Home Blog Page 696

არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს – რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს – სალომე ზურაბიშვილი

ადგილზე რეალობა ისეთია, რომ არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა ეს უგულებელყოს და რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რამდენად შემაშფოთებელია მისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ თქვა, რომ სურს უკრაინაში ომის დასრულება და ამისთვის ის მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან, საუბარია დონალდ ტრამპზე.

„აშშ-ის პოლიტიკა ორპარტიული პოლიტიკაა. ვფიქრობ, უკრაინასთან დაკავშირებით იქნება ორპარტიული პოლიტიკა. ადგილზე რეალობა ისეთია, რომ არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა ეს უგულებელყოს და რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს. ის ამ დრომდე ომს აგებს, ვინაიდან რუსეთისთვის ორწელიწადნახევრის შემდეგ ომის ვერ მოგება, მაშინ, როცა ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა სამდღიანი ოპერაცია, უკვე წაგებაა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ -ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების”დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება “კრედიტ სუისთან” დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც ბიძინა ივანიშვილის და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.

ამასთან, ნათქვამია, რომ როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვასადა ფინანსურ შანტაჟზე საუბრობდნენ, ყოველთვის აკონკრეტებდნენ, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.

როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.

ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.

სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს.

ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას. ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ. ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს.

საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით განვითარების დაშვება ჩვენ ძალიან არ გვინდა და ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, ამაში ამერიკული მხარის დახმარებაც დაგვჭირდება. ამისათვის კი მთავარია, ქართველებს არა „სხვა ამბავი“, არამედ ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ“,- ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს საელჩო.

ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში რუსეთთან თანაარსებობას-სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ მონეტის მეორე მხარეს ვართ – მაშინ როდესაც უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ განვიცდით აგრესიის სხვა სახეობას, რომელიც არის ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა, ყველა სახის ზეწოლა, შიში, რომელიც გამოიყენება, წნეხი. ჩვენ გვაქვს ეს „რუსული კანონი“, რომელიც ახლა მოქმედებაშია მოსული და ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, მის აკრძალვას და სწორედ ეს დგას საფრთხის ქვეშ ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, სჯერა ქართული საზოგადოების, რომელმაც ბევრი ზეწოლა და შიში გაიარა, რომ არჩევნების მომენტისთვის მათი ნება გადააჭარბებს იმ საფრთხეებს, რომლებიც ახლა არსებობს.

„მჯერა, რომ არჩევნების მომენტისთვის ქართველი ხალხის ნება გადააჭარბებს ამ საფრთხეებს, რომლებიც ძალიან რეალურია. არ შემიძლია მათი დაკნინება, ისინი ძალიან რეალურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალის, რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი ზეწოლა, შიში და ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად, დარწმუნებული ვარ, ამასაც დაძლევს.

საქართველოს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რუსეთთან დაკავშირებით 2014 წლამდე, 2008 წლამდეც – ეს დაიწყო 1921 წელს, იგივე განმეორდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს. ასე რომ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში არანაირი სახის თანაარსებობას რუსეთთან და რომ ეს არ მუშაობს. არიან ადამიანები, ვინც მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს, თუმცა ეს ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფია, რომელიც უფრო მეტად ხელისუფლების გარემოცვას წარმოადგენს პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლის, კომპრომატების გამო. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ჩვენ ვხედავთ რუსული modus operandi-ს განმეორებას და რუსული კანონი სწორედ ამის ნიშანია. იმის გამო, რომ ხელისუფლებას აღარ შეუძლია მხარდამჭერების მობილიზება, ცდილობს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, სხვადასხვა კანონის გამოყენებით საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, თუმცა კვლავ, დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისთვის, თუ სად არის ჩვენი მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7314 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7314 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0280 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0252 ლარი შეადგინა.

ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში -ცესკო

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში. გვინდა მოვუწოდოთ მათ, სრულფასოვნად ჩაერთონ კომისიების მუშაობაში, რადგან აღნიშნული პროცესის მასშტაბურობა ყველა წევრის ჩართულობას საჭიროებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ სად არის მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით. მათ შორის წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური  აპლიკაციის საშუალებითაც სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე voters.cec.gov.ge ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს 5  ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

ასევე გვინდა შევახსენოთ პროცედურები საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს. როგორც ცნობილია, ცესკომ უკვე შექმნა საზღვარგარეთ 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბანი. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.geoconsul.gov.ge/

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (რწმენის გამო,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული (ე.წ. ,,ლამინირებული’’) პირადობის მოწმობითაც, რომლის ჯამური რაოდენობა, სერვისების განვითარების სააგენტოს მოწოდებული მონაცემების თანახმად, შეადგენს მხოლოდ 394-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

ამასთანავე შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ამომრჩეველმა  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება  09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. სიახლეა, ის რომ წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/.

პრემიერი მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, გადახედოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე” გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა სუბიექტებისთვის სტატუსის შეფარდებისგან

მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

კობახიძის განცხადებით, ასევე მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.

ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.

თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.

დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება.

აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ამომრჩევლებს მოუწოდებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს. აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს.

„ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვფიქრობ არჩევნებში ჩართულ მხარეებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი და განახლებული ინფორმაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ და გავცვალეთ მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ გასული შეხვედრებისას გამოთქმული მოსაზრებებისა და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების უმრავლესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გათვალისწინებულია. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციით, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინფორმირების კამპანიისა და ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების შესახებ, რომელიც ასევე პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო პლატფორმის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.

პრეზიდენტი ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა, პირდაპირ ჩართულია არჩევნებში – კახა კალაძე

პრეზიდენტი ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა, პირდაპირ ჩართულია არჩევნებში – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს გამოეხმაურა.

კალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის „ვოიაჟი“ არ უკვირს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადამიანი არღვევს კონსტიტუციას. ის პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და ის ჩვეულებრივ სააგიტაციო კამპანიას ეწევა. პირდაპირ ჩართულია არჩევნებში. არა მხოლოდ ის, ასევე, გარედანაც ვხედავთ რა განცხადებები კეთდება. თვითონაც ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ მალავს აღნიშნულს და პირდაპირ საუბრობენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გამძაფრდება ამ ტიპის განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება თეთრზე შავის ძახილი, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ეს მოცემულობა გვაქვს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი ამ ყველაფერს, ამ ბოროტებას, ამ სიცრუის კამპანიას 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს,“ – განაცხადა კალაძემ.

დასავლელ პარტნიორებს კი არ ვაკრიტიკებთ, თავს და ქვეყანას ვიცავთ – კახა კალაძე

[დასავლელ პარტნიორებს] კი არ ვაკრიტიკებთ, თავს და ქვეყანას ვიცავთ – ის ნაბიჯები რომ გადაგვედგა, რასაც მოგვიწოდებდნენ, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იქნებოდა? აქ კი არ ვიდგებოდით ბაღის გახსნაზე, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი თავს და ქვეყანას იცავს იმ ბოროტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც „ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოგვიწოდებდა“.

„კი არ ვაკრიტიკებთ, თავს ვიცავთ და ვიცავთ ქვეყანას. ვისგან და იმ ბოროტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მოგვიწოდებდა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. იგივე [რუსეთთან მიმართებით] სანქციების მიერთებაზე. შენ რომ რამე შეგეშალოს და გადაგედგა ეს ნაბიჯები, წარმოგიდგენიათ

რა მდგომარეობა იქნებოდა? – აქ კი არ ვიდგებოდით ბაღის გახსნაზე, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა. შეიძლება სახელმწიფოებრიობაც დაგვეკარგა. პოლიტიკოსობა მარტო ის კი არ არის, რომ იარაღი აიღო ხელში და იომო, პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, რომ შენს ქვეყანას უბედურება აარიდო. იმიტომ გირჩევს ხალხი რომ ისეთი პოლიტიკა გაატარო, რომ დაიცვა შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და არა რომლითაც დიდ ქვეყანას გაატარებინო თავისი ინტერესი, ისე რომ შენ დაინგრე, გაუბედურდე“, – განაცხადა კალაძემ.

რატომ არის ვლადიმერ პუტინი ნამდვილი გამარჯვებული ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის ვლადიმერ პუტინი ნამდვილი გამარჯვებული ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში“ (ავტორი – ჯეიმს კრისპი, ევროპის ამბების რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილი: მასთან ერთად ვარსკვლაველი სტუმარი –  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეკვავს, მომღიმარი სახით. ეს იყო 2018 წელს – ოთხი წლით ადრე, სანამ მოსკოვის ჯარები უკრაინაში შეიჭრებოდნენ. კარინ კნაისლი კი დიდი ხანია undefinedავსტრიის მთავარი დიპლომატი აღარ არის, იგი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, რიაზანის ოლქში და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

თავის დროზე, კანცლერ სებასტიან კურცის მთავრობაში კარინ კნაისლი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ავსტრიის თავისუფლების პარტიამ (Freiheitliche Partei Österreichs – FPÖ) წარადგინა, რომელმაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგლი დაიკავა.

კვირას, 29 სექტემბერს გამართულ საყოველთაო არჩევნებში კი თავისუფლების პარტიამ პირველად მოიპოვა გამარჯვება საყოველთაო არჩევნების შედეგად. მისი ამჟამინდელი ლიდერი ჰერბერტ კიკლი ტრიუმფით ტკბება, მაგრამ ნამდვილი გამარჯვებული იცით ვინ არის? რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

სხვათა შორის, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ის ფაქტი, რომ ავსტრიელ თავისუფლების მოყვარულებს „მეგობრობის პაქტი“ აქვთ დადებული რუსეთის მმართველ პარტია „ედინაია როსიასთან“. როცა ვოლოდიმირ ზელენსკი გასული წლის მარტში ავსტრიის პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, თავისუფლების პარტიის დეპუტატები, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდნენ. რობერტ კიკლის განცხადებით, უკრაინის ლიდერის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა ავსტრიის ნეიტრალიტეტის დარღვევას წარმოადგენდა, თუმცა რაც არ უნდა ეთქვათ თავისუფლების პარტიის დეპუტატებს, „ყველამ იცოდა, ვინ არის კინკლი“ – იგი მუდმივად რუსეთის მხარდამჭერია.

რატომ არ შევიდა ავსტრია ნატოში

მსოფლიო ომებს შორის ვენასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ისტორიულად ხშირად უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის დაცვა საბჭოთა კავშირის მიერ დათქმული პირობა იყო, როცა წითელი არმიის ნაწილები 1955 წელს ქვეყნის ტერიტორიიდან გავიდნენ.

სწორედ ამ მიზეზით ვერ გახდა ავსტრია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი. ნეიტრალიტეტი პოპულარული რჩება მას შემდეგაც კი, როცა შვედეთმა და ფინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ სტატუსზე უარი განაცხადეს და ნატოში გაწევრდნენ.

ავსტრია – მომავალი რუსეთუმე?

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ევროკავშირის წევრია, ვენა კიევს იარაღს არ აწვდის, თუმცა ფინანსურად ეხმარება და ევროკავშირის მიერ კრემლის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს იცავს. ავსტრიამ თავის ტერიტორიაზე მიიღო თითქმის 80 ათასი უკრაინელი ლტოლვილიც. მაგრამ თავისუფლების პარტიის გამარჯვების შემდეგ ეს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური დახმარებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება… FPÖ-ელები უკვე მკაცრად აკრიტიკებენ წამსვლელ მთავრობას და მას „ნეიტრალიტეტის პოლიტიკის დამრღვევს“ უწოდებენ, რომ ანტირუსულ სანქციებს მხარი დაუჭირა. თუ ჰერბერტ კიკლი ქვეყნის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს, აშკარაა, რომ ავსტრია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ან შეარბილებს, ან საერთოდ აღარ დაიცავს.

ევროკავშირმა რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებითი პაკეტი მიიღოს, ამისათვის ყველა 27 წევრის თანხმობაა საჭირო. ავსტრია, რომლის მთავრობაში  FPÖ-ელები იქნებია, ახალ სანქციებს უეჭველად დაბლოკავს. ასევე ვერ იქნება მიღებული კრემლის წინააღმდეგ სხვა გადაწყვეტილებებიც – ვენის ობსტრუქციული პოზიციის გამო.

მოსალოდნელია, რომ თავისუფლების პარტია მთავრობას მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიასთან კოალიციაში ჩამოაყალიბებს. ამგვარი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ თუ ადრე FPÖ-ელები სხვა პარტიებისთვის უმცროს პარტნიორებად გამოდიოდნენ, ახლა მისი უმცროსი პარტნიორები სხვა პარტიები იქნებიან, ანუ სიტუაციის ბატონ-პატრონები FPÖ-ელები იქნებიან. ზოგიერთები წინასწარმეტყველებენ, რომ კოალიციური მოლაპარაკებების დროს შეიძლება თავისუფლების პარტიამ გარკვეულ საკითხებში უკან დაიხიოს და კომპრომისებზე დათანხმდეს, მაგრამ ფერბერტ კიკლი არანაირად არ დათმობს თავის პოზიციას იმიგრაციის შეზღუდვასა და, ალბათ, უკრაინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაში.

აღსანიშნავია, რომ ამას წინათ ულტრამემარჯვენეთა წარმატებამ საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში, რიგ ცვლილებებთან ერთად, მიგრაციული ზომების გამკაცრებაც გამოიწვია.

ულტრამემარჯვენეები ევროპულ მეინსტრიმში

ულტრამემარჯვენეები უკვე მყარად შევიდნენ ევროპულ მეინსტრიმში (გაბატონებულ პოლიტიკურ ტენდენციაში). ამჟამად ისინი მასობრივ მსვლელობებს აწყობენ.

თუმცა ავსტრიელ ჰერბერტ კიკლსა და მის ფრანგ მეგობარს მარინ ლე პენს, ან ნიდერლანდელ ხერტ ვილდერსს  შორის ისაა, რომ ფრანგი და ნიდერლანდელი შეეცადნენ ვლადიმერ პუტინისაგან თავი შორს დაეჭირათ, ავსტრიელებს (და გერმანელებსაც, მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ წევრებს), ამგვარი რამ არ გაუკეთებიათ, ანუ ისინი კრემლის ერთგულები არიან.

მარინ ლე პენი აქტიურად იღწვოდა, რომ თავისი პარტიისათვის ტოქსიკურობის ნიშნები ჩამოეცილებინა, ავსტრიელ FPÖ-ელები კი მსგავს კომპრომისებზე არ წასულან. ისინი ისევ გამოდიან მიგრანტების წინააღმდეგ, აგრძელებენ ომს „პოლიტიკურ ისლამთან“, სურთ ტრანგენდერობის აკრძალვა და ჯარიმების შემოღება.

ავსტრიის თავისუფლების პარტიის წარმატება, ალბათ, ხელს შეუწყობს მსგავს პროპუტინურ პარტიებს პოლიტიკური ჩრდილიდან გამოვიდნენ და უფრო აქტიურად გააგრძელონ ანტინატოური მოწოდებები და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებების მოთხოვნები.

ვიქტორი, ჰერბერტი, რობერტი და ანდრეი

ავსტრიას თვითონ მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს, რომ ევროკავშირის პროუკრაინულ პოლიტიკაზე ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ თუ ჰერბერტ კიკლი ქვეყნის კანცლერი გახდება, მას, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოში დიდი სიხარულით შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირის ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოდის, ვლადიმერ პუტინს ხელისჩამორთმევით ხვდება და ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ხიწვის როლს ასრულებს. ვიქტორ ორბანს ავსტრიელი FPÖ-ელების წარმატება ძალიან გაეხარდა და იმედი აქვს, რომ ავსტრიელი ჰერბერტ კიკლი, სლოვაკ პრემიერ რობერტ ფიცოსთან ერთად, ანტიუკრაინული ბლოკს გააძლიერებს.

არის იმის ნიშნები, რომ ჩეხეთის ხელისუფლებაში გაისად შეიძლება ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი აპოლოგეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიჩი დაბრუნდეს – მისმა პარტიამ ამ კვირაში ქვეყნის სენატის არჩევნებში გაიმარჯვა.

ოთხივეს სურს რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესება, უარს აცხადებენ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე და მოუწოდებენ რუსეთისათვის სასარგებლო სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივ დაწყებისაკენ.

ევროკავშირისათვის უნგრეთი დიდი ხანია სუსტ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ უკრაინის ომის გაჭიანურებისა და ევროპელთა ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე, ბრიუსელის პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება სულ უფრო მეტად ვრცელდება ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებშიც.

წყარო

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.

„კონფერენცია „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“  ქმნის ინოვაციურ სივრცეს ცოდნის მიღებისა და გაზიარებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ პროგრესული ცვლილების ნაწილი, დაინახონ ახალი შესაძლებლობები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა და იპოვონ მხარდაჭერა თანამოაზრეებს შორის. მონაცემთა მეცნიერება არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციურობის საფუძველს ქმნის; მონაცემთა მეცნიერი ქალები კი ამ ინოვაციურობის ელჩები არიან დღეს ჩვენს საზოგადოებაში“ – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

„ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის მიღების გარდა, განსხვავებული კუთხით შეხედოთ მონაცემებს. საშუალება გექნებათ, მონაცემების დამუშავების ტექნიკას პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნოთ. განხილული იქნება ის მიდგომები, რომელსაც ვითვალისწინებთ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და Storytelling-ის (მონაცემებით ამბის თხრობის) დროს“ – სოფო რუხაძე, Self-service ანალიზის განვითარების ჯგუფის უფროსი, თიბისი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. 

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.