Home Blog Page 699

 „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერები  გლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა“ -Associated Press

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“, პირველად უმასპინძლა. ამ მოვლენას მსოფლიო პრესა ეხმაურება.

თბილისში გამართული გლობალური ღონისძიების შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Associated Press-ის ჟურნალისტი, კლაუდია საფონტი, წერს: „საქართველომ დღის სინათლეზე გამოიტანა ტურიზმისა და მშვიდობის საკითხი, მასშტაბურმა ღონისძიებამ სხვადასხვა დარგის და სფეროს მსოფლიო ლიდერები ერთ წერტილში მოაქცია, რათა მათ გამოეკვეთათ ტურიზმის, როგორც მშვიდობის კატალიზატორის, კულტურული ურთიერთგაგებისა და მდგრადი განვითარების ფუნქცია.“

გამოცემის ინფორმაციით, საქართველომ ღონისძიების ფარგლებში  472 მონაწილეს  51 ქვეყნიდან უმასპინძლა.

Associated Press-ს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ციტატა მოჰყავს: „ტურიზმი მეტია, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკა. ტურიზმის საშუალებით შესაძლებელია ხალხთა შორის ურთიერთთანხმობის გაღრმავება და საბოლოოდ, ჰარმონიული თანაარსებობის მიღწევა. წელს ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ როგორ შეუძლია ტურიზმს თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტების მოსაგვარებლად და დაძაბულობის ასაცილებლად“,-აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

Associated Press-ის ინფორმაციით წლევანდელი ტურიზმის დღის  ღონისძიება ორიენტირებული იყო კერძო სექტორის როლზე მშვიდობის ხელშეწყობად მდგრადი ტურიზმის განვითარების საშუალებით.

მსოფლიო ტურიზმის დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

წყარო

კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან

კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან

თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს შემოქმედებით კემპი ჩატარდება, რომელიც არის ინტენსიური  პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის სტრატეგიის და შემოქმედებითი რესურსების მართვაში.

შემოქმედებით კემპს გაუძღვებიან:

  • კოკა ქამუშაძე
  • ნიკუშა ანთაძე
  • ეკა ბაბუნაშვილი
  • ბეკი ფანცხავა
  • ნინო ეგაძე
  • გიორგი ქვლივიძე

კურსი ჩატარდება ფიზიკურად, 4 და 5 ოქტომბერს, 10:00 დან 16:30 საათამდე დიზაინ ინსტიტუტში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

®

 სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციით არის დაკავებული, როგორ შეიძლება, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრეზიდენტის რომელიმე ვიზიტს დადებითი შედეგი მოჰყვეს -ირაკლი კირცხალია

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის რომელიმე ვიზიტს როგორ შეიძლება, დადებითი შედეგი მოჰყვეს? – სალომე ზურაბიშვილი მხარეა, რომელიც ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქმედებებში და არჩევნებში მონაწილეობას პირდაპირ იღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციით არის დაკავებული.

„ახლა მათი პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს, მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს?  ეს ადამიანი დაკავებულია დესტრუქციით. მგონი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მესიჯბოქსებს უდგენს. სადაც არ უნდა წავიდეს, პირველ რიგში, არაკონსტიტუციურად იქცევა და, მეორე მხრივ, პირდაპირ არასახელმწიფოებრიობას და მისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ.

გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია, მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ არ გამოუვათ, ხალხი ბრძენია – ირაკლი კირცხალია

გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია, მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ არ გამოუვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას კითხვა დაუსვეს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.

ირაკლი კირცხალიას თქმით, გვარამიას განცხადება კიდევ ერთი თვითლუსტრაცია, რომ, რეალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 26 ოქტომბრისთვის არ ემზადება.

„ისინი ქვეყნის შიგნით საარჩევნო კამპანიასაც ვერ მართავენ და ვხედავთ, რომ თავიანთი პატრონებისა და ლობისტების განცხადებებზე არიან დამოკიდებული. გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია. ნურას უკაცრავად, მათი პატრონების ილუზიები 26 ოქტომბერს დამთავრდება, როცა ნახავენ, რა ანგარიშით წააგებს მავნებლების გაერთიანება. გვარამია გამოცდილია დესტრუქციაში, არეულობაში, არასახელმწიფოებრივ ქმედებაში. 2020 წელს გვარამია პარტიულ ტელევიზიაში მუშაობდა და პარტიას მოძღვრავდა, როცა თქვა, რომ მნიშვნელობა ობიექტურ ფაქტებს კი არ ჰქონდა, არამედ აღქმებს. აღქმების დრო დამთავრდა, ხალხი რეალობას უყურებს. მათ იციან, რომ შანსი აქვთ ნული. მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ ქვეყანაში არეულობა არ გამოუვათ. ხალხი ბრძენია, არჩევნებზე ისეთი ანგარიში იქნება, ვერანაირი მზაკვრული გეგმა მზადყოფნაში ვერ მოვა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია – იაგო ხვიჩია

ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია – თუ ადრე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ, შეურაცხმყოფელია საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ის ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი იყოს.

„ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებისთვის” ეს რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია: გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ. მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ბატონ ლავროვს, პუტინს და ა.შ, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ. რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში იყო ქართველების შეურაცხყოფა. თუნდაც ის, რომ ისინი მზადყოფნას აცხადებენ სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში. ვფიქრობ, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენს მიმართ საუბრობენ არის შეურაცხმყოფელი საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ის იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა – The Times

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა“ (ავტორი – მარკ ბენეტი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშობლოში იმედგაცრუებული დაბრუნდა – ვაშინგტონში ყოფნისას უკრაინის ლიდერმა ამერიკული შორსმოქმედ რაკეტების გაშვებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად თეთრი სახლისაგან ნებართვა ვერ მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სთხოვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს რაკეტების ATACMS-ის გამოყენება, მაგრამ ამაოდ.


რასაკვირველია, აშშ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ გადამწყვეტ ნებართვას არ აძლევს – მით უმეტეს, ვლადიმერ პუტინმა უკვე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ უკრაინისათვის დასავლეთის მხრიდან ჩვეულებრივი იარაღით დახმარებასაც კი მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეუძლია.


საერთოდ, რუსი ლიდერის ბირთვულ მუქარებზე არც ჯო ბაიდენს და არც კამალა ჰარისს არაფერი უთქვამთ, ერთი სიტყვაც კი. სამაგიეროდ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კრემლის განცხადება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა და ჩინეთს სთხოვა, რომ იქნებ მოსკოვისთვის ჩაეგონებინა, რომ „ბირთვული იარაღის ჟღარუნი“ მიუღებელია მთელი მსოფლიოსათვის.


როგორც ჩანს, ომის პერსპექტივა და, ალბათ, მასთან ერთად უკრაინის მომავალიც აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა. ჯერ-ჯერობით ჯო ბაიდენი, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის მმართველობაღა დარჩენია, რაც შეუძლია, იმით ეხმარება – ბოლო დოლარების იარაღს აძლევს უკრაინას, რომ კიევმა როგორმე მოსკოვის ჯარის შეტევებს გაუძლოს. პენტაგონის საწყობები უკვე თითქმის ცარიელია „ზედმეტი“ იარაღისაგან. დემოკრატიული თეთრი სახლი, რესპუბლიკელთა ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინას უკვე დაეხმარა 175 მილიარდი დოლარით.


რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას: სანამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ შეხვდებოდა, იგი უკიდურესად დამცინავად აკრიტიკებდა ვოლოდიმირ ზელენსკის და აცხადებდა, რომ კიევს მოუწევს „ტერიტორიული მსხვერპლის გაღება“ რუსეთის დასამშვიდებლად, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე კი, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა – „უკრაინა აღარ არსებობს, მილიონობით ადამიანი დაიღუპაო“.


მოსალოდნელი იყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისე დაბრუნდებოდა ამერიკიდან უკრაინაში, რომ დონალდ ტრამპს ვერ შეხვდებოდა, თუმცა უკრაინელ ლიდერს ფორტუნამ მწყალობელი თვალით გადმოხედა – ექს-პრეზიდენტმა მოლაპარაკებაზე თანხმობა განაცხადა. როგორც შეხვედრის პირველი წუთებიდან გახდა ნათელი, დონალდ ტრამპს თავისი პოზიცია არ შეუცვლია – მან უკრაინელ ლიდერს ვლადიმერ პუტინთან შერიგებისაკენ მოუწოდა. ექსპერტების აზრით, როგორც ჩანს, რომ შერიგებაში დონალდ ტრამპს ტერიტორიული დათმობა ჰქონდა ნაგულისხმევი. მართალია, თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკება წარმატებულად შეაფასა“, მაგრამ ამ შეფასებას უფრო დიპლომატიური ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინისა და დასავლეთის გმირი იმით გახდა, რომ ქვეყანა რუსეთთან ომში ერთ მუშტად შეკრა, კრემლის წინაშე ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს. მისი „გამარჯვების გეგმა“ რუსეთისათვის დონბასისა და ყირიმის დათმობას არ ითვალისწინებს. ცოტა სხვაგვარად ფიქრობს უკრაინის მოსახლეობა: როგორც ზოგიერთი საზოგადოებრივი გამოკითხვა მოწმობს, ტერიტორიული დათმობები უკრაინელებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ იმავდროულად, კომპენსაციის სახით, უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება.


ომი კი გრძელდება, ბრძოლის ველზე სიკვდილის ულმობელ ცელს ყოველდღიურად ათასობით ჯარისკაცი ეწირება ორივე მხრიდან. კიევი და მოსკოვი, იშვიათად აქვეყნებენ დანაკარგების სტატისტიკას, თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, ომის პერიოდში დაახლოებით მილიონი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დასახიჩრდა. მიუხედავად ამისა, არავითარი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი, ტერიტორიული დათმობების გარეშე, ცეცხლის შეჩერებაზე დათანხმდება. მომავალი წლისათვის კრემლი სამხედრო ხარჯებისათვის რეკორდული რაოდენობის თანხის – თითქმის 13,2 ტრილიონ რუბლის გამოყოფას გეგმავს, რაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ს „შთანთქავს“.


წყარო

ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს – The Hill

აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ის (The Hill) 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად: ჯო ბაიდენმა ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს“ (ავტორები – იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული სავიზო და ფინანსური სანქციები, როგორც ჩანს, არაეფექტური აღმოჩნდა – იმიტომ, რომ ისინი არ შეეხო ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ანტიდასავლური და პრორუსული კურსის გატარებაში – ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამას წინათ შემოღებული ანტიქართული სანქციები, ადრინდელებთან ერთად (კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო) სრულიად ბუნებრივი და დასაბუთებული იყო, მაგრამ მათი გაღრმავება არ მომხდარა. არადა, შეერთებულმა შტატებმა ნათლად და მკაფიოდ უნდა აჩვენოს საქართველოს, რომ ვაშინგტონი ყველა ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ, თუ მთავრობა იმ გზით სიარულს გააგრძელებს, რომელსაც ქართველი ხალხისათვის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისათვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.
ბიძინა ივანიშვილი თავისი ქონება რუსეთში ბიზნეს-საქმიანობით დააგროვა, სანამ იგი საქართველოში დაბრუნდებოდა და თავის მიერ შექმნილ პარტიას 2012 წელს გამართულ არჩევნებში გაამარჯვებინებდა და ხელისუფლებაში მიიყვანდა. იმ დროიდან მოყოლებული (ერთი წლის გამოტოვებით) ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც, რაიმე ოფიციალური თანამდებობის არქონის მიუხედავად, ხელისუფლებით სარგებლობს და ბრძანებებს გასცემს. იგი ისწრაფვის რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა გააუმჯობესოს და ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ასევე აღდგენილია პირდაპირი ავიამიმოსვლაც, რის შედეგადაც საქართველოს ასი ათასობით რუსი სტუმრობს, ხოლო ორმხრივი ვაჭრობა ფართოვდება.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კანონმდებლობაც რუსულ სტილზე გადაიყვანა – ისეთ სამართლებრივ აქტებს იღებს, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ რუსეთში მოქმედ კანონებს (მაგალითად, უცხოური აგენტების შესახებ, ერთსქესიან ადამიანებს შორის ქორწინების აკრძალვის თაობაზე, ტრანსგენდერების მკურნალობასთან დაკავშირებით და ა.შ.). ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა წინა ხელისუფლების მიმართ და ამას წინათ განაცხადა, რომ სწორედ ყოფილი პრეზიდენტის (ამჟამად კი პოლიტპატიმრის) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას მიუძღვის ბრალი 2008 წლის სისხლისმღვრელი ომის დაწყებაში, რაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოჰყვა და არა რუსეთს.
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ეს მოხდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი მხურვალე გამოსვლები იმას მოასწავებს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში [ოპოზიციის მიმართ] საშინელი ანტიდემოკრატიული ზომები განხორციელდება, ასევე გატარდება ანტიდასავლური პოლიტიკა. მისი მტკიცებით, ქართულ ოპოზიციას აშშ და ევროპა (ანუ „გლობალური ომის პარტია“) აფინანსებს – მიხეილ სააკაშვილის „უგუნური და სადისტური რეჟიმის“ აღდგენისა და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია შეეცდება ასეთი მოვლენები „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აიცილოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მან არჩევნების შედეგებით მანიპულირება დაიწყოს. იგი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლურ ოპოზიციას, ანუ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ნიურნბერგის პროცესს“ მოუწყობს და მათ ისეთ მკაცრ სამართლებრივ-პოლიტიკურ სასჯელს გამოუტანს, როგორსაც „მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი იმსახურებს“. „ქართული ოცნება“ ოფიციალურად აცხადებს (პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახით), რომ მას პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ხილვა არ სურს.

„ქართული ოცნება“ ამჟამად ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს. აცხადებს რა რეპრესიებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო ორგანიზაციების) მიმართ სამომავლო რეპრესიებს, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად ანტიდასავლურ რეჟიმს ამყარებენ, რომელიც პროდასავლურად განწყობილ მოსახლეობას მართავს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრას, რომ თუ იგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს თავის სასარგებლოდ ან თუ ოპოზიციის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს მიიღებს, ის და მისი მილიარდები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მძიმე სანქციების ქვეშ მოექცევა.

ობიექტურად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უფრო ადრე – რამდენიმე თვის წინ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მილიარდერი და მისი მარიონეტები მთავრობაში და პარლამენტში აშშ-ის ელჩისა და კონგრესის წევრების მიმართ მკვეთრი რიტორიკით გამოვიდნენ. ჩვენ საქართველოს მმართველი პარტია უნდა დავარწმუნოთ, რომ თუ ის არჩევნების შედეგების შეცვლა-გაყალბების მიზნით თავის შენიღბულ განზრახვას შეასრულებს, შემდეგ კი ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს განახორციელებს და საქართველოს ანტიდასავლურ დიქტატურად გადააქცევს, ჩვენ შევეცდებით ხელი შევუშალოთ ასეთ ნაბიჯებს და მათ მიმართ მკაცრ პერსონალურ სანქციებს შემოვიღებთ.

გარდა ამისა, იმის ფონზე, რომ სულ უფრო მატულობს ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე და შეშფოთება – შესაძლოა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ფხიზლად უნდა იყვნენ: მათ უნდა დააფიქსირონ გაყალბების მცდელობის ყოველი ფაქტი. თავის მხრივ, აშშ და მისი მოკავშირეები მკაცრად უნდა გამოვიდნენ ფალსიფიცირებული არჩევნების ლეგიტიმიზაციის წინააღმდეგ.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნება“ ხმების უმეტესობას მიიღებს, თუმცა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული „ქართული ოცნების“ მარცხი. ასევე გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველი ხალხი ისევ პროევროპულად, პროამერიკულად და დემოკრატიულად არის განწყობილი. ამრიგად, საქართველო, ოდესღაც ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, დასავლეთის პარტნიორი, ამჟამად პრობლემად არის გადაქცეული. თუმცა ამერიკას და ევროპას, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა და ინტერესი აქვთ, თავიანთი მიზნების განხორციელების პირობებში, სიტუაციის გამოსწორება შეუძლიათ.

ამჟამად ქართველი ხალხის გადარჩენა იმ პრორუსული ავტორიტარული სამომავლო რეჟიმისაგან, რომელსაც ქვეყანას ოლიგარქი უმზადებს, მხოლოდ მიზანმიმართული მტკივნეული სანქციების შემოღების მუქარითაა შესაძლებელი.

წყარო

მინდა საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები – იმ თანხასაც, რასაც მთავრობა მაძლევს, სრულად გამოვიყენებ ქველმოქმედებაში – მერაბ დვალიშვილი

მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები – ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, – ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.

არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე – მე არ ვნერვიულობ – კახა კალაძე

თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! – ვიღაცას დაასანქცირებენ ან არ დაასანქცირებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ემუქრება თუ არა კალაძის ევროპულ ბანკებში განთავსებულ ქონებას საფრთხე.

„არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა – დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, პირადად არ უთქვამთ მისთვის, რომ ის სანქცირებულია.

„რა ვიცი, ხომ გვითხრეს, 60 ადამიანი სანქცირებული ხართო. პირადად არ უთქვამთ. არ ვიცი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, უცხოურ ბანკებში რატომ აღარ ინახავს თანხებს, კალაძე განმარტავს: „რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ, ადამიანი გაძარცვეს, რატომ უნდა ვენდო?! რა თქმა უნდა, არ ვენდობი“, – განაცხადა კალაძემ.

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 4 ოქტომბერს 18:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.  

სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას ან პროგრესულ სოციალურ დღის წესრიგს, არამედ ქმნიან პლატფორმებზე აღმოცენებული კაპიტალიზმის წარმოშობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების ამგვარ მოდელს თან ახლავს გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც წახალისებულია იდენტობისა და მიკუთვნებულობის, გამორიცხვისა და დისკრიმინაციის ტრადიციული საზოგადოებრივი ცნებებით. ამის ფონზე, გამოფენა და პუბლიკაცია სახელწოდებით Atlas of Commoning მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს “ჩვენ”-ის, როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე.

პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ურბანული საჯარო ქონება – აქ საერთო ქონება აღქმული უნდა იყოს, როგორც პრაქტიკების ნაკრები, რომელიც მიმართულია (მატერიალური და არამატერიალური) რესურსებისა და სივრცეების კოლექტიურ წარმოებასა და მართვაზე და არა მხოლოდ რესურსებზე, შესაბამისად, წინა პლანზე ექცევა “საერთოობა”, როგორც ზმნა. საერთოობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს განსხვავებებისა და კონფლიქტების მართვას ინდივიდს, თემსა და საზოგადოებას შორის. ეს არის სივრცითი ორგანიზების პროცესი წარმოებასა და კვლავწარმოებას, საკუთრებასა და რესურსებზე წვდომას შორის არსებულ ურთიერთობებში.

ეს არის პროცესი, რომელიც აერთიანებს სოლიდარობის ქსელებს და ხელახლა განმარტავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და ეძებს კოლექტიური, თუმცა ამასთანავე პლურალისტური მართვის ახალ ფორმებს.

კურატორთა გუნდი: ან-ლინ ნგო, მირკო გატი, კრისტიან ჰილერი, მაქს კალდენჰოფი, ქრისტინ რუბი (ARCH+); ელკე აუს დემ მური (ifa); სტეფან გრუბერი (CMU).

კვლევის პარტნიორები: არქიტექტურის სკოლა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (CMU) პიტსბურგი, ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტი (RCI), პროფესორი სტეფან გრუბერი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი, პროფ. რაინერ ჰელი.

თბილისის გამოშვების კურატორები: სტეფან გრუბერი (CMU), თინათინ გურგენიძე (TAB), მარიამ შერგელაშვილი. 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია გრძელდება – ცესკო

„ტვ პირველი“ აგრძელებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას. 28 სექტემბერს გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის ნათესაური კავშირები თუ სხვა ტიპის ნაცნობობა იმგვარად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ამის გამო მათი საქმიანობა მიკერძოებულია, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ რეპორტაჟის მზადების პროცესში მიმართა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს დაეცვათ ჟურნალისტური ეთიკის ნორმები და მათთვის საინტერესო ინფორმაცია ოფიციალურად, კანონის შესაბამისად მიეღოთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან. მიუხედავად ამისა, მათ არჩიეს ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური ფორმები.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის პრევენციული განცხადება აღნიშნულ რეპორტაჟთან დაკავშირებით ტელეკომპანიის მხრიდან ინტერპრეტირდა როგორც ტვ პირველთან თანამშრომლობის გაწყვეტის მუქარა და აკრედიტაციის გაუქმების მცდელობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამის დასტურია „ტვ პირველის“ ის გადაცემები, რომლებშიც ამ განცხადების შემდგომ ცესკოს თავმჯდომარე და უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რეპორტაჟში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა. მათ შორის, თანამშრომლების საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყების დრო, მათი სამსახურებრივი პოზიციები და გავლენები, სამსახურიდან წასვლის მიზეზი და ა.შ. ასევე, ზოგ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კავშირში მყოფი პირების საქმიანობის შესახებ. ინფორმაციით მანიპულაციის გზით კი რეპორტაჟის ავტორი ცდილობს მაყურებლებში შექმნას აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან მიკერძოებულნი.

სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემების არაეთიკურად მოპოვების და ამ ინფორმაციით მანიპულაციის პირველი შემთხვევა. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ნათესაური კავშირი და არც მათი საქმიანობა არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა ობიექტურმა მხარემ მათი საქმიანობა უნდა შეაფასოს კონკრეტული ქმედებებით და გადაწყვეტილებებით.

კადრების შერჩევისას საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით, რომელიც არ ითვალისწინებს მათი ნათესაური თუ სხვა სახის კავშირების დადგენას. ინსტიტუციაში შესაძლოა იყო და ახლაც არიან დასაქმებული სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების ან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა ოჯახის წევრები, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინსტიტუცია თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისას ხელმძღვანელობს მათი პროფესიონალიზმით და არა რომელიმე სხვა კრიტერიუმით.

გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი თანამშრომლებს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მაღალ სტანდარტს უწესებს. სწორედ ამ სტანდარტებით მუშაობს ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომელი, მათ შორის რეპორტაჟში ნახსენები პირები და ამ ადამიანების პოლიტიკურ მიკერძოებაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რეპორტაჟის მომზადების მიზანს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გარკვეულწილად ზეწოლა, მათი დისკრედიტაციის საფუძველზე კი უწყების მიმართ ნდობის შერყევა წარმოადგენს.

მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არაობიექტურ და მიკერძოებულ კამპანიებს, რაც პირდაპირ აზიანებს საარჩევნო პროცესს და ორიენტირებულია არჩევნებისადმი ნდობის შემცირებაზე.

თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის იყო და იქნება თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და ამ ინტერესების შელახვის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს – კახა კალაძე

დედაქალაქში დამატებით 25 ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ახალი სატრანსპორტო საშუალებების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ავტობუსების ჩანაცვლება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შემოყვანილია 25 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. საერთო ჯამში კი თბილისში ამ დროისთვის 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.