კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს, პროცესების განვითარებას. გასულ თვეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი კავშირი დემოკრატიულ ღირებულებებთან და ქვეყნის ევროპულ გზასთან. ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დაკვირვებისა და დასკვნების თანახმად, არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა მოწესრიგებულად, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხშირი დარღვევები ხმის მიცემის ფარულობის კუთხით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, კამპანიის პერიოდში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული. ამან არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართო თვალყურთან ერთად, გააჩინა შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობაზე, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე. უფრო მეტიც, არჩევნების დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არათანაბარი პირობებია, დაპირისპირებული კამპანიაა პოლარიზებულ ატმოსფეროში და მნიშვნელოვან შეშფოთებას გამოხატავენ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.
„კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეახსენებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნდა, უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში.