Home Blog Page 660

,,ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს”- ნიკა გვარამია

ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

„ჩვენ ახლა მივდივართ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ მთელი ქვეყანა – ევროპაში. სინამდვილეში, ვისაც არ უნდა ვაძლევდეთ ხმას, ეს გვინდა, მაგრამ ზოგმა ამომრჩეველმა არ იცის, რომ ვისაც ის ხმას აძლევს შეიძლება ის სულ სხვაგან მიდიოდეს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და ყველას, საკუთარი არჩევანის ჩათვლით, დაანახოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში. ეს დღე გამაერთიანებელია, რადგან ეს სურვილი აერთიანებს არამარტო ქართველ ხალხს, არამედ მათ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა, არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები დარწმუნებული ვარ, აქ იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ქართველი ადამიანიც იქნება აქ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 ,,ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს”- ევროკავშირის საელჩო ზურაბიშვილის განცხადებაზე

ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, – ამგვარი პასუხი მიიღო „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

„თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს.

ჩვენ აგრეთვე ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი ღიაა კონსტურქციულად მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.

რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რომელიც განაახლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძირითადი ფასეულობებზე დაყრდნობით, რაზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, – აღნიშნულია საელჩოს პასუხში.

„ქრონიკამ“ საელჩოს შემდეგი კითხვით მიმართა:

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს ქარტიას და მის სამოქმედო გეგმას.

თუ შეიძლება განგვიმარტოთ, ადასტურებთ თუ არა პრეზიდენტის განცხადებას და ეთანხმებით თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საქართველოში?“

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.

სი ძინპინმა იცის, რომ გიჟი ვარ – პუტინს ვუთხარი: თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის “გიჟია”.

ტრამპის მტკიცებით, არ მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება ტაივანის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად.

„პრეზიდენტი სი პატივს მცემს და მან იცის, რომ გიჟი ვარ”,- აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაემუქრა, რომ თუ უკრაინაში შეიჭრებოდა, მოსკოვის ცენტრს დაარტყამდა.

„ვუთხარი: მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ. ჩვენ მეგობრები ვართ, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს, არანაირი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მარშის “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მონაწილეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან

გმირთა მოედანზე მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი.

ასევე, მარშის მონაწილეებს 17:00-ამდე პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები შეუერთდებიან, რომლებიც შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

„ეს კულმინაციის მომენტია, ჩვენ კარგად ვიაზრებთ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, ეს არის რეფერენდუმი თავისუფალ, ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და რუსეთის მონობაში მყოფ სახელმწიფოს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილსა და ჩვენი ქვეყნის მტრებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ხელისუფლება არჩევნებამდე 6 დღით ადრე საზოგადოებისგან გზავნილს მიიღებს, რომ ისინი არჩევნების გზით ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

აქციის მონაწილეების შეკრების პარალელურად, გმირთა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში კიდევ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.

„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვა

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 რაკეტა გაუშვეს.- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის არმიის ცნობით, რაკეტების ნაწილი შეაჩერეს, ზოგიერთი კი სხვადასხვა ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გამოიწვია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების ინფორმაციით, მათი სამიზნე ქალაქ საფედის აღმოსავლეთით, ისრაელის სამხედრო ბაზა იყო.

კურსკში ფრონტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება – ალექსანდრ სირსკი

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის კონტროლს აგრძელებენ,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად და ეფექტურად ასრულებენ საბრძოლო მისიებს.

„მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, აიღონ ინიციატივა, სიტუაცია ჩვენს კონტროლქვეშ რჩება“, – აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, უშუალოდ განახორციელა სამუშაოები ბრიგადის სამეთაურო პუნქტებში და მოუსმინა ბრიგადის მეთაურებს და მათ წინადადებებს შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით და დახმარება გაუწია პრობლემური საკითხების გადაჭრაში.

„სიტუაციის შეფასების გათვალისწინებით, მივიღე არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მტრის მოქმედებების აღკვეთისა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე“, – აღნიშნა სირსკიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და იარაღის მიწისქვეშა ობიექტს დაარტყეს.

„დღეს, დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა დაზვერვის მონაცემებზე დაფუძნებული დარტყმა განახორციელა „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის სამეთაურო ცენტრსა და ბეირუთში იარაღის მიწისქვეშა სახელოსნოზე“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას“ სამხრეთ ფრონტის სარდლობის მაღალჩინოსანი, ალჰაჯ აბას სალამა და დაჯგუფების კიდევ ორი წევრი გაანადგურეს.

არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დაქუცმაცებული, ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც – პაატა მანჯგალაძე

დღეს ძალიან ბევრი უნდა გავიდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით ავავსოთ ის ხალხიც, ვინც დღეს მერყეობს და ჰგონია, რომ ცვლილებები მასზე დამოკიდებული არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ დღეს დაგეგმილ პროევროპულ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არ შეიძლება იყოს ღარიბი და დაქუცმაცებული, რასაც ხალხის ერთიანობა და სიმრავლე დაამარცხებს.

„დღევანდელ აქციაზე უნდა გავიდეთ არა ევროპისთვის, არამედ საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის იმიტომ, რომ საქართველო ჩვენ ვართ. არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც.

დღეს ძალიან ბევრი უნდა გავიდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით ავავსოთ ის ხალხიც, ვინც დღეს მერყეობს და ჰგონია, რომ ცვლილებები მასზე არ არის დამოკიდებული.

საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ვირწმუნებთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ბევრი ვართ, საქართველო ჩვენ ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“ეს არ არის ქართული არჩევანი, ეს არის” თბილისი პრაიდისა” და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი” – გურამ მაჭარაშვილი თბილისში დაგეგმილი მარშის შესახებ

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 5 საათზე დაგეგმილი მარში “თბილისი პრაიდის” მიერ არის ორგანიზებული.

მისივე თქმით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.

“როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციებზე, საქართველოზე და ქართველობაზე, ამ დროს, “თბილისი პრაიდმა”, რომელიც ქვეყანაში კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და უნდათ აქ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე არის განწირული, იმიტომ, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაც კი აღარ გამოვა.

ეს არ არის ქართული არჩევანი, ეს არის “თბილისი პრაიდისა” და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, აქ საქართველოს საზოგადოება და მისი უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, ხუთი საათიდან მარში დაიწყება, სახელწოდებით – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.

ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

მათივე ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და არ ემთხვევა ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჰამასის“ ხელისუფლების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ღაზაში 42 519 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი დაშავდა.

შეგახსენებთ, ისრაელი-ჰამასის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი და 251 მძევლად აიყვანეს. ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“ გაანადგურებს. რამდენიმე დღის წინ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობამ კონფლიქტის დასრულების გარკვეული იმედი გააჩინა, მაგრამ ჯგუფის ლიდერის მოადგილემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ მხოლოდ გაძლიერდება და მძევლებს არ გაათავისუფლებენ მანამ, სანამ ისრაელი ღაზას არ დატოვებს.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.

ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთ მხარდაჭერას ვერავინ მიიღებს, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადისთვის იბრძვის და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.

ოქტომბრის დასაწყისში, დამოუკიდებელ სოციოლოგიური კვლევის პორტალ Votum.md-ზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნებში ლიდერობენ მაია სანდუ, ხმების 45 პროცენტით და ალექსანდრუ სტოიანოგლო, ხმების 25 პროცენტით.

მესამე ადგილს კი „ჩვენი პარტიის“ ლიდერი, რენატო უსათი იკავებს, რომელსაც მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 9%-მა. საერთო ჯამში, კვლევაში, რომელიც 4 დღის განმავლობაში ტარდებოდა, თითქმის ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ის სასწრაფოდ შეწყდა ბოტების მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხმების გაზრდის მცდელობის გამო.

თბილისში დღეს მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება

თბილისში დღეს მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს, იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე. საქართველო ირჩევს ევროკავშირს!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.