Home Blog Page 645

დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, საზოგადოებას ეს არ გაუჭირდება -კახა კალაძე

თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საბურთალოს მესამე უბანზე მისცა ხმა.

როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ისე, როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა აღმშნებელობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგას ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ ყველა, თითოეულის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდეო ყველას, გააფერადეთ 41, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კალაძემ.

მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, სტაბილურ განვითარებას -გენო პეტრიაშვილი

გორში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა, გენო პეტრიაშვილმა დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა მისცა მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, ღირსეულ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას. მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მობრძანდნენ, მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთონ სწორი არჩევანი მშვიდობისა და ღირსეული განვითარებისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

გორში 95 საარჩევნო უბანია გახსნილი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს – განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ -ზურაბ ჯაფარიძე

დღევანდელი დღე იქნება ისტორიული – დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ წაიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, განცდა აქვს, რომ „სამშვიდობოს გავალთ“.

„დღევანდელი დღე იქნება ისტორიული დღე ამ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, რომელიც საქართველოს საბოლოო ჯამში, წაიყვანს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ და 5-6 წელიწადში გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. რაღაცნაირად განცდა მაქვს, რომ სამშვიდობოს გავალთ. მე მივეცი ამას ხმა და მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იგივე არჩევანს გააკეთებს,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს -ანა დოლიძე

როგორ უნდა, ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს პროცედურები გაეგო,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე გამოხატა ნება, რომ საქართველო ძლიერი, ევროპული ქვეყანა იყოს.

„დღეს დიდი დღეა. ეს იმითაც ჩანს, რომ დილიდან საარჩევნო უბნებთან არის რიგები. მე მოვედი არჩევნებზე, მივეცი ხმა, გამოვხატე ჩემი ნება, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას ექნება კეთილდღეობა და უკან დავტოვოთ ის რუსული ჭაობი, რომელიც გვაქვს. ხშირად არის ადგილზე დაბნეულობა, მოქალაქეებმა არ იციან ხმის მიცემა როგორ უნდა და ადგილზე უხსნიან და ეს კარგი არ არის. საარჩევნო კომისიას ცოტა მეტი უნდა ემუშავა, რათა ხალხს გაეგო პროცედურები, რომ ახლებურია. რაც მთავარია, დილის 8:00 საათზე უბნებზე ბევრი ხალხია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ყველას მოუწოდეთ, რომ არჩევნებზე წავიდნენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის -ირაკლი კობახიძე

სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, მაგრამ ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალური გარანტიები შეიქმნას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.
„ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მობილიზაცია, საარჩევნო შტაბებს აქვთ მაქსიმალური მობილიზაცია. მათ შორის, რეგიონულ შტაბებს ჰყავთ 100 000-ზე მეტი ადამიანი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან, სრული მობილიზაცია გვაქვს ჩვენ, ვმუშაობთ პარტიულად. არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, თუმცა ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე უფრო ამბიციური მიზანი, ვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ უმრავლესობის მოპოვება, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისათვის რომ მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ, ამისთვის არის საჭირო ქუდზე კაცი. „ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

 მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ -გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, დღევანდელი დღე გადამწყვეტია, ვინაიდან საქართველოს მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს.

„მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩვენ, ყველანი ევროპისკენ სვლას ვუჭერთ მხარს. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს და თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც შემდგომ ათწლეულებს გადაწყვეტს. ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალურად გვჭირდება აქტიურობა იმისათვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ. საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი და ყველა ერთად საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება.

„დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, შეგახსენებთ რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ტარდება, განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენი – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და კენჭისყრის დასრულებიდან 1-დან 2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge. აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია. არჩევნები საერთო საქმეა და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – დააკვირდნენ არჩევნებს და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში -გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი”, – განაცხადა გახარიამ.

 ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები -ირაკლი კობახიძე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე.

„ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, როცა დაიდება 60 პროცენტიანი შედეგები, შეეგუოს იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო ვერც ერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ, საბოლოოდ, მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება, რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე სვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულნი არიან და განულებული აქვთ რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დღეს ისინი უნდა შეეგუონ ძალიან მძიმე მარცხს, ქართველი ხალხი საბოლოოდ ეტყვის უარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა პრემიერმა.

 ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ, საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ.

„მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ, ყველანი ვიქნებით გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, რადგან გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 95 910 ამომრჩველია რეგისტრირებული. 42  სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

შვიდი საარჩევნო უბანი გახსნილია საბერძნეთში, ათენში – ოთხი, სალონიკში – სამი; ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილია ექვსი საარჩევნო უბანი, ნიუ იორკში – ოთხი, ხოლო ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში – ერთი, გერმანიაში – ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი, ბერლინში – ორი, მაინის ფრანკრუფრტში, მიუნხენსა და შტუტგარდში – ერთი.

იტალიაში გახსნილია ოთხი საარჩევნო უბანი. რომში – ორი, მილანსა და ბარში – ერთი.

ესპანეთის სამეფოში სამი საარჩევნო უბანია, ერთი მადრიდში, ორი კი, ბარსელონაში.

აზერბაიჯანში სამივე საარჩევნო უბანი ბაქოშია. სამი საარჩევნო უბანია თურქეთში – ანკარაში, სტამბოლსა და ტრაპიზონში. საფრანგეთში ორი საარჩევნო უბანია, ორივე დედაქალაქ პარიზში.

თითო საარჩევნო უბანია გახსნილი: ავსტრიაში – ვენა, სლოვაკეთი – ბრატისლავა, ჩეხეთი – პრაღა, პოლონეთი – ვარშავა, ლატვია – რიგა, ლიეტუვა – ვილნიუსი, ესტონეთი – ტალინი, უნგრეთი – ბუდაპეშტი, პორტუგალია – ლისაბონი, ნიდერლანდები – ჰააგა, ბელგია – ბრიუსელი, დიდი ბრიტანეთი – ლონდონი, შვეიცარია – ბერნი, ბულგარეთი – სოფია, ირლანდია – დუბლინი, კვიპროსი – ნიქოზია, მოლდოვა – კიშინიოვი, ბელარუსი – მინსკი, შვედეთი – სტოკჰოლმი, დანიის სამეფო, კოპენჰაგენში ერთი საარჩევნო უბანია,  ნორვეგია – ოსლო, ფინეთი – ჰელსინკი. სომხეთი – ერევანი, უზბეკეთი – ტაშკენტი, ქუვეითი – ალ ქუვეითი, ყაზახეთი – ასტანა, კატარი – დოჰა, ისრაელი – რამათ განი, ჩინეთი – პეკინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – აბუ-დაბი, კორეა – სეული, იაპონია – ტოკიო, ავსტრალია – კანბერა, კანადა – ოტავა.

26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე,

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განახორციელა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და მიგნებები გაუზიარონ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს 28 ქვეყნის 55-ზე მეტ წარმომადგენელს, რომლებიც 26 ოქტომბერს დააკვირდებიან კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და გაგიზიარებენ ობიექტურ შეფასებებს კენჭისყრისა და არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების ჭრილში. მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია პროცესის პროფესიული და ობიექტური შეფასებისთვის და მათი მიგნებები და რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშიც გააცნო.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. უცხოელმა კოლეგებმა განსაკუთრებული ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ნოვაციურ საქმიანობებთან დაკავშირებით გამოხატეს.

თანამშრომლობის გაღრმავებასა და ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

„მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ძალიან დეტალური პრეზენტაცია. მსურს მივულოცო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ასეთი ზრდა. ხვალ, გვაქვს მოლოდინი, რომ მთელი ეს სამუშაო გარდაიქმნება წარმატებულ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში და ყველაფერი განხორციელდება კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების შესაბამისად“,- განაცხადა მონტენეგროს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლა მუგოსამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას ასევე მიესალმება ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია. როგორც ალბანეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსმა ერტონ სინანიმ აღნიშნა: 26 ოქტომბრის არჩევნები უნიკალურია არამხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დავსწრებოდით არჩევნებს საქართველოში სადაც საპილოტე რეჟიმში ხდებოდა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება და ახლა, ინტერესით ველოდებით საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება დადებითად მიიღებს საარჩევნო ტექნოლოგიებს, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები დღემდე დადებით ჭრილში იქნა აღქმული საქართველოში ამომრჩევლების მიერ. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არის უნიკალური და ჩვენ გვსურს დავესწროთ მას, მივიღოთ გამოცდილება და გავეცნოთ უფრო დეტალურად თქვენს მიღწევებს ამ მიმართულებით.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც მოინახულეს, რომელიც 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებს თბილისის მასშტაბით დააკვირდებიან.