Home Blog Page 691

თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც CDP-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti- გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

 ეს ისტორიული ტრანზაქცია CDP-ის პირველ ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიზანს, ქვეყანაში უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა („MSME“) მზარდი საჭიროებების შესაბამისი ფინანსური რესურსების შეთავაზება.

 ეს სტრატეგიული პარტნიორობა მხარდაჭერილია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის  (“EFSD”) მიერ, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-ებისთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში.  პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.

მოხარულები ვართ, რომ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველვყოთ ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების გზები საქართველოს MSME-ებისთვის, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საყრდენის წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ადგილობრივი ბიზნესების ზრდას, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ზრდის სტიმულირებას. CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორცილების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

 „ჩვენთვის დიდი პატივია, გამოვაცხადოთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ეს 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალზე წვდომას, რაც თავის მხრივ წაახალისებს  ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს და განვავითაროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი განმაპირობებლები არიან. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში,  ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

,,მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა”- პეტერ ფიშერი

ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ – გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.

ვიზიტისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ქართულ ქარტიას, თუმცა ელჩს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია და ვერც გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის მსგავსი პოზიცია გაიხსენა.

„როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და რომ ევროკავშირის მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციას, თუ საქართველო შეასრულებს მოთხოვნებს. მაგრამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღეს საქართველო შორდება ევროკავშირს. ჩვენ ინფორმირებულები ვიყავით, რომ მას გერმანიის პრეზიდენტთან სურდა შეხვედრა. ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ, ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა ელჩმა.

,,საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს”- მაკრონი

საფრანგეთი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროპული გზა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს.

„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ის იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს ევროპული გზა“, – წერს მაკრონი.

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი დღე შესაძლოა, სხვათა შეცდომების გასწორებას მიუძღვნათ, მართალია, ეს უსიამოვნო საქმეა, თუმცა თქვენი ქმედება ნამდვილად დაფასდება.

კურო

შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს, მაგრამ შეეცადეთ, გადაწყვეტილებების მიღებისას, თქვენზე ზეგავლენა არ მოახდინონ.

ტყუპები

ნუ აჰყვებით ეჭვებს და ნუ გაართულებთ ახლობლებთან ურთიერთობებს, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს გაართმევთ თავს და განწყობასაც გაიუმჯობესებთ.

კირჩხიბი

ემზადეთ დაძაბული დღეებისთვის და თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, შესაძლოა, დაუშვათ შეცდომები და ვერ მიიღოთ ის შედეგები, რა მოლოდინიც გექნებათ.

ლომი

მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა გმართებთ, შეაქეთ თქვენი თავი და გახსოვდეთ, რომ მთავარია, მონდომება, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს!

ქალწული

შესაძლოა, მიღებული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდეს, ამიტომ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და მაქსიმალურად შეეცადეთ, ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობები შეინარჩუნოთ.

სასწორი

დღეს არ არის აქტიურობის დრო, ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი საქმეებით, გამოიჩინეთ მეტი კეთილგანწყობა, კოლეგებისა და ახლობლების მიმართ.

მორიელი

საქმიან სფეროში ნუ გააკეთებთ დასკვნებს მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ყველა იმ საკითხში, რომელიც თუნდაც მცირედით გეხებათ.

მშვილდოსანი

თუ მოინდომებთ, შესაძლებლობა გექნებათ, შეცვალოთ სიტუაცია რომელშიც აღმოჩნდებით. შესაძლოა, მყუდროება დაგირღვიოთ ინფორმაციამ, რის გამოც მოგიწევთ, თვალი გადაავლოთ სამომავლო გეგმებს.

თხის რქა

არ დაუშვათ თქვენს საქმეებში სხვა პირთა ჩარევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირგვლივ მყოფთა კომპეტენტურ აზრებსა და შეფასებებს არ უნდა მოუსმინოთ.

მერწყული

შეეცადეთ, თავი აარიდოთ უცხო ადამიანებთან კონტაქტებს, რათა საეჭვო საქმეში, მათ ხელში იარაღად არ იქცეთ. ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავეთ.

თევზები

საქმის სადავეები საკუთარ ხელში აიღეთ და თამამად იმოქმედეთ, ახლა შანსი გაქვთ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი და მოიზიდოთ პერსპექტიული კლიენტები. ელოდეთ კარგ მოგებას.

“არის თუ არა მზის ენერგია კაცობრიობის იმედი?”- უცხოური პრესა

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე, რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „არის თუ არა მზის ენერგია კაცობრიობის იმედი?“ (ავტორი – მაჰმუთ გიურერი / TRT Haber-ის რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მზე, რომელიც ანათებს მსოფლიოს, ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ცივილიზაციებისა და ისტორიის ფორმირებაში. ყველა ცოცხალი არსება, დაწყებული მინდვრის ხორბლით და დამთავრებული ქუჩაში მოსიარულე ადამიანით, დამოკიდებულია მზის მკვებავ ძალაზე… თუმცა, სამრეწველო რევოლუციასთან ერთად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ გამოავლინა არა მხოლოდ მზის გამათბობელი მხარე, არამედ მისი ენერგიის წარმოების პოტენციალიც.

მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება სათავეს, 1839 წლიდან იღებს. თეორია, რომელიც ფრანგმა მეცნიერმა ედმონდ ბეკერელმა წამოაყენა, პირველად კომერციულად 1954 წელს გამოჩნდა, მასზე ჩატარებული კვლევების შედეგად. პირველი მზის ენერგიის უჯრედები აშშ-ში 1954 წელს დამზადდა.

მზის ენერგია თურქეთის დღის წესრიგში 1970-იან წლებში შევიდა. მსოფლიოში მზის ენერგიის ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მას უნივერსიტეტები, საჯარო და კერძო სექტორი შეეხო.
მზის ენერგიის შესახებ პირველი ეროვნული კონგრესი 1975 წელს იზმირში გაიმართა. პირველი პასიური მზის ენერგიის სისტემა კი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში 1975 წელს დამონტაჟდა.

თურქეთს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მნიშვნელოვანი მზის ენერგიის პოტენციალი აქვს… ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული თურქეთის მზის ენერგიის პოტენციალის ატლასის (GEPA) მიხედვით, მზის ნათების საერთო ხანგრძლივობა დღეში 7,5 საათია, ხოლო წელიწადში – 2737 საათი…

იმავე ატლასის მიხედვით, დადგინდა, რომ თურქეთში შემავალი წლიური მზის ენერგიის ჯამური რაოდენობა არის 1527 კვტ.სთ/მ², ხოლო დღიური – 4,2 კვტ.სთ/მ².
ამ მონაცემების ფონზე ინვესტიციებიც ყოველდღიურად იზრდება… 2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის თურქეთის დადგმულმა სიმძლავრემ 113,932 მეგავატს მიაღწია.
2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის, დადგმული სიმძლავრის განაწილებაში წყაროების მიხედვით, განახლებადი ენერგია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ამ ენერგიის დაახლოებით 42% მოდის წიაღისეულ საწვავზე, მაშინ როცა განახლებადი ენერგიის წილი თითქმის 60%-ს აღწევს…

ელექტროენერგიის 28,3% მიიღება ჰიდროენერგიიდან, 10,8% – ქარის ენერგიიდან, ხოლო 1,5% – გეოთერმული ენერგიის წყაროებიდან.

განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო არის მზე… თურქეთი თავისი ელექტროენერგიის 16,2%-ს მზის ენერგიიდან იღებს. თურქეთში სულ 29,163 მზის ელექტროსადგურია.

თუმცა, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის სხვადასხვა აპლიკაციებმაც მიიღეს სამართლებრივი საფუძველი. მათ შორისაა მცურავი მზის ელექტროსადგურები.

თურქეთის მცურავი მზის ელექტროსადგურების პოტენციალი დაახლოებით 80,000 მეგავატადაა შეფასებული.

მცურავი მზის ელექტროსადგურების განთავსებისთვის, რომელთაც არ სჭირდებათ მიწა ან მყარი ზედაპირი დასამონტაჟებლად, საკმარისია უძრავი საზღვაო ტერიტორიები, ჰიდროელექტროსადგურებისა და სასმელი წყლის რეზერვუარები და ხელოვნური ტბები, სადაც ჩამდინარე წყლები გროვდება.

მცურავი მზის ელექტროსადგურები, რადგან წყალსაცავებზე განთავსდება, არ უწევენ კონკურენციას სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო ან კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილ მიწებზე განთავსებულ მზის ელექტროსადგურებს. მიწისა და სახურავის საჭიროების მქონე სხვა მზის ელექტროსადგურებთან შედარებით, ისინი შეიძლება დამონტაჟდეს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების სიახლოვეს.

მიწის ტიპის პანელებთან შედარებით, მცურავი მზის ელექტროსადგურები უზრუნველყოფენ დინამიური მოძრაობის შესაძლებლობას და შეუძლიათ იმუშაონ დაჩრდილვის გარეშე. მცურავ მზის ელექტროსადგურებზე მტვრისა და ჭუჭყის დაგროვების ძალიან დაბალი მაჩვენებელი ხელს უშლის ეფექტურობის შემცირებას.
ყველა ამ ინვესტიციის შედეგად, მოსალოდნელია, რომ თურქეთის მზის ენერგიის სიმძლავრე მომდევნო 10 წლის განმავლობაში 500%-ით გაიზრდება და დაახლოებით 53 გიგავატს მიაღწევს. ამგვარად, იგეგმება მზის ენერგიის გადაქცევა ელექტროენერგიის წარმოების უმნიშვნელოვანეს წყაროდ.

მსოფლიო ასევე ყოველწლიურად ზრდის ინვესტიციებს მზის ენერგიაში.

2023 წელს, მსოფლიო მასშტაბით ელექტროენერგიის წარმოების 5,5% მზის ენერგიაზე მოდიოდა. მზის ენერგიის გამოყენება 23,2%-ით გაიზარდა. გლობალურად, ელექტროენერგიის წარმოებაში ყველაზე დიდი წლიური ზრდა მზის ენერგიაში დაფიქსირდა.

მზის ენერგიის წარმოებაში ჩინეთი პირველ ადგილზეა 306,973 მეგავატის წარმოებით. მას მოსდევს აშშ 95,209 მეგავატით და იაპონია 74,191 მეგავატით. ამ ქვეყნებს მოჰყვება გერმანია, ინდოეთი, იტალია, ავსტრალია და სამხრეთ კორეა. თურქეთი მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოებაში პირველ 20-ში შედის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის – მთავარი საკითხები და შეჯამება”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის – მთავარი საკითხები და შეჯამება“, რომელშიც რესპუბლიკელ ჯეი დი ვენსისა და დემოკრატ ტიმ უოლცს შორის გამართული დებატებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პირველი და ბოლო დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის შედგა. რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი და დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი ერთმანეთს ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ ეთერში, ქალაქ ნიუ-იორკში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, სტუდიაში შესვლისას ერთმანეთს ხელი დებატების დაწყებამდე ჩამოართვეს. დებატების დასრულების შემდეგ, სცენაზე მეუღლეების ასვლისთანავე, როგორც კანდიდატებმა, ისე მათმა ცოლებმა ერთმანეთს ხელი კვლავ ჩამოართვეს და მადლობაც გადაუხადეს.

დებატების უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და კანდიდატებს ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მეტიც, საპრეზიდენტო დებატებისგან განსხვავებით, კანდიდატები, რამდენჯერმე ერთმანეთს კიდეც დაეთანხმნენ.

კანდიდატებმა ამერიკელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი და მსოფლიოში მიმდინარე თემები განიხილეს.

ახლო აღმოსავლეთი

პირველი, რაზეც კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული მდგომარეობაა. ირანმა სამშაბათს ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე “ჰეზბოლას” ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.

ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.

ირანის “რევოლუციური გვარდიის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე შურს იძიებს, პასუხი კიდევ უფრო “დამანგრეველი” იქნებოდა.

დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა თქვა, რომ უმნიშვნელოვანესია არავის დაავიწყდეს, საიდან დაიწყო ყველაფერი. მან გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და თქვა, რომ ისრაელს ყველანაირი უფლება აქვს თავი დაიცვას, მაგრამ ასევე საჭიროა ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება ღაზის სექტორში.

რაც შეეხება შეკითხვას – დაუჭერდა თუ არა მხარს ისრაელის მიერ ირანისთვის საპასუხო დარტყმის მიღების გადაწყვეტილებას, უოლცმა თქვა, რომ ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად, საჭიროა ისეთი ლიდერშიფი, როგორიც ამჟამად ქვეყანაში არსებობს და რასაც კამალა ჰარისი სთავაზობს ამომრჩეველს.

რესპუბლიკელი კანდიდატი, ჯეი დი ვენსი, ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას, ხშრიად უსვამდა ხაზს იმას, რომ მისი აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ახლო აღმოსავლეთში სტაბილური მდგომარეობა იყო. ბაიდენ- ჰარისის ძალაუფლებაში ყოფნის დროს კი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა მოხდა. ვენსი ამტკიცებდა, რომ ჰარისი ვერ გაუძღვება მსგავს გამოწვევებს. ხოლო შეკითხვაზე, რა უნდა მოიქმედოს ამ შემთხვევაში ისრაელმა, ვენსმა უპასუხა, რომ ეს თავად ისრაელის გადასაწყვეტია.

ქარიშხალი „ჰელენი“ და კლიმატის ცვლილება

ამერიკაში ახლა ქარიშხალი „ჰელენი“ მძვინვარებს. ის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ, ყველაზე მომაკვდინებელია ამერიკის ისტორიაში. მონაცემები მუდმივად იცვლება, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალმა 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით კი დაკარგულად ითვლება. სწორედ ეს სტიქიური უბედურება და ზოგადად, კლიმატის ცვლილება იყო მომდევნო საკითხი, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა განიხილეს.

ორივე კანდიდატმა მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და თავიანთი გულწრფელი შეშფოთება გამოხატეს მომხდარის გამო. ჯე დი ვენსის თქმით, ტრაპმის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეები და მათი კარგად ყოფნა უპირველესი საზრუნავი იქნება.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ვენსმა გააკრიტიკა ჰარის-უოლცის კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების გეგმა და დონალდ ტრამპის რიტორიკა გაიმეორა. ვენსის თქმით, ჰარისის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, იმ ელექტრო მანქანებისა და მზის სისტემების საჭირო ნაწილების წარმოებით, რომლითაც ჰარისს სურს გარემოს დაბინძურება თავიდან აიცილოს, მხოლოდ ჩინეთი გამდიდრდება, რადგან მათი წარმოება ახლა ჩინეთშია შესაძლებელი და არა ამერიკაში. დონალდ ტრამპიც ხშირად საუბრობს ამაზე და ამბობს, რომ ჰარისის გეგმა ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაუმართლებელია.

ტიმ უოლცმა არ მიიღო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი და კამალა ჰარისის გეგმა ამერიკაში სამუშაო ადგილებს არ შექმნის, პირიქით, ამტკიცებდა, რომ სწორედ მათი გეგმის გამო, ამერიკაში უკვე გაჩნდა სამუშაო ადგილები. მან ასევე შეახსენა საზოგადოებას დონალდ ტრამპის კომენტარი, როდესაც ის ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემა არაა. უოლცმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ამ თემასთან არასერიოზული დამოკიდებულების გამო. უოლცის თქმით, ის და ჰარისი უკვე დგამენ რეალურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამერიკა სუფთა ენერგიის გამომმუშავებელი სუპერ სახელმწიფო გახდეს.

იმიგრაცია

ისევე როგორც საპრეზიდენტო დებატებზე, ვიცე-პრეზიენტობის დებატებზეც იმიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. ჯეი დი ვენსმა კამალა ჰარისი დაადანაშაულა არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკაში და თქვა, რომ სწორედ მან დაუშვა ამერიკაში ფენტანილის არალეგალური შეტანა, მან ახსენა ნარკოკარტელების მიერ ბავშვების ნარკოტიკის გადატანის სავარაუდოდ გამოყენებაც და თქვა, რომ საჭიროა ქვეყანაში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გატარდეს.

ვენსმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, როგორ აპირებს არალეგალური იმიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მისი თქმით, ამერიკაში მყოფი უსაბუთო მიგრანტებიდან, მილიონი მაინც კრიმინალია, რომ საჭიროა პირველ რიგში მათი დეპორტაციით დაწყება. შემდეგ კი დარჩენილებისთვის სამსახურის მოძებნის ისე გართულება და ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, რომ სამსახურები თავადვე დატოვონ. ვენსის თქმით, ეს კარგი იქნება ამერიკელი მუშახელისთვისაც, ვისაც ამის შემდეგ მეტი სამსახური გამოუჩნდება.

ფენტანილის უკანონოდ გადატანასა და ამერიკაში არსებულ ოპიოდის კრიზისზე ტიმ უოლცმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, ნამდვილად არაა სახარბიელო სიტუაცია, თუმცა დემოკრატები ამ მიმართულებით მუშაობენ და მონაცემები ნელ-ნელა მცირდება.

უოლცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე არსებობდა დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არსებულ გამოწვევებს გადაჭრიდა და რომელზე ხელის მოსაწერად რესპუბლიკელების ნაწილიც მზად იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა მათ საპირისპიროდ მოქცევა მოსთხოვა და კანონპროექტი ამიტომაც ჩავარდა. უოლცის თქმით, ეს ტრამპმა იმიტომ გააკეთა, რომ მძიმე საიმიგრაციო სიტუაცია მას ჰარისის გასაკრიტიკებლად და წინასაარჩევნო დაპირებებისთვის სჭირდებოდა.

უოლცმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ასევე ოჰაიოს შტატის ქალაქი სპრინგფილდიც. როგორც ტრამპი, ისე ვენსი უკვე რამდენიმე კვირაა ამბობენ, რომ იქ არალეგალურად ჩასული ადამიანები ცხოვრობენ და კატებსა და ძაღლებს ჭამენ, რაც არცერთი ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება. უოლცის თქმით, იმიგრანტებზე ასე საუბარი რესპუბლიკელი კანდიდატების მხრიდან, მათ დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს.

გარდა ამ თემებისა, კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს ქალების რეპროდუქციული უფლებების, ეკონომიკის, ინფლაციის, სურსათის პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასების, იარაღის ტარებისა და იარაღით ჩადენილი ძალადობის, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის და ჯანდაცვის თემებზე. უოლცისა და ვენსისთვის არაფერი უკითხავთ უკრაინის ომის შესახებ. არც კანდიდატებს უხსენებიათ უკრაინის საკითხი სხვადასხვა თემებზე საუბრის დროს.

კანდიდატებს 2-2 წუთი ჰქონდათ პასუხებისთვის და 1 წუთი პასუხის დასაზუსტებლად, ან ოპონენტის პასუხზე საპასუხოდ. დებატებს „სი-ბი-ესის“ ჟურნალისტები ნორა ო’დონელი, საღამოს ახალი ამბების გამოშვების წამყვანი, მმართველი რედაქტორი და მარგარეტ ბრენანი, უცხოეთის ახალი ამბების განყოფილების კორესპონდენტი უძღვებოდნენ. დებატები ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო და ის 90 წუთს გაგრძელდა.

წყარო:

 გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი-ირაკლი კობახიძე

გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.

„ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო 240 ან 600-ზე მეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია, თუნდაც რომ ყოფილიყო 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებით, სიცრუით. მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, ოდნავ მეტი არჩევნებამდე, უპრეცენდენტოდ მშვიდ, ჯანსაღ გარემოში.
საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით, სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
რომელიმე დასკვნაში სად არის ერთი ფაქტი, ამიტომ გეუბნებით, რომ გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ -ირაკლი კობახიძე

ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

„2012 წლამდე იყო ჩვეულებრივი ტერორი, ასეთი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. არჩევნების ტოტალური გაყალბება იყო წინა რეჟიმის ერთ-ერთთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, ჩვენ დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების პრაქტიკა. ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და პლიუს პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს -ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ – დავალება -კობახიძე

როდესაც ვერ ახერხებ, დადგე, სადაც დგას საზოგადოების უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ მოქმედებ მხოლოდ დავალაბებით და არა ხალხის ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია დადგნენ ლგბტ პროპაგანდის მხარეს.

„სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება. წარმოიდგინეთ, ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოების 90 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. 92 პროცენტი დაფიქსირდა ბოლო კვლევაში ამ კანონის მიმართ მხარდაჭერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც ასეთ დროსაც შენ ვერ ახერხებ, დადგე ისეთ მხარეს, სადაც დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ მხოლოდ დავალაბებით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.

ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი, ნურავის ჰგონია, რომ დამოუკიდებლობას დავთმობთ-კახა კალაძე

ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერით არის შესაძლებელი ყველა წინაღობის დაძლევა.

„მიხარია, ვუერთდები მხარდამჭერთა კლუბის გახსნის მილოცვებს. ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის. უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ადამიანები, რომლებიც პარტიის წევრები არიან და ისინიც, ვინც გვგულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ იდეოლოგიას, რაც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული. დღეს ყველა ვხედავთ, რა მოცემულობის წინაშე დგას ქვეყანა. მარტივია, ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, სამშობლოზე. რა არის ამის მიზეზი? ორი მიზეზი არსებობს – ერთი ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში და მეორე – არ შევუერთდით სანქციებს. ერთიც და მეორეც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ხალხმა აგვირჩია და ვართ ხელისუფლებაში, რადგან გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. რაც არ უნდა მუქარები, შეტევები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მით უფრო გააქტიურდება ეს აბსურდული განცხადებები. ამის არ შეგეშინდეთ, კიდევ უფრო მეტი სიბინძურე წამოვა, აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა. სიმართლით ვართ შეიარაღებული. ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ნურავის ჰგონია, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ ამ თავისუფლებას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დავთმობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი დღეს დაფუძნდა. მას ექიმი თეიმურაზ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს -კახა კალაძე

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.

„იცით, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუ როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების შედგენა – კონკრეტულ ადამიანებს პირდაპირ ფულს უხდიან, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხს პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა. ესენი არიან გარკვეული, კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ მსგავსი ტიპის ბინძურ განცხადებებს. არ უნდა შეგვეშინდეს – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის -PACE-ის დეკლარაცია

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაში – “არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები”. დეკლარაციას 24 დეპუტატი აწერს ხელს.

დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად ქმედებები და შეცვალონ კურსი.

“საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც, როგორც ჩანს, აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის.

ეს მოიცავს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან. ასევე, იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებზე.

ამომრჩევლებს, ასევე, აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას – “მთავრობას ეცოდინება ვის მიეცი ხმა და ამას შედეგები მოყვება”.

ბევრ ეროვნულ სადამკვირვებლო ჯგუფს ხელს უშლიან თავისი სამუშაოს შესრულებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით იქამდეც კი, ვიდრე ე.წ. “უცხოური აგენტების კანონი” შევა ძალაში.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

მსგავსმა ქმედებებმა წინასაარჩევნო გარემო შექმნა, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად [საქართველოს] ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად ქმედებები და შეცვალონ კურსი.

არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მიეცეს”, – ნათქვამია დეკლარაციაში.