Home Blog Page 67

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე -ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი როლი იყო განსაკუთრებული.

„ბატონ ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა საბოლოო ჯამში აქაც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმოქმედეს სამართალდამცავმა უწყებებმა და მოხერხდა თვისებრივად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება, არჩევნების დღის ჩათვლით.

ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს. რა თქმა უნდა, მათი როლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას განსაკუთრებული მადლობა არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცესკო-ს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა. პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმებიც დათვლილი იქნა ელექტრონული წესით. განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისევე როგორც სხვა ამოცანებს, სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკო-ს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი – პრემიერი

ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშე წარადგენს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ მოგვიწევს, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით და ეს პროგრამა ეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც წარადგინა მმართველმა გუნდმა. ამ პროგრამას აქვს ერთი საერთო მიზანი. ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას – ეს მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა – ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა.

მისი თქმით, ის, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მეტყველებს, „როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“.

„მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, იმიტომ, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში.  

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია – ოლექსი გონჩარენკო

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ცდილობს რა ამჟამინდელი მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას არჩევნების შემდეგ, რომელიც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისიდან გამგზავრებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ორბანი იყო პირველი, რომელმაც მიულოცა საქართველოს მმართველ პარტიას ხმების დათვლამდე, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია.

„ახლა ის ჩამოდის აქ, რათა აჩვენოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ასევე არ დამვიწყებია ის, რომ ორბანი ახლა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა. იმედი მაქვს, იქნება მკაფიო პოზიცია ევროკავშირის მთავარი ძალებისგან, რომ ორბანი არ მოქმედებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის რანგში, არამედ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში – ეს ამაზრზენია“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

ის ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ახლა სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ხალხია.

„დღეს ოპოზიცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, იწყებს საპროტესტო აქციებს. ვნახავთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. აშკარაა, რომ რუსეთი აკვირდება, თვალყურს ადევნებს და ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას. საქართველოში ბევრი რუსი პროპაგანდისტი იმყოფება და ისინი ყველა მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. ახლა ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია. იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში იქნება დამოკიდებული. საქართველოს გაუმარჯოს“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის, სავარაუდოდ მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის -ტულსი გაბარდი

ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „დემოკრატი“ კამალა ჰარისისვის მიცემული ხმა ომისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს.

„ასეთი არჩევანის წინაშე ვართ – კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა ნიშნავს და ეს არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის, სავარაუდოდ მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის. დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმა კი არის ხმა კაცისთვის, რომელსაც ომების დასრულება და არა მათი დაწყება უნდა“, – განაცხადა მან.

გაბარდმა „დემოკრატიული პარტია“ 2022 წელს დატოვა, გასულ კვირას კი „რესპუბლიკელი“ გახდა.

ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება -ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს არც ქართულ საზოგადოებაზე ექნება გავლენა, არც უცხოელ პარტნიორებზე.

„ე.წ. პრეზიდენტის ეს განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს მან და მის გვერდით მყოფმა „პოლიტიკოსებმა“, ამას ქართულ საზოგადოებაზე უკვე არანაირი ზეგავლენა აღარ ექნება. ისინი ვერც უცხოეთში გაყიდიან ამ თავის ნარატივს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები -ენტონი ბლინკენი

ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ ანგარიშებს.

საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.

სამომავლოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩადებული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და ყველა ქართველი მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ჩავალ მარნეულში, ქვემო ქართლში, შევხვდები და გავამხნევებ ხალხს, რომელიც მძევლად აიყვანა „ოცნებამ“ – ანა დოლიძე

გვახსოვდეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. პროევროპულმა ოპოზიციამ აიღო მილიონ ნახევარზე მეტი ხმა. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ეკუთვნის ხალხს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ის რეგიონებში ჩასვლას და ამომრჩევლის გამხნევებას გეგმავს.

„ხალხს, რომელსაც მოჰპარეს არჩევანის უფლება მხარში უნდა დავუდგეთ. ამიტომ

მე ახლა ჩავალ მარნეულში, ქვემო ქართლში, შევხვდები და გავამხნევებ ხალხს, რომელიც მძევლად აიყვანა ოცნებამ.” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიას პასუხობს – ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა ოთხი წლის, რვა წლის და 12 წლის წინაც

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს“.

როგორც ქარუმიძე წერს, ნამდვილად ასეა და 26 ოქტომბერსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„დიახ, ნამდვილად! ასევე ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას. იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა ოთხი წლის წინ. და რვა წლის წინ. და იცით რა? ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას 12 წლის წინაც!”, – წერს ქარუმიძე სოციალურ ქსელში.

https://x.com/KarumidzeL/status/1850619875951276516

საქართველოს დღეს ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტი ორდღიანია.

ვადამდელი არჩევნების შედეგად, იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ასეთი რამ 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა გუნდმა უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 233 მანდატი ვერ მოიპოვა.

პრემიერმა სიგერუ ისიბამ მზადყოფნა გამოთქვა, მთავრობის დაკომპლექტებისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან გამართოს კონსულტაციები, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში ისიბას ინიციატივით დაინიშნა, მას შემდეგ რაც ის ლიბერულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი გახდა. ის ამ არჩევნებს განიხილავდა როგორც თავისი პრემიერობის საჯარო მანდატს.