Home Blog Page 662

,, ისტორიის ამ უგრძეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა, არა როგორც ტერიტორიის, არამედ, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის”- შალვა პაპუაშვილი

მოგესალმები ქუთაისო. მოგესალმებით იმერლებო. მოგესალმებით ადგილზე, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს დავით აღმაშენებელს ფეხი აუდგამს და მისი განსასვენებელი დაუმკვიდრებია. მოგესალმებით ქალაქში, რომელიც საქართველოს ერთიანობის და უძლეველობის მარადიული ნიშანსვეტია.

ანტიკური სამეფოს დედაქალაქი, ბაგრატ III-ის საქართველოს ერთიანობისთვის დაწყებული ბრძოლა, დავით და კონსტანტინე, ბაგრატი და გელათი, აკაკი და გალაკტიონი. აი ეს, და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარსა და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას.

დღეს შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს, რომ საქართველო ჩვენით არ იწყება. რომ ისტორიის ამ უგრძელეს გზაზე ჩვენ ჩვენი მისია გვერგო, და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა. სახელმწიფოსი, არა როგორც ტერიტორიის, არამედ, სახელმწიფოსი, როგორც თვითმყოფადი ერის ერთობის.

„სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა” – აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ.

ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმენით თვითმყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი, ჩვენ ერს, თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა, გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია.

მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი უგულებელყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონარ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს. ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს – მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი – მშვიდობაა.

და ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოსცდება კითხვა: 

– სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

– ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, ესაა ევროპა?

– კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა?

– თავად ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

რა თქმა უნდა, არა. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს.

ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა, შინ და გარეთ, დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე.

26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.

მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება!

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში. სრულად

ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო საყვარელო იმერლებო სილაღით, იუმორით, სტუმართმასპინძლობით განთქმული ქალაქიდან- ქუთაისიდან! ბედნიერი ვარ, ამდენ გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს რომ ვხედავ! საქართველოს მეორე დედაქალაქად წოდებული ეს უძველესი ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო და არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი.

მისი შემოგარენი მდიდარია ქართული არქიტექტურული შედევრებით, უდიდესი სალოცავებით, რიღაც ამაყობს თითოეული ქართველი. აქვე, გელათში განისვენებს საქართველოს ყველაზე დიდი მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, რომლის დროსაც დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა; რომლის მოღვაწეობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ არა პატარა, არამედ დიდი ერი. უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ამან გადაარჩინა ქართველი ერი, გაუძლო უამრავ შემოსევას, შიდა თუ გარე მტერს და დგას მტკიცედ. ვერასდროს, ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს. ამ თავგანწირვის, ბრძოლის მაგალითი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს სადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. მეგობრებო, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას. რომ აღარაფერი ვთქვათ შორეულ წარსულზე, ეს ხომ ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია. ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა.

დღეს ჩვენი ვალია, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა. მეგობრებო, საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ- სტაბილურობა; სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის! სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაფარჩაკებული, განადგურებული ოპოზიცია მწყობრიდან გამოიყვანა- ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას „არა ომს”. დიახ, არა ომს! გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით ვუსურვებთ მთელ მსოფლიოს! ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაში; რომ არ შეიძლება საქართველო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არა აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება გული შესტკიოდეთ სხვა რომელიმე ქვეყანაზე? ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი, მოსახლეობა და სწორედ თქვენ ხელშია მისი მომავალი. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება”! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია!”- ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო იმერლებო, მივესალმები ქუთაისს და მივესალმები იმერეთს! მივესალმები ჩვენს უღალატო თანამებრძოლებს, ჩვენს მაგარ ხალხს, განსაკუთრებით პოზიტიურ ხალხს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებს, როცა ჩვენს სამშობლოს სჭირდება, დიდი მადლობა მეგობრებო თქვენი ერთგულებისთვის და თქვენი თანადგომისთვის!

მეგობრებო, მოდით, ყველა ერთი წუთით დავფიქრდეთ თუ როგორ საქართველოში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს თუ რამდენად გაუმჯობესდა ვითარება დღევანდელ საქართველოში? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ობიექტური პასუხი არსებობს: როგორც შავი და თეთრი ფერი ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო!

ყველას კარგად გვახსოვს და არასოდეს არ დაგვავიწყდება თუ როგორი საშინელი მდგომარეობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე… შიში, ტერორი, ჩაგვრა, უსამართლობა სუფევდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს. ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ღვთისგან ბოძებული თავისუფლება, არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა, მედია, ბიზნესი… ხალხი საშინელი ძალადობის, ტერორის, წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. და გვახსოვს, რომ ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ, უსამართლოდ იჭერდნენ უდანაშაულო ადამიანებს და ჯოჯოხეთურ ციხეებში ტანჯავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ართმევდნენ სახლ-კარს, ბიზნესს, ქონებას, ტელევიზიებს და სააკაშვილის რეჟიმმა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა! მთელი ქვეყანა და ხალხი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და ამ უბედურებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ხალხს თავზე დაატეხა საშინელი ომი, საშინელი განსაცდელი, რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ჩვენ დავკარგეთ დროებით 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, რომელიც მანამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, სამოქალაქო პირები და ქვეყანაში სრულმა უიმედობამ დაისადგურა…

მაგრამ ასეთი განსაცდელის დროს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოვიდა და ღირსეულად დაამარცხა ეს ბოროტება და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა!

1 ოქტომბერს გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე! და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და დამარცხდა ბოროტი, ქართველი ხალხის მჩაგვრელი, ქვეყნის და ხალხის მოღალატე რეჟიმი!

2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ მეგობრებო, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მოუტანა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, მოიტანა დიდი პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, ისრაელთან…. 12 წელში ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი რითაც მაქსიმუმი გავაკეთეთ. და რაც მთავარია, ყველაზე რთულ დროს, გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში, მრავალი, შიდა და გარე ძალების მიერ ორგანიზებული, ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, დესტრუქციული ქმედებების, გარედან უხეში ჩარევების და დიდი ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდექით მტკიცედ და ქვეყანას ავარიდეთ ომი და შევინარჩუნეთ მშვიდობა! რა თქმა უნდა ყველა ეს მიღწევა პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

ჩემო მეგობრებო, დღეს ბრძოლა გრძელდება! და გამარჯვებამდე 1 კვირა დარჩა! 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების სანაცვლოდ მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში და ბომბების წვიმაში, ეს ხალხი, რომელიც დღეს წარმოდგენილია 4 პარტიად, რეალურად ერთი ბოროტი ძალაა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, მათ სურთ სანქციების დაწესება და ახალგაზრდების ომში გაგზავნა, აი ეს ბოროტი ძალა, რომელიც 4 ფრონტად არის წარმოდგენილი, ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და მათი 2 დანამატი, თქვენ იცით კარგად, სააკაშვილის ბიზნეს-რეკეტიორი, სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითი ხაზარაძე, სამშობლოს და ჩვენი გუნდის მოღალატე გახარია. დღეს პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტად, ვინც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში ესენია სწორედ ხაზარაძის და გახარიას პარტიები. სწორედ ფარისეველი ხაზარაძის და გახარიას პარტიები ცდილობენ ბარიერი გადალახვას იმისთვის, რომ შემდეგ ნაცებთან შევიდნენ კოალიციაში.

შესაბამისად, ამიტომაც, ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს.

შესაბამისად, მეგობრებო, ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის ხმის მიცემა ნიშნავს სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კოალიციისთვის ხმის მიცემას. ეს ნიშნავს ხმის მიცემას საქართველოს ომში ჩართვაზე და ქვეყნის დანგრევაზე, ეს ნიშნავს ხმის მიცემას ხალხის განადგურებაზე, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევაზე, ეს ნიშნავს ხმის მიცემას სანქციების დაწესებაზე და ჩვენი ეკონომიკის დანგრევაზე, დაუსრულებელ ქაოსზე, ომის კოალიციისთვის ხმის მიცემა მეგობრებო, ნიშნავს საკუთარი შვილების ომში გაგზავნაზე ხმის მიცემას, ამიტომ დღეს არჩევანი ნათელია, ერთ მხარეს დგას ხსენებული ბოროტი ძალა, ვინც გარანტირებულად მოიტანს ომს, ქაოსს, ნგრევას და ახალგაზრდების ომში გაგზავნას, ხოლო მეორე მხარეს დგას ჩვენი ძლიერი გუნდი ძლიერი ლიდერის წინამძღოლობით, ვინც ქვეყანა გადაარჩინა, აარიდა ომი, მოიტანა 12 წლიანი მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, პროგრესი, განვითარება და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის და განვითარების მოტანა და ჩვენი ქვეყნის წაყვანა წინ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!

ამიტომ მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს, უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას, ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილი „ლგბტ“ პროპაგანდის დაკანონების მცდელობას ბაღებში და სკოლებში, ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში და ბოლოს, არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია!

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს სიკეთე, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს საქართველო! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,,ეს არის ევროპას ამოფარებული ფარსი”- ლევან მაჭავარიანი

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ეს შეკრება ფარსია.

„ხვალინდელ მარშს, ვითომ ევროპას ამოფარებულ ფარსს, აორგანიზებენ რადიკალური ძალები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის აქცია“. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ თუ მოტყუვდებიან და აქციაზე მივლენ, ეს კითხვები მაინც დაუსვან: რომ გვეუბნებოდით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ ჩვენ უნდა გაგვეღვიძა ჩელიაბინსკში, უნდა აკრძალულიყო ოპოზიციური პარტიები, მოვიდა არჩევნები და ეს არაფერი გამართლდა და დადასტურდა, რომ მათ მოსახლეობა მოატყუეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ადამიანები, რომლებიც 5 000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან კოალიციაში არ გვჭირდება, რადგან ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად ვემზადებით-დავით გამყრელიძე

გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, მინდა, მადლობა ვუთხრა სუს-ს, რომ ასე გვეხმარებიან იმ სუსტი რგოლების, ადამიანების გამოვლენაში, რომლებიც 5 000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციაში არ სჭირდებათ ასეთი ადამიანები.

„არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება, სუს-ი ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ. ალბათ ყველამ იხილა ის ქსენოფობიური განცხადებები და თავდასხმები მამუკა ხაზარაძის მისამართით, ბრალდებები და შეურაცხყოფები, რომლებიც ისმის ჩვენი კოალიციის ლიდერების მისამართით, თითქოს რაიმე კავშირი არსებობდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებთან. გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, პროტესტს აცხადებს და ა.შ მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს, რომ ასე გვეხმარებიან იმ სუსტი რგოლების, ადამიანების გამოვლენაში, რომლებიც 5 000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან. დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები კოალიციაში, რადგან ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ამ სახელმწიფოს რუსული ჭაობიდან ამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლადა. ასეთი სუსტი ადამიანები, ჩანერგილი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სუს-ს და ხელისუფლებას, რომ გვეხმარებიან ამ სუსტი რგოლების გამოვლენაში. თუ კიდევ არის ვინმე, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ, ათქმევინოთ, ფული გადაუხადოთ, რომ ჩვენ გასუფთავებული სიით და შემადგენლობით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი, ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს -თინათინ რუხაძე

ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი, ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს,-  წერს სოციალურ ქსელში კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე.

როგორც თინათინ რუხაძემ აღნიშნა, შეეცდება იყოს განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული, ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური.

„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ გუნდის შეთავაზება მიღებულია!

თითქოს ყურში მესმის, რას მეტყოდა დედა, რომელიც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ღვაწლმოსილი ადამიანი იყო; რას მეტყოდა ვიტალი ნოდია, ვისაც ძალიან ვენდობოდი, რას მეტყოდა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც სიყვარულის გარდა ჩემს პროფესიაში ცოდნა, გამოცდილება და გამბედაობა მომცა, მომცა რწმენა იმისა, რომ ვინც არაფერს აკეთებს, ის შედეგსაც ვერ იღებს! რომ შეფასებას, კრიტიკას, საქმის კეთებას, სხვისი ნაღვაწის დაფასებას ან უკეთესის გაკეთებას ნიჭი და უნარი უნდა!

35 წელია ვმუშაობ. ბევრი მაქვს გამოვლილი. ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, თუმცა ცუდი მაგალითებიც მქონდა. ვისგან უფრო მეტი ვისწავლე? არ ვიცი! უნარები კი ნამდვილად განმივითარეს. ამის გამო ვარ ალბათ ასეთი. ვფიქრობ, ვარ შრომისუნარიანი, მიზანმიმართული, სტრესგამძლე და ჯიუტიც კი! ნამდვილად ვარ ღია და ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი, სიტუაციის მიხედვით – ზოგჯერ სწრაფი და ზოგჯერ ნელი, საქმე მიყვარს და ამიტომ ვარ ემოციური! სიყვარულით გაკეთებული საქმის მჯერა! სასახლე ამის ნათელი მაგალითი. მადლობა ამ დიდი და საინტერესო გამოცდილებისთვის! მიხარია, რომ ამ საქმეს ჩემზე უკეთესი და გამოცდილი ადამიანი გააგრძელებს – ნინა ყიფიანი… მე ვუგულშემატკივრებ(სასახლეზე სხვა დროს ვრცლად დავწერ).

ბევრი ადამიანი მილოცავს, ბევრი იმედს გამოთქვამს, უხარიათ და ზოგიერთებს არა! ბევრს სათქმელი აქვს, ბევრს მოსაყოლი, ზოგიერთს საკუთარი მოტივი ამოძრავებს, ზოგს უბრალოდ არ აღელვებს ან მოვლენების განვითარებას ელოდება. მოკლედ სხვადასხვაგვარი – კეთილგანწყობილი ან ჩასაფრებული მოლოდინები გაჩნდა! და ეს პირველად არ ხდება! რაც უფრო მეტს ელოდებით, მეც უფრო მეტად მამოტივირებთ! მადლობა! და ასეთ დროს, უნდა იცოდეთ, რომ ბევრს ვფიქრობ.

აქვე გეტყვით, რომ მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები. გუნდური მოთამაშე ვარ. მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!

ვეცდები ვიყო განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული, ვიყო ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური. ძალიან ვეცდები ბევრი ვიშრომო, რომ დიდ გუნდთან ერთად, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა, ბევრი ადამიანისთვის შევქმნათ კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ჩვენი ქვეყნისთვის ამ დროისათვის საჭირო გარემო!

პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი. ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს!

მინდა იცოდეთ, რომ სულ ვფიქრობ, ღირსეულად ვატარო ჩემი ოჯახის, მეგობრების, ადამიანების ნდობა, ვინც ზურგს კლდესავით მიმაგრებს!“, – დაწერა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თინათინ რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე 18 ოქტომბერს ბრიფინგზე წარადგინა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციას ლიბანიდან გაშვებული დრონი შეეჯახა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციისკენ, სანაპირო ქალაქ კესარიაში, უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ პრემიერი და მისი მეუღლე ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნეთანიაჰუს კესარიასა და იერუსალიმში ორი კერძო სახლი აქვს, რომლებსაც აქტიურად იყენებს, ასევე დიდ დროს ატარებს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში იერუსალიმში, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები უტარდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, შაბათს ლიბანიდან ისრაელში 55 რაკეტაა გაშვებული.

20-ში “თბილისი პრაიდი” მარშით “შიგ ევროპაში” რომ გაგიძღვებათ პროდასავლელო ვაჟკაცებო! -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდსა“ და ოპოზიციაზე წერს.

„20-ში „თბილისი პრაიდი” მარშით „შიგ ევროპაში” რომ გაგიძღვებათ პროდასავლელო ვაჟკაცებო! გვერდით მეგის ქარდავა, ძმები ახალაიები, კილერა, ყავარჯნიანი გაბო, გვამების მოტრფიალე მერაბიშვილი, მეღვინე გვარამია, მევახშე ხაზარაძე, გირჩი შარვალჩახდილი, ФСБ-ლяკა და გულადი ბელადი მიშა იგულეთ!” – წერს გოგა ხაინდრავა.

https://x.com/KhaindravaGoga/status/1847604439051329578

ჯგუფი “მგზავრების” გარშემო რაც ხდება, ეს საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს -ზურაბ ქადაგიძე

ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება, ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „მგზავრების“ პირველი პოსტი ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ ისე დაწერა, რომ არც მის ძმას და არც ჯგუფის დანარჩენ წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ნინი დედალამაზიშვილმა იმ მიზნით, რომ „ბაბლისთვის” მოსაწონი ყოფილიყო, საკუთარი ძმა და მთელი ბენდი გასწირა, სწორედ ეს მიაჩნია ქადაგიძეს ლიბერალური ფაშიზმის სახედ.

„ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ და ეცადეთ, რომ ყველაფერს დაარქვათ თავისი სახელი.
ეცადეთ მაინც. ჯგუფი მგზავრების გარშემო რაც ხდება – ეს არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ ამუშავებენ პატრონები გონებადაბინდულ ლიბერალ ფაშისტებს.

მგზავრების პირველი FB პოსტი დაწერა ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ, ნინი დედალამაზიშვილმა ისე, რომ არც ძმას და არც ჯგუფის სხვა წევრებს არაფერს დაეკითხა. ეს გოგო არის ჩვეულებრივი ეკა გიგაური, ან ნინო ლომჯარია სხვა სახელით და გვარით. ფაშისტების თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ოღონდ შესძვრომოდა როგორმე თავის „ბაბლს“, „არა რუსეთს“ ლოზუნგით, გაწირა საკუთარი ძმა და მთელი ბენდი. შემდეგ ამ საქციელით რომ უნდა ეამაყა, გვარამიას არხზე მივიდა და იქიდანაც ეკეკლუცა პატრონებს. ამ დროს შოკში არიან ჯგუფის წევრები, მაგრამ ფაშისტკასგან განსხვავებით, ღიად ვერ უპირისპირდებიან სოლისტის ოჯახის წევრს. ფაშისტკა სამაგიეროდ მილოცვებს იღებს და შექებას მისნაირი გოიმებისგან.

ეგრეა რა ნაცლიბერდებილების საქმე – დაავალებენ? ოჯახსაც გაყიდიან“, – წერს ქადაგიძე.

აშშ-მა საქართველოში უნდა გაატაროს სტრატეგია, რომელიც პირობით ზეწოლას მოახდენს მთავრობაზე, ამავდროულად, მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას-ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია ანგარიშს აქვეყნებს სათაურით „მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ამჟამად თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს შორის.

„საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ბოლო პერიოდში უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია აიღო, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის უმეტესწილად პროდასავლურ განწყობებთან. ეს ცვლილებები მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და რისკებს ქმნის როგორც რეგიონული აქტორებისთვის, ასევე მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. საქართველოში სიტუაცია კომპლექსურია. წლების განმავლობაში საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნეოდა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებით. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია დაიკავა. ეს ცვლილება გამოიხატა ოპოზიციური ფიგურებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ გატარებულ ზომებში, ასევე რუსეთთან დაახლოების მცდელობებში.”-აღნიშნულია ანგარიშში.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ მიუხედავად მთავრობის ამ ნაბიჯებისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციას, რაც მწვავე წინააღმდეგობას ქმნის მთავრობასა და ხალხს შორის.

„ეს დაპირისპირება ყველაზე თვალსაჩინოდ გამოიხატა 2024 წლის გაზაფხულზე თვეების განმავლობაში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული სტილის „უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ იყო მიმართული. საპროტესტო აქციებში მონაწილეობა 300 000-მდე ქართველმა მიიღო. ეს სიტუაცია ქმნის ფუნდამენტურ არასტაბილურობას რეგიონში, სადაც რუსეთს კვლავ ჰყავს განლაგებული გარნიზონი (თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შემცირებული მასშტაბით), მთავრობასთან, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და სულ უფრო მეტად რუსეთის მეგობრულ პოზიციას იკავებს – მოსახლეობის ფუნდამენტური წინააღმდეგობის ფონზე. საქართველოში მოსკოვმა მოახერხა ბალანსის დაცვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო სამხედრო ყოფნის შენარჩუნებასა და მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვებას შორის. ეს მრავალმხრივი სტრატეგია ასახავს რუსეთის ფართო მიზანს – შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში“, – წერს ჰელსინკის კომისია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილება. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის პრორუსული კურსისკენ გადახრამ და შიდა პოლიტიკის სულ უფრო არალიბერალურმა ხასიათმა შეშფოთება გამოიწვია ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში. ჰელსინკის კომისიის თანახმად, ქართველ მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები მიანიშნებს, რომ კვლავ არსებობს აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი.

რაც შეეხება აშშ-ის ქმედებებს, ჰელსინკის კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიმართოს ორმაგი მიდგომის სტრატეგიას. ეს გულისხმობს როგორც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობას დემოკრატიული უკუსვლის გამო, ასევე დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების შეთავაზებას, რაც დამოკიდებული იქნება დემოკრატიული მმართველობის დაბრუნებაზე.

„საქართველოში აშშ-მა უნდა გაატაროს სტრატეგია, რომელიც პირობით ზეწოლას მოახდენს მთავრობაზე და ამავდროულად, მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მიდგომა ნათლად უნდა აჩვენებდეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებსა და მკაფიო პროდასავლურ ორიენტაციაზე, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნებს და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ურთიერთობები ქართველ ხალხთან, რაც დაადასტურებს მის ერთგულებას ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ. ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება, ხელი შეუწყოს განსხვავებების შემცირებას საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის, რაც განაპირობებს უფრო სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ბატონი უილსონის ორპარტიული „მეგობარი აქტი“, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერას დემოკრატიულ რეფორმებს უკავშირებს, შეიძლება, გახდეს საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობის მომავალი პოლიტიკის მოდელი“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის ანგარიშში.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სიის 22-ე ნომერი მერაბ ქურიძე აცხადებს, რომ კოალიციას ტოვებს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატთა სიის 22-ე ნომერი მერაბ ქურიძე აცხადებს, რომ კოალიციას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ქურიძე აღნიშნავს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს რეალურ ზრახვებს და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა.

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ვტოვებ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ კოალიცია ,,ძლიერ საქართველოს“. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ჩემთვისაც უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი, არამედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ, როდესაც საქართველოს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, საზოგადოების წინაშე ღიად განვაცხადო „ძლიერი საქართველოს“ მიზნების შესახებ, რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება დაუშვებელია! ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ სწორ მხარეს დავდგეთ. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. აჭარისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას კი „ძლიერი საქართველოსგან“ დამოუკიდებლად განვაგრძობ“, – წერს ქურიძე.

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

მთავრობის მეთაური მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე ეწყობა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.