Home Blog Page 657

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – გურამ მაჭარაშვილი

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ! – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასება მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამტკიცებდნენ, რომ მოლდოვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რეალური სურათი კი სულ სხვანაირია.

„ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად გაწევრიანდება და სად – არა! ვის აირჩევს და ვის- არა!

ფაქტია, რომ მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აგებულია ტყუილზე და ეს მათ შორის მოლდოვას მაგალითზე გამოჩნდა.

მოლდოვაში საუბარი არ არის 90%-10%-ზე ან 95%-5%-ზე, რა სურათსაც ევროკავშირში ხატავდნენ. არ შეიძლება მოქალაქეთა არც ერთი ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფა მოხდეს. როდესაც საუბრობ, რომ ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეა აბსოლუტური უმრავლესობა და რეალური სურათი არის სულ სხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ იტყუები!

ასეთივე ტყუილებია საქართველოსთან დაკავშირებით, როცა საერთაშორისო დასკვნები აჩვენებს, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის ანტიდემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა.

საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის“ ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა ორსექციიანი და ჯამში 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.

შე საქონელო შენა, ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა შენი ზონდერების დევნის გამო დატოვა სამშობლო – მალხაზ გულაშვილი მიხეილ სააკაშვილს

x

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, სოციალურ ქსელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომლის მტკიცებითაც, მის არასრულწლოვან ქალიშვილზე ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება:

“შე საქონელო შენა, მე არ მყავდა და სხვას არ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც შენი კაციჭამია ზონდერები იარაღს ადებდნენ, აშინებდნენ , იტაცებდნენ, დევნიდნენ და ციხეში სვამდნენ? თუ შენ პლაკატმა შეგაწუხა და შენი შვილი, ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი, შენმა ფაშისტურმა რეჟიმმა ლამის გაანადგურა, ფსიქოლოგიურად, მატერიალურად, ფინანსურად, მორალურად, წელიწადნახევარი დევნაში გვამყოფე და ერთი წელი ციხეში (არა ისეთში, როგორც შენ ნებივრობ ახლა. ჩვეულებრივში, გლდანში, თან მცირეწლოვან შვილთან ერთად).


შე საქონელო შენა, ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა, იძულებით, შენი ზონდერების დევნის გამო დატოვა სამშობლო. მთა-მთა სოფლის ბილიკებით; ხოლო, მეორე მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დარჩა ჩემს გმირ მეუღლე, – ნანა გაგუასთან, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” გამომცემელთან და მთავარ რედაქტორთან ერთად, როგორც მძევალი.

შენ ვის მცირეწლოვანი ბავშვების ტერორი უნდა ახსენო შე არადექვატურო საქონელო შენა!!!


თქვენ არ იყავით, ადვოკატების პირით რომ გვითვლიდით სოლოლაკის სახლი გაყიდოსო, იმ დროისთვის ,,ჯორჯიან თაიმსის” დროებითი ოფისი და მცირეწლოვან ბავშვს ჩამოუშვებთო? თქვენ არც ადრე იყავით ადამიანები, არც ახლა ხართ და არც იქნებით, ვინც თქვენ მხარს გიჭერთ ზუსტად იგივენაირი სადისტია და იგივენაირად იღებს თავის თავზე დანაშაულს , უბედურებას, რაც შენ არარაობამ და მახინჯმა სატანისტმა, საქართველოსა და ქართველ ერს დაატეხე თავს , შენი სატანისტური ლობისტური ჯგუფების დახმარებით🥶🥶🥶” – წერს მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, „დღეს სახლიდან გასულ ჩემს მცირეწლოვან ქალიშვილს, პირდაპირ სახლთან დახვდა დაკიდებული „ცნობილი“ ბანერი და შეშინებულმა ჰკითხა დედამისს, მამიკოა? ეს არის არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი“ – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.

იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.

დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.

„ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

„ქართული ოცნების” უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენებას მეორედ ცდილობს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს მოლდოვაში კვირას, 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს და კომენტარებს, სათაურით „მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს“ (ავტორი – ილია ბალაბანოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება: ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების 38,2%-ს აგროვებს, ხოლო მისი მთავარი ალექსანდრე სტოიანოღლო  – 28,6%-ს. ორივე ერთმანეთს საარჩევნო ბრძოლის პოლიტიკურ ველზე ისევ შეხვდებიან ორი კვირის შემდეგ, სამ ნოემბერს.

რაც შეეხება რეფერენდუმს – ჩაიწეროს თუ არა მოლდოვას კონსტიტუციაში ქვეყნის კურსი ევროკავშირში ინტეგრირების თაობაზე – უშუალოდ მოლდოვაში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა (შუაღამის მონაცემებით, მოწინააღმდეგე – 54%, მომხრე – 45,3%), თუმცა ჯერ კიდევ არაა მთლიანად ცნობილი საზღვარგარეთ მყოფი მოლდოველთა პოზიცია. ყველა შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოწონებას არ დაიმსახურებს, ეს სიურპრიზი სერიოზული დარტყმა იქნება მაია სანდუსა და მისი მხარდამჭერებისათვის.

ალექსანდრე სტოიანოღლოს კოზირი ისაა, რომ იგი პოლიტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ ახალბადაა (მას „აპოლიტიკურ კანდიდატსაც“ უწოდებენ) და მოუსყიდაბი და პატიოსანი კაცის სახელით სარგებლობს: ყოფილი გენერალური პროკურორი დამანაშვეების მიმართ შეურიგებლად იბრძოდა, მაგრამ როგორც კი მაია სანდუს პარტიამ 2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იგი გენპროკურორის პოსტიდან გაათავისუფლეს და ბრალი დასდეს კორუფციაში. მართალია, მოგვიანებითევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ალექსანდრე სტოიანოღლო გაამართლა, მაგრამ მაია სანდუმ უარი თქვა თანამდებობაზე აღედგინა. ყოფილი გენპროკურორ გამოდის ლოზუნგით „სამართლიანობა ყველასათვის“ და აცხადებს, რომ გააგრძელებს ევროპულ გზას, თუმცა არა ისე, როგორც ამას მაია სანდუ აკეთებს. საინტერესოა, რომ ყოფილი გენპროკუროროი საპრეზიდენტო კანდიდატად სოციალისტებმა წამოაყენეს, ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პარტიამ. თავის მხრივ, იგორ დოდონს ახლო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან.

როგორც ჩანს, მაია სანდუს პრეზიდენტის სავარძლის შესანარჩუნებლად მძაფრი ბრძოლა მოუწევს. არ არის გამორიცხული, რომ ყველა დანარჩენმა კანდიდატმა – რენატო უსატიმ (მიიღო ხმების 14%), ვიქტორია ფურტუნემ (5,89%) და ირინა ვლახმა (5,86%) თავიანთ ამომრჩევლებს მოუწოდონ, რომ მხარი ალექსანდრე სტოიანოღლოს დაუჭირონ.

უცხოეთის ქვეყნებში მყოფი მოლდაველების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო – საელჩოებში ხმის მისაცემად რიგები შეიმჩნეოდა. შესაბამისად, ვადა გაგრძელდა.  იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც არჩევნების ბედი შეიძლება დიასპორამ გადაწყვიტოს, ამჟამად მაია სანდუს გუნდს ერთი იმედიღა რჩება – რამდენ ხმებს მოუტანს მათ მიგრანტები.

წინასაარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა, მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან ისმოდა განცხადებები არჩევნების პროცესში რუსეთის სპეციალური სამსახურების ჩარევის თაობაზე. რასაკვირველია, კრემლი თავის მცდელობებს უარყოფდა.

მრავალი წლის განმავლობაში მოლდოვა, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის არის „ჩაჭედილი“, საკმაოდ ყოყმანობდა თავის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში. მოსახლეობის შესამჩნევი რაოდენობა კვლავ ინარჩუნებს სიმპათიებს რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით ეს ითქმის მოლდოვას სამხრეთ ნაწილში არსებულ გაგაუზების ავტონომიისა და სეპარატისტული დნესტრიპირეთის მოსახლეობაზე (დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ რჩება რუსეთის არმიის კონტინგენტი).

რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაგმო რუსული არმიის შეჭრა და იყიყმანოდ, ერთნიშვნელოვნად დადგა კიევის მხარეზე. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ომმა უკრაინის მეზობელ მოლდოვას დიდი პრობლემები შეუქმნა: ათი ათასობით უკრაინელი ლტოლვილი და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რუსულ ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია.

2023 წელს მოლდოვამ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მაგრამ რადგანაც მოლაპარაკება წევრობაზე დროთი შეზღუდული არ არის, ბევრი დამკვირვებლის აზრით, ევროკავშირში მიღების პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

წყარო

საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები

ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე თქმით, [ევროკავშირის] კარი ღიაა და ღია დარჩება.

„ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედიალანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ – ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!“- ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.

დადგა დრო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ – BBC

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბი-ბი-სი“-მ (BBC) გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „დადგა დრო საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ“ (ავტორები – ლორა გოცი და პოლ კირბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველებისათვის, რომლებიც შაბათს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევენში მიიღებენ მონაწილეობას, ბევრი რამ არის დადებული სასწორზე.

საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, უკიდურესად პოლარიზებული გახდა – ოპოზიცია მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საზოგადოების დემონტაჟში და რუსული სტილის კანონების მიღებაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ხმის მიცემა წარმოადგინონ როგორც არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ამ იარლიყს „ქართული ოცნება“ გადამწყვეტად უარყოფს.

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ქართველებმა გასული წლის დეკემბერში  იზეიმეს მათი ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – მოსახლეობის 80% მხარს უჭერს და იწონებს საქართველოს პროევროპულ (პროდასავლურ) კურსს.

მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსული ყაიდის კანონების მიღებამ (მაგალითად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის თაობაზე) ქუჩაში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციებზე გამოიყვანა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი მიიღო „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა უფლებების შეზღუდვის თაობაზე.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიუთითეს, რომ ქვეყნა დემოკრატიის გზიდან უხვევს. ევროკავშირის ელჩმა თბილისი გააფრთხილა, რომ ბრიუსელმა შეიძლება საქართველოს დროებით შეუჩეროს ვიზა-ლიბერალიზების („უვიზო რეჟიმის“) მოქმედება, თუ არჩევნებში ხმის მიცემა „სამართლიანად და თავისუფლად“ არ იქნება აღიარებული. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა ქართველი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიღებაზე (ჯერ მიიწვია, შემდეგ კი მიწვევა გააუქმა).

რუსეთმა დასავლეთი საქართველოზე აშკარა ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა და უარყო ბრალდება, რომ კრემლი საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს.

მაგრამ „ქართული ოცნების“ მტკიცებით, საქართველო ევროპული კურსის ერთგულია და თბილისს ევროკავშირში გაწევრიანებააზე უარი არ განუცხადებია. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობაში და ევროკავშირის წევრობის საკითხში პოზიტიური  „გადატვირთვა“ მოხდება, ხოლო ნატოსთან თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და თუ მმართველი პარტია არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვებს, მისი დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი – მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა – აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს და ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს აკრძალავს. თუმცა „მეოცნებეებს“ ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად 150-წევრიან პარლამენტში ადგილების სამი მეოთხედის მოპოვება დაჭირდებათ.

თვითონ ოპოზიცია ერთიანობისაგან საკმაოდ შორს არის, ამიტომ, „ქართული ოცნება“, პოპულარობის შემცირების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში ძველებურად ლიდერობს.

ოთხ ოპოზიციურ პარტიას აქვთ შანსი, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში ადგილების გარკვეული რაოდენობა მიიღონ. მათგან ყველაზე მსხვილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), რომელიც იმავდროულად ყველაზე წინააღმდეგობრივ პარტიად ითვლება – ბევრ ამომრჩეველს დღემდე ნეგატიურად ახსოვთ ენმ-ის მმართველობის 9-წლიანი პერიოდი (2004-2012 წლებში, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება მოვიდოდა), ამიტომ მათთან ერთად ერთიანი ფრონტის შექმნაზე დანარჩენმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა.

„გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ – ეს პარტიები კარგ სედეგებს აჩვენებენ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი „ნაციონალებთან“ საერთო ენას გამონახავენ, ერთიან ფრონტად გაერთიანდებიან [და არჩევნებში გაიმარჯვებენ], მთავრობის ჩამოყალიბებას შეიძლება თვეები დაჭირდეს, რაც არასტაბილურობას გამოიწვევს.

26 ოქტომბერს ქართველები პირველად მისცემენ ხმას პროპორციული საარჩევნო სისტემით, რომელიც, პარტიათა უმრავლესობის აზრით, უფრო სამართლიანად ითვლება, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, სახელისუფლო პარტია ძველებურად ინარჩუნებს კონტროლს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და საზოგადოებრივ სივრცეზე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის წააგო, ორი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ (ანუ მთელი ქვეყნის ტერიტორიის 20%), ფაქტიურად რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება.

ამჟამად, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას, კრემლმა ლაპარაკი დაიწყო თბილისთან „ურთიერთობის ნორმალიზებაზე“.

საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და ისეთი წინასაარჩევნო პალაკატებს იყენებს, რომლებშიც მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთოს „ომსა და „მშვიდობას“ შორის – ერთმანეთთან არის შედარებული ომით დანგრეული უკრაინა და „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი საქართველო.

წყარო

ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. პროექტის მთავარი მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორი, ქუთაისში, 30 მიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 88 დაბრუნებულმა მოქალაქემ მიიღო.

ქუთაისში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-ზე მეტ მიგრანტს გადაეცემა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც რომელიმე სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

სამინისტროს განცხადებით, „მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, მაშინ როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, არის სიცრუე და მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.

პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთი/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტები.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ.

გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიბანში საჰაერო იერიშები განვახორციელეთ ფინანსურ ჯგუფზე, რომელიც ასობით მილიონ დოლარს ფლობს „ჰეზბოლას“ იარაღის შესაძენად – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ლიბანის დედაქალაქ ლიბანსა და სამხრეთ ლიბანში ათობით ადგილს დაარტყეს, რომლებიც “ჰეზბოლას” დამფინანსებელ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული.

მათივე განმარტებით, საჰაერო იერიშების უმეტესობის სამიზნე არალიცენზირებული ნაცრისფერი ბაზრის ბანკის ფილიალები იყო, რომელიც დაჯგუფების ფულადი სახსრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლა“ ასოციაციის ფილიალებში ასობით მილიონ დოლარს ფლობს, მათ შორის თანხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაჯგუფების სამხედრო ძალების ტერორისტულ ქმედებებთან და რომ თანხები გამოიყენება იარაღის შესაძენად და “ჰეზბოლას” სამხედრო ფრთის წევრებისთვის ხელფასების გადახდისა და განაწილებისთვის.

ისრაელის არმიის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად ვრცელი ნაბიჯები გადადგეს, მათ შორის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინამ თავის ტერიტორიებზე სუვერენიტეტი უნდა აღადგინოს -ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი კიევის მიერ საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამ თემაზე მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ახლავე არ იღებს, იმიტომ რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს.

„ვფიქრობ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, უნდა აღვადგინოთ უკრაინის სუვერენიტეტი მის ტერიტორიებზე, შემდეგ კი დავრწმუნდეთ, რომ ნატოში გზა გახსნილია“, – განაცხადა კონოლიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია უკრაინელების მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა.

„თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა რთული და ტრაგიკული ვითარებაა. ვგულისხმობ იქ რუსეთის ჯარის ყოფნას და რუსულ ოკუპაციას. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა კონგრესმენმა და დასძინა, რომ საუკეთესო ვარიანტად ნატოში მთლიანი უკრაინის გაწევრიანება მიაჩნია, და არა მისი რომელიმე ნაწილის.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ოქტომბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით +5, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, მაღალია წვიმის ალბათობა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.