Home Blog Page 698

კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდა

ევროკომისიამ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) მოამზადა. საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო 32-ე ადგილიდან საუკეთესო ოცდაათეულში 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ეს ყველაზე საუკეთესო სარეიტინგო შედეგია, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს. ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

კეთილსინდისიერების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას, ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და აგრეთვე ლიდერია მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ბელგია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა, ბულგარეთი, თურქეთი, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვა.

განსაკუთრებული წინსვლა საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდიკატორის მიხედვით განიცადა. სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 21 საფეხურით გაიუმჯობესა, 57 ადგილიდან 36-ე პოზიციაზე დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. სასამართლო დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, მალტა, ლატვია, უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

საქართველომ ისეთ მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით როგორიცაა ადმინისტრაციული გამჭვირვალობა უმაღლესი შეფასება 10 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა კიდევ სხვა 10 სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ქულით.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა

ისრაელის არმიამ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გამთენიისას ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„ცაჰალის“ მტკიცებით, „ჰამასის“ წარმომადგენლებს ღაზაში მდებარე ალ-ბურეიჯის სკოლაში სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი ჰქონდათ მოწყობილი. ისინი მას ისრაელზე და ებრაელ ჯარისკაცებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, იერიშის მიტანამდე გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაციის კუთხით, ზუსტი ჭურვების გამოყენების, საჰაერო მეთვალყურეობისა და დამატებითი სადაზვერვო ინფორმაციის ჩათვლით.

როგორც „ცაჰალში“ ამტკიცებენ, ეს არის „ჰამასის“ მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი. ისრაელის თავდაცვის არმია გააგრძელებს „ჰამასთან“ ბრძოლას ებრაელი მოქალაქეების დაცვის მიზნით.

თბილისის 5 ღამის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 14 პირი დააკავეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაცია გვიან ღამით 5 ღამის კლუბში ჩატარდა.

მისივე თქმით, დაკავებულები სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ.

„დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს,“ – განაცხადა კუპატაძემ.

ისრაელში, საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ისრაელში, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

„ისრაელში საქართველოს დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზეა კონსული“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.

ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვით ძალები ავრცელებს.

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას – ახლა ყველაზე მეტად დასვენება, კარგი გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. თავშეკავება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ. თუ თითოეულ პატარა უსიამოვნებას მნიშვნელობას მიანიჭებთ, დღის ბოლომდე ძალა და ნერვები არ მიგყვებათ. სასარგებლოა ახალი ცოდნის მიღება და რაიმე სახის ინტელექტუალური საქმიანობა.

კურო

თეატრალური წარმოდგენის ან გამოფენის ნახვა და შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება საშუალებას მოგცემთ, გონებრივი წონასწორობა აღიდგინოთ და პრობლემებისგან დაისვენოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა – თქვენი ესმით და მხარს გიჭერენ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, დიდი დანაკარგი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ შეხედულებების შეცვლა გაიძულოთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაგანახვოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ. შეეცადეთ, სტრესი ფიზიკური ვარჯიშით ან ბუნებაში სეირნობით მოიხსნათ.

კირჩხიბი

ოცნებებმა და ფანტაზიებმა შესაძლოა საინტერესო, პერსპექტიულ იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მოგვიანებით წარმატებით განახორციელებთ. ასევე, თქვენი ორიგინალურობა ახალ ადამიანებს მიიზიდავს, რაც ურთიერთობას სასიამოვნოს და სასარგებლოს გახდის. ეცადეთ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

ლომი

შეგიძლიათ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და 7 სექტემბერი ისე გაატაროთ, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. ღია ცის ქვეშ ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

ქალწული

საიდუმლოს, რომელიც დიდხანს გაწვალებთ, ამ დღეს ნათელი მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. თუ საინტერესო გეგმა ან უჩვეულო პროექტი გაქვთ, მშვენიერი დღეა მის განსახორციელებლად. ოჯახის ან მეგობრების დახმარება რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს და თავი შეიკავეთ რთული და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებისგან. მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომის თავიდან ასაცილებლად ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები – მძიმე კვირის შემდეგ დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. მეგობრებთან კამათი პერსპექტიული იდეისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. ყველაფერი გაღიზიანებთ და ემოციების მოთოკვა გიჭირთ. სერიოზული კონფლიქტი რომ არ დაიწყოს, ვარსკვლავები თანამოსაუბრის პატივისცემას და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას გირჩევენ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სულიერ სიმშვიდეს გაპოვნინებთ.

თხის რქა

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობა ეცადეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – რაიმე ლამაზი და უჩვეულო იყიდოთ ან რესტორანში ეგზოტიკური კერძები დააგემოვნოთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ და ემოციებით აგავსებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და ყველა ინიციატივის დროს მხარი დაუჭიროთ.

თევზები

ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. აჩვენეთ, რომ მასზე ზრუნავთ და საკუთარ გრძნობებზე ესაუბრეთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ზოგი საქმის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს – ენტონი ბლინკენი

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თავდასხმა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს.

ბლინკენის განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი „ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა“.

ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.

ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, ეს მეკონტროლებია -ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე პატიმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ისინი იმსახურებენ.

გვარამიას თქმით, ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად.

„მინდა, როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მივმართო პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ გულშემატკივრებს, ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ იმსახურებთ. მე ვარ თქვენი გულშემატკივარი ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა იმისთვის, რომ მხარს მიჭერდით. დიდი მადლობა ამისთვის. ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, რომ ეს მეკონტროლებია. მე მგონია, რომ ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად, ნებისმიერი პატიმარი ჩვენი საზოგადოების წევრია, ჩვენ მას ველოდებით თავისუფლებაზე და მომავალი მისია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ამ დროს ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, არავინ მართავს ქვეყანას -ტრამპი

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის წინააღმდეგ ირანის სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ამ დროს ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, არავინ მართავს ქვეყანას. ჩვენ გვყავს არარსებული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, რომელიც ადგილზე არ იმყოფება. არავინ არის პასუხისმგებელი და არც კი არის ნათელი, ვინ არის უფრო დაბნეული: ბაიდენი თუ კამალა. არცერთს არ აქვს წარმოდგენა რა ხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩვენ არ გვქონდა ომი ახლო აღმოსავლეთში, ომი ევროპაში, იყო ჰარმონია აზიაში. ჩვენ გვქონდა მშვიდობა. ახლა ომი ან ომის საფრთხე ყველგან მძვინვარებს და ამ ქვეყანას მართავს ორი არაკომპეტენტური ადამიანი, რომლებსაც მივყავართ მესამე მსოფლიო ომისკენ. გასაკვირი არ არის, რომ ირანს ძალიან სურს, რომ კამალა ჰარისი იყოს პრეზიდენტი, რადგან მათ იციან, სანამ ის ხელისუფლებაშია, შეუძლიათ ისარგებლონ ამით“, – დასძინა მან.

ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, დაჭერები, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი -ნიკა გვარამიამ ბიზნესმენებს მიმართა

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე ქართველ ბიზნესმენებს მიმართა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ბიზნესმენები არიან მთავარი ძალა ქვეყნის წინ წაწევის და მათზე იზრუნებენ.

„მინდა, მივმართო ქართველ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესმენებს, ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ, თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ ქვეყნის წინ წაყვანის, მთავარი ხალხი, ვინც დაამარცხებს სიღარიბეს და ამ ქვეყანას მოუტანს იმას, რომ არავის უჭირდეს, არავის შიოდეს და ყველას ჰქონდეს სწავლის, ჯანდაცვის, დასვენების და ბედნიერი სიბერის ფული. თქვენ უნდა მოიტანოთ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, არავითარი დაჭერები არავითარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი და ამ ყველაფერის შემდეგ, შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ, მომავალი თქვენია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ მიმართა ქართველ გლეხებს: „ჩემო ძვირფასო, არ მოგატყუოს არავინ, რომ  ყოველწლიურად სახელმწიფოსგან დახმარება გჭირდება, არ მოგატყუოს არავინ, რომ შენი შრომა ფუჭია, რომ მარტო რუსეთია შენთვის გამოსავალი, ევროკავშირი, ამერიკა, ჩინეთიც, უზარმაზარი ბაზარი ამ სამარცხვინო, უმცირეს და არაფრისმომცემ რუსულ ბაზართან შედარებით, შენი იქნება როგორც კი მოვალთ და მომავალი შენია“.

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ ქვეყანასაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი – ანჯეი დუდა

საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს – ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.

საქართველოში ახლახან ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტმა დაგვიდასტურა ეს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში.

საქართველოს პრეზიდენტის ეს ვიზიტი პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა მას ამ ვიზიტისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ძალიან ძლიერი მნიშვნელობა მიეცა მას 2022 წლის თებერვლის შემდეგ და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი და ხმა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო დემოკრატიული გზით განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიზიტისა და ყველა შეხვედრისათვის”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რამდენად შეუძლია უკრაინას თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

„ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უშუალო მეზობლობაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებაზე. ახლო მომავალში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონ პრეზიდენტს, ვარშავაში ჩამოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიიღო მონაწილეობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვიდა, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრის დროს საუბარი ეხებოდა ასევე, უსაფრთხოების თემას, ვინაიდან საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. ასევე, უკრაინა ჩვენი უშუალო მეზობელია. საქართველოს და უკრაინას ზღვა კი ჰყოფთ, მაგრამ უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაციაა და ამიტომ ეს საკითხი საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს უკრაინა და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

ჩემი და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი თანხვედრაშია, ჩვენი აზრი, ჩვენი მიდგომა და ჩვენი აღიარება იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნები და რომლებიც უშუალოდ ეხება ახლა უკრაინას და 2008 წელს ეს აგრესია უშუალოდ საქართველოს მიმართ განხორციელდა და რუსეთი არაერთხელ ახდენდა პროვოკაციებს. 2008 წლიდან ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია ზუსტად რუსეთის აგრესიის შედეგად და მუდმივად ხდება დესტაბილიზაციის მცდელობები”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის – სალომე ზურაბიშვილი

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა და ასევე სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.

„უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა.

როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებელი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია.

ბატონ პრეზიდენტთან ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო არამხოლოდ დაუბრუნდება ამ გზას, ძალიან სწრაფად შეუდგება ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების გზას, რათა ევროპის გზაზე დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს გაგვიხსნის, არამედ, ეს მოხდება სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მომავალი წლის იანვარში იწყება და მომავალი წლის ივნისის ბოლომდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიგვიყვანს სწორედ ევროკავშირის კარამდე. თუ ჩვენ ეს გზა სწრაფად გავიარეთ, ვიცი, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით იქნება, როგორც აქამდე, ყველა ჩვენი ევროპული ნაბიჯის დროს და იქაც, პოლონეთის თავმჯდომარეობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება.

კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის, ფორუმში ჩემი მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენთვის სწორედ დღეს, ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო კავშირი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

საჰაერო განგაში ისმის მთელი ისრაელის მასშტაბით. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მანამდე, მედიაში ისრაელის მთავრობისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოეს საათებში ემზადება. ისრაელის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-სგან ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს. ისრაელის სამი ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმა მოიცავს ისრაელის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებას. აშშ-ის ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ გამოყენებული იქნება ბალისტიკური რაკეტებიც. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.