯზე და არ უნდა მივიღოთ ე.წ. „შეთანხმებები“. ჩვენ ასევე არ უნდა მივიღოთ ეგრეთ წოდებული „მოსკოვის მეკავშირეები“ ჩვენს რიგებში!“ , – აღნიშნა გერმანიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

იმერეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს.

BBC-ის ინფორმაციით, კარლ ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი პარტია – კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

სექტემბერში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სხვა პარტიებმა პარტიის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან კოალიციის შექმნა გამორიცხეს. კერძოდ, „თავისუფლების პარტიამ“ სექტემბრის არჩევნებში ხმების თითქმის 29% მოიპოვა, „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 26,3%-ით, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ – მესამეზე, ხმების 21%-ით.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოლაპარაკებების ჩაშლამ შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატორების მოლაპარაკება ულტრამემარჯვენეებთან, ან ახალი არჩევნების ჩატარება.

BBC-ი წერს, რომ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „თავისუფლების პარტია“, სავარაუდოდ, მიესალმება ახალ არჩევნებს, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს – ჯო უილსონი

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს”.

“ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე.

სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ის პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.

ასე რომ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავპატიჟე დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სტუმრად. სალომე [ზურაბიშვილი] შესანიშნავია. მოწვევა გავუგზავნე, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

ჩემი მოწვევით ჩამოდის ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ბულგარეთის ელჩი სტეფან სტოიანოვი. ტრადიციულად, უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებ, რათა აღვნიშნოთ ტრამპის გამარჯვება…

ცხადია, არსებობს ომის დამნაშავე პუტინის ღერძი, რომელიც მუშაობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან, და ყველა მათგანი მუშაობს ივანიშვილთან – მილიარდერთან, რომელმაც საქართველოში არჩევნები გააყალბა.

კიდევ ერთხელ, დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და ის აღიარებს, რომ [საქართველოში] გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ქართველი ხალხი ისევე მამაცია, როგორც უკრაინელი ხალხი, როგორც ახლა სირიის ხალხი და როგორც, მე მჯერა, ერთ დღეს, ირანის ხალხი იქნება”, – განაცხად უილსონმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა – რიჰარდს კოლსი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, – ასე ეხმაურება -ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილ ვიზიტს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს – კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილებაა.

ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, პროტესტების ძალადობრივი ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდირებას და პერიოდს არჩევნების შემდეგ, რომელიც ზოგადად, თავისუფალი იყო, მაგრამ ლეგიტიმური არჩევნების დანარჩენი ორი პრინციპი ვერ შეასრულა – ის არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე არ იყო.

ბევრი დელეგაციაა აღშფოთებული და სამართლიანადაც. მსგავსი ვიზიტი რეჟიმს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მისცემს, მზადებაში მყოფ ავტოკრატიის ლეგიტიმაციას მოახდენს, ხოლო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ძირს გამოუთხრის.

თუ პია კაუმას ასე სურს ეს ვიზიტი, ის პირად სტატუსში უნდა განახორციელოს და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტურად წინააღმდეგო იქნებოდნენ მსგავსი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებების.

სუსტ ლიდერობას ცუდი დრო მოაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, – წერს კოლსი.

5 იანვარის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

5 იანვარს, წინა დღეებთან შედარებით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.  ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალეი და ღრუბლიანი ამინდი. მაღალ მთაში თოვა.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – წვიმა

სოხუმი +8 – წვიმა

ზუგდიდი +8 – წვიმა

მესტია +1 – თოვლი

ფოთი +9 – წვიმა

ბათუმი +11 – წვიმა

ოზურგეთი +9 – წვიმა

ქუთაისი +9 – წვიმა

ამბროლაური +6 – წვიმა

ახალციხე +4 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +3 – უმეტესად ღრუბლიანი

ბაკურიანი +1 – უმეტესად მზიანი

გორი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +6 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა 0 – უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური -3 – თოვლი

თელავი +11 – უმეტესად მზიანი

რუსთავი +12 – უმეტესად მზიანი

თბილისი +10 – უმეტესად მზიანი

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: სამსახურში შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას. კეთილგანწყობა და ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში. დღეს არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება; უმჯობესია, მიმდინარე საკითხები დაასრულოთ. კარგი დროა რომანტიკული პაემნებისთვის და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის.

კურო: ეცადეთ, დროებით შეაჩეროთ დაწყებული საქმეები და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. გულმოდგინედ გაერკვიეთ სიტუაციაში და იმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე.

ტყუპი: შესაძლებლობა გექნებათ, აკონტროლოთ მოვლენები და აირჩიოთ სხვა მიმართულება ან ხერხი გამარჯვებისთვის. შეუპოვრობა და ძალისხმევა დაგეხმარებათ მიიღოთ ის სარგებელი, რასაც დიდი ხანია ელოდით.

კირჩხიბი: მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. არ არის საჭირო მოვლენების დრამატიზაცია; ლანჩისთვის ყველაფერი შეიცვლება. გახდებით უფრო აქტიური და პროდუქტიული, რაც ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. დღეს უარი თქვით შემოსულ შემოთავაზებებზე.

ლომი: ნუ მიუბრუნდებით წარსულს; დაემშვიდობეთ უსიამოვნებებს და დაიწყეთ რაიმე ახალი. მიჰყევით ახალ იდეებს და გაბედულად შეხვდით ცვლილებებს, რაც საშუალებას მოგცემთ მოჯადოებული წრის გარღვევას.

ქალწული: თქვენ შეძლებთ ღირსეულად შეასრულოთ ის საქმე, რომელზეც აიღეთ პასუხისმგებლობა, და დაიმსახურებთ გარშემომყოფების პატივისცემას. თქვენი შრომისმოყვარეობა და აქტიურობა სათანადოდ დაფასდება.

სასწორი: იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ მაქსიმალური წინდახედულობა საეჭვო შემოთავაზებების მიმართ. ნუ იჩქარებთ, რათა არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი დეტალები და თავიდან აიცილოთ შეცდომები.

მორიელი: უარი თქვით ფარულ მოქმედებებსა და ინტრიგებზე. გონივრულობით და პატიოსანი სვლით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, საუკეთესო შედეგების მიღწევას და ავტორიტეტის ამაღლებას.

მშვილდოსანი: ეცადეთ, საქმიან პარტნიორებთან მშვიდობიანი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. ყოველივე კარგად აწონ-დაწონეთ მოსალოდნელი სირთულეების გათვალისწინებით და აუჩქარებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

თხის რქა: დაწყებული საქმე დავისა და კამათის მიზეზი შეიძლება გახდეს. იყავით შეუპოვარი, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან და თუ არ აჰყვებით პროვოკაციებს, დარწმუნებული იყავით გამარჯვებაში.

მერწყული: შესაძლოა, შეიცვალოთ სამუშაო ან დაიწყოთ ახალი საქმე. სასურველია, აუჩქარებლად გაიაზროთ და ჩამოაყალიბოთ სამომავლო მოქმედების გეგმა, შემდეგ კი წინდახედულად მიჰყევით არჩეულ გზას.

თევზები: აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ყველას აჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები და საუკეთესო თვისებები საქმიან სფეროში, რათა არ გაუშვათ ხელიდან სასიკეთო პერსპექტივები

,, ხალხი  რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს ”- ნიკა მელია

ხალხი რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს აშენებს. ყველა დანარჩენი თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ სანქციებს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რომელსაც მისივე შეფასებით, „ხალხი არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემს და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს“.

„არ ვიცი ამ პროცესის მიმდინარეობას, რომელიც ყოველდღეა, აქცია უნდა ვუწოდოთ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის ახალი წესრიგი, რომელმაც დაარღვია ყველა ნეგატიური მითი ქართველების გარშემო რაც არსებობდა ისტორიულად, რომ ქართველები არიან ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები, არადისციპლინირებულები, არამიზანდასახულები და ა.შ. გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. გამოჩნდა, რომ ახალი ქართული სამოქალაქო საზოგადოება შენდება და შესაბამისად, ის აშენებს ახალ ქართულ სახელმწიფოს. სხვადასხვა ხელისუფლებებმა, სხვადასხვა პერიოდში მეტნაკლებად სხვადასხვა ხარისხის მნიშვნელოვანი აგურები დადეს სახელმწიფოს შენების პროცესში, მაგრამ ეს აგურები ერთმანეთთან ვერ შეკავშირდა, არ იყო საკმარისად ძლიერი დუღაბი. ახლა სხვა ხარისხის პროცესია – ისტორიას და დროს რომ გაუძლებს ის მშენებლობა მიმდინარეობს. ხალხი აშენებს რუსთაველის გამზირზე ახალ სახელმწიფოს. ყველა დანარჩენი ამის თანმდევი პროცესია. ვგულისხმობ, ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში სხვადასხვა დასანქცირებულ ადამიანს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან სტრასბურგიდან. ეს ყველაფერი არ გაჩერდება მანამ, სანამ არ ჩაინიშნება არჩევნები და ახალი დემოკრატიული ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, რომელიც იქნებიან ძალიან მძიმე დაკვირვების ქვეშ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მომავალში. ამათ არც შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მიცემენ და არც დაშვებულ შეცდომას აპატიებს მომავალ ხელისუფლებაში ვაითუ არამზადები მოვიდნენ“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ნიკა მელიამ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

სნეული მშიშარები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ჯერ ისევ ხელისუფლებაში არიან – ილონ მასკი

სტარმერი დამნაშავეა ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებში –  ამ მიზეზით ახსნა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, “ლეიბორისტების” მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის საქმიანობის გამოძიების დაბლოკვა, როდესაც ის სამეფო პროკურატურის ხელმძღვანელად მუშაობდა.

საქმე ეხება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ ბანდებს, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს 2008-2013 წლებში, სწორედ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით იძიებდა ბრიტანეთის პროკურატურა. ილონ მასკი ასევე აზიარებს ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფის” სტატიას სათაურით – “როგორ დაიფარა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მოქმედი ბანდების სკანდალი” და წერს: “როგორ დაფარეს ბრიტანეთის გაუპატიურება”. მასკის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც დიდ ბრიტანეთში ბავშვების გაუპატიურება დაუშვა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, თუმცა, ჯერჯერობით. “სნეული მშიშარები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ისევ ხელისუფლებაში არიან… ჯერჯერობით.” – დაწერა მან X-ზე.

მან ასევე გააზიარა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთმა მოსამართლემ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა პირს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტისთვის, ხოლო, მოზარდის მაჩეტეთი მკვლელობისთვის ბრალდებულმა კი საპატიმრო ექვს თვეში დატოვა. როგორც მასკმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაწერა: “ეს მოსამართლე სამარცხვინოდ უნდა გადააყენონ თანამდებობიდან.” ბოლო პერიოდში, ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მწვავედ აკრიტიკებს. ის მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში მთავრობა უნდა გადადგეს, ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ მიგრანტების მიერ ფორმირებული ბანდების ბრიტანელი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და ამ დანაშაულებზე მთავრობის უმოქმედობას ასახელებს.