Home Blog Page 661

ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

მათივე ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და არ ემთხვევა ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჰამასის“ ხელისუფლების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ღაზაში 42 519 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი დაშავდა.

შეგახსენებთ, ისრაელი-ჰამასის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი და 251 მძევლად აიყვანეს. ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“ გაანადგურებს. რამდენიმე დღის წინ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობამ კონფლიქტის დასრულების გარკვეული იმედი გააჩინა, მაგრამ ჯგუფის ლიდერის მოადგილემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ მხოლოდ გაძლიერდება და მძევლებს არ გაათავისუფლებენ მანამ, სანამ ისრაელი ღაზას არ დატოვებს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.

ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთ მხარდაჭერას ვერავინ მიიღებს, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადისთვის იბრძვის და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.

ოქტომბრის დასაწყისში, დამოუკიდებელ სოციოლოგიური კვლევის პორტალ Votum.md-ზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნებში ლიდერობენ მაია სანდუ, ხმების 45 პროცენტით და ალექსანდრუ სტოიანოგლო, ხმების 25 პროცენტით.

მესამე ადგილს კი „ჩვენი პარტიის“ ლიდერი, რენატო უსათი იკავებს, რომელსაც მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 9%-მა. საერთო ჯამში, კვლევაში, რომელიც 4 დღის განმავლობაში ტარდებოდა, თითქმის ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ის სასწრაფოდ შეწყდა ბოტების მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხმების გაზრდის მცდელობის გამო.

თბილისში დღეს მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება

თბილისში დღეს მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს, იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე. საქართველო ირჩევს ევროკავშირს!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ფარმსახლი“ და „მადაგონი“ თამარ კორძაიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ

სააფთიაქო ქსელი “ფარმსახლი” და სუპერმარკეტი “მადაგონი” პასუხობენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაში მათი მონაწილეობის შესახებ და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ. როგორც “ფარმსახლი”, ისე “მადაგონი”, კორძაიას ბრალდებებს, თითქოს რუსთავში 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“დღეს, საქართველოში მოქმედი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გაჟღერებული ბრალდება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, “ფარმსახლი“ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად, მოახლოებული არჩევნების წინ, სასაჩუქრე ვაუჩერების საშუალებით, კანონსაწინააღმდეგოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასა და მობილიზაციას ახორციელებს, რასაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს! დაარსების დღიდან, “ფარმსახლი” წარმოადგენს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას და რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო და საქველმოქმედო ინიციატივებს. ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტური მისიაა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა.

20 წელზე მეტია კომპანიამ დანერგა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ადაპტირებული ვაუჩერული სისტემა, რომელსაც აქტიურად იყენებს როგორც საქველმოქმედო მიზნებისთვის, ასევე საკუთარი კორპორაციული პროექტების ფარგლებში. ვაუჩერების შეძენისა და გამოყენების შესაძლებლობა თანაბრად ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის, კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. “ფარმსახლი” მკაცრად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და არ სურს რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან ასოცირება. კომპანია თავისი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და წარმატებით ახორციელებს საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას, ხელს უწყობს ევროპული ხარისხის მედიკამენტებსა და სააფთიაქო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.” – აღნიშნულია “ფარმსახლის” განცხადებაში.

ასევე, “მადაგონი” განმარტავს, რომ სასაჩუქრე ვაუჩერების მომხმარებლებისთვის გადაცემას, რაც აპრობირებული პრაქტიკაა, არც პოლიტიკასთან და არც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ “მადაგონის” დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა. “დღეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელდა ბრალდება, თითქოს, სუპერმარკეტების ქსელი „მადაგონი“ ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, კანონდარღვევით, კომპანიის კუთვნილი ვაუჩერებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, რაც სრული სიცრუეა! საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ამა თუ იმ ქსელურ სუპერმარკეტს, ისევე როგორც „მადაგონს“, კონკრეტული კომპანიები თუ ფიზიკური პირები, სხვადასხვა, მათ შორის, საკუთარი თანამშრომლების ან მომხმარებლების წახალისებისა და კონკრეტული სოციალური აქტივობების განხორციელების მიზნით, გარკვეული რაოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებს უკვეთავენ.

ამავდროულად, ჩვენს მომხმარებელთან უკუკავშირის პროცესში, გარკვეული პერიოდულობით, მათ კონკრეტული რაოდენობისა და ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერებს გადავცემთ, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებს არც პოლიტიკასთან და არც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა და მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიზნებს – წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არეულობის ინსპირაციას ისახავს მიზნად!” – ვკითხულობთ სუპერმარკეტ “მადაგონის” განცხადებაში.    

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა – მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შეზღუდული ხილვადობის გამო, დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

კარ­გი დღეა თქვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გორც სამ­სა­ხურ­ში, ასე­ვე ოჯახ­ში. თუ არ გსურთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე ზრუნ­ვა, მა­შინ შეხ­ვდით მე­გობ­რებს და ისა­უბ­რეთ რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე.

კურო

გა­ა­კე­თეთ ის, რაც და­გეგ­მეთ და მი­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი სა­მუ­შაო შე­სა­ნიშ­ნავ შე­დე­გამ­დე. ასე­თი მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მაგ­რამ თუ ვინ­მე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ დახ­მა­რე­ბას, ნუ იტყვით უარს. თუნ­დაც უცხო­ე­ბი იყ­ვნენ.

ტყუ­პი

ზო­გი­ერ­თის­თვის რო­მან­ტი­კულ სფე­რო­ში საქ­მე­ე­ბი არ­ცთუ ისე კარ­გად მი­დის, ასე რომ, თუ ახლა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამთ, შე­საძ­ლოა ეს კავ­ში­რი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გოთ. იპო­ვეთ კომ­პრო­მი­სი, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ თქვენ­თვის სა­ჭი­რო ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

კირჩხი­ბი

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ძა­ლის­ხმე­ვა. უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი გამ­ძლე­ო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა. მაგ­რამ მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი თა­ვის გჯე­რო­დეთ. შე­საძ­ლოა გან­წყო­ბა შე­გეც­ვა­ლოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო.

ლომი

არ არის ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი დღე. ამი­ტომ არ და­გეგ­მოთ არა­ფე­რი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი. მხო­ლოდ გა­რის­კა­ავთ ენერ­გი­ი­სა და ნერ­ვე­ბის და­კარ­გვას. და­ის­ვენთ ან და­კავ­დით ჰო­ბით.

ქალ­წუ­ლი

თქვე­ნი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ე­ბი; დღეს ბევ­რს გა­ა­კე­თებთ მხო­ლოდ მო­გე­ბის­თვის. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რო­გორ გრძნობთ თავს.

სას­წო­რი

ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი და მიმ­ზიდ­ვე­ლე­ბი ხართ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის. ამი­ტომ, არ შე­გე­შინ­დეთ სა­უ­ბა­რი იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მოგ­წონთ. იყა­ვით უფრო მე­გობ­რუ­ლი და ხალ­ხს მი­ი­ზი­დავთ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად. ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­გად­გე­ბათ სამ­სა­ხურ­ში და და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა­ში.

მო­რი­ე­ლი

დღეს ფულ­ზე მეტს იფიქ­რებთ და ისა­უბ­რებთ. თუმ­ცა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ და­ე­თან­ხმოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს სწრა­ფი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის. და­ფიქ­რდით, გა­ი­გეთ ინ­ფორ­მა­ცია დამ­საქ­მებ­ლის შე­სა­ხებ. შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცია საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან. სა­ჭი­რო რჩე­ვებ­სა და დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ.

მშვილ­დო­სა­ნი

კარ­გი დღეა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. დღე აგ­რეთ­ვე ხელ­საყ­რე­ლია პრო­დუქ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­სახ­ვედ­რად.

თხის რქა

არც ისე შე­სა­ფე­რი­სი დღეა შე­მოქ­მე­დე­ბის, ფან­ტა­ზი­ე­ბის, ოც­ნე­ბე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლო­ბის­თვის. მაგ­რამ შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო, ფი­ზი­კუ­რი თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. მით უმე­ტეს, თუ გუნ­დუ­რად მუ­შა­ობთ. არ იყი­დოთ ის, რაც ახლა არ გჭირ­დე­ბათ.

მერ­წყუ­ლი

თუ რა­ღაც არ გა­მო­ვა, ნუ გა­ნა­წყენ­დე­ბით. სჯობს პრობ­ლე­მის სხვა გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნოთ, მაგ­რამ არ არის სა­ჭი­რო საქ­მე­ე­ბის სხვა დრო­ის­თვის გა­და­დე­ბა. და­უმ­ტკი­ცეთ ყვე­ლას, რომ შე­გიძ­ლი­ათ გა­უმკლავ­დეთ რთულ ამო­ცა­ნას. და ამის­თვის გექ­ნე­ბათ უამ­რა­ვი ენერ­გი­აც და ძა­ლაც.

თევ­ზე­ბი

მო­გი­წევთ ძა­ლის­ხმე­ვა, რათა მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი მო­გე­ცე­მათ. ოღონდ არ ინერ­ვი­უ­ლოთ. ფრთხი­ლად იყა­ვით ახალ ნაც­ნო­ბებ­თან, უმ­ჯო­ბე­სია არ მის­ცეთ თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. მაგ­რამ ნამ­დვი­ლად და­გი­ჭე­რენ მხარს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ენ­დოთ მათ და უთხრათ რა გა­წუ­ხებთ.

წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირას

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება. მესტიაში, სტეფანწმინდასა და გუდაურში მოსალოდნელია თოვლი.  

20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა – 22° – წვიმა

სოხუმი 11° – წვიმა

ზუგდიდი 9°  – წვიმა

მესტია – 3° –  თოვლი

ფოთი – 13° – წვიმა

ბათუმი – 14° – წვიმა

ოზურგეთი – 11° – წვიმა

ქუთაისი – 9° – წვიმა

ამბროლაური – 6° – წვიმა

ახალციხე – 11° – მოღრუბლული 

ბორჯომი – 6° – წვიმა   

ბაკურიანი – 5° –  უმეტესად ღრუბლიანი

გორი – 12° – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი – 10° – მოღრუბლული 

სტეფანწმინდა – 4° – თოვლი 

გუდაური – 0° – თოვლი

​თელავი – 15° – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი – 18° – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი – 16° – უმეტესად ღრუბლიანი 

,,მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მეცთ ქვენთან ერთად ვიქნები”- სალომე ზურაბიშვილი

ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია რჩება ქარტიის სრულიად ერთგული, იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისთვის,  საქართველოს მიიყვანს ევროპაში.

„ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპა, ეძლევა საშუალება, თვითონ აირჩიოს, თავისი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოს არის მის სურვილებთან, მის გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რაც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით, არ იქნება მიხვეულ-მოხვეულები. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არამხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, არამედ ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რაც დღეს გაყინულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალისთვის დაგეგმილ „ევროპულ მარშს“ შეუერთდება.

„ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. მე ვიცი ამავე დროს, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, რათა დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ ხართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა, ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამისთვის უნდა იყოს ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე. ამიტომ, არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც – ერთ კვირაში თქვენი ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი. ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის 26 ოქტომბერს გამარჯვების გაფორმება”- ნიკა გვარამია

პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის 26 ოქტომბერს გამარჯვების გაფორმება. „პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ვისაც სამშობლო და ნომერი ოთხი გვაერთიანებს, ხალხი ვისაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის ნომერი, სწორედ ამიტომ დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელიც იქნება ოცნების წინააღმდეგ. პირველ რიგში, კი არ უნდა შემოვხაზოთ, არამედ გავაფერადოთ ჩვენი არჩევანი. ძალიან დიდი რუდუნების, შრომისმოყვარეობით გარდა წინასაარჩევნო კამპანიისა ყოველდღე ითვისებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ და დავიცვათ ხმები. ჩვენ მივდივართ ევროპაში და ერთადერთი, რაც დარჩა არის ამ არჩევანისა და გამარჯვების გაფორმება 26 ოქტომბერს. წარმატებები ოპოზიციას, ეს წარმატება არის საერთო, ჩვენი სამშობლოსი და ეს წარმატება გვეუბნება მხოლოდ ერთს მომავალი ჩვენია“, – განაცხადა გვარამიამ.

,,საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ”- ბიძინა ივანიშილი

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ამ საკითხს კონსტიტუციაში ასახავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა.

„მჯერა, რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა, ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენ ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა. ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არცერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება”,  აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!” – პრემიერი

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში

მოგესალმებით ძვირფასო  იმერლებო,

სიმბოლურია, რომ ჩვენი რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება იმართება ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა საქართველო და საფუძველი დაუდო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანას.

იმერეთი არის მხარე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის, მეცნიერების, ღვთისმეტყველების, ქართული კულტურის, მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, ხუროთმოძღვრების, ქართული სპორტის განვითარებაში. იმერეთი ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო.  იმერეთში ცხოვრობს გამორჩეულად ღირსეული, თბილი, ნიჭიერი და ლამაზი ხალხი. მინდა დიდი სიყვარულით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქუთათურს, წყალტუბოელს, სამტრედიელს, ვანელს, ხონელს, ზესტაფონელს, ბაღდათელს, თერჯოლელს, ტყიბულელს, ხარაგაულელს, ჭიათურელს და საჩხერელს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ კუთხის, იმერეთის შვილმა მოგვცა შესაძლებლობა, 2012 წელს გავთავისუფლებულიყავით ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. თქვენთან ერთად მინდა ამისათვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ყველას გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ძარცვა, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა. ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უცხოური აგენტურა და მისი სისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ჩვენს ქვეყანაში.

ამ ყველაფრის დაბრუნებას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს.

ჩვენ საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში ჰქონდა „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში და რომელიც ქმნის მყარ ნიადაგს საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის:

–         ქვეყნის ეკონომიკა 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა იყო 28 მილიარდი ლარი ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება;

–         ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს იყო მხოლოდ 8.5 მილიარდი ლარი, წელს ბიუჯეტი უკვე იყო დაახლოებით 28 მილიარდი ლარი, 2028 წელს კი, 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნების” პროგრამის შესრულება;

–         გავანახევრეთ უმუშევრობა საქართველოში. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შევქმენით 170,000 სამუშაო ადგილი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სულ მცირე 200,000 ახალ სამუშაო ადგილი და უმუშევრობა ჩამოსცდება  4 %-ს, რაც არის ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი;

–         2012 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში 712.5 ლარი იყო, წელს საშუალო ხელფასი უკვე 2,000 ლარზე მეტია, ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 2028 წელს  საშუალო ხელფასი საქართველოში მიაღწევს 3,500 ლარს მიაღწევს;

–         2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000 ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება;

–         მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, ჩვენ საქართველოში მოვიზიდეთ  5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით 9 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ;

–         2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ზუსტად  ქვეყანაში 4-ჯერ მეტი, 273 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რის შემდეგაც თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას 2 საათზე ნაკლები დაჭირდება;

–         2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერა გაგრძელდება, შესაბამისი პროგრამები გაგრძელდება და 2028 წლის ჩათვლით, დამატებით ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე შეიქმნება;

–         2-ჯერ გავზარდეთ 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის მოხმარდება 3 მილიარდი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

–         2028 წლისთვის საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც იმერეთის განვითარებაზეც სათანადოდ აისახება;

–         2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება, რაც ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი;

–         2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი – მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი – მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის;

–         2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს 93% მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით  2028 წლისთვის 95 % იქნება დაფარული უკვე გაზიფიკაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინვესტიციები წყალმომარაგებაში არის გაზრდილი 15 -ჯერ 2012 წლის შემდეგ და უკვე  მომავალ წელს 24-საათიან უწყვეტი  წყალმომარაგება ექნება ქვეყნის უკლებლივ  ყველა ქალაქს, თქვენ როგორც მოგეხსენებათ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების”  მოსვლამდე ქუთაისსაც კი არ ჰქონდა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება  და დღეს ქალაქი ქუთაისი სრულად არის უზრუნველყოფილი უწყვეტი წყალმომარაგებით;

–         2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174  ახალი სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება;

–         მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყანაში 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ კი, 110 იუსტიციის სახლი აშენდა. დღეს გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი თერჯოლაში. მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 11 იუსტიციის სახლი გაიხსნება და იუსტიციის სახლების მომსახურებით მთელი ქვეყანა სრულად დაიფარება;

–         4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება, რაც ქართული სპორტის მიღწევებზე სათანადოდ აისახა და იმერეთიც არ ჩამორჩება მთლიანად საქართველოს სპორტული მიღწევებით, ყველა ამ მახრის წარმომადგენელ სპორტსმენს განსაკუთრებით მინდა მივულოცო წარმატებები, ლაშა ტალახაძე არის ჩვენთან ერთად,  სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული სპორტული გენის საუკეთესო გამოხატულება. მადლობა ლაშას აქ ყოფნისთვის და წარმატებები ყველას. 4-ჯერ გავზარდეთ სპორტის დაფინანსება და დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ჩვენ ვიწყებთ ახალ 2 მილიარდიან პროგრამას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და რაც იმერეთზეც სათანადოდ აისახება.

–         ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა, 72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში და  75 წლამდე გაიზარდა ამ 12 წლის განმავლობაში, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე თუ როგორია დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ჩვენი ხელისუფლების პირობებში;

–         პენსიები 3-ჯერ გავზარდეთ 2012 წლიდან. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წლის ასაკიდან – 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის და ეტაპობრივად გაგრძელდება პენსიების გაზრდა;

–         35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ახლად აშენებულ კორპუსებში ბინებს დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს, დღეს დავათვალიერეთ მოვინახულეთ ქუთაისში მშენებარე ობიექტი, სადაც 1700 ოჯახი მიიღებს ღირსეულ საცხოვრისს ;

–         განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქუთაისის განვითარებას:

o        ჩვენ საგანგებოდ ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ქუთაისის ბიუჯეტისთვის, რაც რა თქმა უნდა მოხმარდება ქუთაისის განვითარებას, მათ შორის მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას;

o        ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სამჯერ, 5 მილიონამდე  მგზავრთა ნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც რა თქმა უნდა მთლიანად აისახება ქუთაისის განვითარებაზე, იმერეთის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქუთაისისთვის და მთლიანად ამ რეგიონისთვის;

o        ჩვენ ასევე უკვე დავაანონსეთ, რომ ყოფილი პარლამენტის შენობაში უკვე მომავალ წელს გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება უმაღლესი დონის ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საერთაშორისო IT-სკოლები, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება  მრავლად ამ პროექტის განხორციელებისთანავე ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მაცხოვრებელთათვის;

o        მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც 2028 წლისთვის სტუდენტების რაოდენობა 20 ათასს გადააჭარბებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტები უმაღლესი სტანდარტების საგანმანათლებლო გარემოში უმაღლესი ხარისხის, ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ. ამით, ქუთაისი გახდება ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისთან ერთად, მას ექნება თანაბარმნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის ფუნქცია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი ქუთაისის განვითარებას სრულიად სხვა სტიმულს შესძენს.

o        სპორტზე გვქონდა ჩვენ საუბარი და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აშენდება მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისელებისთვის  და ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის. ასევე, ჩვენ გვითხრეს რომ ქუთაისელ ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის ავტოდრომზე ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ  გადაწყვეტილება, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი ქუთაისში;

ეს იყო მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეების, რაც ჩვენ გავაკეთეთ გასული 12 წლის განმავლობაში და ჩამონათვალი იმ გეგმების რაც გვაქვს მომდევნო 4 წლისთვის. რასაკვირველია, ამ გეგმების განხორციელების აუცილებელი პირობა ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ახლაც, „ქართული ოცნების” გამარჯვება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება  ჩვენი ქვეყნის უწყვეტი  მშვიდობიანი განვითარება. ასევე, „ქართული ოცნების” გამარჯვება  ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის  შესრულებისკენ ეს არის სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენი „ქართული ოცნება”, რომელიც  დარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება” და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი.

26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება”,  აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!

,, 26 ოქტომბერს, სამუდამოდ დავასრულოთ ცრუ ქართველების ბოგინი ჩვენს საქართველოში”-  ბიძინა ივანიშვილი

მივესალმები ქუთაისს, ჩემს მშობლიურ იმერეთს და უსაყვარლეს იმერლებს!

მივესალმები განსაკუთრებული სიტყვა-პასუხით და სტუმარ-მასპინძლობით განთქმულ ხალხს!

მივესალმები ერთ-ერთ უძველეს, ევროპულ ქალაქს, ქუთაისს, რომელიც თავად არის ისტორია, კულტურა, საქართველო!

ჩვენი ქვეყნისთვის ქუთაისი მთავარი დასაყრდენი იყო ოდითგან! სწორედ ქუთაისში ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი, სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ჩვენმა უდიდესმა წინაპარმა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და სწორედ ქუთაისი იყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა!

გელათის აკადემია და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; აკაკი წერეთელი, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერყანწელები და რა თქმა უნდა გალაკტიონი! თითქოს მეტი რა უნდა მისცეს ქართულ კულტურას ერთმა კუთხემ, ერთმა მხარემ, მაგრამ ქუთაისმა და იმერეთმა გაცილებით, გაცილებით მეტი შეძლო. ბოლოს და ბოლოს, ხომ ვიცით, რომ სულ რაღაც საუკუნის წინ, სწორედ ქუთაისმა შესძინა თბილისის კულტურულ ცხოვრებას ახალი სიცოცხლე!

ამ ქალაქის საამაყო შვილი, დიდი რეზო გაბრიაძე ამბობდა –  „მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის… ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია”…  დავამატებდი, რომ როდესაც საქმე სამშობლოს, ღირსებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ ქალაქისა და კუთხის შვილები ყოველთვის განსაკუთრებული პრინციპულობით და სიმკაცრით გამოირჩევიან!

ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც საქართველოს და ზოგადად, ქართველების ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც ქვეყანაში ჯოჯოხეთური ტერორი იყო გამეფებული და ადამიანებს აზრის გამოთქმისა და პროტესტის გამოხატვის კი არა, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

დღეს აქ უამრავ ჩვენს ძველ და უკვე ახალ თანამებრძოლს ვხედავ, რომელთაც, ისე, როგორც ჩვენს ხალხს, არ სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც შესაძლოა აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, მოკლედ შევახსენებ:

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული!

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა!

მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კი, ამ ხალხმა კვლავ გააგრძელა ანტიეროვნული პოლიტიკა და ახლა უკვე საზოგადოების გახლეჩის, არეულობისა და გადატრიალების მოწყობის მუდმივი მცდელობებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით!

ქართველი ხალხის მიერ ძალაუფლებაჩამორთმეული „ნაციონალური მოძრაობა” დამოუკიდებლად, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა… მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, დღეს უკვე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც, რეალურად, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, იქცა საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. დაჯგუფებად, რომელიც ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და უცხოელი პატრონების დავალებების გათვალისწინებით, მზადაა საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. დაჯგუფებად, რომლის გამოც ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება ვერ ხერხდება და უკვე წლებია, ჩვენს მოქალაქეებს არა კარგსა და უკეთესს, არამედ კარგსა და ცუდს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება!

მათ კრიმინალურ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებასა და დანაშაულებზე კიდევ დიდხანს, დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, მათ რაობაში ბრძენი ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია დარწმუნდა. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია!

ალბათ გახსოვთ, რომ 12 წლის წინ, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ქუთაისში, საქართველოს მამა-ქალაქში, დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიბრძოლებდით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის…

პირადად მე სიტყვა მოგეცით, რომ იმ უთანასწორო ბრძოლაში,  ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებოდი!

ჩვენი ერთობით, სიმართლით და ერთმანეთის რწმენით გავიმარჯვეთ და შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ვერავინ – ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას!

ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა.

შედეგად, ვცხოვრობთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი… ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.

„ქართულმა ოცნებამ” შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, განათლება თუ სხვ.

მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის!

მაგრამ, თუკი მავანი „ქართული ოცნების” პროგრესს არ ხედავს, ან ჩვენს სტატისტიკას და მონაცემებს არ ენდობა, შეუძლია გადახედოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს. ამაზე ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე; საქართველოს მოსახლეობა ამას საკუთარი თვალით ხედავს და უკიდურესად მიკერძოებული  ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი, საქართველო ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში!

სწორედ „ქართული ოცნების” სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია!

ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.

რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ – 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”, არამედ მათ უცხოელ პატრონებს, საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას; არა ფსევდო-ლიბერალურ, თავსმოხვეულ ღირებულებებს, არამედ ოჯახურ ფასეულობებს, რწმენას და ტრადიციებს; არა სხვა ქვეყნების უპირობო მორჩილებას, არამედ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას; არა ცალ ფეხზე დგომას – არამედ ღირსეულ ევროპულ მომავალს; არა საკუთარი ქვეყნისთვის ომის ტრაგედიის თავს დატეხას, არამედ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!

იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო!

საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა” და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს!

ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს.

ქუთაისში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქის შვილებს, რომლებიც ქართულ კულტურას უკვე საუკუნეებია ამდიდრებთ, არ გესწავლებათ, რომ ერის მთავარი დასაყრდენი ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს.

საქართველოში მოქმედ „არასამთავრობო ორგანიზაციებსა” და პოლიტიკურ პარტიებში გაბნეული ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ეს არის – მათ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი.

ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ!

ბუნებრივია, ის ხალხი, ვინც ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენს ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის – მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. არადა, ჩვენი ქვეყნის ევროპულობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა! მჯერა, რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა, ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენს ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა.

ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ! თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არცერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების” ხელისუფლება.

დასასრულს კი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე ქუდზე-კაცი უნდა გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას” დავუჭიროთ მხარი – რეგიონში და მთლიანად – მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა!

ამიტომაც, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის არის აუცილებელი, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოსთვის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება, ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 26 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი – ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები,  რომელმაც საკუთარი თავი ომის, არეულობის, ძალადობის, ტყუილისა და უცხო ინტერესების მორჩილების სიმბოლოდ აქციეს – ან „ქართული ოცნება”, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც წლებია ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ღირსეული ევროპული მომავლის გარანტი.  

ქართველებს, ამ ქვეყნის შვილებს, არაფრის გვეშინია. არც წარსულის, იმიტომ, რომ სახელოვანი წინაპრები და ისტორია გვიმაგრებს ზურგს და არც მომავლის, იმიტომ, რომ ეს მომავალი ჩვენს ხელშია!

ვფიქრობ, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სტრატეგიული სიფრთხილე, იმერული გონიერება, შევძლოთ მობილიზება და კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ საქართველო, შემდეგ კი ჩვენივე დაწყებული საქმე ერთად მივიყვანოთ ბოლომდე და ღირსეულად, თავაწეულებმა შევაბიჯოთ ევროპის ღირსეულ ოჯახში!

დაბოლოს, თქვენ წინაშე გამოსვლა ჩემი კუთხის შვილის, ყველასათვის უსაყვარლესი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით მინდა დავასრულო.

სულს მივცემ ჩემსას

მე იმას მარტო,

ვინც საქართველოს

ესწრაფვის ქართულს!

არა ცრუქართულს!

ნამდვილად ქართულს!

სიტყვითურთ ქართულს!

საქმითურთ ქართულს!

ჩემო იმერლებო – 26 ოქტომბერს, სამუდამოდ დავასრულოთ ცრუ ქართველების ბოგინი ჩვენს საქართველოში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.