Home Blog Page 7

18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო, 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი-ალექსანდრე მეგუთნიშვილი

გლდანის ციხეში რომ გადმოგვიყვანეს მე და ჩემი ბიძაშვილი, ლექსო მეგუთნიშვილი, სამი პოლიციელი ჩამომყვა. ვისაც ჩააბარეს ჩვენი დოკუმენტაცია, თელავის პოლიციელებმა უთხრეს, რომ მაგ განჩინებაში რაც წერია, ეგრე არ არის, გაითვალისწინეთო. მე შემიყვანეს პირველ კამერაში, კარანტინში, ჩემი ბიძაშვილი – მესამეში. კარი რომ გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული, ეტყობა, კარის ღრიჭოსთან ჰაერს სუნთქავდა. კარი რომ გაიღო, წამოდგა და მითხრა, 35-ე ხარო, რაც ნიშნავდა, რომ 18 კვადრატულ მეტრ კამერაში 35 პატიმარი იყო. 16 დღე არც დავმჯდარვარ, არც დავწოლილვარ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ალექსანდრე მეგუთნიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დეტალურად გაიხსენა გლდანის ციხეში გატარებული პერიოდი და უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.

მეგუთნიშვილის განცხადებით, 16 დღე-ღამის განმავლობაში არ ეძინა და პატიმრების სიმრავლის გამო, მხოლოდ კედელზე მიყრდნობილი თუ ჩაიძინებდა.

„ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს, შეიძლება ითქვას, ჯოჯოხეთზე უარესი. ზოგან 40 კაცი იყო, ზოგან იმაზე მეტი. კარანტინში სულ შვიდი კამერაა, მაგრამ მხოლოდ სამი იყო დატვირთული, რომ სპეციალურად ვყოფილიყავით ასეთ სიტუაციებში, დანარჩენი ოთხი თავისუფალი იყო, თვითონ იმათი ნათქვამია. 16 დღის შემდეგ, ხელს რომ ვერ დაიბან, პირს რომ ვერ დაიბან, შეიძლებოდა, პურის ყუა მოგეტეხა, რაღაცები შემოდიოდა, მაგრამ არავინ არაფერს ჭამდა, ისეთი ანტისანიტარია იყო. რომელ კბილის ჯაგრისზე, რომელ დაბანაზეა ლაპარაკი? ეს ხომ გამორიცხულია. მარიამობას, 28 აგვისტოს ციხეში შევხვდი, შემოსული იყო გამომძიებელი, ვინმე ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო, რაღაცაზე მომაწერინეს ხელი. შემთხვევით ჩემი ნაცნობი შემხვდა, უკვე ექვსი თვე იქ იჯდა და რომ მნახა, გაუკვირდა. ვუთხარი, შენ თუ რამე შეგიძლია, იქნებ მაღლა კარანტინზე „ამომწიონ“, უკვე გაუსაძლისია, ფეხები მეკეცება-თქო. მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი, მცემდნენ და შემდეგ შემოვყავდი უკან. ასე იყო ცნობილი, რომ მეგუთნიშვილი დაბლა უნდა ყოფილიყო. 16 დღე-ღამე არ მეძინა, შეიძლება, ერთადერთი კედელზე ხელი მიმედო და ისე მივყუდებულიყავი, იქ ვერ დაიძინებდი, შუქი სულ ენთო, ან სად უნდა დაგვეძინა, საწოლებზე მორიგეობით წვებოდნენ და საწოლი ერქვა რკინის დაწნულ ბადეს. ამ დროის განმავლობაში 32 კილო დავიკელი. 16-17 დღის გასვლის შემდეგ, ამომიყვანეს კამერაში. E კორპუსი იყო, კამერა N 72. იქ ხუთი პატიმარი დამხვდა, მომეხმარნენ ბიჭები, გამომაცვლევინეს, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი. დილა გათენდა, ჯერ იმ ბიჭებთან დალაპარაკებულიც არ ვიყავი, კარი გაიღო და ოთხი შავ ფორმებში ჩაცმული, ნიღბიანი კაცი შემოვიდა, მეგუთნიშვილი რომელიაო და რატომღაც ჩავთვალე, ალბათ მიშვებენ-მეთქი და მე ვარ-თქო. შენ გვერდზე კამერაზე რა გადაძახილი გქონდაო, ჩამიყვანეს „ფუქსებში“ და დაიწყო იქ ჩემი წამება. შემდეგ კუდ-ში რომ მოვხვდი, ციხიდან როცა გამოვედი, იმ ფაშისტებში რომ მოვხვდი, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერსო. ორ კვირაზე მეტი ისევ კარანტინში ვიყავი, „ფუქსებში“ ვიყავი სამი დღე, სადაც დაბმულიც ვიყავი – დაბლა სულ ბეტონია და პატივი იყო, თუ იქ „ფლოსტებზე“ დაგსვამდნენ, ხელებს უკან გაგაშვერინებდნენ და ბორკილებით გაბამდნენ. „შლემიც“ მეფარა, რომ თვითდაზიანება აღარ მიმეყენებინა, ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურად. ერთხელ ისე მცემეს, გონება დავკარგე, როგორც შემდეგ მითხრეს, ექიმი შემოვიდა და შარვლის ტოტები ამიწია, კუნთებზე ნემსები მიკეთა, არ ვიცი, რას ამოწმებდა, ალბათ, მკვდარი ვიყავი, თუ ვსიმულიანტობიდი. მთელი ფეხები გაშავებული მქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

დავით კოდუამ მითხრა, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთ, ნაკვეთი უნდა გადმოგვიფორმოთო, ის პერიოდი იყო, როცა მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად -ალექსანდრე მეგუთნიშვილი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ბიზნესმენ  ალექსანდრე მეგუთნიშვილს უსმენენ.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, 2009 წლის სექტემბერში ძმებმა კოდუებმა როგორ დაათმობინეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის განმარტებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო „რედისონის“ წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ მის გაყიდვას 15 000 ლარად.

„2004 წელს, გადატრიალების შემდეგ მე ბიზნესსაქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან, ელდარ მილდიანთან ერთად. 2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს, დაასახელა ერეკლე და დათო, ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა, კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ. ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით. მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე „ლეჩკომბინატში“. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი, თქვენ ხომ გვიცნობთ, ჩვენ ვინ ვართ. ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ გვქონდა წინანდალში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო „რედისონის“ წინა ეზოს. ტყესა და „რედისონს“ შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის. ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა და უთხრა: „ხომ იცი, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთ“.

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგან ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით, რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ, თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი, რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა, იმას რომ აკეთებდნენ, ის პერიოდია. ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ, იმაში გაეცვალათ. ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ „ლეჩკომბინატში“. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ ჩვენზე, თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ, რასაც უნდა აკეთებდნენ. გვითხრეს, რომ მეორე დღეს ჩამოვიდოდნენ თბილისიდან და ის ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა. ჩამოვიდა ისევ ის პაატა გოგიაშვილი, ორი, თუ სამი პიროვნება ჰყავდა. მანქანით ჩამოვიდნენ, მოგვაკითხეს ისევ საწარმოში, წავედით ჩვენ ჩვენი მანქანებით, აგვიყავნეს თელავში, ნოტარიუსში და გადავაფორმეთ აღნიშნული მიწის ფართობი და სიმბოლურად გავაკეთეთ ვალის აღიარების ხელშეკრულება 50 000 ლარი, თუ დოლარი, აღარ მახსოვს“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ფოტო რეალობას ვერ გადმოსცემს – სასტუმრო „სეროდანი“ სწორედ ასეთი ადგილია. დიდი ვენახების, ალაზნის ველისა და კავკასიონის სილამაზის აღსაქმელად, ინსტაგრამის ფილტრი ნამდვილად არ დაგჭირდებათ და აქ ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ყოველგვარი დამუშავების გარეშე თამამად შეგიძლიათ ატვირთოთ. თუმცა, ამ ადგილის მთავარი ხიბლი ხედებს მიღმა იმალება.

თელავიდან 3 წუთის სავალ გზაზე დაშორებული სოფელი სეროდანი  საუკუნის წინ დაიცალა. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს სახელი.

რამდენიმე წლის წინ, ძმებმა – ზურაბ და ზაქარია მოდებაძეებმა ამ ადგილს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ჯერ მშობლებისეულ ხის სახლს მყარი ღობე შემოარტყეს, მარანი გამართეს, შემდეგ კი, შვილებთან ერთად, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეუდგნენ. მიზანი მარტივი, მაგრამ არცთუ მარტივად შესასრულებელი იყო –  სტუმრებს, კახეთის შუაგულში, ის სიმშვიდე და სიმყუდროვე ეპოვათ, რომელიც დიდ ქალაქებში უკვე ძნელად მოსაპოვებელია.

სასტუმრო 6 ხის კოტეჯს, ორ ღია ტიპის აუზს და ქართულ ტრადიციულ რესტორანს აერთიანებს. სტუმრებს „სეროდანში“ რამდენიმე სახეობის  ღვინოს საკუთარი მარნიდან სთავაზობენ.  სასტუმრო ჯამში 32 სტუმარზეა გათვლილი. ყველაფერი მაღალი ხარისხის,  ადგილობრივი ხის მასალითაა დამზადებული. კოტეჯში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ თითოეულ დეტალზე საგულდაგულოდ იზრუნეს.

„ამ ბიზნესში  უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. როდესაც სტუმართან გაქვს ურთიერთობა, ყველა წვრილმანი მნიშვნელობას იძენს. ეს სფერო შენგან მუდმივ ჩართულობას, ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს.  აქ, ყველა ერთნაირად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენი სტუმარი კმაყოფილი და კიდევ მოუნდეს უკან დაბრუნება. წელიწადნახევარია, სასტუმრო ფუნქციონირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უკმაყოფილო სტუმარი არ წასულა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უწევს რეკომენდაციას სხვას, რომ ჩვენთან დაისვენოს, რასაც booking-ის პლატფორმაზე, სტუმრების შეფასებებიც ადასტურებს“, – გვიხსნის ზურაბ მოდებაძე.

სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი მუდმივი, ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველდღე გიწევს ადამიანების მოლოდინის გამართლება და  დეტალებზე ზრუნვაა. ამ პროცესში ზურაბ მოდებაძისთვის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

“20 წელზე მეტია, თიბისის ერთგული მომხმარებელი ვარ. ამ ბიზნესსაც ხელს ვერ მოვკიდებდი შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე. სამომავლო გეგმებშიც თიბისის იმედი მაქვს”, -ამბობს ზურაბი.

“სეროდანი” მუდმივად ფართოვდება. სულ მალე, სტუმრებს თონეში, კახური შოთის ჩაკვრა, მაყალზე მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდაც შეეძლებათ. თუმცა,მთავარი ემოცია, რომელსაც “სეროდანი” გიჩენს, დროის გატარება კი არა, უკან მალევე დაბრუნების სურვილია.

(R)

 ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის “არალეგიტიმურად” მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა -შალვა პაპუაშვილი

ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის და მოჩვენებითი ლეგიტიმაციის შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ენჯეოების“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი – ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.

„საელჩო უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს თუ არა, ჰქონდეს რეაგირება ევროკავშირის მოქალაქეების ფულის ექსტრემიზმის ხელშეწყობაში ხარჯვაზე.

საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არცერთხელ (!) არ დაუგმია მის მიერ დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია.

პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი აშშ-ში არ არის -ტრამპი

ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

„საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განოხრციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22-26 მაისს გაიმართება.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოსაჩენად“, – განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების საკითხები განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას. სესიის ფარგლებში, დეპუტატები ასევე იმსჯელებენ დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე და განიხილავენ ბალკანეთის რეგიონში დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.

მათივე ცნობით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

„ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე, ხოლო პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ.

„შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს-Reuters

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სროლის შედეგად ამერიკაში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოკლულები ქალი და მამაკაცი არიან. მათ უცნობმა ადამიანებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის ადგილთან ახლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და პროკურატურის განყოფილებები მდებარეობს.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის განცხადებით, ერთ-ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი დაკავებულია. დაკავებისას ის ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება პალესტინას“.

მომხდარი დაადასტურა აშშ-ში ისრაელის საელჩოს წარმომადგენელმა, ტალ ჰაიმ კოენმა. მისი თქმით, საელჩოს ორი თანამშრომელი იმ დროს მოკლეს, როცა ისინი მუზეუმში ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ და კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, ჯენინ პირომ. მომხდარს გამოეხმაურნენ FBI-ის დირექტორი, კეშ პატელი, შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მაისს საქართველოში ამინდი საქართველოში ამინდი სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით იქნება განპირობებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა უმეტესად უნალექოდ. დასავლეთ საქართველოში ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

ჰაერის ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +22 – მზიანი

სოხუმი +22 – მზიანი

ზუგდიდი +26- მზიანი

მესტია +16 – მზიანი

ფოთი +24 – მზიანი

ბათუმი +22 – მზიანი

ოზურგეთი +26 – მზიანი

ქუთაისი +28 – მზიანი

ამბროლაური +24 – მზიანი

ახალციხე +23 – მზიანი

ბორჯომი +20 – მზიანი

ბაკურიანი +17 – მზიანი

გორი +23 – მზიანი

ცხინვალი +21 – მზიანი

სტეფანწმინდა +13 – უმეტესად მზიანი

გუდაური +9 – უმეტესად მზიანი

თელავი +21 – უმეტესად მზიანი

რუსთავი +25 – – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +24 – მზიანი

22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას აღნიშნავს.  ამ დღს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი – მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება ჭორებისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდეთ. სხვის სიტყვებზე დაყრდნობით ნურავის განსჯით, თორემ შეიძლება შეცდეთ. გულწრფელობა და ბუნებრიობა დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ოჯახში შესაძლოა მცირე გაუგებრობა წარმოიშვას, მაგრამ ამას ადვილად დაძლევთ.

კურო

ეჭვები და დაბნეულობა მუშაობაში ხელს გიშლით. დღის პირველ ნახევარში კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორად მოქმედების შემთხვევაში კოლეგების მხარდაჭერას დაიმსახურებთ, ხელმძღვანელობა კი თქვენს ძალისხმევას შეამჩნევს. ეცადეთ სამსახურში თქვენი პროფესიული და ადამიანური თვისებები წარმოაჩინოთ — თქვენი წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპები

იდეალური დღეა მოულოდნელი და დაუგეგმავი გადაწყვეტილების მიღებისთვის იქნება ეს საქმიანობის შეცვლა, მივლინება თუ მოგზაურობა. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭი, უნარები და გამოცდილება სრულად გამოავლინოთ. გარშემო მყოფებს თქვენი ჭკუა და მომხიბვლელობა მაგნიტივით იზიდავს. ხელიდან არ გაუშვათ საქმიანი კონტაქტების დადების შესაძლებლობა. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ ალკოჰოლს და სახსრებზე დატვირთვას.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ყველაფერი ჩვეულებრივისგან განსხვავებულად წარიმართოს, რაც დაბნეულობას გამოიწვევს. გირჩევთ, საკუთარ მიზნებს გადახედოთ — შესაძლოა, მათი ნაწილი საერთოდ არ გჭირდებათ და დროსა და ენერგიას ფუჭად ხარჯავთ. ეცადეთ, გარშემო მყოფთა ყურადღება არ მიიქციოთ – ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სამსახურში და პირად ცხოვრებაშიც გარკვეული იმედგაცრუება გელით, თუმცა პრობლემების გადაჭრაში სანდო ადამიანები დაგეხმარებიან. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას — მათი წყალობით ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში საქმეში — სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

ქალწული

ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძლიერი დაღლილობა. რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ პოზიციებს ნუ დათმობთ, ნურც სხვისი დახმარების იმედი გექნებათ — ამ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ.

სასწორი

ვარსკვლავები ფინანსური მოგების შანსს გპირდებიან. მზად ხართ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. შექმნილი ვითარება მოთმინებას მოითხოვს, მით უმეტეს, მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილ ადამიანებს უნდა მოუსმინოთ. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

მორიელი

ბევრი მორიელისთვის ეს დღე პატიებას და შერიგებას უკავშირდება. ფინანსური საკითხები დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, საკუთარ თავში ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რაც მომავალში მნიშვნელოვანი განვითარების ბიძგს მოგცემთ. გამორიცხული არ არის, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო საქმე შემოგთავაზონ.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ის მიაღწევს, ვინც შრომისა და კომპრომისისთვის მზად არის. შედეგი მოლოდინზე გაცილებით უკეთესი იქნება. გარისკვის არ შეგეშინდეთ, მით უმეტეს, რომ ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი დღეა. სხვების მოწონებაზე ნუ იქნებით დამოკიდებული — გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

თხის რქა

ამ დღეს ბევრ თხის რქას სამუშაოსთან დაკავშირებული ცვლილებები ელის. ისინი შესაძლოა უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მცირე დისკომფორტს მაინც გამოიწვევს. ეცადეთ, ამაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პერსპექტივა დაინახოთ. დილას ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

მერწყული

დიდი ხნის წინ, საგულდაგულოდ შედგენილი გეგმის შესრულებას საფრთხე ემუქრება და სამწუხაროდ, სიტუაციაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ. დრო თითქოს თქვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, თუმცა ეცადეთ ამ ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ — რაზედაც გავლენას ვერ ახდენთ, უმჯობესია, უბრალოდ დაივიწყოთ. მოგვიანებით მდგომარეობის გაკონტროლებას შეძლებთ.

თევზები

თითქოს დიდ ცვლილებებზე არაფერი მიანიშნებს, მაგრამ თევზების უმეტესობას მათი მოლოდინი აქვს. შინაგანი შფოთვის მიუხედავად, დღე მშვიდად ჩაივლის, ყველა საკითხის დროულად მოგვარებას და გეგმების შედგენას შეძლებთ. თუ ახალი შთაბეჭდილებების ან ცხოვრებისეული ცვლილებების მიღება გსურთ, ჯერ ყველაფერი კარგად გაიაზრეთ. მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება სასურველი რეალობად აღიქვათ და ამის გამო მალე ინანოთ კიდეც.

ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას-მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს პროცედურა უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, საქართველოს მალე ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში.

“ნებისმიერ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში საელჩოს და ელჩს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საელჩოებისა და ელჩების საქმიანობა, როდესაც საუბარი ეხება საქართველოს ინტერესების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როდესაც ჩვენ აშშ-ის ინტერესებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აშშ-ის საელჩო დაიცავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩო აშშ-ში არის იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები აშშ-ში და არამხოლოდ – ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩვენ საელჩოები გვაქვს.

ეს არის პროცესი, რომელსაც აქვს თავისი ეტაპები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს – ჩვენ არ დაგვიმალავს, ელჩის კანდიდატურა წარდგენილია და მოველით, რომ აშშ-ის მხრიდან დასრულდება ის პროცედურები, რაც სჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ საქართველოს ინტერესებს ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი აშშ-ში და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.