Home Blog Page 651

ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს-სალომე ზურაბიშვილი

საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან. ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ხვალ თბილისში დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ახალი არ არის, რადგან მისი თქმით, ეს ფორმები წინა რეჟიმებმაც გამოიყენეს.

„საჯარო მოხელეეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან. ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს. ამისთვის მზად ვართ. ვიცით უკვე, როგორ არის ეს ორგანიზებული. ახალი არ არის, რადგან წინა რეჟიმებმაც გამოიყენეს ეს ფორმები, მაგრამ დროა, საჯარო მოხელეებს თავი დავანებოთ, თავიანთი საქმე გააკეთონ და გრძნობდნენ, რომ დაცული არიან. მე სადამდეც ვიქნები და სადაც ვიქნები, ჩავთვლი, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა. როგორც პრეზიდენტის პირდაპირ ჩემი მფარველობის ქვეშ არის პირველ რიგში, ჯარი, პოლიცია  და ასევე საჯარო მოხელეები. ბოლოს და ბოლოს, მეც წარსულში ვიყავი საჯარო მოხელე, ვიცი, ეს რას ნიშნავს და რამდენია მათზე დამოკიდებული, რათა ქვეყანა სწორედ სტაბილური იყოს, ის ადმინისტრაციული მეხსიერება იყოს დაცული, რომელიც ქმნის სახელმწიფოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დანიის „ქალთა მუზეუმი” გადაკეთდა „გენდერულ მუზეუმად“, ამის ნიშნად მუზეუმის შესასვლელთან დაიდგა მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარა ჩვილით ხელში, რომელიც მუზეუმის სავიზიტო ბარათი გახდა -მარიკა ლაცაბიძე

ეს არის ყოფილი „დანიის ქალთა მუზეუმის“ ამჟამინდელი სიმბოლო. საქმე ის გახლავთ, რომ „ქალთა მუზეუმი“, რომელიც 1982 წელს დაარსდა დანიის ქალაქ ორჰუსში, 2023 წელს გადაკეთდა „დანიის გენდერულ მუზეუმად“ , – წერს ჟურნალისტი
მარიკა ლაცაბიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გამოსახულია მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარი ჩვილით ხელში.

ლაცაბიძის განცხადებით, მუზეუმის სახელის შეცვლის მიზეზად, ადგილობრივმა მმართველებმა დაასახელეს უხერხულობა, რომელსაც იწვევს მხოლოდ ქალთა ტრანსფორმაციის ისტორიის მიწოდება მნახველებისთვის, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მამაკაცებისთვის, შესაბამისად, შეიცვალა მუზეუმის კონცეფცია და აღნიშნული ფიგურაც მის სავიზიტო ბარათად იქცა.

„ეს არის ყოფილი „დანიის ქალთა მუზეუმის“ ამჟამინდელი სიმბოლო. საქმე ის გახლავთ, რომ „ქალთა მუზეუმი“, რომელიც 1982 წელს დაარსდა დანიის ქალაქ ორჰუსში, 2023 წელს გადაკეთდა „დანიის გენდერულ მუზეუმად“. ამ ფაქტის მიზეზად ადგილობრივმა მმართველებმა დაასახელეს უხერხულობა, რომელსაც იწვევს მხოლოდ ქალთა ტრანსფორმაციის ისტორიის მიწოდება მნახველებისთვის, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მამაკაცებისთვის. ამდენად, შეიცვალა მუზეუმის კონცეფცია და ამის ნიშნად მუზეუმის შესასვლელთან დაიდგა 3,5 მეტრიანი მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარა ჩვილით ხელში, რომელიც მუზეუმის სავიზიტო ბარათი გახდა.

კულტუროლოგების მოსაზრებით, სკულპტურა, რომელიც წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის ჰიბრიდს, განასახიერებს დანიის თანამედროვე საზოგადოებას. მუზეუმში ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება გენდერის თემას, სქესობრივი აღზრდის ისტორიას. ასევე, მუზეუმში არის სივრცე, სადაც განიხილება სქესის თანასწორობა ბავშვებში და ეწყობა გამოფენები, სადაც ასახულია ბავშვობის ხანა და ცვლილებები, რომლებსაც განიცდის ეს ასაკობრივი კატეგორია ბოლო 150 წლის განმავლობაში.” – წერს მარიკა ლაცაბიძე.

https://www.facebook.com/mlatsabidze/posts/pfbid0rBMrgBKpHZoJtGeWjf7hbB72LpWp6agFXGS24Gymq1RPPH7hA5nZYUhZuY8YBQNal

23 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან – შსს

შსს, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

შსს მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან, გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის – ჩვენი მომავალი უნდა გადავწყვიტოთ საღად, წყნარად, მშვიდობიანად, მას დავუტოვოთ თავისი შიშები და ოფოფები – პრეზიდენტი

ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის, არც ქვეყნის, არც საზოგადოების პრობლემა და არც ამ არჩევნების პრობლემა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი გაუკეთა – „ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა“.

მისივე განმარტებით, ქვეყნის გაერთიანების საკითხი უნდა დადგეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის მყარი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა.

„მგონია, რომ მასაც [ბიძინა ივანიშვილი] ძალიან ეშინია რუსეთის დღეს. ყველა მიმართულებით კი დაემორჩილა, ყველაფერი რაც სთხოვეს გაუკეთა, მაგრამ, რეალურად, რუსეთმა არაფერი გაუკეთა. ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა. საქართველოში ყველა რეჟიმს, რომელსაც აქვს პრობლემა, ცდილობს ამ თემით გაიცოცხლოს თავი. ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის მყარი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა. ამ პირობებში შეიძლება იფიქრო რამე სტრატეგიაზე. ჩვენი გაერთიანების ძირითადი სტრატეგია, მაინც არის ევროპაში და ევროკავშირში. ამ ასოციაციებით მოვახდინოთ ჩვენი ხალხის შეერთება.

მას {ბიძინა ივანიშვილი} ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის, არც ქვეყნის, არც საზოგადოების პრობლემა, არც ამ არჩევნების პრობლემა. ჩვენი მომავალი უნდა გადავწყვიტოთ საღად, წყნარად, მშვიდობიანად და მას დავუტოვოთ თავისი შიშები და ოფოფები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა, ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე -ირაკლი კობახიძე

ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავხსენით, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს მასშტაბსა და შედეგებზე ყველაზე უკეთ მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე მაქსიმუმ სამ საათში იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა. ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე.

რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი. დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას, რითაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან კავშირი მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პარტნიორებს, მშენებელ და საზედამხედველო კომპანიებს და ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში.

„მაგისტრალური გზების მშენებლობაში ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და მათ მინდა, მადლობა გადავუხადო. უშუალოდ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან მონაწილეობენ – ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. მადლობა თითოეულ მათგანს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სპეციალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულებაში და რომელსაც მიუძღვის წვლილი ამ მაგისტრალური გზის მშენებლობაში. მადლობა მშენებელ და საზედამხედველო კომპანიებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ავტომაგისტრალური გზის მშენებლობაში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი,12-კმ-იანი მონაკვეთი საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის -პრემიერი

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი რამდენჯერმეა გაზრდილი.

„დღეს გვაქვს საინტერესო დღე – ვიყავით ანაკლიაში, სადაც დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ასევე გახლდით ყულევში, სადაც შენდება ძალიან მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ახლა ვხსნით ჩვენი ავტომაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს. ეს განვითარება აჩვენებს იმას, რომ ქვეყანა მიდის წინ და ჩვენი ვალია, მომავალშიც ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება სამუშაოები ამ მიმართულებით.

ტრანსპორტი უკვე ცალმხრივად ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, რეაბილიტირებული გვირაბით და მის პარალელურად აშენებული ახალი გვირაბით, რომელთა სიგრძე 2 კილომეტრამდეა და რიკოთის მონაკვეთზე ყველაზე გრძელ გვირაბებს წარმოადგენს. დღეს, რიკოთის მონაკვეთზე ჩვენ უკვე ვსარგებლობთ, მთლიანობაში, 49 გვირაბით და 88 ხიდით. ეს მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენჯერმე არის გაზრდილი გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი, თუ მანამდე მთელ ქვეყანაში 68 კმ ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ახლა უკვე ამას დაემატა დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალი.

„ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი სამუშაოების ტემპები.
რიკოთი ევროპული სტრატეგიული საგზაო მარშრუტის – აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია, რომლის ყოველ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებას, ამცირებს დროს და მანძილს. რიკოთის რთული რელიეფისთვის თვისობრივად ახალი გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს, ზრდის გამტარობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ლიხის ქედის რთულ, მთიან რელიეფზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მასშტაბურ საინჟინრო გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ყოველთვის კრიტიკულ და რთულ პროექტად იყო აღიარებული. ამიტომ, მას თამამად მოვიხსენიებთ, როგორც საუკუნის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის არჩევნებამდე დასახელება გადაიფიქრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე არ დაასახელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი, ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, რადგან აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. როგორც მათგან მოვისმინე, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების შემდეგ იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური მთლიანად, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ. უკვე იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ამისი დრო მოდის შემდეგ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებდა.

აუცილებელია, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე გაიწმინდოს აგენტურისგან და დამნაშავეებისგან – “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რომ უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს და მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, აუცილებელია, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე გაიწმინდოს აგენტურისგან და დამნაშავეებისგან.

„15 სექტემბერს ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა პასუხისმგებლობას ეხებოდა, დეტალურად განვმარტეთ, რატომ არის აგენტურული ქსელის ორი წარმომადგენელი − გახარია-ხაზარაძე უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებზე არანაკლებ საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღინიშნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუშიც, სადაც მან საკუთარი გუნდის ყოფილ წევრზე განაცხადა, რომ გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა და მისი გადადგომაც სწორედ გარედან მიღებული დავალება იყო, რათა ხელისუფლება ჩამოშლილიყო და ძალაუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აეღო ხელში.

ივანიშვილმა გახარიას სამომავლო პასუხისმგებლობის დაყენების შესახებაც გააკეთა განცხადება და სწორად მიანიშნა, რომ ქვეყნის ღალატი უნდა იყოს დასჯადი. სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან სწორედ იმიტომ ამოიღო, რომ მომავალში ამ მუხლით თვითონ არ გასამართლებულიყო, ხოლო უკანა რიცხვით ამ მუხლით მისი გასამართლება ვეღარ მოხერხდებოდა. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საგანი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ისჯება!

ამასთან, თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, რომ უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს და მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი.

რაც უნდა ეცადოს გახარია, საკუთარი თავი გამიჯნოს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, ფაქტები სხვა რეალობას აჩვენებენ. წარსულს რომ აღარ შევეხოთ, საკმარისია გავიხსენოთ ე.წ. ქარტია, რომელსაც კრებსითი „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფებთან ერთად გახარია-ხაზარაძეც აწერენ ხელს. ე.წ. ქარტია კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გეგმა აგენტურული ქსელის მიერ. აღნიშნული დოკუმენტის თითოეული პუნქტი ქვეყნის გარედან არის ნაკარნახევი და საკუთარი შინაარსით საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული.

საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით ვერ მოხერხდება. აუცილებელია, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე გაიწმინდოს აგენტურისგან და დამნაშავეებისგან. ასევე, მიუხედავად მკაფიო მტკიცებულებების არსებობისა, თუ მოქალაქე კვლავ გადაწყვეტს დამნაშავეების მხარდაჭერას და ამით მათთვის დანაშაულის ჩასადენად „იარაღის გადაცემას“, ცხადია, უნდა დადგეს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი.

მხოლოდ ასე შევძლებთ საბოლოოდ გავთავისუფლდეთ შიდა პოლიტიკაზე საქართველოს მტრული ძალების გავლენისგან. მხოლოდ ასე შევძლებთ დავაზღვიოთ რისკი, რომ ადრე თუ გვიან ქვეყნის გარედან კვლავ მოახერხებენ აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რაც საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას, ლგბტ იდეოლოგიის დაკანონებას და ქვეყნის ომში ჩართვას გამოიწვევს“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

 

არ მაქვს საფუძველი მათ არ დავუჯერო – დიალოგები მოყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის – სერგეი ლავროვი „ქართულ ოცნებაზე“

არ მაქვს საფუძველი “ქართულ ოცნებას” არ დავუჯერო. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყაზანში BRICS-ის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

მისი თქმით, საფუძველი არ გააჩნია არ დაუჯეროს პარტია “ქართულ ოცნებას”, როდესაც მათ მოჰყავთ დიალოგები, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდნენ.

“არ მაქვს საფუძველი მათ [“ქართულ ოცნებას”] არ დავუჯერო. დიალოგები მოჰყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის. საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო”, – განაცხადა ლავროვმა.

პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

უცნობია აუდიენციის დეტალები.

უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა – შალვა პაპუაშვილი

უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც ოპოზიციის, ენჯეოების, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა. ამჯერად ეს მხილება ტერმინის -„რუსული კანონი“ – მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დღეს, „რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ მიუთითა თუ რა იყო რუსეთში მოქმედ კანონში ის შეზღუდვები, რომლის გამოც მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა“ დაადგინა:

„1.ყველა გამოცემის ბრენდირება, როგორც „უცხოელი აგენტის“ წარმოებულის,

2.ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხვა,

3.პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა,

4.ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა,

5.კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შემოსავლის მიღების აკრძალვა,

6.არაპროპორციული სანქციები (დისკრეციული ჯარიმები, ორგანიზაციის გაუქმება).

არც ერთი ეს საკითხი, არც ერთი ეს შეზღუდვა ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის.

ყველაფერ ამაზე ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დროს ისაუბრეს პარლამენტის წარმომადგენლებმა.

რაც შეეხება მოსარჩელე პოლიტიკოსებს და ენჯეოებს, მათ მთელი პროცესის დროს ვერ დაასახელეს ვერცერთი არგუმენტი, თუ რა ჰქონდა ქართულ კანონს საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან.

ამიტომაც იყო საუკუნის აფერა, როდესაც ქართულ კანონს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან, „რუსული კანონი“ უწოდეს.

რა თქმა უნდა, როგორც მანამდე – რუსთავი 2-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის და ა.შ. საქმეებზე – ალბათ, არც ახლა მოიხდის ვინმე ბოდიშს საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის. მაგრამ ქართველი ხალხი თავის დასკვნებს ხომ გამოიტანს და ეს დასკვნები ყველაზე ცხადად და ხმამაღლა 26 ოქტომბერს გაჟღერდება”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს შესაბამის დოკუმენტს.

ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს – ანრი ოხანაშვილი ფეხბურთელების მიმართ რადიკალების შეტევაზე

რადიკალების მიერ ფეხბურთელებზე განხორციელებულ მორიგ შეტევას  ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რადიკალების ქმედება არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს.

„ნებისმიერი პირი, რომელიც მათთვის პოლიტიკური შეხედულების გამო, აზრის გამო, სიმღერის გამო, კონკრეტულ სცენაზე ასვლის გამო და კონკრეტული პოზიციის დაფიქსირების გამო მიუღებელია, ისინი მზად არიან, ის, მისი ოჯახი, მისი ახლობლები ფეხქვეშ გათელონ მორალურად. ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, თუმცა ამას არავის გმობს. დააკვირდით, არცერთი ბიუროკრატი, კონკრეტული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ეს არის მიუღებელი, ეს არ შეიძლება. პირიქით, მათი დუმილით ისინი როგორც ჩანს იწონებენ ამ გამონათქვამებს და ეს არის კატასტროფა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.