Home Blog Page 698

ცესკო საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ განმარტებას აკეთებს.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებამ.

„მათ შორის, ადგილი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციას.

დაინტერესებული მხარეები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 508 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ცხადყოფს, რომ ცალკეული პირები ინფორმაციით მანიპულირებენ და შეცდომაში შეჰყავთ ამომრჩევლები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მოწოდებულ ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ, ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია, გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადმოსცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2 516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და საარჩევნო უფლება. შედეგად, საბოლოო ჯამში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი.

აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა, 7 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები.

„არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია“, – აღნიშნავენ ცესკო-ში.

პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ არ უნდა შეაჩეროს ნატო-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა -იენს სტოლტენბერგი

პუტინის ბირთვულმა რიტორიკამ არ უნდა შეაჩეროს ნატო-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს, რადგან მაშინ გზავნილი იქნება, რომ როდესაც ის გამოიყენებს სამხედრო ძალას და როდესაც ის ემუქრება ნატო-ს მოკავშირეებს, ის მიიღებს იმას, რაც სურს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი და ჩვენ ძალიან ნათლად მივაწოდეთ მოსკოვს, რომ ბირთვული ომში გამარჯვება არ შეიძლება და ეს არ შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში, რომელიც მოითხოვს რაიმე ცვლილებას ჩვენი მხრიდან. ჩვენ მოქნილები ვართ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც ისინი აკეთებენ და რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა მოკავშირის უსაფრთხოება. თუ და როდესაც რაიმე სახის ხაზი შეთანხმებულია, ეს იქნება ეროვნული აღიარებული საზღვარი ან სხვა ცეცხლის შეწყვეტის ხაზი, ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ომი აქ მთავრდება. ის იქ ჩერდება, რადგან აქამდე ჩვენ ვნახეთ, როგორ უტევს რუსეთი, ელოდება და ისევ უტევს. მაგრამ ასევე მტკიცედ მჯერა, რომ საჭირო იქნება სანდო უსაფრთხოების გარანტიები. და ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ინდივიდუალური მოკავშირეები. ეს იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებებზე, შედეგზე და ეს უკრაინელების გადასაწყვეტია. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სანდო უსაფრთხოების გარანტიისთვის.

ასე რომ, როგორც კი შეერთებული შტატები უსაფრთხოების შეთანხმებების, უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, მაშინ ეს მეტ-ნაკლებად იგივეა რაც ნატო. მთავარი პრობლემა ახლა არ არის შუამავლების ნაკლებობა უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მთავარი პრობლემა არის მოსკოვის რეალური ნების არარსებობა, რომ აღიაროს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ პრეზიდენტ პუტინის აზრი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მისი გაანგარიშება იმის დემონსტრირებით, რომ ომის გაგრძელების ღირებულება იმდენად მაღალია, რომ მისთვის უკეთესია დაჯდეს და მიიღოს უკრაინა, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.

აქვე მივმართავთ ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, რათა დროულად მოხდეს მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება“, აცხადებენ ცესკოში.

 ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ -პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის.

პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო -“ქართული ოცნება”

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5,0%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.

ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც. კერძოდ, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენდა.

წლის პირველ ნახევარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც გადაიხედა წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაცვლად 5,2%-ისა, განისაზღვრა 8,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს შეადგენს.

მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.

კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ს 9,3%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა (ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდება 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით)“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60,2%-იდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მისი შემცირების კლებადი დინამიკა კვლავ გაგრძელდება.

„მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 7 მილიარდ ლარზე მეტით.

რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს – მომავალი წლის ბიუჯეტიკვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.

2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

სოციალური მიმართულებით

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს; გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს; ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

განათლების მიმართულებით

განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0 მლნ ლარი;

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით

თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა; თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 410,0 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურა

ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,0 მილიარდ ლარზე მეტი,  მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,0 მილიარდ ლარამდე; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 930,0 მლნ ლარამდე; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2025 წელს გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარზე მეტი; სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 630,0 მლნ ლარზე მეტი; გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 240,0 მლნ ლარამდე;

საჯარო მოხელეთა ანაზღაურება

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულიცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

2025 წლის ბიუჯეტის პირველადივერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ  მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება“, – აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ვლადიმერ ცაბაძის  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე,  ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7300 ლარი ეღირება, ევრო – 3.0532 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6544 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7297 ლარი ღირდა, ევრო – 3.0480 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6551 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ოქტომბერს ამოქმედდება.

ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან სამხედრო შენაერთების გაყვანა-გია ვოლსკი

ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ვოლსკის თქმით, ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება.

„რასაკვირველია, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიული პოზიციების დაკავება უნდოდა და დაიკავა კიდეც, რასაც გინდათ, მოღალატეობრივი შეცდომა დავარქვათ და გინდათ, მიზანმიმართული, მავნებლური საქმიანობა. მან ცისფერი ჩაფხუტი მოიხადა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტროლის ქვეშ იყო და ხაკისფერი დაიხურა – ეს რუსეთია. ოკუპაცია ისე გააფორმეს, რომ ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ ცნო. რასაკვირველია, მისი ინტერესი ამ ტერიტორიების და სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებაა. ის საფრთხეები, რაც მისგან მომდინარეობდა, კიდევ არ არის დავიწყებული. ეს გარკვეულწილად რბილი ძალაა, მაგრამ ამას ჩვენი კუთხიდან, ჩვენი რაკურსით და გადმოსახედით უნდა შევხედოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს.

ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მით უმეტეს, ადრე თუ გვიან, იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დიდ ძალებს შორის განხორციელდება. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება. მსოფლიოში ასეთი ფორმულის გარეშე გამოცდილება არ არსებობს, თუ არა სხვა გამოცდილება, რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შენი წარმატების გზა: კარიერა თიბისიში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ღონისძიება „შენი წარმატების გზა”, სადაც  სტუმრებს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და სხვადასხვა მიმართულების ლიდებმა, გააცნეს თიბისიში მრავალფეროვანი მიმართულების მუშაობის სპეციფიკა, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და თიბისიში მუშაობის უპირატესობები. ისაუბრეს თიბისის მრავალფეროვან ბიზნეს და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე.

ღონისძიებაზე, ახალგაზრდები გაეცნენ მათთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს. 800-მდე ახალგაზრდამ თიბისის გუნდში მუშაობის სურვილი გამოთქვა და ადგილზევე შეავსო განაცხადი.

მათ ვისაც სამომავლოდ თიბისიში დასაქმების სურვილი აქვს, მაგრამ ვერ მოახერხეს ღონისძიებაზე დასწრება, შესაძლებელია, რომ მითითებულ ბმულზე დააფიქსირონ ინტერესი, დატოვონ რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია.

 თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და მათთვის სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა პრიორიტეტია. თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას მათ კარიერულ განვითარებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებასა და წახალისებაში.

(R)

მოვუწოდებთ “ოცნებას” და ივანიშვილს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, ბნელ ოთახებში, გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით -გიორგი გახარია

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, “ქართული ოცნება” როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? – როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? – რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? – ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- ამის შესახებ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „კულუარულად, ბნელ ოთახებში არ უნდა წყდებოდეს”

“რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, გაურკვეველია საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს არ გვიხსნის, არაფერს არ გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.
ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროდან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი არ შეცვლილა – ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას.
მსგავს პირობებში, ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ პოლიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ყველაზე დიდი ამოცანა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მიქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება!!!
ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს – თუ არ შეუძლია დებატებში, მაშინ მაგალითად 15 ოქტომბერს, როცა იქნება ზუგდიდში – მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  1. რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ.
  2. რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
  3. დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის – საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?
    მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებზე.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, ბნელ ოთახებში, გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით -გიორგი გახარია

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, [„ქართული ოცნება“] როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? – როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? – რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? – ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „კულუარულად, ბნელ ოთახებში არ უნდა წყდებოდეს“.

„რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს გვიხსნის, არაფერს გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.

ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-დან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი შეცვლილა – ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას.

მსგავს პირობებში, ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით დაარღვია, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ კრიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ ხდება.

ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს თუ არ შეუძლია დებატები. განუმარტოს, მაშინ მაგალითად, როდესაც 15 ოქტომბერს, ზუგდიდში იქნება. მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ შემდგომ თეორიულად თეორიულად ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ სამ კითხვაზე:

რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ?

რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?

დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის – საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?

მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება!

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს პერსონალურად, რომ მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, არ უნდა წყდებოდეს ბნელ ოთახებში, საერთოდ გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით და ეს უნდა იყოს განხილვის საგანი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ იმას მაინც, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენოთ, იქნებ გემხრობით, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.