Home Blog Page 68

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას – სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას, – ამის შესახებ „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კრიტიკული დარღვევები, მათ შორის ძალადობა ოპოზიციის წევრების მიმართ, ამომრჩევლების დაშინება, ცილისწამების კამპანია დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ ბოროტად გამოყენება. კამპანიის რეგულაციების შეზღუდულმა განხორციელებამ შეზღუდა კონკურენცია, მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და შეამცირა ადგილი ხელისუფლების კრიტიკისთვის“, – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ზოგადად პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO-მ გამოთქვა შეშფოთება ცესკო-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული საკითხების კუმულატიურმა ზემოქმედებამ მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული პატიოსნება“, – აღნიშნა ზლატკო ვუიოვიჩმა.

,,პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა”- ფრანსუა ჟიკელი საპარლამენტო არჩევნებზე

საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს აფასებენ. ფრანსუა ჟიკელის შეფასებით, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის.

მან საარჩევნო პროცესის ორგანიზებულობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა.

„საარჩევნო უბნების მონახულებამდე ჩვენ დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გაგვაცნო ყველა დეტალი. ძალიან შთამბეჭდავია იმის გაგება, რომ ელექტრონული მთვლელები პირველად იყო გამოყენებული და ის ხელმისაწვდომი იყო ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობისთვის. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს იყო ევროკომისიის მოთხოვნა და დამოუკიდებელ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება. ამ კომპანიას აკონტროლებს დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია. ეს ელექტრონული მთვლელები განთავსდა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მცირე გამონაკლისების გარდა. ჩვენ მოვინახულეთ საარჩევნო უბნების ნაწილი, მაგრამ, ცხადია, არა ყველგან. ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომელიც უბნებზე თვეების განმავლობაში მუშაობდა. მათ გავლილი ჰქონდათ ტრენინგები, რათა მოემზადებინათ ეს არჩევნები. ისინი პროცესს გაუმკლავდნენ მშვიდად და პროფესიონალურად. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგანაც ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ დასავლური სისტემები. ასე რომ, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, როგორ იყო ორგანიზებული პროცესი – მშვიდად, და რაც ვნახეთ, პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა 

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია “pro v&v” ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აშშ-ში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის. 

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითს, დეზინფორმაციას თუ კითხვას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობს.

როგორც Pro V & V – ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აღნიშნა „პროექტს ჰქონდა 3 ფაზა, 1 ითვალისწინებდა წყაროს კოდის გადახედვას და ჩვენ ფაქტობრივად გვთხოვეს გავყოლოდით მოდულიდან მოდულამდე, თუ როგორ იყო მოთავსებული ამომრჩეველთა სიები თითოეულ ვერიფიკაციის აპარატში. ჩვენ გავყევით ერთი მოდულიდან შემდეგ მოდულამდე USB ბარათის ჩასმიდან ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვის ჩათვლით. 

უბნის გააქტიურების შემდეგ, თითოეული ვერიფიკაციის აპარატი შეიცავს მხოლოდ ამომრჩევლის სიას, რომელიც მან უნდა ამუშავოს არჩევნების დღეს.

ის არ შეიცავს სრულად ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა სიას, ის არის გამიზნული კონკრეტული უბნისთვის და მას აქვს წვდომა მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩევლის სიასთან.”

შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:

 საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან. 

 ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.

 ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.

 ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.

 აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია. 

ცესკოში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „სმარტმატიკის” წარმომადგენლებიც. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. 

„მთელი დღის განმავლობაში პირადად ვაკვირდებოდი საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე, რომელიც გახსნის ასევე დახურვის პროცესს მოიცავდა და მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო უბნების წევრები კარგად იყვნენ გადამზადებულები, მათ ძალიან კარგად იცოდნენ როგორ ემოქმედათ შეფერხებების ან მოულოდნელად განვითარებული მოვლენების დროს და ამ ყველაფერს ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი როგორც მოსალოდნელი იყო.

რა თქმა უნდა დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელიც სავსებით გასაგებია და ეჭვს არ უნდა იწვევდეს ტექნოლოგიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომპანია „სმარტმატიკის” (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნინკმა.

ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა – ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით – გიორგი გახარია

ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით – ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

„მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან, მოქალაქეების ნების დასაცავად. ასევე, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება დადასტურებული ობიექტურად იყოს. ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ, ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენ ვსაუბრობდით ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გადავეცით, მათ შორის სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს და ასევე, იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა, ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში განგრძობითი იყო და მხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებული არ იყო, ასევე, სასამართლოს მიმართულებითაც ვმუშაობთ.

მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით და ID ბარათებით მანიპულირებას. ასევე, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, დაშინებას და მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენს გუნდზე და პარტიაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა, პერსონალურად, ბიძინა ივანიშვილი – მე და ჩემს გუნდს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს გასამართლებით ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რომლებიც არჩევნებზეც აისახა, მაგრამ ამის მიუხედავად, თითოეული ჩვენი გუნდის წარმომადგენელს, ჩვენს დამკვირვებელს, მხარდამჭერებს, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ მიუხედავად, უპრეცედენტო ზეწოლისა და მიუხედავად სხვებთან შედარებით ყველაზე მწირი ფინანსური რესურსისა, ჩვენ მაინც შევძელით ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი. ამიტომ, სწორედ დღეს საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად იმის შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა – აი, ამ ძალადობებით, რომლის ფონზეც, ეს არჩევნები ჩატარდა, არასოდეს ისე სუსტი ისინი არ ყოფილან, როგორც დღეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუციის დაცვას“, – განაცხადა გახარიამ.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ტრამპისთვის მიცემული ხმების განადგურების ამსახველი ყალბი ვიდეოს გავრცლებასთან რუსეთია დაკავშირებული

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც პენსილვანიის შტატის საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ტრამპის მხარდამჭერის საარჩევნო ბიულეტენის განადგურება ჩანს, რუსეთია დაკავშირებული.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში 24 ოქტომბერს გამოჩნდა და ის მილიონობით ადამიანმა ნახა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხევს ფერადკანიანი ადამიანი ტრამპის მხარდამჭერ ბიულეტენებს, ხოლო მისი მეტოქის კამალა ჰარისის ბიულეტენებს ხელუხლებლად ტოვებს.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამმართველოს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ყალბ ვიდეოს. მანამდე პენსილვანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვიდეო დადგმულია.

განცხადებაში წერია, რომ ეს ვიდეო „რუსი აქტორების“ მიერ არის შექმნილი და ისინი ასევე მონაწილეობდნენ მის გავრცელებაში, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინათ აშშ-ს არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა და დაეთესათ შუღლი ამერიკელებს შორის.

მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ს საარჩევნო პროცესში რუსეთი ერევა. ამ ჩარევის მთავარ მიზნად სახელდება არა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, არამედ მათი შედეგებისადმი უნდობლობის გაღვივება და აშშ-ის მოქალაქეებს შორის განხეთქილების შეტანა.

ანალიტიკოსები ვიდეოს გამოჩენას აკავშირებენ რუსულ ორგანიზაციასთან სახელწოდებით „შტორმი-1516“ ან CopyCop. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ორგანიზაციები შედიოდნენ „ტროლების ფაბრიკაში“, რომელიც თავის დროზე შექმნა ახლა უკვე გარდაცვლილმა ევგენი პრიგოჟინმა. პრიგოჟინი და მისი სტრუქტურების რამდენიმე თანამშრომელი აშშ-ში ოფიციალურად დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ნებისმიერ ჩარევას.

ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ – მამუკა ხაზარაძე

ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთისთვის ამზადებენ, რაც არ გამოვა.

„სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… არასდროს!“- განაცხადა ხაზარაძემ.

დსთ-ს გენერალური მდივანი – არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქართველებს ესმით მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა

„არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოელ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ლებედევმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, ან შორსაა რეალობისგან.

„კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და რომ ახლა ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს – არ შეიძლება არ ახარებდეთ, რადგან ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს“, – აღნიშნა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვადის ბოლოს, მე-10 დღეს თავად შეიკრიბება.

„სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება და გაიმართება სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს. პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს. შეუძლია აქაც, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, ჩვენ თუ თეორიულად დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, ბოლო, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“,- განაცხადა კობახიძემ.

,,ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ველით ურთიერთობების გადატვირთვას და ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება. განსაკუთრებით ინტენსიურად დაიწყება ეს პროცესი მომავალი წლიდან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე ეს შეიძლება იყოს პირველადი პროგნოზით მოაზრებული. მაქსიმუმ მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ -სთან. თქვენ იცით, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ უკიდურესად არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს და ვფიქრობთ, რომ მალევე გამოჩნდება პირველივე ნიშნები ამ მიმართულებით და უკვე მომავალი წლის პირველივე თვეებიდან ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა – ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20  გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენებისას ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1 პროცენტი გამოვიდა მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა დაახლოებით 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ “pro v&v”-მ, რომელსაც აშშ-ში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია,  რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს და წარმოადგენს საარჩევნო ლაბორატორიას, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებენ.

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ ოფიციალურად გადმოგვცეს პირველი და მეორე ეტაპის რევიზიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს აპარატების გამართულ მუშაობას. დოკუმენტი ითარგმნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის მყისიერად გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღნიშნული დოკუმენტი პასუხს სცემს ყველა კითხვას, მათ შორის იმ მანიპულაციურად წამოჭრილ საკითხს, თითქოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო დუბლირების ფაქტები. ეს ბრალდება იმთავითვე უსაფუძვლოა რამდენიმე ფაქტორის გამო. პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა სიები და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ნებისმიერ დროს აქვთ სიების საჯარო ვერსიის ადმინისტრაციიდან გამოთხოვის და შემოწმების შესაძლებლობა და გამოითხოვენ კიდეც და სხვა არა ერთი მტკიცებულება.  დღეს ხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული კითხვები, არის უსაფუძვლო და დაადასტურა, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები პასუხობს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.

აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია „სმარტმატიკს“, რომელთან თანამშრომლობითაც განხორციელდა არჩევნების მოდერნიზების პროცესი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს არჩევნების მოდერნიზებას. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, ესტონეთში, ბელგიაში და ა.შ.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობდნენ.

საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დავიწყეთ ეფექტიანი იყო. აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს.

რაც შეეხება შედეგებს. ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების  99,646 %-ზე მეტს და შესაბამისი ოქმები ატვირთულია ვებგვერდზე – results.cec.gov.ge. ველოდები 9 უბნის შედეგების (ოქმების) გადმოგზავნას უცხოეთიდან.

წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:

პარტიის ნომერიპარტიის დასახელებაშედეგი (რაოდენობა)შედეგი (%)
3„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“3 9500.191
4კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა225 68010.923
5„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“209 13710.122
6„ევროპელი დემოკრატები“8 0360.389
8„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“50 4632.442
9„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“181 4248.781
10საქართველოს ლეიბორისტული პარტია15 0570.729
12„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“1 8660.09
16„შეცვალე საქართველო“12 5650.608
17„საქართველო“2 7750.134
20თავისუფალი საქართველო4 1490.201
21ტრიბუნა2 4870.12
23„ჩვენ“2 5950.126
25„გახარია საქართველოსთვის“160 3547.761
26„მემარცხენე ალიანსი“1 3880.067
27ქართველ ერთობა4 5030.218
36„გირჩი“62 2173.011
41ქართული ოცნება1 117 48054.086

პრემიერი ბიძინა ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დაანონსებულ შეხვედრაზე – ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა

ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება , – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.

ეს შეხვედრა ძალიან მალე შედგება – პრემიერი ბიძინა ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დაანონსებულ შეხვედრაზე

ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.