Home Blog Page 66

დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები -კახა კალაძე ISFED-ზე

ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს, – ასე ეხმაურება კახა კალაძე არჩევნების შედეგებისადმი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) მოუწოდებს, დადოს პარალელური დათვლის შედეგები.

„მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები. სხვათა შორის, ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს. ამ ორგანიზაციას USAID, რომელიც იცით, რომ არის ამერიკის მთავრობის ორგანიზაცია. კეთილი ინებონ და გამოვიდნენ. ჩვენ გვახსოვს, 2020 წელს რა იკადრეს და რომ გააქარწყლონ ის დამოკიდებულება, რაც ქართულ საზოგადოებაში და ქართველ ხალხში არის ამ ორგანიზაციის მიმართ, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და დადონ კონკრეტული შედეგები, აჩვენონ საზოგადოებას ეს ყველაფერი. თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ. გამოსაძიებელი არაფერია. ყველაფერი ხელისგულზეა და ჩანს ნათლად. 2020 წელს ხომ გახსოვთ, გაყვიროდა ყველა, რომ გაყალბებულია. რეალურად რა აღმოჩნდა, ვიყავით მართლები? – იგივეა ახლაც, ჩვენ არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით აჯერებდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ამაზე მათ, პირველ რიგში, მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილი არის წარმავალი, რამდენიმე დღე დარჩენია ამ ადამიანს – კახა კალაძე

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუკი ვინმე გაბედავს ამ ქვეყანაში კანონის წინააღმდეგ წასვლას, ის მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ასევე კანონის ჩარჩოებში. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს. ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა.

გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო 1 მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას.

რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ბოლო წლებსა და თვეებში ვხედავთ, ხელისუფლების სათავეში ვერასდროს მოვა.

ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოვაცხადეთ, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი -ISFED

„სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, – ამის შესახებ აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ფეისბუქპოსტში.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“,- აღნიშნულია ISFED-ის ფეისბუქპოსტში.

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ნიკა გვარამია

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი გამოძიებული იქნება.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას ერთხელ და სამუდამოდ“.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ განცხადება გუშინ გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პარლამენტში და როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, იმიტომ, რომ ეს შედეგების აღიარების შემდეგ არის შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას თანხმობა არსებობს.

გაყალბება ხდებოდა „კარუსელის“ მეშვეობით. ერთი ადამიანი ბევრ უბანზე აძლევდა ხმას და ასევე „კარუსელის“ ახალი ფორმა იყო, როცა ორ ბიულეტენს აძლევდნენ „ქოცების“ მომხრეებს,“ – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ“.

„ცხადია, ის აუცილებლად იქნება აქციაზე, იმიტომ, რომ ეს მისი მოწვეული აქციაა,“ – აღნიშნავს გვარამია.

გარდა ამისა, მან ეუთო/ოდირის შეფასებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველა პუნქტი მისაღები არ არის.

მისივე თქმით, ოდირის დასკვნა მისთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.

„ოდირის შეფასებას ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა,“ – განაცხადა გვარამიამ.

ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს – ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას -სალომე ზურაბიშვილი

ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ, მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე – ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან, მათ ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია აქვთ მისაღები.

„დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს ინციდენტების შესახებ. ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე. შედეგები ეწინააღმდეგება ყველა გამოკითხვის ტენდენციას, რაც ამ ქვეყანაში ჩატარდა, განსაკუთრებით „რუსული კანონისა“ და ქუჩებში პროტესტის შემდეგ და რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს სურს შეინარჩუნოს თავისი ევროპული გზა. ეს არის არჩევნები, რომელიც მოპარულია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა -რატი ბრეგაძე

სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

„გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული იმიტომ.

სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა“, – წერს მინისტრი.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებით, და რადიკალური ოპოზიციის, ომის მომხრე მათი პატრონების, გარყვნილების, ლგბტ-პროპაგანდის ლობისტების და ჩვენი ქვეყნის განადგურების მოსურნე ძალების სასტიკი მარცხით დასრულდა. იმდენად მკაფიო პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებულ უსამართლო შემოტევებს და შანტაჟს, რომ ერთი არგუმენტიც კი არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

თუმცა, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები არჩევნების შედეგებს აღიარებდნენ. ასეც მოხდა − საქართველოში აგენტურის ლიდერად ქცეულმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მთელი კოჰორტა შემოიკრიბა გარშემო და რევოლუციური სცენარი დაგვიანონსა. ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას უმტკიცებდა, ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურა იმდენად უსაფრთხოა, რომ არჩევნების გაყალბების იოტისოდენა შანსიც კი არ არსებობსო. თუმცა მთავარი აქ არც ზურაბიშვილი და არც მის გარშემო შემოკრებილი აგენტურაა, მთავარ როლში აქაც მათი პატრონები გვევლინებიან.

ცალსახაა, მათ კარგად იციან, რომ ვერსად გაექცევიან ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებას, რადგან არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც რაიმე სახის მანიპულაციაზე მიანიშნებს. ახლა ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად გაწელონ აღიარების პროცესი და რაიმე მაინც გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლებისგან. ამის ნათელი დადასტურებაა რამდენიმე საათის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ორი განცხადება და გვსურს საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ პერსონაზე შევაჩეროთ.

პირველი წერილი სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რომელიც ასე იწყება: „საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო…“ სახელმწიფო მდივანი კვლავ იმ შეფასების ერთგული რჩება, რომლის მიხედვით ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნეოდა. ცხადია თავშივე იკარგება ნდობა იმ განცხადების მიმართ, რომელიც უკიდურესად ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური რეჟიმის მმართველობის წლებს პოზიტიურად აფასებს, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არაერთ უსამართლო და არაობიექტურ კრიტიკას გამოხატავს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი კიდევ უფრო აკონკრეტებს საკუთარ სათქმელს და სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, ასევე გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“. აი, აქ კი პირდაპირ გამჟღავნდა მოქმედი ადმინისტრაციის სურვილი − მათ არჩევნების შედეგებზე სათქმელი არაფერი აქვთ, კარგად იციან, რომ ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ფაქტების არარსებობის გამო, მაგრამ საკუთარ მოთხოვნებს მაინც გვიყენებენ − საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმოს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის კანონმდებლობა.

პრინციპში, არჩევნების სრულიად გამჭვირვალე შედეგებზე ამ კანონის მიბმა და ამ თემით შანტაჟი მოულოდნელი სულაც არ არის ჩვენი საზოგადოებისათვის. შეგახსენებთ, რომ ეს ის ბლინკენია, რომელმაც გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციაში ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა მოიხსენიონ როგორც ქალი და კაცი, რადგან თურმე ეს არღვევს „თანასწორობის პრინციპებს“. ეს ის ბლინკენია, რომელიც ღიად ჩაუდგა ლგბტ-პროპაგანდას სათავეში და მის მიერ გამოცემული შიდასამსახურებრივი ბრძანებით არათუ წაახალისა პროპაგანდა, არამედ პირდაპირ მიანიშნა აშშ-ის „პარტნიორ“ ქვეყნებს, რომ მათაც ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგან.

ისიც ფაქტია, რომ ეს პროცესი, ბლინკენის პირველი განცხადება და შემდეგ სოციალურ ქსელში დაკონკრეტება კანონის გაუქმებაზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოდან არის კოორდინირებული. რთული წარმოსადგენია, რის იმედი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაშმაგებით მებრძოლ ჯგუფებს, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ერთხმად შეთანხმდა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე. რადგან ვხედავთ, რომ მათ ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, გვსურს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვუთხრათ − ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ქალს არ უნდა დავუძახოთ ქალი, ხოლო კაცს კაცი, დედა დედა არ არის და მამა არ არის მამა, ის ვერანაირი ავტორიტეტით ვერ ისარგებლებს ჩვენს საზოგადოებაში. იმ ადამიანის სიტყვას, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას უდგას ავანგარდში, თანამდებობის მიუხედავად, საქართველოში ჩალის ფასიც ვერ ექნება.

ჩვენს ქვეყანას სავაჭრო არავისთან არაფერი აქვს. ჩვენმა ხალხმა არჩევნებზე მკაფიო პასუხი გასცა ყველას, ვინც საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის დაკანონებას ითხოვდა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ არჩევნების აღიარების საკითხი ვერ გახდება ქართველ ხალხთან სავაჭრო თემა. ეს საკითხი დახურულია.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებს თუ ხარვეზებს, საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს მათი განხილვის მექანიზმები და რა თქმა უნდა, საჩივრებში ასახული ასეთი პრეტენზიები განხილული და შეფასებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც არ არის აუცილებელი გარედან მითითებები ან ბრძანებები.

ფაქტი ერთია − გამჭვირვალე, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ძალიან ნათლად გამოიხატა ქართველი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ ყველას, არ წავიდნენ უმრავლესობის ნების წინააღმდეგ და არჩევნების შედეგები აღიარონ ყოველგვარი ვაჭრობისა და წინაპირობების გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოვიდნენ, შეიკრიბონ, თუმცა, ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა – კახა კალაძე

საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციური ძალების მიერ დაანონსებული აქციისა და რევოლუციური მოწოდებების შესახებ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა, არ უნდა გასცდნენ კანონის ჩარჩოებს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს.

ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა. გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო 1 მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას.

რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ბოლო წლებსა და თვეებში ვხედავთ, ხელისუფლების სათავეში ვერასდროს მოვა. როგორ შეიძლება ქვეყნის მოღალატეს და აგენტს მოსახლეობამ ქვეყნის ბედი ანდოს? ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს-კალაძე

x

თბილისის მერი კახა კალაძე შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სისტემის პირობებში ვინმემ არჩევნების შედეგი გააყალბოს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების შესაბამისი განცხადებების პასუხად განუცხადა, ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს.

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად ისეა მათი მდგომარეობა. ხავსიც აღარ დარჩათ უკვე. რას ეკიდებიან, თვითონაც არ იციან. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამ ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს. თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ იმ 1 120 000 ადამიანის განწყობას, დამოკიდებულებას და ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს – გიორგი გახარია

ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს.

გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე – კახა კალაძე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან – წარმოუდგენელია, ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის ხმას დაიცავენ.

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან. მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება აქ ვისაუბრო ამ ყველაფერზე. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ბუნებაში არ არსებობს ამის შესაძლებლობა. თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. ჩვენ დავიცავთ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ხმას, დამოკიდებულებას. ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ხალხის სამსახურში”, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდა, რომ გაიმარჯვებდნენ.

„ყველაფერი ჩანს ნათლად. 2020 წელს ყველა გაყვიროდა გაყალბებულიაო და რეალობა რა აღმოჩნდა? ვიყავით მართლები?! იგივეა აქაც. არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით, აჯერებდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი“, – აღნიშნა კალაძემ.

 ISFED-ს უნდა თუ არა, იძულებულია, აღიაროს, რომ არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არანაირ ფალსიფიკაციას და გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა, ამომრჩევლის ნება კი, ზუსტად და სრულად იყო ასახული -მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს უკრძალავენ ხმის პარალელური დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას.

მდინარაძის თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს მონაცემები.

„ჩემი ბრიფინგის თემა არის სამართლიანი არჩევნების მიერ ვერ, თუ არგაკეთებული განცხადება. როგორ ჩვენთვის ცნობილია, შევეცდები, დავაზუსტო ეს ინფორმაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი, მას უკრძალავენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას. უკვე დღე-ნახევარია გასული და „სამართლიანი არჩევნები“ ე.წ. ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ მაშინ, 2020 წელს უმალვე ვამცნეთ საზოგადოებას, რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ოღონდ, ეს შეეხებოდა მხოლოდ 2 პროცენტს. შემდეგ მათ სცადეს ამის გამოსწორება შეცდომის დარქმევით, ხოლო წელს ისინი უკვე დღე-ნახევრის განმავლობაში ვერ, თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ. ანუ, პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ, ყველანი ერთად მოვალენი ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის იმიჯს. მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

გუშინ მათ გაავრცელეს ერთადერთი განცხადება, სადაც, სხვათაშორის, ისე რომ ალბათ არავის გაეგო, ჩაწერილი იყო ასეთი სიტყვები – ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ეს საკმარისი არ არის. კი ბატონო, დიდი მადლობა ობიექტურობისთვის. გასაგებია, ე.ი შედარება შედარებას შეესაბამება, დაახლოებით ასეთი რაღაც თქვეს. ანუ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება ბუნდოვანი სიტყვები უნდა ყოფილიყო მათ განცხადებაში, რომ ყველას ვერ გაეგო, რაშია საქმე. გასაგებია, რომ აღიარეს ცესკო-ს მონაცემები და თქვეს, რომ ერთი ერთში დაემთხვა ხმის პარალელური დათვლის მონაცემები, მაგრამ ასე სადღაც გაპარებული, სხვათა შორის ნათქვამი კი არა, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში აკეთებდნენ და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ. რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რა დაჯდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემებით, რამდენი გვარამიამ, „ნაცმოძრაობამ“ თუ ა.შ. ეს საერთოდ ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს. თეორიულად ვთქვათ ეს სიგიჟე, თეორიულადაც შეუძლებელია, მაგრამ იქნებ, გვარამიამ რომ გამოგიქვეყნა 40 თუ 41 პროცენტი, ის არის მართალი, გვაინტერესებს „სამართლიანი არჩევნებისგანაც“. ანუ, იმხელა მარაზმში არიან წასული, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს ხმის პარალელური დათვლის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გამოაქვეყნებინეს ყალბი მონაცემები, სხვა იყო მაშინ ISFED-ის ხელმძღვანელი, ახლა საერთოდ უკრძალავენ, რომ დადოს მონაცემები, რადგან ეს მონაცემები ერთი ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს. მერე რაღა უნდა თქვან გაყალბებაზე, ხომ?!, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ