Home Blog Page 63

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება, ქართული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისაკენ მოუწოდებს“ (ავტორი – ანასტასია სტოგნეი), რომელშიც მიმოხილულია ხმის მიცემის დროს მომხდარი დარღვევები, სადამკვირვებლო მისიის განცხადებები და არჩევნების შემდგომი სიტუაცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართულმა ოპოზიციამ მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე გამოსვლისაკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. 26 ოქტომბერს გამართულ ხმის მიცემას ბევრი განიხილავს როგორც არჩევანს ევროპულ მომავალსა და რუსეთის ორბიტაზე გადასვლას შორის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც პრორუსული ოლიგარქი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ხმების 54,2% მიიღო. პარალელურად კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი, მოსახლეობას საპროტესტო აქციების დაწყებისაკენ მოუწოდა, რომელიც ორშაბათს, საღამოს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში გამართულ არჩევნებს „რუსული არჩევნები“ უწოდა.

ცესკოს მონაცემებით, ძირითადმა ოპოზიციამ – ოთხპარტიულმა „კოალიციამ ცვლილებებისათვის“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დაარსებული (იგი ამჟამად პატიმრობაშია), შესაბამისად ხმების 10,8% და 10,1% მიიღეს.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება.

თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამით შეიძლება ქართველი ხალხის იმედები გაცრუვდეს ევროკავშირში წევრად მიღების თაობაზე. გარდა ამისა, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. „ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. კოალიციის სხვა წევრებმაც აღნიშნეს, რომ  არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ჩვენ უარს არ ვიტყვით ევროპულ მომავალზე და არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა“.

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა [და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები], ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოსნებამ „დამაჯერებელი გამარჯვება“ მოიპოვა. „ეს იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როცა ერთიდაიგივე პარტია წარმატებას აღწევს რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისის წინ გამართულ მიტინგზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ ლიდერს წარმოადგენს, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა.

კვირას, 27 ოქტომბერს, ევროპის კომისიამ საქართველოს ცესკოს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა  ორგანოებს მოუწოდა, რომ „სწრაფად იქნას გამოძიებული და განხილული სასამართლოების მიერ არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები“. „ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის“, – განაცხადეს ევროპის კომისიაში.

კრემლს ჯერ-ჯერობით ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს.

დამკვირველებმა რიგ საარჩევნო უბნებში გამოავლინეს ხმის მიცემის დროს მომხდარი ისეთი სხვადასხვა უხეში დარღვევები, როგორებიცა ხმის მიცემის ფარული ხასიათის უგულვებელყოფა, წინასწარ მონიშნული ბიულეტენების დარიგება და ა.შ. „საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დამახინჯება და მათი ბოროტად გამოყენება, როგორც ამას ქვეყნის მმართველი პარტია აკეთებს, გარანტირებული შედეგის მირების მიზნით, ადამიანებს ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთების უფლებას ართმევს“, – თქვა დენიელ ტვინინგმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის მისიის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ერთობლივმა მისიამ – ნატოს ჩათვლით – განაცხადა, რომ „პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დიბალანსი ჰქონდათ, რის გამოც ისინი არათანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ“. მისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ირღვეოდა ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა უფლებები, ხდებოდა სახელმწიფო სექტორის მოსამსახურეთა და სოციალური დახმარების მიმღებ მოაქალაქეთა დაშინება.

უცნობი მამაკაცები, რომლებიც მუქი ფერის ჯინსებში და შავი ქურთუკები ეცვათ (როგორც ვარაუდობენ, ისინი „სპეცრაზმელები“ იყვნენ), თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინას და ოპოზიციური ტელეარხის გადამღებ ჯგუფს. სხვვათა შორის, ეს ადამიანები თბილისი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტმაც დაინახა.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც ცესკოს საიტზეა გამოქვეყნებული, მმართველმა პარტიამ თბილიში ხმების მხოლოდ 38-40% მიიღო, სამაგიეროდ რეგიონებში, მაგალითად, ბოლნისში და მარნეულში – 80%.

პირველმა ეგზიტპოლებმა მკვეთრად წინააღმდეგობრივი შედეგები აჩვენა: ორი გამოკითხვის მიხედვით, რომლებიც Edison-მა და HarrisX-მა ჩაატარეს ოპოზიციური ტელეარხების დაკვეთით, „ქართულმა ოცნებამ“ 40,9%-დან 42%-მდე ხმები მიიღო, თუმცა „გორბის“ გამოკითხვით, რომლის შედეგები პროსამთავრობო ტელეარხით გავრცელდა – 56%.

ბევრი ქართველი არჩევნებს გარდამტეხ მომენტად თვლის. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. ეს პერსპექტივა უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, 2023 წლის დეკემბერში.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად „ქართული ოცნების“ მთავრობა ძველებურად ერთგულია ევროპუული ინტეგრაციის იდეისა, მისი ანტიევროპული რიტორიკა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა. თბილისმა უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შესრულებაზე და ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.

„ქარტთლმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები წარმოადგინა როგორც „არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის“ და პოზიციონირებს ბალანსის დამცავად დასავლეთსა და კრემლს შორის.

საქართველოში შექმნილი სიტუცია ბევრად ჰგავს მოლდოვაში შექმნილ ვითარებას, სადაც გასულ კვირას ამომრჩევლებმა  რეფერენდუმის დროს ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ კურსს, თუმცა მინიმალური უპირატესობით.

„ომისა და მშვიდობის“ იდეის წარმოსაჩენად „ქართულმა ოცნებამ“ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა და ისეთი კონტრასტული პლაკატები გამოიყენა, რომლებზეც, დანგრეულ-დაბომბილი უკრაინული ქალაქების ამსახველი სურათების გვერდით ქართული მშვიდობიანი აღმშენებლობის პროცესი მოჩანს.

წყარო

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიციონერი დეპუტატები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! -შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიცია როგორც მაშინ – 2020 წელს, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩება, არის პანიკა, ისტერიკა და ძალადობა.

“ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს აქვთ ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული. ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური – პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.

ამ მონაცემებით “ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება. როგორც 2020 წელს, ასევე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა.

ოპოზიცია როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ასევე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ. ასე რომ, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს!

ერთადერთი რაც მათმა ქმედებამ შეიძლება მოიტანოს არის კვლავ მღელვარება, ძალადობა, რაც ბევრჯერ ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოვითხოვთ, რომ ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები – შალვა პაპუაშვილი

ISFED-ი პარალელური დათვლის ანგარიშს მალავს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციას შედეგების სრულად გასაჯაროება მოსთხოვა.

„განმეორდა 2020 წლის სცენარი. მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. მათი მეთოდოლოგიით ეუთო/ოდირის ანგარიშამდე ქვეყნდება მათი ანგარიში, 12:00 საათზე და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ, რომ აყალბებდნენ პარალელურ შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა ციფრები დაესვათ ზუსტად. წელსაც იგივე განმეორდა. ISFED-ი ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო. ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სუბიექტმა მოიკითხა რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გუშინ, გვიან ღამით გაავრცელეს განცხადება. რა თქმა უნდა, ამას ვერ გაექცეოდნენ და თქვეს, რომ მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს ემთხვევა, თუმცა დანარჩენი დეტალები დამალეს და არ უნდათ, რომ საზოგადოებას აცნობონ. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ჩვენი მთავარი პრიორიტეტი  არის ევროინტეგრაცია –  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება -ირაკლი კობახიძე 

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა პრემიერმა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე -ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი როლი იყო განსაკუთრებული.

„ბატონ ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა საბოლოო ჯამში აქაც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმოქმედეს სამართალდამცავმა უწყებებმა და მოხერხდა თვისებრივად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება, არჩევნების დღის ჩათვლით.

ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს. რა თქმა უნდა, მათი როლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას განსაკუთრებული მადლობა არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცესკო-ს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა. პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმებიც დათვლილი იქნა ელექტრონული წესით. განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისევე როგორც სხვა ამოცანებს, სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკო-ს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი – პრემიერი

ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშე წარადგენს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ მოგვიწევს, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით და ეს პროგრამა ეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც წარადგინა მმართველმა გუნდმა. ამ პროგრამას აქვს ერთი საერთო მიზანი. ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას – ეს მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა – ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა.

მისი თქმით, ის, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მეტყველებს, „როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“.

„მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, იმიტომ, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში.  

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო-ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო-ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია – ოლექსი გონჩარენკო

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ცდილობს რა ამჟამინდელი მმართველი პარტიის პოზიციის გამყარებას არჩევნების შემდეგ, რომელიც იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისიდან გამგზავრებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ორბანი იყო პირველი, რომელმაც მიულოცა საქართველოს მმართველ პარტიას ხმების დათვლამდე, რაც აბსოლუტურად ამაზრზენია.

„ახლა ის ჩამოდის აქ, რათა აჩვენოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ასევე არ დამვიწყებია ის, რომ ორბანი ახლა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა. იმედი მაქვს, იქნება მკაფიო პოზიცია ევროკავშირის მთავარი ძალებისგან, რომ ორბანი არ მოქმედებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის რანგში, არამედ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში – ეს ამაზრზენია“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

ის ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ახლა სიტუაციის შეცვლა შეუძლია, ხალხია.

„დღეს ოპოზიცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, იწყებს საპროტესტო აქციებს. ვნახავთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. აშკარაა, რომ რუსეთი აკვირდება, თვალყურს ადევნებს და ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას. საქართველოში ბევრი რუსი პროპაგანდისტი იმყოფება და ისინი ყველა მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. ახლა ქართველი ხალხის იმედი მაქვს, ეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია. იმაზე, რაც მომავალ დღეებში მოხდება, საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში იქნება დამოკიდებული. საქართველოს გაუმარჯოს“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის, სავარაუდოდ მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის -ტულსი გაბარდი

ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „დემოკრატი“ კამალა ჰარისისვის მიცემული ხმა ომისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს.

„ასეთი არჩევანის წინაშე ვართ – კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა ნიშნავს და ეს არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის, სავარაუდოდ მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის. დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმა კი არის ხმა კაცისთვის, რომელსაც ომების დასრულება და არა მათი დაწყება უნდა“, – განაცხადა მან.

გაბარდმა „დემოკრატიული პარტია“ 2022 წელს დატოვა, გასულ კვირას კი „რესპუბლიკელი“ გახდა.

ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება -ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს არც ქართულ საზოგადოებაზე ექნება გავლენა, არც უცხოელ პარტნიორებზე.

„ე.წ. პრეზიდენტის ეს განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს მან და მის გვერდით მყოფმა „პოლიტიკოსებმა“, ამას ქართულ საზოგადოებაზე უკვე არანაირი ზეგავლენა აღარ ექნება. ისინი ვერც უცხოეთში გაყიდიან ამ თავის ნარატივს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები -ენტონი ბლინკენი

ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ ანგარიშებს.

საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.

სამომავლოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩადებული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და ყველა ქართველი მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.