Home Blog Page 692

გიორგი ამილახვარი ვერსად გაიპარება, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა -ანა დოლიძე

ჩოხატაურის 1-ელი საჯარო სკოლა არის მიგდებული. სკოლის ავარიულობის გამო მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ახლა გადაწყვიტეს, ეს სკოლა დაანგრიონ. სად გაიპარა განათლების მინისტრი ამილახვარი?, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც დოლიძე წერს, სკოლის ავარიულობის გამო სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა სკოლა ამ დრომდე სარემონტო მდგომარეობაშია.

დოლიძის თქმით, შესაძლოა , „დიდი ფული გაკეთდა“, შესაბამისად, ამიტომაც არის შუა გზაზე მიტოვებული.

„რაო, ბიზნესში წავედიო?! ბიზნესში კი არა პროკურატურაში უნდა იაროს მან.

ბიზნესში წავიდა? რა ბიზნესში წავიდა ? წლებია ათასობით ბავშვი ასე დაძრწის მეორე და მესამე სმენაში სხვადასხვა სკოლებში. სად არის სარემონტო სამუშაოები? საუდის არაბეთში წელიწადში გაშენდა ქალაქი, არათუ სკოლის გარემონტება და სკოლის დანგრევა! ქალაქები შენდება ერთ წელიწადში. აი, ასეთი ამბავია და სადღაც გაიპარა მინისტრი. ვერავინ ვერსად ვერ გაიპარება, ვერც კობახიძე გაიპარება ! იმიტომ, რომ ეს ტენდერები, ეს კორუფცია, ეს მშენებლობა, ეს ჩავარდნილი საკითხები, რაც არის სკოლის რემონტები საქართველოში, ეს პატარა საქმე არ არის . აქ, სავარაუდოდ, გაკეთდა დიდი ფული, შესაბამისად, ამიტომაც არის ეს ყველაფერი ასე მიგდებული, შუა გზაზე მიტოვებული.

აი, ეს არ არის რუსული საქმე?! აბა მეტი რა არის ?! მაინცდამაინც ტანკით უნდა გაკეთდეს იგივე? ეს უნდა დამთავრდეს! მთავარია, ხელისუფლება, რომ შეიცვლება ეს უნდა დავამთავროთ. აქ, ახლა სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს. შეხედეთ, არაფერი ხდება. ისეთი სიჩუმეა, ბუზის ბზუილს გაიგებ. ზიანი, რაც ამით მოგვაყენეს არის უზარმაზარი. ჩვენი ბავშვები არიან მომთაბარე ბავშვები. სად გაიპარა ამილახვარი? ვერსადაც ვერ გაიპარება! ჩვენ, მას ვიპოვით და კიდევ იმის წინასაც ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი“, – დაწერა დოლიძემ.

აი ასე ჩართვა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული ქვეყნის საელჩოსი რადიკალური, წყალწაღებული ოპოზიციისთვის, რომელსაც არ გააჩნია რეიტინგი მაშველი რგოლია -დავით მათიკაშვილი

x

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.“

მისი თქმით, ეს არის კონკრეტული ქვეყნის საელჩოს მხრიდან პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში, რომელიც ემსახურება რადიკალებისთვის მაშველი რგოლის გადმოგდებას.

„ეს თემა არის რადიკალური, წყალწაღებული ოპოზიციისთვის, რომელსაც არ გააჩნია სათანადო რეიტინგი და მხარდაჭერა საზოგადოებაში. აი, ამ ოპოზიციისთვის მაშველი რგოლი, იმ რგოლთა კიდევ ერთი ნაირსახეობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქვეყნის ფარგლებს გარედან სხვადასხვა რესურსით. და ახლა უკვე ქვეყნის შიგნით, კონკრეტული ქვეყნის საელჩო წინასაარჩევნოდ, როდესაც უკვე სხვა განმარტებას ვერც მოუძებნი და ვერც მოიფიქრებ, აი ასე ჩართვა წინასაარჩევნო პროცესებში და ასე გამოხატვა კონკრეტული სახით საკუთარი აზრის, რომელიც შემოქმედებითობის მაღალი ხარისხით მართალია არ გამოირჩევა, მაგრამ ავტორის პოზიციას, პოლიტიკურ გემოვნებას ხაზს უსვამს.

აი ამ ფორმით, ასე გამოხატვას რა შეიძლება დავარქვათ თუ არა წინასაარჩევნოდ იმ ნაბიჯების და იმ ქმედების განხორციელება კონკრეტული საელჩოს მხრიდან, რომელსაც ვერაფრით დავარქმევთ სასურველს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი.

უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ:

  • ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე რეგისტრაცია.
  • ყველა დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრემ საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს.

მოქმედი კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

  • ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა

ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) მიხედვით ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ამომრჩევლის მისამართზე დაფიქსირებული სხვა ამომრჩევლის მონაცემები არის მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, ვინაიდან ეს ამომრჩეველი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

  • ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

თუ ამომრჩეველი არ გაივლის რეგისტრაციას ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლები, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის. ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდებიან იმ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამერიკული კომპანია PRO V and V ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად „სხვადასხვა უბნისთვის არსებულ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა დუბლირება შეუძლებელია“. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველი, მხოლოდ კანონით დადგენილი წესებით და ვადების გათვალისწინებით ხვდება ამომრჩეველთა სიებში“, – აღნიშნულია ცესკო-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის მხრიდან ტურიზმის სფეროში პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება – პრემიერი

ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაბა სიონში ახალი სასტუმროს და დასასვენებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 800-მდე სასტუმრო ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლისთვის, დღეის მონაცემებით კი, ტურიზმის სექტორს 1600-მდე სასტუმრო შეემატა.

მისივე განცხადებით, მთავრობის მხრიდან ტურიზმისა და ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და ვესწრები ამ არაჩვეულებრივი პროექტის პრეზენტაციას. გამორჩეული სასტუმრო კომპლექსი შენდება, ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ დასვენების საშუალება ჰქონდეთ ადამიანებს. ზოგადად, ტურიზმის მიმართულებით ახალ-ახალი ინიციატივებისთვის, ახალი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის „Le MERIDIEN“-ის ბრენდი. ადგილი არაჩვეულებრივია, ძალიან ბევრ ჩვენგანს სიონის ტბაზე გვაქვს გატარებული ბავშვობა და ისეთ გარემოა შექმნილი, რომელიც საუკეთესო საშუალებას იძლევა სასტუმრო ინფრასტრუქტურის იდეალური განვითარებისთვის.

ზოგადად, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე, 800-მდე სასტუმრო ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლისთვის და დღეს, დამატებით, არის 1600-მდე სასტუმრო შემატებული ჩვენს ტურიზმის სექტორს. 85 000 ახალი ადგილი გვაქვს ამ სასტუმროებში, მაშინ, როდესაც მხოლოდ 23 000 იყო ადგილების რაოდენობა 12 წლის წინ.

რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მთავრობის მხრიდან ტურიზმის მხარდაჭერა, ასეთი ტიპის პროექტების მხარდაჭერა. ასეთი ტიპის პროექტები ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონების გაძლიერებას და რა თქმა უნდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „არქის“, პროექტის ინიციატორებსა და ყველას, ვინც მის განხორციელებაშია ჩართული.

„მინდა, გისურვოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება, ბიზნესის გაფართოება და ძალიან ბევრი სტუმარი. ტურიზმის წარმატება, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მომავალში ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკონომიკის ეს დარგი,“- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0175 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0251 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.

მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი! – მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.”

მდინარაძის თქმით, ის მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი.

„ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

იტალიური ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფი – რიკი ე პოვერი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს!

2024 წლის 17 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე  თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია)  საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ მოწვევითა და ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოლო კონცერტს გამართავს  იტალიური ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფი ,,რიკი ე პოვერი“ (Ricchi e Poveri).   პოპ ჯგუფი  1967 წელს შეიქმნა და  განსაკუთრებულ პოპულარობას  1970-1980-იან წლებში მიაღწია. ჯგუფს არსებობის მანძილზე  გაყიდული აქვს 22 მილიონზე მეტი ალბომი.

თავდაპირველად ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგებოდა, მოგვიანებით ტრიოს სახით ევლინებოდა მაყურებელს.

ანჯელო სოჯუს და ანგელა ბრამბატის დუეტი 2016 წლიდან იწყებს შემოქმედებით კარიერას.

დუეტის დებიუტი გასართობ შოუ Music Quiz-ში შედგა, სადაც შემსრულებლებმა  წარმოადგინეს თავიანთი ახალი სინგლი “Marikita”, ეს იყო ჯგუფის მიერ ჩაწერილი პირველი გამოუქვეყნებელი სიმღერა მას შემდეგ, რაც ფრანკო გატიმ  ჯგუფი დატოვა.

პერიოდულად ჯგუფი – ,,რიკი ე პოვერი“ კვარტეტის სახით ევლინებოდა მაყურებელს, 2021 წლის გაზაფხულზე, Ricchi e Poveri კვლავ გახდა დუეტი, ანჯელო სოჯუსა და ანგელა ბრამბატის შემადგენლობით.

2024 წლის თებერვალში დუეტი   32 წლის მანძილზე , პირველად გამოვიდა  ,,სანრემოს“ ფესტივალზე სიმღერით და მისი ვიდეო კლიპით  “Ma non tutta la vita” (“მაგრამ არა მთელი ჩემი ცხოვრება”).

პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ მიერ.

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 11 წელია ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდს განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი პროექტი. არსებობის 11 წლიანი ისტორიის მანძილზე, ფონდი ყველა ინიციატივას ახორციელებს ნოლი ბიუჯეტით, მეგობარი/სპონსორი კომპანიების დახმარებით, ღონისძიებებიდან შემოსულ თანხას კი ურიცხავს შერჩეულ ბენეფიციარებს.

ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია: დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება – პრეზიდენტი

ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, სულ მცირე, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპული მომავლის ბედს და მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ბედს. ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია: დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე: „არ გეშინიათ, რომ არჩევნების შედეგების შესაცვლელად არჩევნებს გააყალბებენ?“ – საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:

„საარჩევნო გაყალბება სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უკვე ცნობილი ფენომენია. ის ასევე გაზომვადია. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, რომ ჩვენს პროგნოზებში 60% (მისცემს ხმას) პროევროპელებს და 40% მმართველ პარტიას, გაყალბების ჰიპოთეზა უკვე მეტ-ნაკლებად შედის ამაში. ეს მაჩვენებლები მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურებში, აქვთ ინტერესები ან შეშფოთება თავიანთი სამუშაოს შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ცნობილია. იმ პირობით, რომ არჩევნები მშვიდობიანი იქნება და მოსახლეობა ისეთი მობილიზებული დარჩება, როგორც დღეს არის, შედეგი პროევროპელთა გამარჯვება უნდა იყოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს” ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს” ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში – 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.

გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს, ტერასას, სარეკრეაციო ზონას, პარკინგს, დრაივის 24-საათიან მომსახურებასა და დაბადების დღის ცენტრს აერთიანებს.

რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და ამ სტილის „მაკდონალდსის” რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე. რივერსაიდის რესტორანი აერთიანებს თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს, ბავშვთა გასართობ ფლეილენდსა და მაკკაფეს კუთხეს.

რესტორნის სახურავზე განთავსებული მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს. საპარკინგე სივრცეში განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგურები. რესტორნის ტერიტორიაზე კი განთავსებულია ცოცხალი მცენარეებით დამზადებული მწვანე კედელი, რომელიც, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს ინარჩუნებს.

უახლესი ეკო სტანდარტებით სტუმრებს უკვე ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში გახსნილი ახალი “მაკდონალდსიც” მასპინძლობს. ორივე ახალ რესტორანში განთავსებულია მაკკაფე და ხელმისაწვდომია მაკსაუზმე.

„მაკდონალდს საქართველოს” მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.

„ვულოცავ “მაკდონალდსს” კიდევ 2 ახალი რესტორნის გახსნას, რომლებიც ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი სტანდარტითაა მოწყობილი. „მაკდონალდს საქართველოსთან” 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჯამში 7 რესტორანი გაიხსნა. 3 წლის წინ, თიბისის მხარდაჭერით, „მაკდონალდს საქართველოს” კვების ხაზს, პურ-ფუნთუშეულის საწარმოს – „ბრედფილდის” სახით, მსხვილი და მნიშვნელოვანი კომპონენტი – ეროვნული წარმოება დაემატა, რომელიც ქართული პროდუქტით „მაკდონალდსის” მუდმივად მზარდ ადგილობრივ ქსელს ამარაგებს და ქვეყნის გარეთაც გადის. „მაკდონალდსთან” პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ვუჭერთ მხარს: დასაქმებას, ხარისხის და სერვისის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ქართული პროდუქტის წარმოებასა და ექსპორტს”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მაკდონალდს საქართველო” ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში” სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„მაკდონალდს საქართველოს”, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 185 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. „მაკდონალდს საქართველო” 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და დამატებითი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

R

იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება – საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება – აშშ-ის საელჩო

საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოს განცხადებით, ქვეყანა იზოლაციის პირობებში ვერ ვითარდება.

„იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და “ქარდებით” ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის “კრედიტ სუისთან” ურთიერთობის საკითხები იყო.

„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.

 „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

1. ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“

(არილი)

2. გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)

3. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“

(სულაკაურის გამომცემლობა)

4. გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)

5. ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

6. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)

7. თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)

8. თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)

9. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)

10. მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

11. პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

12. რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი)

13. ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე – The Daily Telegrtaph

„შესაძლოა ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეთოდებს ომის წარმოების მხრივ (მე პირადად არ ვეთანხმები), მაგრამ ისრაელი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ გაეროს კედლებში მშვიდობაზე მიმდინარე წყნარი ლაპარაკი და თავაზიანი თხოვნები არ მუშაობს“, – წერს გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegrtaph) დაბეჭდილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ უოლესი. სტატია გამოქვეყნებულია სათაურით „ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბინიამინ ნეთანიაჰუს მოქმედება მიანიშნებს, რომ თუ თქვენ გსურთ გეგმების ბოლომდე განხორციელება, ეროვნული ინტერესების დაცვა, მაშინ გაბედულად უნდა შეუტიოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ მიზნების მისაღწევად პოლიტიკოსმა ზოგჯერ შეიძლება რისკი გასწიოს, თავისი საერთაშორისო პოპულარობა გაწიროს და დიპლომატიური მანევრების მიღმა არ დაიმალოს.

(…)

მე პირადად ბინიამინ ნეთანიაჰუ არ მომწონს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ უარესად ვღიზიანდები დიპლომატიური მოლაყბეებით, რომლებსაც, როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იბრძვის ყოველი დაღუპულისათვის, ყოველი მძევლისათვის და ებრაული თემის ყოველი წევრისათვის. ბევრ ჩვენს დიპლომატს ავიწყდება, რომ ბინიამინ ნეთანიაჰუ  ოდესღაც თვითონ იყო დაჭრილი ლიბანში ებრაელი მძევლების გათავისუფლების დროს, ხოლო მისი უფროსი ძმა, ისრაელის ეროვნული გმირი იონათამი 1976 წელს ენტებეს (უგანდა) აეროპორტში განხორციელებულ ოპერაციაში, ტერორისტების მიერ გატაცებული „ერ-ფრანსის“ თვითმფრინავის ებრაელი მგზავრების გათავისუფლების დროს დაიღუპა.

ბინიამინ ნეთანიაჰუს სერიოზული დამოკიდებულება აქვს თავისი ყოველი გადადგმული ნაბიჯის მიმართ. მან კარგად იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დიდი დრო დაჭირდება რაიმე პოზიტიურის გასაკეთებლად შექმნილ სიტუაციაში, ამიტომ იგი გაბედულად აგრძელებს თავის მოქმედებას. პრემიერ-მინისტრი აცნობიერებს, რომ თუ იგი ამას არ გააკეთებს, ისრაელს სხვა  ვერავინ ვერ დაიცავს.

ჩვენი ფრიად პატივცემული საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებული და ნაწყენია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მისი მოწოდებები თავშეკავებაზე აინუნშიაც არ ჩააგდო. ჩვენი დიპლომატები გაგებაში არ არიან, თუ რა ხდება სინამდვილეში. ფორინ-ოფისი იმდენად არის გატაცებული აკვიატებული იდეით – როგორმე გაეროს კომიტეტში თავმჯდომარის ადგილი დაისაკუთროს, რომ რეალურ სიტუაციას ვერ აღიქვამს.

სამხედრო გეგმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს „მიზნის მიღწევა“ წარმოადგენს. თუ მიზნის მიღწევა გსურს, გაბედულად და სერიოზულად უნდა იმოქმედო. სწორედ ამიტომ ვიმეორებ ყოველთვის, რომ დიდი ბრიტანეთის რბილი ძალა ხისტი ძალითაც უნდა გამაგრდეს, რომელიც მუდამ მზად იქნება გამოსაყენებლად და თან სასიკვდილო შედეგით.

(…)

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში თავისი „გამარჯვების გეგმით“ შევიდა. არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, რომ მან იქ რაიმე ხისტად თქვა და საკითხი მკაცრად დააყენა. შეიძლება თქვა კიდეც. ჩვენც ხშირად ვაკეთებთ მკაცრ განცხადებებს რუსეთის მიმართ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ჩვენ მიზნებს ვერ ვაღწევთ. ანუ დასავლური პოლიტიკა უკრაინის სასარგებლოდ სათანადოდ ვერ მუშაობს.

ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ უკრაინის საკითხს სერიოზულად არ აღვიქვამთ. იგი ხედავს, რომ ჩვენ ვყოყმანობთ, ვიმალებით კულისებში და ლაპარაკით ვართ დაკავებული. ამ დროს კი კრემლი უკრაინულ ხორცსაკეპში კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის.

ვლადიმერ პუტინს ორი კოზირი აქვს. პირველი ის, რომ იგი სასიკვდილოდ რუსი ჯარსკაცების კიდევ უფრო მეტ რაოდენობას გაუშვებს – კრემლმა მშვენივრად იცის, რომ სახალხო ბუნტი არ მოხდება. მეორე – მას არ სჯერა ჩვენი ნათქვამისა, როცა ვამბობთ – „რუსეთი უნდა დამარცხდეს, უკრაინამ კი უნდა გაიმარჯვოს“. ალბათ, იმიტომ, რომ კარგად უწყის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის მოწოდებები – „ბრიტანეთმა სხვებს არ უნდა გადაასწროს და თავი უნდა შეიკავოსო“.

კრემლის დესპოტი თვლის, რომ ევროპულ კანცელარიებში ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები მალე დაიწყებენ ასეთ ლაპარაკს: „ოჰ, ნეტავ სწრაფად დასრულდეს ეს ომი და ისევ მშვიდობას დავუბრუნდეთ, როცა საბიუჯეტო თანხებს უფრო მეტად ჩვენს ჯანდაცვაში, სოციალურ დახმარებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში დავხარჯავთ, ვიდრე უკრაინისადმი დახმარებაში“. შეიძლება ამ მხრივ ვლადიმერ პუტინი მართალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არსებობს წესი, რომ პუტინს დავუმტკიცოთ – იგი მწარედ სცდება. დიახ, ასეთი მოქმედება ლიდერის გაბედულებას და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. დიახ, ასეთი ნაბიჯი სარისკოა. მაგრამ სწორედ ჩვენი ასეთი ნაბიჯებით შეუძლია უკრაინას გამარჯვება, ხოლო ვლადიმერ პუტინი ნამდვილად დამარცხდება.

კრემლის პატარა ბოროტმა დიქტატორმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს – ჩვენი მომავლის სახელით. ამ დროს ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს – პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და დასავლეთმაც.

(…)

იმას, რასაც ვამბობთ და ვიტყვით, ფუჭი არ უნდა იყოს და წონა უნდა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანი იქნება ვლადიმერ პუტინისათვის, „ჰამას-ჰეზბოლასათვის“, ირანისათვის… და ყველაზე მეტად – ჩინეთისათვის.

წყარო