Home Blog Page 67

სასწორის ერთ პინაზე დევს ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავალი, მეორე პინაზე კი დევს რამდენიმე ადამიანის საზიანო, ახირებული ქმედება – ეკა ბესელია

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ, ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის შეჩერებით საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების უფლებებს დაიცავს და ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესის აღდგენასაც ხელს შეუწყობს.

„თუ ამ კანონს თქვენ შეაჩერებთ და ამას გააკეთებთ რაც შეიძლება მალე, იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯერა, ისევე როგორც, ამ დარბაზში, თქვენ გიყურებთ, ეს კანონი მაინც გაუქმდება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე, ეს იმ მოსალოდნელ ზიანს ააცილებს ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურია. ერთი თუ ორი პროექტი, რამდენიმე მილიონიანი დახმარება და ა.შ ეს შეიძლება იყოს ზიანის შემადგენელი ნაწილი და არასრული ჩამონათვალი, მაგრამ მას აქვს განგრძობითი ხასიათი, იმიტომ, რომ ამ თანმიმდევრობით ბევრი სხვა დახმარება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ, ჩერდება. განგრძობადი ზიანი არის ის, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვასაც ემსახურება და მათ სხვა უფლებებს, რომელზეც აქ იყო საუბარი. ევროინტეგრაციის პროცესი როგორც შეჩერდა, მისი განახლება ნებისმიერ დროს შესაძლებელია, აგერ, შემოდგომაზე. იცით, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მორიგი შეფასების დასკვნა მზადდება და ეს შემოდგომაზე მოხდება, რომლითაც შეფასდება, რას აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება და კონსტიტუციური ორგანოები. ამ სადაო აქტის, ამ კანონის შეჩერებით, მათ შორის, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არსებობს ქვეყნის შიგნით შესაძლებლობა, ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს. სამოქალაქო საზოგადოებამ კი ნორმალური და ამ იარლიყებით გარეშე ფუნქციონირება გააგრძელოს, არ დაიხუროს და არ შეწყვიტოს საქმიანობა, რისი საფრთხეებიც არსებობს, [კანონის] მეორე ნაწილის ამოქმედების შემდეგ. მათ შორის ბევრი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვას…

სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი. ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას და მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი კიდევ ერთხელ გაიაროს.

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“,- მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი, დაახლოებით, 50 ათასი ტონა იქნება. იმისათვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას.

ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21,768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.

სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე – გივი მიქანაძე 

სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ , “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მიქანაძემ „დემოკრატიის ფესტივალზე“ გაამახვილა ყურადღება და განმარტა რომ მისი ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ეს კი „ნათელი მაგალითია, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათვე მართული არასამთავრობოებითა და უცხოური დაფინანსებით“.

„საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცქირიძემ, „მრავალპარტიულ დემოკრატიის ცენტრთან ერთად“, დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში „ლელოს“ და „ანა დოლიძე-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა. მათ შეუერთდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე. ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის, დანიაშიც, ბუნებრივია, ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექ გამოცდილება გაუზიარა

საერთაშორისო დისტრუბუტორული კომპანიიის, Bakotech, მეშვეობით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ტექ მიმართულებით შეხვედრა. თიბისიმ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ კომპანიებს, ABB, Kapital Bank, Uni Ban და Bakotech, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ტექ პროცესებისა და პროცედურების მიმართულებით.

სესიას გაუძღვა იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე, სადაც მთავარი თემა იყო თვალსაჩინოება და მონიტორინგი დეცენტრალიზირებულ ორგანიზაციულ წყობაში. შეხვედრაზე მოსულ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო ახლოდან გაცნობოდნენ უკვე არსებულ დანერგილ სტანდარტებსა და პროცესებს. მათი შეფასებით სესიაზე პრაქტიკული ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც შემდეგ სამუშაო პროცესში გამოადგებათ.

„ჩვენთვის, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიისთვის რეგიონში, მნიშვნელოვანია სხვა ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარება, რადგან ერთის მხრივ, გვეძლევა შესაძლებლობა გავუკეთოთ ჩვენს განვლილ გზას ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობები დავინახოთ, მეორეს მხრივ, გავამდიდროთ ტექნოლოგიური ბაზარი ახალი გამოცდილებით.„ ამბობს იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ცოდნის გაზიარების დროს კი განვითარება და წინსვლა.

R

რატომ არ აძევებს რუსეთი უკრაინის არმიის ნაწილებს თავის ტერიტორიიდან – რას წერს The New York Times-ი

„რუსეთის პასუხი უკრაინის არმიის ქვედანაყოფების კურსის ოლქში შეჭრაზე ფრთხილ, მეთოდურს და გამოზომილს წარმოადგენს: იმის ნაცვლად, რომ კრემლს დონბასის ფრონტიდან ჯარები მოეხსნა და ისინი კურსკში გადაესროლა, მოსკოვი კვლავ აქტიურად ცდილობს დონბასის მნიშვნელოვანი ქალაქის პოკროვსკის დაუფლებას. რასაკვირველია, ამავე დროს კურსკის ოლქიც ყურადღების გარეშე არ რჩება: აქ უკრაინის ჯარების წინსვლა უკვე შეჩერებულია, მოსკოვი ჯარებს აგროვებს რუსეთის სხვადასხვა ადგილებიდან. ანუ კრემლმა ისე შეაჩერა უკრაინელები, რომ დონბასის ბრძოლებში ტემპი არ დაუგდია“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 28 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ არ აძევებს რუსეთი უკრაინის არმიის ნაწილებს თავის ტერიტორიიდან?“ (ავტორები – ლარა ჯეიკსი და ერიკ შმიტი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

გრიგალისებური ავიადარტყმები, რომელიც რუსეთმა უკრაინას ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიაყენა ასობით რაკეტისა და დრონის მეშვეობით, იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვის სამხედრო ძლიერება არ შესუსტებულა.

და მაინც, ისმება კითხვები: თუ რუსეთს ასეთი ძლიერი ცეცხლის შესაძლებლობა აქვს, მაშ რატომ ვერ იბრუნებს თავისი ტერიტორიის იმ მცირე ნაწილს კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილებს აქვთ დაკავებული 6 აგვისტოდან? რატომ ვერ შეძლო დღემდე რუსეთმა, პირველად 1945 წლის შემდეგ მომხდარი უცხოური ინტერვენციის აღკვეთა?

დასავლელი ექსპერტებისა და დამკვირვებელთა აზრით, რუსეთის ერთგვარი პასიური მოქმედება განპირობებულია არამარტო ჯარების მობილიზებაში შექმნილი სირთულეებით და სადაზვერვო ცნობების ნაკლებობით, არამედ სამხედრო-პოლიტიკური პრიორუტეტებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჯარების ანაზდეულმა შეჭრამ რუსეთის ტერიტორიაზე კრემლში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია და რუსეთის გენშტაბი საგონებელში ჩააგდო, რუსები მაინც შეუსვენებლივ ცდილობენ პოკროვსკის დაუფლებას, რომელიც მთელი დონბასისა და უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტისათვის საკვანძო ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ამიტომაც რუსი გენერლები დონბასიდან კურსკში ჯარების გადასროლას არ ცდილობენ.

„რუსეთის არმიის საზაფხულო შეტევის მიზანს როგორც მინიმუმს – პოკროვსკის ხელში ჩაგდება წარმოადგენს’, – ამბობს ავსტრიელი პოლკოვნიკი მარკუს რეისნერი, რომელიც ვენის სამხედრო აკადემიაში შეიარაღებული ძალების განვითარებას იკვლევს და ყურადღებით თვალს ადევნებს რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებს, – „რუსეთის არმია ნელა, მაგრამ მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება პოკროვსკს, ამ დროს კი რუსული საბრძოლო იმპულსის შესუსტება არ შეინიშნება და არც ჯარების რაიმე დისლოკაციის ცვლილებაც“.

რასაკვირველია, დონბასში განვითარებული შეტევის პარალელურად, მოსკოვი უყურადღებოდ არ ტოვებს კურსკის ოლქსაც: ამ დღეებში იქ ციმბირიდან დამრტყმელი ვერმფრენების პოლკი გადაისროლეს. სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო დღე-ღამეში კურსკის ოლქში წარმოებული ბრძოლების შედეგად 400 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-მდე სამხედრო ტექნიკა განადგურდა. მართალია, რუსების განცხადების შეიძლება სიცრუე იყო, მისი გადამოწმება ძნელია, მაგრამ ამ ცნობას ირიბად ადასტურებს უკრაინის არმიის მთვარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკიც, რომლის თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 30 ათასამდე ჯარისკაცის თავმოყრა მოახერხა და დღითი დღე ამ რაოდენობას ზრდის. აღსანიშნავია, რომ რუსები კურსკის ოლქში ძირითადად სარეზერვო ქვედანაყოფებს აგროვებენ, რომლებიც ბრძოლაში გამოცდილები არ არიან, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც შთამბეჭდავია.

ამასთან, ამერიკული ოფიციალური პირების შეფასებით, დაახლოებით 50-ათასიანი დაჯგუფება მაინც არის საჭირო იმისათვის, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილები კურსკის ოლქიდან განიდევნონ. შესაბამისად, ამ ყველაფერს გარკვეული დრო ჭირდება.

რუსეთის გენერალური შტაბი, როგორც ჩანს, რუსული ტერიტორიის გაუგონარი ოკუპაციისა და ქვეყნის რეპუტაციის ზიანის მიუხედავად, პრიორიტეტს მაინც დონბასის ფრონტს ანიჭებს. მოსკოვი ფიქრობს, რომ უკრაინის არმიას მალე გამოელევა ის მწირი რეზერვებიც, რომელიც კიევმა კურსკის ოლქში შესაჭრელად გამოიყენა.

კრემლმა ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინის ჯარების ოპერაცია უპასუხოდ არ დარჩება. დრო კიევის წინააღმდეგ მუშაობს.

წყარო

უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა – გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბრიფინგის ძირითადი მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ ხდებოდა საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა. კერძოდ, მან დაასახელა NDI-ის მიერ ოპოზიციური პარტიების და მათი წევრების რეგიონებში შეხვედრების დაფინანსება და ორგანიზება.

„საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“. 13 ივლის, წნორში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც თავად „ლელოს“ ოფიციალური Facebook გვერდიც იუწყება. პარტია „ლელო“ მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს – რას წერს Newsweek-ი საქართველოზე

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის” (Newsweek) ელექტრონულ ვერსიაში (ვებ-გვერდზე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს“ (ავტორი – მეთიუ ტოსტევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში თითქმის ყველა შენობაზე – სამთავრობო კომპლექსებიდან პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებამდე – ევროკავშირის ოქროსფერვარკვლავიანი ლურჯი ბაირაღები ფრიალებენ, რომლებიც ისეთივე სიმრავლით გამოირჩევიან, როგორც წმინდა გიორგის ჯვრიანი ეროვნული დროშები.

მაგრამ, დასავლური სიმბოლიკის სიუხვისა და მოსახლეობის უმრავლესობის პროდასავლური (ევროატლანტიკური) განწყობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ურთიერთობა აშშ-სტანა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან სწრაფად უარესდება. ამ ფონზე იზრდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოპულარობა. დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ევროატლანტიკური სოლიდარობა განამტკიცა, რაც ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებით გამოიხატა, თუმცა ოდესღაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზღურბლთან მდგარი საქართველო, რომელიც წუთი-წუთზე ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო, როგორც ჩანს, ახლა უკუმიმართულებით მოძრაობს.

საქართველო თავისი 3,7-მილიონიანი მოსახლეობით აშშ-ის იმავე სახელწოდების მქონე შტატზე მხოლოდ ერთი მესამედით არის დიდი. უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ეპოქაში თბილისის პრობლემები ვაშინგტონის პრიორიტეტებში არ შედის, მაგრამ რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, მასთან ახლოს მდებარეობს ირანი. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობ- და გაზსადენების სატრანზიტო მარშრუტი. ქვეყნები, რომლებიც დღეს მათ წინაშე გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენებაზე ფიქრობენ, ინტერესით უყურებენ საქართველოს: შეძლებს თუ არა დასავლეთი მის შენარჩუნებას თავის გავლენის ქვეშ?

საქართველოს მთავრობის პროდასავლელი მოწინააღმდეგეები სიტუაციას რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომად წარმოაჩენენ – თბილისის გაკონტროლების მიზნით – შიშობენ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ბოლო შანსი აღმოჩნდეს მთავრობის პრორუსული კურსის შესაკავებლად. 

„ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი და ვიცით, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა“, – აცხადებს ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე, – „ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევნადაც ვთვლით“.

არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც პრემიერ-მინისტრის გიორგი კობახიძის ოფისი „ნიუსვიქისათვის“ კომენტარს არ აკეთებენ. ჩუმად არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დასავლეთის ქვეყნები აპროტესტებენ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ კურსს, რომელიც, მათი აზრით, ავტორიტარული და ანტიდემოკრატიულია. ამას წინათ, ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოური ჩარევების აღსაკვეთად, პარლამენტმა მიიღო რუსული კანონის მსგავსი სამართლებრივი აქტი „უცხოური აგენტების“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“) შესახებ, რომელიც დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანოზაციების დასავლური დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული.

შეიძლება ითქვას, რომ  დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ასაწყობად ათწლეულობით გაწეული შრომა წარუმატებელი გამოდგა: საქართველო, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ნატოსა და ევროკავშირის მიღმა რჩება. არადა, კრემლის პირისპირ მდგარი თბილისი იმედოვნებდა, რომ დასავლეთისგან ეკონომიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს მიიღებდა

ამასობაში კი რუსეთ-უკრაინის ომმა გააძლიერა ეჭვი, რომ მსგავს საგანგებო სიტუაციებში საქართველოს დასავლეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს ეჭვი ქართველების ცნობიერებაში ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა 2008 წელს, რუსეთის აგრესიის დროს, საქართველომ დახმარება ვერ მიიღო. დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს.

„დასავლეთი სტრატეგიულ მეტოქეობას აგებს, – აღნიშნავს „ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია, – რეგიონში თავიანთი ინტერესები აქვთ ჩინეთს, თურქეთს, ირანს და რუსეთს. საკითხი მხოლოდ საქართველოს კი არ ეხება, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიას“. პოლიტოლოგის აზრით, ჰიპოთეტური ომის შედეგები, თავისი მნიშვნელობით, კავკასიის ჩარჩოებს სცილდებიან.

„საქართველოს დაკარგვა აშშ-ის, ნატოსა და დასავლეთისათვის ძალზე სერიოზული მარცხი იქნება, თავისი გეოპოლიტიკური შედეგებით – როგორც სტრატეგიული, ისე სიმბოლური მნიშვნელობით“, – თვლის ლაურა ლინდერმანი, აშშ-ის ატლანტიური საბჭოს ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

„საქართველო ევრაზიის შიდა რეგიონებისა და ევროპის დამაკავშირებელ ქვეყანას წარმოადგენს. ეს გარემოება ზრდის მის მნიშვნელობას დასავლეთისათვის, განსაკუთრებით კი ევროპისათვის, რომელიც ცდილობს ენერგეტიკული უზრუნველყოფის დივერსიფიცირება განახორციელოს, განსაკუთრებით კასპიის ენერგორესურსების მიღების მიზნით. საქართველოს დაკარგვა ვლადიმერ პუტინის გამარჯვება და ნატოსა და დასავლეთის დიდი სირცხვილი იქნება“, – ხაზს უსვამს ლაურა ლინდერმანი.

უკანასკნელ თვეებში საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა, თუმცა თეორიულად საქართველოს კვლავს სურს ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. ივლისში ბრიუსელმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში წევრად მიღების პროცესი, რომლის მიზეზი ზემოთ ნახსენები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება გახდა. ბრიუსელმა ასევე დაამუხრუჭა 32 მილიონდოლარიანი სამხედრო დახმარების გაწევაც. „და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა მაშინ პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თავის მხრივ, უკმაყოფილების ნიშნად, პენტაგონმაც გადადო ყოველწლიური საზაფხულო სამხედრო წრთვნები (კოდური სახელწოდებით Noble Partner), რომელიც აშშ-ის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე ტარდებოდა ხოლმე. ამერიკამ ასევე გამოაცხადა იმ ქართველი პოლიტიკოსებისათვის ვიზების გაცემა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის დარღვევაში.

„ჩვენ ისე ახლოს ვიყავით დასავლეთთან ინტეგრაციასთან, როგორც არასდროს. ეს იყო ინტეგრაციის რეალური გზა, პირველი მცდელობა ჩვენს ისტორიაში“, – სინანულით ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე კრევო-ასათიანი, – ახლა კი ყველა პროცესი გაყინულია. დადგა დიპლომატიური კრიზისი ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში“.

პრიორიტეტების ცვლა შესამჩნევია თბილისში არსებული ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალური საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზეც: შენობის შესასვლელში არსებული კიბე ყვავილების გამყიდველმა დაიკავა. პირველ სართულზე მდებარე ოთახი, სადაც რამდენიმე ქვეყნის დროშა ჰკიდია, ცარიელია – სამუშაო დღის მიუხედავად. დაცვის მუშაკის თქმით, დაწესებულება არ მუშაობს, თუმცა, როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა „ნიუსვიქს“ უთხრეს, ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“. ასეა თუ ისე, ეჭვი მაინც არსებობს.

იმის გამო, რომ დასავლეთმა საქართველოს კრიტიკა დაიწყო, თავის მხრივ, მმართველმა პარტიამაც დასავლეთის მიმართ მიდგომები გაამკაცრა.

როგორც გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია სარჩელს შეიტანს სასამართლოში ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის’ აკრძალვის მიზნით. „ქართული ოცნების“ ლიდერები თვლიან, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთიდან იმართება „ომის გლობალური პარტიის“ მიერ, რომლის მიზანს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა და მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა წარმოადგენს. დასავლეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოში „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიის გავრცელებას, რაც, მაგალითად, „ლგბტ+“-საზოგადოების დაცვაში გამოიხატება.  მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს „ფსევდოლიბერალიზმის“ წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენა პარიზის ოლიმპიადის გახსნის გახმაურებული  ცერემონია, რითაც განმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ქართული საზოგადოებისათვის ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების შესახებ კიდევ ერთი ახალი კანონის მიღება.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმსაც წარმოადგენს, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს – ირჩევს მშვიდობას თუ ომს, მორალურ დეგრადაციას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, მონურ დამოკიდებულებას საგარეო ძალების მიმართ თუ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს“, – აცხადებენ პარტიაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნბულნი არიან, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ არცჩვნებში გამარჯვება უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ოპონენტების მტკიცებით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ამის არგუმენტად მოაქვთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩატარდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ: მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს წევრობას. მართალია, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს ევროპის ლიბერალური პოლიტიკა, მაგრამ მათ იზიდავს გადაადგილების თავისუფალი რეჟიმი, ვაჭრობა, სამუშაო ადგილები, რასაც, მათი აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება მოუტანს. (…)

ოპოზიცია ძველებურად საკმაოდ დაშლილია, რაც მმართველი პარტიისათვის მომგებიან სიტუაციას ნიშნავს. ექსპერტები მიუთითებენ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ კოზირზე – ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ რესურსებზე. დედაქალაქს ზემოდან მილიარდერის კუთვნილი მინა-ფოლადისაგან აგებული სასახლე გადმოჰყურებს, რომელიც ოპოზიციამ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების ნეგატიური გმირების „ბუდედ“ შერაცხა.

„ძნელია არჩევნების მოგება იმ დროს, როცა 300 ათას სახელმწიფო მოსამსახურეს მთავრობა აკონტროლებს, როცა ხელისუფლება მათ ადმინისტრაციული რესურსის სახით იყენებს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, – ისიც ანგარიშგასაწევი გარემოებაა, რომ საქართველოს საწარმოების მფლობელთა (ბიზნესმენთა) 80% მხარს მმართველ პარტიას უჭერს“.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან დასავლეთის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, მაგრამ ეჭვი შეაქვთ მათ ეფექტურობაში. „ჩვენ იმ დონემდე მივედით, რომ რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებაში ღრმად ჩანერგა აზრი – დასავლეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა მმართველი პარტიის მამაცურ მოქმედებას ნიშნავს.“, – ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი, – ისეთი შეგრძნებაა, რომ უკვე გვიანია რაიმე დაუპირისპირო ხელისუფლების პოლიტიკას“.

მართალია, მმართველ პარტიას ოპოზიცია „პრორუსულ ძალად“ ნათლავს, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია მარტივად არ არის – საქართველოს საკმაოდ წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს.

ანტირუსული და ანტიდასავლური გრაფიტები თბილისის შენობების კედლებზე მოწმობენ იმას, რომ ქართველებში მოსკოვისადმი მტრობა საკმაოდ ძლიერია. რუსეთის იმპერიამ საქართველო 1801 წელს მიიერთა, ხოლო როცა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, სამი წლის შემდეგ მას თავს რუსეთის წითელი არმია დაესხა და საქართველო ფაქტიურად ისევ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქვეყანა კვლავ სუვერენული 1991 წელს გახდა, საბჭოური იმპერიის დაშლის შემდეგ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში გორში არსებული სახლ-მუზეუმი ძველებურად რცება სალოცავ ადგილად მათთვის, ვინც საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდს სიყვარულით იხსენებს. მართალია, მუზეუმში არის მცირე გამოფენაც, რომელიც საქართველოზე რუსეთის არმიის თავდასხმასაც ეძღვნება.

„ყოფილი საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში ყველგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნოსტალგია აქვთ საბჭოთა პერიოდზე, ისინი მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ მაინც“, – ამბობს მუზეუმის გიდი კერძო საუბარში.

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია დაიწყო ნატოს ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ალიანსის დეკლარაციაში ჩაიწერა ფრაზა – „საქართველო და უკრაინა ოდესმე ნატოს წევრები გახდებიან“. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმიამ ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონში – „სამხრეთ ოსეთში“ – გაკონტროლების მიზნით შესულ ქართული ჯარის ნაწილებს უკან დაახევინა  და „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელი გახდა, რაც მოგვიანებით უკრაინაში განხორციელდება რუსეთის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ბევრ ლაპარაკობს „მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“, რუსეთის მხრიდან არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ კრემლი ოკუპირებულ ანკლავებზე – „სამხრეტ ოსეთზე’ და აფხაზეთზე – კონტროლს შეასუსტებს უფრო მეგობრული ქართული მთავრობისათვის.

საქართველოს მხოლოდ რუსეთზე არ ამყარებს იმედს – დასავლეთთან უტანხმოების გაღრმავების კვალობაზე თბილისი კავშირებს აფართოებს პეკინთანაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივის – „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ჩარჩოებში ჩინური კომპანიები საქართველოში აქტიურად აშენებენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამერიკელი ინვესტორების უარის შემდეგ სწორედ ჩინელები დათანხმდნენ შავი ზღვის ნაპირზე ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობას. აშკარად შეინიშნება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების ერთმანეთთან დაახლოებას. ჩინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ამასწინანდელ მოხსენებაში საქართველო წარმოდგენილია ისეთ ქვეყნად, რომლის საქმეებშიც აშშ არის ჩარეული.

„საქართველო სამაგალითო ქვეყანა ხდება რუსეთის პერიფერიის ქვეყნებისათვის, რომლებიც გარკვეულწილად იკავებენ როგორც პროდასავლურ, ასევე პრორუსულ და პროჩინურ პოზიციას“, – ამბობს დონალდ ჯენსენი, ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, – „საქართველო შეიძლება ნაცრისგერ ზონაში აღმოჩნდეს: არ დაექვემდებაროს რუსეთს, გაატაროს მრავალვექტორული პოლიტიკა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოს. შესაძლოა, რუსეთის სხვა პოსტსაბჭოელი მეზობლები სწორედ ასეთ კურსს გაატარებენ“.

წყარო

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი:

№1828 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის: (ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; (ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით; (გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; (დ) მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მიმართებით; (ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; (ვ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.

№1829 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

№1834 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: (ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.

№1837 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ყველა დაბრკოლებას გადალახავთ და იმ საკითხების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. დღევანდელი შეხვედრა დიდხანს გემახსოვრებათ, ხოლო ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

კურო

უარყოფითი ტენდენციების მიუხედავად, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და პოზიციებს არ თმობთ. ასეთი განწყობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
ეცადეთ ფული მომჭირნედ და გონივრულად ხარჯოთ, რომ ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ. ამ დღეს ავანტიურებსა და საეჭვო ღონისძიებებში მონაწილეობა კატეგორიულად აკრძალულია.

ტყუპები

ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და კონფლიქტების პროვოცირება არ მოახდინოთ. ამ დღის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, გსურთ თუ არა კომპრომისებზე წასვლა. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ, თორემ ვიღაცამ შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.
თქვენი დახვეწილი იუმორი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს წვრილმანებს ყურადღებას აქცევთ, მაგრამ შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. აუცილებელი არაა, რომ საკუთარი იდეებისა და აღმოჩენების შესახებ ყველას უამბოთ – შეიძლება ვიღაცამ თქვენი იდეა მიითვისოს.
ფრთხილად იყავით – შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

ლომი

გირჩევთ წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. შეიძლება მცირე სირთულეები წარმოიქმნას, მაგრამ მათთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ. საშუალება გექნებათ, რომ ძველი კონფლიქტები მოაგვაროთ და გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევა და სასიამოვნო სიურპრიზები. მეგობრების დახმარებით ისეთ შედეგს მიაღწევთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით.
შესაძლოა, გარკვეული გეგმების განხორციელებაში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარონ. იფიქრეთ იმაზე, საპასუხოდ რა შეგიძლიათ გააკეთოთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვან ამოცანებზე მუშაობისთვის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სასწრაფო მივლინება ელის. მივლინება წარმატებით დასრულდება და გარემოს შეცვლა სარგებელს მოგიტანთ.

მორიელი

ეს დღე ფიქრისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მოქმედებისთვის. სწორედ ამიტომ სანამ ახალი იდეის განხორციელებას დაიწყებთ, მოსალოდნელ შედეგებზე უნდა დაფიქრდეთ. საღამოს შეიძლება ძველი ნაცნობი ნახოთ და წარსულის გახსენების გარდა, სამომავლო გეგმებიც განიხილოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ. საერთო ენას სრულიად უცნობ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ და შეგიძლიათ ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდეთ მათთანაც კი, ვინც არავის ეხმარება და არავისთან თანამშრომლობს. სასარგებლოა იდეების, გეგმებისა და სიახლეების განხილვა და აზრების გაცვლა-გამოცვლა. შანსი გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გონივრული რჩევა მიიღოთ, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ.

თხის რქა

არც ისე იოლი დღეა, მაგრამ მთავარია, სიტუაცია სწორად შეაფასოთ და ილუზიებს არ აჰყვეთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც საგნებს რეალურად ხედავს და მზადაა, თავისი აზრი გაგიზიაროთ. ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ. ფრთხილად იყავით, თუ ვინმე მოგებიან გარიგებას დაჟინებით გთავაზობთ ან რაღაც ავანტიურაში თქვენს ჩართვას ცდილობს. ერთი შეხედვით მაცდური წინადადებაა, მაგრამ ძალიან საშიში, ამიტომ უარის თქმა ჯობს.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და გონებრივი მუშაობისთვის.
ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო დაგიპირისპირდათ და თქვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს უსაფუძვლო ეჭვებია. ეცადეთ საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ და რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობა დაამყაროთ.

თევზები

ეცადეთ მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა შეინარჩუნოთ – მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება რთულია. საკითხი, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ.

„ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება…“- გიორგი მამარდაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი – გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულს” შეუერთდა.

ცოტა ხნის წინ, მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„მოგესალმებით
ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.
ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.
ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!“,-წერია გავრცელებულ წერილში.

,,რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას”- დიმიტრი ხუნდაძე

რადიკალები უძლურები აღმოჩნდნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როცა შეეცადნენ მისთვის რუსულის დარქმევასა და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, “ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს”.

„რადიკალები შემდეგ უკვე ითხოვდნენ, რომ არჩევნების მერე განხილულიყო ეს კანონი, რითაც ცდილობდნენ გარე დაფინანსების ინტერესები გაეტარებინათ.

ისინი სწორედ იმაზე დაფუძნებულები არიან, რაც იკრძალება და სწორედ ეს არ სურდათ სცოდნოდა ქართულ საზოგადოებას, რომ გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას. ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

,,მსგავსი გადაწყვეტილება იქნება „ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა“- მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება – მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.

როგორც სააკაშვილიაღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება „ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა“.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში „ქართული ოცნების“ ჩამორჩენა.

„ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა – ზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, ასეთი რამ ფორმალურად პუტინის რუსეთშიც არ გაუკეთებიათ. თუმცა, ნათელია, რომ ეს მზაკვრული გეგმა, სწორედ რუსეთიდან არის გამოგზავნილი.

თუ, მაგალითად, ზიარებისას ცნობილი გახდა, რომ თქვენ არ ეთანხმებით ივანიშვილს, თქვენ შეიძლება განგკვეთონ.

გავიფიქრე, რომ ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რომელსაც მთელი ერის წინააღმდეგობა უნდა გამოეწვია და მე ამის დიდი იმედი მქონდა, რადგან ვფიქრობ, რომ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, ეკლესიაშიც არიან მოუსყიდველი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც არ დათმობენ პრინციპებს და არ გაათელინებენ ეკლესიას დიქტატორს.

მე, რომელმაც კარგად ვიცი, როგორ ეჯავრება ივანიშვილს ეკლესია, ვხვდები, რომ ეს არის დედა ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა. ეს არის მის ჩანაფიქრებში ყველაზე მზაკვრული იდეა.

ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს.

ამას ვამბობ მე, მორწმუნე ქრისტიანი, რომელმაც შემოვიტანე ხუთჯვრიანი დროშა, აღვადგინე ბაგრატის ტაძარი, ისევე, როგორც არაერთი ეკლესია-მონასტერი. მნიშვნელოვნად გავზარდე ეკლესიის დაფინანსება და ავტორიტეტი, რისთვისაც არაერთხელ კრიტიკაც მიმიღია, მაგრამ არასოდეს მინანია. იუსტიციის მინისტრობისას, ჩემი ინიციატივით, ხელი მოვაწერეთ კონკორდატს პატრიარქთან ერთად.

თავისი ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში მისი პარტიის ჩამორჩენა ოპოზიციასთან შედარებით.

მისი აზრით, ალბათ შეიქმნება ეკლესიის საქმეთა სამინისტრო და სურს დანიშნოს “თავისი კაცი”, რომელიც გააკონტროლებს ეკლესიას. რუსეთის იმპერიაში ასეთ თანამდებობას ეწოდებოდა ობერ-პროკურორი, აქ ალბათ იქნება ,,ჭორვილელი ზედამხედველი“.

ასეთ სიტუაციაში რა საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა და 60%-ზე საუბარი – ბარემ პლებისციტი ჩაატაროს და გამოჩნდება, თუ რამდენია ამ უგუნური და მავნებლური გადაწყვეტილების მომხრე ქვეყანაში.

ამ კრიტიკულ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სიმტკიცე! ეს არის გამარჯვების გზა. დროა გამოვფხიზლდეთ!“, – წერს სააკაშვილი თავის წერილში.