Home Blog Page 667

,,ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ”- კახა კალაძე

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ორგანიზატორებს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მან ამ ტემაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა.

„ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დღეს ვინც უწევს ევროპას, ევროპულ მომავალს, არიან ზუსტად ეს ადამიანები და ის სამწუხარო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და არა ის სიბინძურეები, რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კატეგორიულად მიუღებელია ისიც, რომ იმ სიბინძურეებს, რასაც ესენი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, დემოკრატიის შუქურად გვიფასებდნენ და ამის „შემოტენვას“ ცდილობდნენ საზოგადოებისთვის.

თურმე, ის იყო ნორმა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დაგეხოცა, პატიმრები ციხიდან გამოგეყვანა და ფურცელზე დაწერილი ჩვენება შეგეჭმია, გადაესკოჩათ, გაეუპატიურებინათ და ეს იყო დემოკრატიის შუქურა. მეგობრებო, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის დემოკრატიით შენიღბვასაც ცდილობენ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეს ძალა თავისი მოღვაწეობის პერიოდში ამკვიდრებდა ფაშიზმს”- ირაკლი კირცხალია

საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, როდესაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აორგანიზებს აქციას ევროპისა და ევროპული ღირებულებების სახელით, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

„ეს ძალა თავისი მოღვაწეობის პერიოდში ამკვიდრებდა ფაშიზმს, შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, დღემდე არანაკლები ფაშიზმით არიან დაკავებული. კარგად უნდა გაიგონ როგორც მათ, ასევე მათმა პატრონებმა და ღია ლობისტებმა, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ და ნიღაბი ჩამოიხსნეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და დარწმუნებული ვარ იციან, რომ ყველა კვლევით, 60% არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“, – განაცხადა კირცხალიამ.

„ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს”- კახა კალაძე პრეზიდენტზე

სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები – ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია“.

ამასთან, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.

ამ ყველაფერს, ვერც ზურაბიშვილი და ვერც აღნიშნული მარშები ვერ შეაჩერებს, ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს რომ მეორე ფრონტი გაიხსნას და ის მდგომარეობა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, ეს არ მოხდება.

ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა კანონები და კონსტიტუცია. პირველი უნდა იცავდეს, თუმცა სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს, ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს. ყველა რადიკალი, რომელიც წარმოდგენილია ამ ე.წ. ოპოზიციით, ვიცით რომ აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ. მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეულები. ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს. სატელიტებთან ერთად ყველას გაეცემა პასუხი!“, – აღნიშნა კალაძემ.

,,მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!”- პრეზიდენტი

არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა, დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედნიდან მიმართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„დიდი სიყვარულით, დიდი ემოციით მინდა, მოგესალმოთ ამ საღამოს. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა – გაბრიელი. და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს დგას ჩემ წინ, არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინაა ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს, თუარადა სამსახურს დაკარგავენ. არავინ, არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, თუ არა, სტიპენდიაც არ გექნება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო. ოღონდ, გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ღირსეული ისტორიის. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში.

მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის აქედან, თქვენგან და ვუთხრა, ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის, იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკლებს და ვუთხრა, რომ როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ. არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე თუ ან რომ, ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი, მადლობა თქვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

,, ომის შემდეგ რუსეთის არმია უფრო ძლიერი იქნება”- ევროპაში NATO-ს ძალების მეთაური

რუსეთმა უკრაინაში საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა. მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სწავლობენ, აუმჯობესებენ და იყენებენ ომის გამოცდილებას. ამის შესახებ Der Spiegel-ს ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განუცხადა.

„უკრაინის ომის დასასრულს, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ის, რუსული არმია უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის. ეს ძალები ჩვენი ალიანსის საზღვარზე იქნებიან. მათ იგივე ხალხი მეთაურობს, რომელიც უკვე მტრებად აღგვიქვამს და შემდეგ ძალიან გაბრაზდებიან იმით, თუ როგორ დასრულდა ომი. ასე რომ, გვეყოლება მოწინააღმდეგე, რომელსაც აქვს რეალური უნარები, არის მასობრივი და აქვს მკაფიო ზრახვები. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და გვჭირდება სამხედრო ძალები, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ“, – თქვა კავოლიმ.
გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ალიანსისა და უსაფრთხოებისთვის მთელ

ევროპაში, რადგან მოსკოვი სულ უფრო მეტად თამაშობს ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა. ეს მას გლობალურ პრობლემად აქცევს, სრულიად ახალი დინამიკით.

„საფრთხე ძალიან სერიოზულია. მირჩევნია, აღვწერო, რამდენად მწვავეა ის ჩვენთვის. ნატოს უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ჩვენს მოწინააღმდეგეს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე მოთხოვნები. როცა ვამბობ სწრაფად, ვგულისხმობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო სწრაფები, ვიდრე რუსები არიან. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მათ შეკავებას“, – აღნიშნა ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა.

თუ ჰერჩინსკი ზურაბიშვილის ქარტიას მხარს უჭერს, ეს კიდევ ერთი ფაქტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის – არჩილ გორდულაძე

“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ ჰერჩინსკი ზურაბიშვილის ქარტიას მხარს უჭერს, ეს კიდევ ერთი ფაქტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის.

გორდულაძის თქმით, საკითხავია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა ისე ფიქრობს, როგორც ბატონი ჰერჩინსკი საუბრობს თუ არა.

“სალომე ზურაბიშვილმა თქვა, თურმე, ევროკავშირის ელჩის ემხრობა იმ ქარტიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის თავზე ჩამოქცევას გულისხმობს და ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. თურმე ქართველ ხალხს არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება, ძალა რომელიც ჩვენ ქვეყანას წინ წაუძღვება. ამ ყველაფერს თუ ეთანხმება, მათ შორის, ჰერჩინსკიც ეს ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთი ფაქტია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის. ისევე მიუღებელია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის, როგორც მიუღებელი იქნებოდა იმ 27-ვე ქვეყანაში, რომლის სახელითაც საუბრობს ჰერჩინსკი. ისიც საკითხავია 27-ვე ქვეყანა ისე ფიქრობს, როგორც ბატონი ჰერჩინსკი საუბრობს თუ არა”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

,,ქართველები ისევ ისტორიას წერენ – თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია”- მიხაილ როთი

ქართველები ისევ ისტორიას წერენ!, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება თბილისში მიმდინარე მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

როთის თქმით, „დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“.

„თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია”, – წერს როთი.

,,მჯერა, რომ მარში არის ხალხის ორგანიზებული, ვინმე ვინმეს ეძახის, გამოდიო? – ნადიმ ხმალაძე

ხალხს არ უნდა ის, რასაც 12 წელიწადია გვახვევს თავს რუსული ხელისუფლება, რომელმაც დაირქვა „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა, აქტივისტმა, ნადიმ ხმალაძემ დღევანდელ მარშზე განაცხადა.

ხმალაძის თქმით, დღევანდელი დღე საზოგადოების მიერ არის ორგანიზებული.

„ჩემთვის არის ძალიან მაგარი დღე მხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯვების დასადასტურებლად ჩვენ შევიკრიბებით 26 ოქტომბერს. ქართველი ხალხის ორგანიზებულია ეს, კონკრეტულად არავის უთქვამს ჩემთვის, ამიტომ, მე მჯერა, რომ ეს არის ხალხის ორგანიზებული. ვინმე ვინმეს ეძახის, გამოდიო? არავინ არავის ეძახის. ამ ხალხს არ უნდა ის, რასაც 12 წელიწადია გვახვევს თავს რუსული ხელისუფლება, რომელმაც დაირქვა „ქართული ოცნება“, – განაცხადა ფხალაძემ.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში იმართება.

,,ქართველი ხალხი არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში მოექცევა, არასდროს!”- გიორგი ვაშაძე

მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ – ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ,­ რომ ეს არის რეფერენდუმი, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე, მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა.

„მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავინახოთ, რათა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ამ არჩევნებს ვიგებთ, იმიტომ, რომ ეს არის რეფერენდუმი. მაგალითად: 41 ხაზავ ნიშნავს – არა ევროკავშირს, თუ 5 ნომერს ხაზავ ნიშნავს, რომ მხარს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას უჭერ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი გავამხნეოთ და დავინახოთ, რომ ჩვენ მეტნი ვართ. არასდროს ქართველი ხალხი, არც ბოდიშს მოიხდის, არც დაიჩოქებს და არც იზოლაციაში არ მოექცევა. ეს ხომ ღირსების მქონე ერია?! ჩვენ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ამ ღირსებით მოვდივართ. უღირსები ხელისუფლებაში მოექცნენ და ისინი უნდა გავისტუმროთ, გავუშვათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, დღეს, მარში სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება. ამ დროისთვის, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან

,,ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს”- ნიკა გვარამია

ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

„ჩვენ ახლა მივდივართ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ მთელი ქვეყანა – ევროპაში. სინამდვილეში, ვისაც არ უნდა ვაძლევდეთ ხმას, ეს გვინდა, მაგრამ ზოგმა ამომრჩეველმა არ იცის, რომ ვისაც ის ხმას აძლევს შეიძლება ის სულ სხვაგან მიდიოდეს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და ყველას, საკუთარი არჩევანის ჩათვლით, დაანახოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში. ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ეს სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა, არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები დარწმუნებული ვარ, აქ იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ქართველი ადამიანიც იქნება აქ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 ,,ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს”- ევროკავშირის საელჩო ზურაბიშვილის განცხადებაზე

ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, – ამგვარი პასუხი მიიღო „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

„თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს.

ჩვენ აგრეთვე ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი ღიაა კონსტურქციულად მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.

რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რომელიც განაახლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძირითადი ფასეულობებზე დაყრდნობით, რაზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, – აღნიშნულია საელჩოს პასუხში.

„ქრონიკამ“ საელჩოს შემდეგი კითხვით მიმართა:

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს ქარტიას და მის სამოქმედო გეგმას.

თუ შეიძლება განგვიმარტოთ, ადასტურებთ თუ არა პრეზიდენტის განცხადებას და ეთანხმებით თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საქართველოში?“

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.

სი ძინპინმა იცის, რომ გიჟი ვარ – პუტინს ვუთხარი: თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის “გიჟია”.

ტრამპის მტკიცებით, არ მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება ტაივანის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად.

„პრეზიდენტი სი პატივს მცემს და მან იცის, რომ გიჟი ვარ”,- აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაემუქრა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა.

„ვუთხარი: მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ. ჩვენ მეგობრები ვართ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს, არანაირი“, – აღნიშნა ტრამპმა.