Home Blog Page 647

 დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა – ეს არის ევროპა?! -კახა კალაძე

დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუკი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

„2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია. ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა კი განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაარსებიდან 10 წლის თავზე გაყინოს მინისტრებს შორის მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“, ასევე არ გამართოს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩეროს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.

 ქვეყანას სჭირდება ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, აიღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში -მამუკა ხაზარაძე

ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისში, შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„22 წლის ვიყავი, როცა ბერლინის კედელი ჩამოინგრა. მაშინ გამიჩნდა პირველი სურვილი, რომ ჩვენც შევძლებდით ამ გზაზე დადგომას. მას შემდეგ ყველაფერი გავაკეთე, ბადრისთან და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ იმ პერიოდში, როცა ვიყავით ბიზნეში, შემოგვეტანა ამ ქვეყანაში ევროპული ტექნოლოგიები, ევროპული განათლება, ევროპული ინვესტიცია, შევქმენით ათეულობით კომპანია და რამდენიმე მსხვილი კომპანია დღეს ევროპულ ბაზარზე ევროპულ კომპანიებს ეჭიდავება. სწორედ ამას ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა პოლიტიკაშიც, მაგრამ 12 წელი ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, გააჩერა თავისი ტყუილებით და დაპირებებით, რომელიც ხალხმა დაიჯერა. ეს იყო რაღაც 100 ქარხანა, უფასო ფული, ეს იყო ის დაპირებები, რომ გააოცებდა ევროპას განსაკუთრებული დემოკრატიით და, რაც ყველაზე მთავარია, გააჩერა საუკუნის პროექტი, ანაკლიის პროექტი, რომელმაც ათიათასობით სამუშაო ადგილი გააქრო და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ეს ყველაფერი, შეგვიძლია, დავამთავროთ ჩვენ, შეგვიძლია, დავამთავროთ ორ დღეში, იმიტომ, რომ ორ დღეში ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყანაში შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მისმა გუნდმა გადაწყვიტა, ქართველი ხალხის დაკვეთა შეესრულებინათ.

„რა დაკვეთა იყო ეს? ოცი წელი ამ ქვეყანას ორი პარტია მართავდა, 20 წელი, და ადამიანები აღარ მიდიოდნენ არჩევნებზე, იმიტომ, რომ მათთვის ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ახალი კოალიცია, სადაც გაერთიანდა „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“, ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. ჩვენ შევქმენით ახალი, ნამდვილად რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ამ „ძლიერ საქართველოს“ აქვს ძლიერი პროგრამა, „ილიას გზა“. მგონი, ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის და ამ „ილიას გზაში“ ჩვენ გაწერილი გვაქვს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძლიერ ქვეყანამდე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაზემ.

მისი თქმით, 20 წელი ქვეყანას ორი პარტია მართავდა და მისი გუნდის სახით რეალურად გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და პროგრამა.

„რა არის ახალი პოლიტიკის კეთება? ახალი პოლიტიკის კეთება არის იმ ხალხის მოსმენა, იმ ხალხის ჩართვა, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ და მზად არიან, საქართველოს სიყვარულისთვის ნებისმიერ საქმეზე წავიდნენ. ესენი არიან ის დედები, რომელთაც უნდათ, თავიანთ შვილებს ჰქონდეთ ძალიან მაგარი მომავალი, ძალიან მაგარი განათლება. ესენი არიან ის ვეტერანები, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს და ჩვენ ახლა ამ დამოუკდებლობის დაცვისთვის ვართ შეკრებილები და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად. ესენი ის დევნილები არიან, რომელთა მოგონებები, დაკარგული სახლები და დევნილობაში გატარებული დრო გვაძლევს ჩვენ ინსპირაციას, ძალიან სწრაფად მოხდეს რეინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ აქ შექმნან თავიანთი ცხოვრება და არ იფიქრონ იმაზე, რომ ერთადერთი შანსი არის ქვეყნის დატოვება. 117 000 ახალგაზრდამ, 30 წლამდემ, დატოვა ჩვენი ქვეყანა. ეს კატასტროფაა და ამ ხალხის ხმა არ ესმის ბიძინას, არ ესმის „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ ისენი ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და ეს ყველაფერი ემსახურება „ქართული ოცნების“ ელიტარულ ჯგუფს, რომელსაც ხელები აქვთ ისე ღრმად ჩაყოფილი კორუფციაში, რომ უკვე სადღა წავიდნენ, აღარ იციან. ამიტომ უნდათ მათ ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამ ხალხის გვესმის ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“. ჩვენ ამ ხალხს ვუსმენთ და სწორედ ასეთი ხალხის ჩართულობით მოხდება ახალი პოლიტიკის კეთება საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ლიდერები სუფთა წარსულით.

„20 წელი ერთი და იგივე სახეები. ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, რომლებიც აიღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში. სწორედ ასეთი ადამიანები არიან „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები და სწორედ ასეთ ლიდერებს უნდა მისცეს ჩვენმა ამომრჩეველმა შანსი და დიახ, ეს არის შანსი, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.

ორ დღეში ჩვენ გვაქვს უნიკალური მომენტი, რომ ყველა ერთად წავიდეთ და დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, ნიჰილიზმი, დავამარცხოთ რუსული პოლიტიკა და ყველამ ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის არჩევანი, რომელიც გააკეთა ჩვენმა წინაპარმა, ის არჩევანი, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ის არჩევანი, რომელიც გვწერია კონსტიტუციაში და ეს არჩევანი არის ევროპული არჩევანი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ძირძველი ერი ვართ და სწორედ იმ სივრცეში ვართ ჩვენ გარანტირებულად მშვიდობით, რელიგიის დაცვით, მამულის და ჩვენი ტერიტორიების დაცვით და სტაბილურობით, აი, ეს არის ის ადგილი. ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც“, – განაცხადა მამუკა ხაზარაზემ.

რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს – ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ-სალომე ზურაბიშვილი

ალბათ, იმპიჩმენტი იქნება და ციხეში ჩამსვამენ, თუ ეს მოხდება , – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რა მოხდება თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

ზურაბიშვილის თქმითვე, ეს არჩევნები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.

ამასთან პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, როგორ დაბალანსდება ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ან დაუწესდება თუ არა რუსეთს სანქციები. ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის“.

„საქართველო შეუერთდა სანქციებს იმ დონეზე, როგორც მოლდოვა, თუმცა არსებობს ნიუანსები. ეს არ არის პრობლემა. საქართველო არასდროს აბალანსებდა დამოკიდებულებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. იყო ერთი ნათელი გზა, რომელსაც მიჰყვებოდა „ქართული ოცნებაც“ მისი მმართველობის დიდი ხნის განმავლობაშიც და ეს იყო ევროპული ინტეგრაციის გზა, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატივა, სადაც საქართველო იპოვის დამოუკიდებლობას, აყვავებას, მშვიდობას. 90%-იც კი მოსახლეობის, ამას ფიქრობს. ასე უჭერენ მხარს ქართულ გზას. ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფერმა შეუშალა ხელი მოსახლეობას ამ გზაზე. ეს გზა მოიგებს, რადგან ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 მამუკა ხაზარაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში – ბოდიში ძმაო, უშნოდ გამომივიდა-ალეკო ელისაშვილი

რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში – ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან, – ამ სიტყვებით მიმართა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამავე კოალიციის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პარტიის დასკვნით ღონისძიებაზე.

გარდა ამისა, ელისაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოქმედი ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო” ერთ მუშტად შეკრული მოემსახურება ქვეყანას.

“12 წლის წინ ყველას ყელში გვქონდა ამოსული ის ძალადობა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. არ გვინდოდა, იმ ჩაგვრას შევგუებოდით და მაშინ გამოჩნდა ის კაცი. გამოჩნდა და მხსნელი გვეგონა. უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შე ოხერო, კითხვა როგორ ვერ დასვი, ფული და უფასო ვის გაუგიაო?!. ას ქარხანას დავუკარი მხურვალედ ტაში, ხუთი მილიონი თითო სოფელსო და მაგასაც ვუკარი ტაში… სოლარიუმი თითო სოფელსო – მაგაზეც რამ მაკვრევინა ტაში…

სამჯერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, სამჯერვე მოგვატყუა. ყველაფერი ჰქონდა, რომ შეესრულებინა, აბსოლუტური ძალაუფლება და შესაძლებლობა, ყველა სოფელში “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლებაში. რატომ არ შეასრულა, იცით? არ ვადარდებთ და იმიტომ, ადამიანებად არ მივაჩნივართ, ელექტორალური რესურსი ვართ. ესეც არ გვაკმარა, იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოშიო. შეურაცხყოფას გვაყენებს. დაცლილია სოფლები, გული გაგისკდება, რომ შეხედო ეკალ-ბარდებად ქცეულ ეზოებს, ჩამტვრეულ შუშებს, ჩამონგრეულ სახლებს. ნახევარი საქართველო გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად, სხვების მოხუცების მოსავლელად. ამის ფონზე იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გვატყუებს, ყველა დავასაქმეო, 700 ქარხანა მუშაობსო, უფასო ფულიც დავარიგეო. დაარიგა, აბა რა ქნა – ხუნდაძე რომ ჰყავს, 1 ლარად მისცა ასი ათასიანი ქონება, უფასოა მისთვის, აბა რა არის.

ესეც არ გვაკმარა, გორში, დაბომბილ და აწიოკებულ ქალაქში დადგა და ჩვენი ქვეყნის მტრებს, ხალხი რომ სახლებიდან გამოგვიყარა და დაგვიხოცა, იმ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ქვეყანას პერსპექტივას უსპობს და ერთადერთი გაახარა რუსები იმიტომ, რომ მათ უქიცინებს კუდს.

ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი სამხედრო. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე, როგორც ყველა ოჯახს და მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა, რომ ოჯახს შევხიდებოდი, ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მეშლება და აი, პირველად მინდა მოვუხადო მამუკა ხაზარაძეს ბოდიში, არ მომიხდია მანამდე ბოდიში – ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად. აქ, “ძლიერ საქართველოში” ვდგავარ იმიტომ, რომ ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრულები”, – განაცხადა ელისაშვილმა თავის გამოსვლაში.

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასურველი შედეგის მიღწევას მოთმინებითა და სიმშვიდით შეძლებთ. ადამიანების დარწმუნების ნიჭი და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებასა თუ დისკუსიაში გაიმარჯვოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, ახალი მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანენ. ეცადეთ, მეუღლის აზრს ანგარიში გაუწიოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

კურო

ნათელი და საინტერესო დღეა. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდეთ და მათზე ერთდროულად ზრუნვა მოგიწიოთ. გირჩევთ, გეგმის მიხედვით იმოქმედოთ და მეტის მოსასწრებად დრო და რესურსები თანაბრად გაანაწილოთ. საღამოს, ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

ტყუპები

ეს დღე სტაბილურობის და თავდაჯერების განცდას მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ ეტაპზე საკუთარ ცხოვრებაში არაფერი შეცვალოთ. დაასრულეთ საქმეები, რომლებსაც ბოლო დროს აკეთებდით. გუნდური მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. თუ მარტოხელა ხართ, შეიიძლება იმას შეხვდეთ, ვინც ცხოვრებას გაგილამაზებთ.

კირჩხიბი

სიმტკიცე და დისციპლინა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ნებისმიერი რთული საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. არსებობს კარიერული წინსვლის, ასევე შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა. გახსოვდეთ, თუ წაგებისთვის განწირულ ავანტიურაში ფულს ჩადებთ, ფინანსურად დაზარალდებით. პირად ურთიერთობებში კონფლიქტი გელით.

ლომი

თავდაჯერება გაკლიათ. ამის გამო სამსახურში პრობლემები გელით. ხანდახან უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი საქმეების გაკეთება დაგჭირდებათ. რომც გქონდეთ სიამაყის მიზეზი, შეეცადეთ, ახლობელი ადამიანების წრეში თავშეკავებით მოიქცეთ და თქვენს დამსახურებებზე ნაკლები ისაუბროთ. სამაგიეროდ, პირად ურთიერთობებში მეტი უნდა იაქტიუროთ. ნუ მოგერიდებათ, რომ მოწონება პირველმა გამოხატოთ.

ქალწული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ახალი კავშირები დაამყაროთ, ახალი ბიზნესპარტნიორები იპოვოთ და სოციალური წრე გააფართოოთ. მოგზაურობა საინტერესო და ფინანსურად მოგებიანი იქნება. თავი შეიკავეთ სამსახურებრივი რომანის დაწყებისგან, რომელიც უამრავ პრობლემას მოგიტანთ და თქვენს ავტორიტეტს გაანადგურებს.

სასწორი

გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები, რომ მენეჯმენტის პატივისცემა დაიმსახუროთ. გარემოებებთან ადაპტაციისა და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების კამათში მონაწილეობა და დაპირისპირებული მხარეების შერიგება მოგიწიოთ. ოჯახში მოსალოდნელია ახალი ნივთის შეძენა.

მორიელი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, მეტი დამოუკიდებლობა გამოიჩინოთ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ ქცევის წესები გიკარნახოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ. ზოგ მორიელს ყოფილი პარტნიორი ურთიერთობის აღდგენას სთხოვს. კარგად დაფიქრდით, სანამ პასუხს გასცემთ.

მშვილდოსანი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. ეცადეთ აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა გამოიჩინოთ და ყურადღებიდან არაფერი გამოგეპაროთ. შემოქმედებითი უნარები რთული, საპასუხისმგებლო პროექტის დასრულებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ცნობისმოყვარეობისგან და საკუთარი გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდით.

თხის რქა

მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც პროფესიული წარმატებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს გაგიხსნით. კონკურენტებთან ან არაკეთილსინდისიერ კოლეგებსთან დაპირისპირება შეილება გამწვავდეს. მოთმინება და დათმობის უნარი დაგეხმარებათ, რომ ოჯახურ ურთიერთობებში ჩხუბი და დაძაბულობა თავიდან აიცილოთ.

მერწყული

25 ოქტომბერს თქვენი სოციალური ცხოვრება გააქტიურდება. სავარაუდოდ, ბევრ მოვლენაზე აზრს შეიცვლით და უფრო პოზიტიურად შეხედავთ. ეცადეთ, არ დააგვიანოთ შეხვედრაზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხი წყდება. შესაძლოა, ამ დღეს განსაკუთრებულ და საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს.

თევზები

შესაძლოა, დაღლილობის გამო საინტერესო ბიზნესწინადადებაზე უარი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ძალებს გაუფრთხილდით და ერთბაშად ყველა საქმის დასრულებას ნუ ეცდებით. ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის და ვარჯიშის დაწყებისთვის.

 ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა-გიორგი გახარია

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიორგი გახარიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია და უკვე დნმ-ის დონეზე „განაცდა“.

„რაც არ უნდა იჭორაოს „ოცნებამ“, ვერასოდეს ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ მე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად ძიძიგური, ანა ბუჩუკური, ჩვენ ვართ „ნაცები“ და ის ხალხი, ვინც მათ პირველ ოცეულში ჰყავთ, არ არიან. „ოცნება“ უკვე დნმ-ის დონეზე “განაცდა“. საპატიო თავმჯდომარე, რომელიც იჯდა ეთერში და დანაშაულის გარეშე, ქმედების გარეშე გასამართლებით ემუქრებოდა, მიხეილ სააკაშვილი სხვას კი არაფერს აკეთებდა. ადამიანი ამბობს საოცრებას, რომ საქართველოში კარგი ადამიანი თუ არის, ე.ი. „ოცნების“ წევრი უნდა გახდეს და სხვა ყველა ქვეყნის მტერია და მოღალატე. „ხალხის მტერი“, – ასეთი რაღაცები ახსენა. ამიტომ „ნაცი“ ვინ არის და „ნაცური“ მენტალიტეტი ვის აქვს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. „ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია, ეს ფაქტია.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, გამოვიდა და მოყვა, რომ მედიაზე წვდომა თურმე 2012 წელს შეზღუდული იყო და თეფშები დაუპატიმრეს, რაც მართალია და ძალიან ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტელევიზია ღიად ამბობს, რომ „მე ვთვლი, რომ შენ ცუდი ხარ და ამიტომ არ გიშვებ ჩემს ეთერში“. კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ მაშინ შენი ეთერიდან ნუ მლანძღავ, ტყუილებს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ. თუ ავრცელებ, მაშინ დამიძახე, რომ ამ ტყუილებს ვუპასუხო. შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი შენს თავს და სინამდვილეში რომ უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დააბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი. ასე მარტივია, გამოხვალ, ადამიანებს რაღაცას დააბრალებ, იჭორავებ, იწყევლები, მერე გაიქცევი შენი დაცვის უკან და სახელმწიფოს ზურგის უკან დაიმალები, ასე მარტივია ცხოვრება. საბოლოო ჯაში ადამიანები ამას ხედავენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიამ ისაუბრა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, „იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, რაც გააკეთებინეს გახარიას“. გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ომის რეალური ხელშემწყობი ივანიშვილია.

მისი თქმით, ივანიშვილი სასოწარკვეთილია.

„სისულელეს რა უნდა ვუპასუხო. ადამიანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, შეშინებულია, ხედავს რომ ზიანდება. ამ ქვეყანაში ომის რეალური ხელშემწყობი ივანიშვილია. მან ძალიან კარგად იცის, რომ შენ როდესაც გლობალურ კონფლიქტში, თან შენი ფინანსური, მერკანტილური მოტივებით იმისთვის, რომ შენი ფული რაღაცნაირად დაიცვა, სახელმწიფოს იყენებ და სახელმწიფოთი აშანტაჟებ სტრატეგიულ პარტნიორებს, შენი რაღაც ილუზიების გამო, გაუთვითცნობიერებელი შიშების გამო და გლობალურ კონფლიქტში მხარეს იჭერ, შენს სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმი, კონფლიქტში შედიხარ. გარდა იმისა, რომ ამაზე ლაპარაკს გავაგრძელებთ, ფაქტები დაიდება, ნათელი გახდება, რომ თავისი მილიარდების გადასარჩენად როგორ გამოიყენა სახელმწიფოს უსაფრთხოება, ინტერესები, საგარეო ორიენტაცია. ისტორია და ანალიზი დადებს ამ ფაქტს, შესაბამისი მკვლევრები დადებენ, არაფერი არ იმალება. როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველა მიხვდება ვინ მოშალა ქვეყნის უსაფრთხოების ჩარჩო. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტი ყოველთვის იყო პარტნიორობა აშშ-სთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, ივანიშვილი მისთვის „ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“.

„ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ბიძინა ივანიშვილისგან ველოდი სიტყვის შესრულებას. ველოდი, რომ ის იმდენად შემდგარი ადამიანია, რომ თავის პირად, პერსონალურ ინტერესებს და შიშებს არ დააყენებდა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და ველოდი, რომ ადამიანს, რომელსაც ამხელა წარმატებები აქვს მიღწეული, ამდენი კარგი რამ გაუკეთებია ქვეყნისთვის, ამ ყველაფერს წყალს არ გაატანდა რაღაც გლობალური ომის პარტიის ზღაპრების და მილიარდების გამო. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის ტყუილები, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყოველდღიურობის ნაწილი იყო სამწუხაროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ბუნდოვანი განცხადებებისა-უწყებათაშორისი კომისია 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს.

„წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან, მათ შორის, ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად დეზინფორმაციის გავრცელების აღკვეთის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების ეფექტიანი პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი, არაიდენტიფიცირებადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მანდატის გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს – ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მან ასევე აღინიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ადმინისტრაცია ფართო მასშტაბით გამოიყენებს ტექნოლოგიებს, შესაბამისად  როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები და მიგნებები მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ.

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ ტრადიციულად შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობა. ინსტიტუცია, მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევარია, სრულ ღიაობას აცხადებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს მუდმივად აცნობს ვერიფიცირებულ და ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. ჩვენი ღიაობა ასევე გამოხატულია შესაბამისი სამუშაო პლატფორმების შექმნითა და იმ ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ემსახურება კენჭისყრის დღის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ჩვენ საქმიანობას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია NDI-ის რეკომენდაციები შესრულების შესახებ.

26 ოქტომბრის არჩევნებს „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიები მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ მონიტორინგს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გაიმართა.

 ვნახოთ, როგორი იქნება სხვადასხვა არასამთავრობოს, სადამკვირვებლო მისიების შეფასება და ამის მიხედვით ვნახავთ, როგორ უნდა შეფასდეს ცესკო-ს მუშაობა-სალომე ზურაბიშვილი

ვნახოთ, როგორი იქნება სხვადასხვა არასამთავრობოს, სადამკვირვებლო მისიების შეფასება და ამის მიხედვით ვნახავთ, როგორ უნდა შეფასდეს ცესკო-ს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: „აშშ-ის ელჩმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცესკო-ს მუშაობამ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას“, აქვე შეგვიძლია, გავიხსენოთ ეუთო/ოდირის ბოლო დასკვნაც უშუალოდ ცესკო-სთან დაკავშირებით. როგორი იქნება თქვენი პოზიცია ცესკო-ს მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნდება 26 ოქტომბრის საღამოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. მათ შორის, მაგალითად, მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„ცესკო-ს მუშაობაზე მე მაქვს ერთი ძალიან სერიოზული კრიტიკა და ეს ეხება საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეებს. ყველაფერი გაკეთდა, რომ მათ არ მიეცეთ საშუალება, სრულყოფილად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ერთი მილიონიდან მხოლოდ 100 ათასმა გაიარა რეგისტრაცია, ისიც ძალიან დიდი სირთულეების ფონზე. არც ერთი ახალი უბანი არ გახსნილა, თუმცა ყველა პირობა, რაც წერია კანონში, შესრულებული იყო და ამის მიუხედავად, ცესკო-მ არც განიხილა. ამიტომ, თქვენი შეფასება ცესკო-სი გასაგებია, მაგრამ არ არის სრულყოფილი. ვნახავთ, როგორ იქნება ცესკო-ს დასკვნა. წინასწარ როგორ უნდა გითხრათ, რა შეფასებას მივცემ. ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები, რა შეფასებები იქნება სხვადასხვა არასამთავრობოს, სადამკვირვებლო მისიების, რომლებიც არიან ქვეყანაში. ამის მიხედვით ვნახავთ, როგორ უნდა შეფასდეს ცესკო-ს მუშაობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩვენ უნდა შევხედოთ რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთან, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება ვის მივცეთ ხმა-დეკანოზი შალვა კეკელია

ჩვენ უნდა შევხედოთ რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთან, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ვის უნდა მივცეთ ხმა, – განაცხადა დეკანოზმა შალვამ (კეკელია).

„ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს და აზრს მეკითხება არჩევნებთან დაკავშირებით. მეკითხებიან ვის მივცეთ ხმა და როგორ მოვიქცეთო. ადამიანები, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სრულწლოვანები არიან, ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი და ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ.

მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ სიბოროტეს, სიბნელეს, მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურებას. ამ ყველაფრის მიმართ მქონდა პროტესტი, წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან უნდა დამთავრებულიყო ის საშინელება, რაც ქვეყანაში ხდებოდა.

წელსაც გადავწყვიტე, რომ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. მივდივარ სამეგრელოში ხმის მისაცემად, რადგან დღესაც იგივე პროცესია, რაც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტია, რადგან ჩვენ ვხედავთ რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, რაც აქამდე არ ყოფილა.

მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, როგორ უნდა მისცეთ იმ პარტიებს ხმა, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედა ეკლესიის მაგინებელია და მისთვის ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენ ყველა რა არჩევანსაც გავაკეთებთ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ.

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1250324686159265&t=138

ცესკო ისრაელში, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის.

„კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან  წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკო-სთვის არ მოუმართავს.

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის ცხრა წევრი მაინც. აქვე გაგაცნობთ ცესკო-ს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიც განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. იმ შემთხვევაში თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.  ზემოაღნიშნული დადგენილების მიღება და მისი შინაარსი კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებში კენჭისყრის შეუფერხებლად ჩატარებას.

ცესკო მოუწოდებს კომისიის წევრებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, იმისთვის რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ყველა კვლევით 60%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ – ასე რომ, ეს კარგად შეიგნონ მათაც და მათმა პატრონებმაც-ირაკლი კირცხალია

“ყველა კვლევით 60%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, ეს კარგად შეიგნონ, შეიგრძნონ მათაც და მათმა პატრონებმაც, ეს პასუხი დაფიქსირდება 26 ოქტომბერს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა, განსაკუთრებით ამ წინასაარჩევნოდ.

„ძალა, რომელიც, ყველას კარგად გვახსოვს, რით იყო დაკავებული ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და შემდეგ უკვე ოპოზიციის ფლანგიდან რით არის დაკავებული – პირდაპირ ქვეყნის გაყიდვით, ლიბერალური ფაშიზმის ყველა გამოვლინებით. ასეთი ადამიანები მოუწოდებენ და საუბრობენ ევროპის სახლით, მათივე კონკრეტული ლობისტური ჯგუფების დახმარებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ესეც არაერთხელ ვთქვით. ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა, განსაკუთრებით ამ წინასაარჩევნოდ.

რეალურად მათაც და მათმა პატრონებმაც კარგად უნდა შეიგნონ, რომ ქვეყანაში 85% ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საზოგადოების არის ევროინტეგრაციის მომხრე, ოღონდ მხოლოდ ღირსეულად, თავაწეული, ამაყად და ორ ფეხზე მდგომი. სწორედ ამის გამოვლინება იყო, გუშინ რაც იხილა მთელმა მსოფლიომ, მათმა პატრონებმაც და მათაც. დამერწმუნეთ, რომ ამ 85%-დან, ყველა კვლევით 60%-იანი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, ეს კარგად შეიგნონ, შეიგრძნონ მათაც და მათმა პატრონებმაც, ეს პასუხი დაფიქსირდება 26 ოქტომბერს”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.