Home Blog Page 695

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს – ენტონი ბლინკენი

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თავდასხმა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს.

ბლინკენის განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი „ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა“.

ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.

ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, ეს მეკონტროლებია -ნიკა გვარამია

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე პატიმრებს მიმართა და განაცხადა, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ისინი იმსახურებენ.

გვარამიას თქმით, ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად.

„მინდა, როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, მივმართო პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, მათ გულშემატკივრებს, ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ იმსახურებთ. მე ვარ თქვენი გულშემატკივარი ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა იმისთვის, რომ მხარს მიჭერდით. დიდი მადლობა ამისთვის. ბოდიში ყველაფრისთვის, რაც მომხდარა თქვენს თავს და რაც ყურადღების მიღმა დამრჩა, როცა შემეძლო, რომ ეს მეკონტროლებია. მე მგონია, რომ ამ ქვეყანას ნებისმიერი ადამიანი უნდა უღირდეს დიდ ფასად, ნებისმიერი პატიმარი ჩვენი საზოგადოების წევრია, ჩვენ მას ველოდებით თავისუფლებაზე და მომავალი მისია“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ამ დროს ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, არავინ მართავს ქვეყანას -ტრამპი

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელის წინააღმდეგ ირანის სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და ამ დროს ჩვენ არ გვყავს ხელმძღვანელობა, არავინ მართავს ქვეყანას. ჩვენ გვყავს არარსებული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, რომელიც ადგილზე არ იმყოფება. არავინ არის პასუხისმგებელი და არც კი არის ნათელი, ვინ არის უფრო დაბნეული: ბაიდენი თუ კამალა. არცერთს არ აქვს წარმოდგენა რა ხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩვენ არ გვქონდა ომი ახლო აღმოსავლეთში, ომი ევროპაში, იყო ჰარმონია აზიაში. ჩვენ გვქონდა მშვიდობა. ახლა ომი ან ომის საფრთხე ყველგან მძვინვარებს და ამ ქვეყანას მართავს ორი არაკომპეტენტური ადამიანი, რომლებსაც მივყავართ მესამე მსოფლიო ომისკენ. გასაკვირი არ არის, რომ ირანს ძალიან სურს, რომ კამალა ჰარისი იყოს პრეზიდენტი, რადგან მათ იციან, სანამ ის ხელისუფლებაშია, შეუძლიათ ისარგებლონ ამით“, – დასძინა მან.

ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, დაჭერები, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი -ნიკა გვარამიამ ბიზნესმენებს მიმართა

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში მიმდინარე ყრილობაზე ქართველ ბიზნესმენებს მიმართა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ბიზნესმენები არიან მთავარი ძალა ქვეყნის წინ წაწევის და მათზე იზრუნებენ.

„მინდა, მივმართო ქართველ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესმენებს, ძვირფასებო, არ შეგეშინდეთ, თქვენ ხართ მთავარი ძალა ამ ქვეყნის წინ წაყვანის, მთავარი ხალხი, ვინც დაამარცხებს სიღარიბეს და ამ ქვეყანას მოუტანს იმას, რომ არავის უჭირდეს, არავის შიოდეს და ყველას ჰქონდეს სწავლის, ჯანდაცვის, დასვენების და ბედნიერი სიბერის ფული. თქვენ უნდა მოიტანოთ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერი მომავალი, მაგრამ მანამდე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენზე ვიზრუნებთ, არავითარი რეპრესიები, არავითარი დაჭერები არავითარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უფრო დაბალი გადასახადები, მეტი ინვესტიცია, ევროპული, ამერიკული და ჩინური ბაზარი და ამ ყველაფერის შემდეგ, შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ, მომავალი თქვენია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ მიმართა ქართველ გლეხებს: „ჩემო ძვირფასო, არ მოგატყუოს არავინ, რომ  ყოველწლიურად სახელმწიფოსგან დახმარება გჭირდება, არ მოგატყუოს არავინ, რომ შენი შრომა ფუჭია, რომ მარტო რუსეთია შენთვის გამოსავალი, ევროკავშირი, ამერიკა, ჩინეთიც, უზარმაზარი ბაზარი ამ სამარცხვინო, უმცირეს და არაფრისმომცემ რუსულ ბაზართან შედარებით, შენი იქნება როგორც კი მოვალთ და მომავალი შენია“.

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ ქვეყანასაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი – ანჯეი დუდა

საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს – ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა – ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.

საქართველოში ახლახან ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტმა დაგვიდასტურა ეს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში.

საქართველოს პრეზიდენტის ეს ვიზიტი პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა მას ამ ვიზიტისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ძალიან ძლიერი მნიშვნელობა მიეცა მას 2022 წლის თებერვლის შემდეგ და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი და ხმა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო დემოკრატიული გზით განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიზიტისა და ყველა შეხვედრისათვის”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რამდენად შეუძლია უკრაინას თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

„ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უშუალო მეზობლობაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებაზე. ახლო მომავალში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონ პრეზიდენტს, ვარშავაში ჩამოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიიღო მონაწილეობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვიდა, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრის დროს საუბარი ეხებოდა ასევე, უსაფრთხოების თემას, ვინაიდან საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. ასევე, უკრაინა ჩვენი უშუალო მეზობელია. საქართველოს და უკრაინას ზღვა კი ჰყოფთ, მაგრამ უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაციაა და ამიტომ ეს საკითხი საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს უკრაინა და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

ჩემი და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი თანხვედრაშია, ჩვენი აზრი, ჩვენი მიდგომა და ჩვენი აღიარება იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნები და რომლებიც უშუალოდ ეხება ახლა უკრაინას და 2008 წელს ეს აგრესია უშუალოდ საქართველოს მიმართ განხორციელდა და რუსეთი არაერთხელ ახდენდა პროვოკაციებს. 2008 წლიდან ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია ზუსტად რუსეთის აგრესიის შედეგად და მუდმივად ხდება დესტაბილიზაციის მცდელობები”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის – სალომე ზურაბიშვილი

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა და ასევე სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.

„უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა.

როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებელი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია.

ბატონ პრეზიდენტთან ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო არამხოლოდ დაუბრუნდება ამ გზას, ძალიან სწრაფად შეუდგება ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების გზას, რათა ევროპის გზაზე დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს გაგვიხსნის, არამედ, ეს მოხდება სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მომავალი წლის იანვარში იწყება და მომავალი წლის ივნისის ბოლომდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი და ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიგვიყვანს სწორედ ევროკავშირის კარამდე. თუ ჩვენ ეს გზა სწრაფად გავიარეთ, ვიცი, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით იქნება, როგორც აქამდე, ყველა ჩვენი ევროპული ნაბიჯის დროს და იქაც, პოლონეთის თავმჯდომარეობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება.

კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის, ფორუმში ჩემი მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენთვის სწორედ დღეს, ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო კავშირი გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

საჰაერო განგაში ისმის მთელი ისრაელის მასშტაბით. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მანამდე, მედიაში ისრაელის მთავრობისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოეს საათებში ემზადება. ისრაელის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-სგან ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს. ისრაელის სამი ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმა მოიცავს ისრაელის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებას. აშშ-ის ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ გამოყენებული იქნება ბალისტიკური რაკეტებიც. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.

ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

„საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება:

  • მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
  • იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე დგას 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი.

საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველი შეიყვანება სპეციალურ სიებში, რომელშიც შეიტანება ამომრჩევლების შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც უკვე შექმნილია საზღვარგარეთ, სპეციალურ სიაში ამომრჩევლების შეყვანა ხდება, თუ:

1. სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველი დგას  საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველს აქვს რეგისტრაციის მისამართი საქართველოში: ასეთი ამომრჩეველი 2024 წლის 26 სექტემბრამდეც ნებისმიერ პერიოდში შეძლებდა და ახლაც შეუძლია საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საარჩევნო უბნები.

2. ამომრჩეველს აქვს საზღვარგარეთ რეგისტრაცია (მისი რეგისტრაციის მისამართი არის სხვა ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთი, აშშ, ქალაქი ნიუ-იორკი და ა.შ): ეს ამომრჩევლებიც შედიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ, ვინაიდან, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე (26 სექტემბერი), სწორედ ამ ვადის შემდეგ ხდება მათი გადანაწილება იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც გაიხსნა საარჩევნო უბნები და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ, საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში.

3. ამომრჩეველი, რომელიც დადგენილ ვადაში გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას შესაბამის საარჩევნო უბანში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან დადგება საკონსულო აღრიცხვაზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. საბოლოო მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკო-ს მიაწვდის 8 ოქტომბერს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (სერვისების განვითარების სააგენტო, შსს და სხვა) კი – 9 ოქტომბერს. აღნიშნული მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიები მიიღებს საბოლოო სახეს. ამ ეტაპზე, ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. საბოლოო სიების დამუშავების შემდეგ ინფორმაცია განთავსდება სხვა ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით.

საყურადღებოა, იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი მოხვდეს სიაში აუცილებელია ის ფლობდეს 7 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო ხმის მიცემის უფლების განხორციელებას კი შეძლებს, თუ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი ასევე ძალაში იქნება 26 ოქტომბრის მდგომარეობით.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხს. ცალკეულმა პირებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 508 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში.

შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში. შესაბამისად, ვებ-გვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადმოსცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2 516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და საარჩევნო უფლება, შედეგად საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“რა ნამუსით საუბრობს გამობრძმედილი მატყუარა გიორგი გახარია, ტყუილზე, ან ვინმეს როგორ შეიძლება, ტყუილსა და მართალზე ესაუბრებოდეს? დღემდე, ამის მოტყუებული ხალხი მხვდება შეხვედრებზე სამეგრელოში” – გიორგი გამსახურდია

 

“რა ნამუსით საუბრობს გამობრძმედილი მატყუარა გიორგი გახარია, ტყუილზე, ან ვინმეს როგორ შეიძლება, ტყუილსა და მართალზე ესაუბრებოდეს? დღემდე, ამის მოტყუებული ხალხი მხვდება შეხვედრებზე სამეგრელოში” – გიორგი გამსახურდია

რა ნამუსით საუბრობს გამობრძმედილი მატყუარა გიორგი გახარია, საერთოდ ტყუილზე? – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია, “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას შესახებ წერს, რომელმაც განაცხადა, რომ “ოცნების” ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად.”

მისი განცხადებით, არ შეიძლება, გახარია ვინმეს ტყუილ-მართალზე ესაუბრებოდეს, რადგან “მისი მოტყუებული ხალხი სამეგრელოში მრავლადაა”.

“ძალიან მიჭირს, ამ ტიპაჟის არაუცენზუროდ მოხსენიება, მაგრამ ნუ თავს შევიკავებ ამ ჯერზე.

რა ნამუსით საუბრობს, გამობრძმედილი მატყუარა გიორგი გახარია, საერთოდ ტყუილზე? ან ვინმეს ეს როგორ შეიძლება, ტყუილზე და მართალზე ესაუბრებოდეს? დღემდე, ამის მოტყუებული ხალხი მხვდება შეხვედრებზე სამეგრელოში. ესეც მისი მხრიდან საბოტაჟის ნაწილია, აბა, რა ჯანდაბაა…

ისე, რომ იცოდეთ, ამისი სახელის გაგონება არ უნდა არავის სამეგრელოში, მაქსიმუმ ასი
კაცის გარდა, ისიც – სანათესავო და სამეზობლო მაქვს მხედველობაში.” – წერს გამსახურდია.

 

ძალიან მძიმე რეალობის წინაშე იდგა ქვეყანა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, როდესაც განცხადება გააკეთა, სრულიად საქართველო გაერთიანდა ამ ადამიანის ირგვლივ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2012 წლის 1 ოქტომბრის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„[„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე] შეზღუდული იყო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. გვახსოვს რა დამოკიდებულება იყო ბიზნეს სექტორის მიმართ, როგორი ზეწოლა იყო. ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. ძალიან მძიმე რეალობის წინაშე იდგა ქვეყანა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, როდესაც განცხადება გააკეთა, სრულიად საქართველო გაერთიანდა ამ ადამიანის ირგვლივ. ბიძინა ივანიშვილს ყველა ვიცნობდით როგორც მეცენატსა და ქველმოქმედს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა კალაძემ.

ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ საელჩოებისგან ხელდასმული პოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე ის არის მთავარი და არა ბოკუჩავა, ხაბეიშვილი, გახარია, ხაზარაძე, გვარამია ან მელია -ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებით ამტკიცებს, რომ ის არის მთავარი და არა თინა ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, გახარია, ხაზარაძე, გვარამია ან მელია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ხელდასმულია ამ პოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე და ხელდასმა საელჩოებმა გაუწიეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი ლიდერობა გადაწყდა არა საქართველოში და იმ ადამიანების მიერ, ვინც მას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა, არამედ – საერთაშორისო დონეზე.

„ამით ქარტიის ხელმომწერებს აჩვენა და მიუთითა, რომ ის არის ლიდერი, მან უნდა წარმოადგინოს მთავრობა, შეუძლია დაშალოს მთავრობა, როცა საჭიროდ გადაწყვეტს და ის დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. მისი განცხადებაც ამაზე მეტყველებს. ეტყობა, თავის თავში მთლად დარწმუნებული არ არის, ეს არის მოჩვენება ადამიანებისთვის იმის, რაც არ არსებობს – სალომე ზურაბიშვილი, როგორც ლიდერი მთელი რადიკალური ოპოზიციის. მათ წარმატება არ უწერიათ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებით ამტკიცებს, რომ ის არის მთავარი და არა თინა ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, გახარია, ხაზარაძე, გვარამია ან მელია. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ხელდასმულია ამ პოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე და მას ეს ხელდასმა საელჩოებმა გაუწიეს. ეს არის მისი განცხადების შინაარსი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ერთობლივად მუშაობა მოუწევს, თუმცა მათთვის ეს მარტივი არ იქნება.

„ცხადია, მათ შორის მუშაობა არჩევნების მერე არ იქნება მარტივი, არ იქნება მარტივი მათი ურთიერთობები, მაგრამ ისიც არის, რომ არცერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი, იძულებული იქნებიან, რომ ერთმანეთთან რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ. დღესაც კვლევები ამას გვეუბნება, რომ დაახლოებით ერთი წონის არიან ეს ოთხი პარტია. ვინ ცოტა უკან, ვინ ცოტა წინ, მაგრამ არავინ არის, რომელსაც შეუძლია, სხვები გასწიოს გვერდით. მეორე იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება ამაში, რადგან ისინი უკვე ეუბნებიან ამას. სხვათა შორის, თუ ხელი მოაწერეს, ესეც მათი დამსახურებაა, უთხრეს, რომ ეს არის სწორი გამოსავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ივანიშვილის წერილი თვითაღიარებაა – „ოცნების“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად – გიორგი გახარია 

ივანიშვილის წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს.

როგორც გახარია თავის განცხადებაში წერს, „ქართული ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან აღარაფერი დარჩა. როგორც გახარია აღნიშნავს, 12 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს და ზუსტად იმ „ზონდერებს“ იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა” იყენებდა.

„ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს – 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა – ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.

2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო „მრავალპარტიული დემოკრატია“, „ევროპული ინტეგრაცია“ და „პოლიტიკური მესიანიზმის“ დასრულება ქვეყანაში.

და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ქართული ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან. „ღირსებას“ ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

12 წლის თავზე „ოცნება“ ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ „ზონდერებს“ იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია – მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ.

ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა – კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს.

„ოცნება“ სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი.

ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ – 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი.

ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს”, – წერია გახარიას განცხადებაში.