Home Blog Page 63

,,მოსარჩელეების მიზანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება” – ბექა ძამაშვილი ხაზარაძის სარჩელზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, მოსარჩელეების მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება იყო, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო.

მისი განმარტებით, საარბიტრაჟო სასამართლომ მოსარჩელე მხარეს, საპასუხოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ ხარჯების გადახდა დაეკისრა, რაც ჯერ ნებაყოფლობით არ განხორციელებულა.

“მოსარჩელეების მიზანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო და მას საპასუხოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ხარჯების გადახდა. მათ აქამდე ნებაყოფლობით არ გამოუთქვამთ სურვილი და არ მოუმართავთ ამ თანხის გადახდის მიზნით და შესაბამისად, როდესაც ეს ნებაყოფლობითი ვალდებულება არ შესრულდება, ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი გზებით მოქმედება”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის საქმეზე საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა, უარყო მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე და ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. “ლელოში” აცხადებენ, რომ ეს არა ჯარიმა, არამედ საარბიტრაჟო ხარჯებია.

,,სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ” – რატი ბრეგაძე 

სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავის კომენტირებისას სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა; ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია; სიცხადე vs ბუნდოვანება;

P.s.სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო“, – წერს რატი ბრეგაძე.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fratibregadze%2Fposts%2Fpfbid02MNdgbkrbgcKULVcyR65YRN4sge8ULAVj4tGDWkoFUTEo6hhpu5YU8L7Xxv24YBcpl&show_text=true&width=500

 საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს გააუქმებს ქართველი ხალხი – თინა ბოკუჩავა

საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 26 ოქტომბერს კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე სარჩელების განხილვას გამოეხმაურა.

„საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით უთხრეს არა რუსულ კანონს და კი – ევროპას. ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეზეა, რომლებსაც აქვთ მკაფიო არჩევანი – დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან, ივანიშვილის სურვილისამებრ, დაასამარონ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ახლა საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა – სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი თავისი გადაწყვეტილებით ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრების  აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინასების შესახებ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შეუძლიათ 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრამდე.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

სტუდენტის პირადობის მოწმობა;

სტუდენტის დაბადების მოწმობა;

ვეტერანის მოწმობა;

ვეტერანის პირადობის მოწმობა;

ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელშიც აღნიშნულია:

•საგანმანათლებლო პროგრამა, სემესტრი;

•სწავლის წლიური გადასახადის ოდენობა;

•სარგებლობს თუ არა სტუდენტი სახელმწიფო გრანტით, ან სხვა სახის დაფინანსებით;

•გადახდილი თანხის ოდენობა;

•დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა;

•ანგარიშ-ფაქტურა (”ინვოისი”) უმაღლესი სასწავლებლიდან.

აქვე გაუწყებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინანსების ოდენობა შეადგენს წლიური გადასახადის 50 %-ს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გისურვებთ წარმატებებს!

აფხაზ „დეპუტატებს“, რომლებიც „აპარტამენტების შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი იმ ოპოზიციური ე.წ. დეპუტატებისთვის, რომლებიც “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, – „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციური „ტელეგრამ“ არხები RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“ იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, მოსკოვი გეგმავს, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს შეუჩეროს ფინანსური დახმარება მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც აფხაზი ე.წ. დეპუტატებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევას ეხება, ნათქვამია:

„გათვალისწინებულ იქნა აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანიას) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების მიზნების საზიანოდ მოქმედებენ, მათი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”.

შეგახსენებთ, “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან გაწვეულია. ის აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა.

,,საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის მიზანს ”- მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის კითხვაზე, წერილობით პასუხში ისაუბრა.

მილერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

“როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – აცხადებს მილერი.

გარდა ამისა, მეთიუ მილერი პასუხობს შეკითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა დაზვერვის განცხადებაზე, რომ ამერიკა საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს და ბრალდებას “კატეგორიულად მცდარს” უწოდებს.

“უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს მეთიუ მილერი.

დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს.

მემორიალთან, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ “მოლოდინისა” და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა.

ღონისძიება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა და კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ ჰყავთ დაკარგული.

ღონისძიების დასასრულს, სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის წარმომადგენლები.

წელს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, ასევე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე, 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.

საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, 2013 წლიდან, სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

,,ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება”- ბექა ოდიშარია

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება – გარწმუნებთ, გადაწყვეტილება, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით, როგორც კათოლიკოს- პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის მხრიდან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების წინადადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, აღნიშნული შეთავაზება არჩევნებს არ უკავშირდება და კონსულტაციები ახლა იმიტომ დაიწყო, რომ საზოგადოებამ გაიგოს, “რას აპირებს მმართველი გუნდი”.

“ჩვენ გვაქვს ისეთი დამოკიდებულება როგორიც მრევლის წარმომადგენლებს ეკადრება – არც არჩევნებია აქ შუაში და არც ახლანდელი პოლიტიკური კონტექსტი. ეკლესიაზე, მეუფეებზე, პატრიარქზე თავდასხმა არჩევნების გარეშეც ამ ვერაგი, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ძალიან ოსტატურად ხორციელდება. ის არასდროს ჩერდება, არ წყდება. ამაში ისინი იღებენ უზარმაზარ დაფინანსებას, რათა მოახდინონ ეკლესიის ნეიტრალიზაცია და ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია. აი, ამის წინააღმდეგ გვსურს შეიქმნას დამატებით დაცვითი მექანიზმები და ისინი აისახოს კონსტიტუციაში. საკონსტიტუციო ცვლილებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. შესაბამისად, მინიმუმ ოქტომბრამდე “ქართულ ოცნებას” ეს ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ხოლო მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, კონსულტაციები. ახლა უბრალოდ მოსამზადებელი სამუშაოებია, პოზიციების მოსინჯვა ხდება. სწორედ იმიტომ, რომ არაფრის დაჩქარებული წესით მიღებას არ ვაპირებთ, ამიტომ დაიწყო ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციები ახლა. ხოლო გადაწყვეტილება, გარწმუნებთ, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით – როგორც კათოლიკოს- პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის, რომელიც ღირსია და იმსახურებს გაიგოს, რას აპირებ მმართველი გუნდი. გაიგოს ეს მანამდე და ჰქონდეს დრო და საშუალება, რომ განსაჯოს და იმსჯელოს ამის შესახებ იქამდე, ვიდრე ის იქნება კონსტიტუციაში შეტანილი”, – განაცხადა ოდიშარიამ.

რაც შეეხება საკითხზე მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომ ხელისუფლების აღნიშნული შეთავაზება წინასაარჩევნო წინადადებაა, ოდიშარია ასახელებს მეუფის ორ განცხადებას და ამბობს, რომ მან პოზიცია შეიცვალა და თუ პირველ ჯერზე კეთილგანწყობილი იყო, მეორე შემთხვევაში საკუთარი “გულწრფელი განცხადება ამოაყირავა”. “მიუხედავად პატივისცემისა, იძულებული ვარ, გულწრფელი შეფასება მივცე მეუფის ამ კომენტარს. დღისით, როგორც ჩანს, ის იყო საკუთარ აზრზე, როდესაც გააკეთა განცხადება, რომ აქ არაფერი დამაკნინებელი არაა მხარეებისთვის – როგორც ეკლესიისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. მიესალმებოდა ასეთ შეთავაზებას და აპირებდა კიდევ კონსულტაციებში ჩართვას. კეთილგანწყობილი იყო ასეთი შეთავაზების მიმართ. რა მოხდა მერე, რამ შეიტანა ცვლილება ისეთი, რომ მან პრაქტიკულად ამოაყირავა თავდაპირველად გულწრფელი განცხადება და განაცხადა ის, რაც ყველასთვის გასაოცარია?! არ მგონია, რომ ჩემი რომელიმე კოლეგა “ქართული ოცნებიდან” მიდრეკილი იყოს იმისკენ, რომ წინასაარჩევნოდ იყენებდეს ამ მოცემულობას. ჩვენთვის დედა ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლური რწმენის მთავარი დამცავი და გამავრცელებელი საქართველოში. შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულება ისეთი ტიპის, როგორიც გარკვეულწილად დამახინჯებული ფორმით წარმოადგინა მეუფემ საკუთარ განცხადებაში, არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერასდროს. რელიგიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას მომხმარებლურად ეპყრობოდა და ეპყრობა კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, ისევე როგორც მომხმარებლურად ეპყრობიან ქართულ დიასპორას. როდესაც სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ და ახდენენ თემის აქტუალიზებას. ასე იყო ყოველთვის დედა ეკლესიასთან დაკავშირებითაც – სჭირდებათ და აქებენ და ადიდებენ; არ სჭირდებათ და პრორუს და მოსკოვის მონებად მოიხსენიებენ და წმინდა სინოდის წევრების წვერით თრევას ლამობენ. ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ხელწერა. არამც და არამც, რელიგიის და დედა ეკლესიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არ ყოფილა და არც იქნება არასდროს “ქართული ოცნების” ხელწერა და მოქმედების სტილი”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

,,სასამართლოში პარლამენტიდან კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც სწორ პოზიციას იცავს” – გია ვოლსკი

კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვაში მმართველი გუნდის დეპუტატები.

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩაითვლება, დეპუტატები სხდომას დაესწრებიან.

“ვფიქრობ, როდესაც ასეთი სუსტი პოზიცია გაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ ზოგადად, სხვა მიზეზი უნდა ეძებო, რომელიმე ადამიანი თუ დეპუტატი რატომ არ ესწრება. ვინც მონაწილეობს, საკმაოდ მაღალი კომპეტენციისაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეპუტატიც დაესწრება. მაგრამ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს. მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს. მე-11 მუხლი არის საკონსტიტუციო ფორმულირება, რომელიც თითქოსდა დარღვეული იყო იმის გამო, რომ “რუსულ კანონს” ვიღებთ. აბსურდია საუბარი იმაზე, რომ თანასწორობის რაღაც პრინციპი ირღვევა. ზოგადად აბსურდია შეტანილი სარჩელი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გამჭვირვალობის მოთხოვნა ჩვენს საგარეო კურსს ცვლის. მე ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს ასე, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ველზე შემოთრევის გააფთრებული მცდელობა. მითუმეტეს, თუ მოვუსმენთ განცხადებებს, რომელსაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები აკეთებენ. ესენი პოლიტიკური განცხადებებია. აი, სააკაშვილს რომ სჩვევია – იმის მაგივრად, რომ თავის დანაშაულთან დაკავშირებით გასცეს პასუხები, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. იგივე თემაა დღეს რასაც საკონსტიტუციოში თვალყურს ვადევნებთ. მე-11 მუხლის მოხსნა, როგორც ერთ-ერთი სარჩელისა, ამის მაუწყებელია, რომ აბსურდია ამტკიცო, რომ გამჭვირვალობა არის ანტიდასავლური პრინციპის მქონე კანონი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, ეკა ბესელიასა და მოპასუხე მხარეს შორის კამათი მოჰყვა

სამართლისაგან დაცლილი განცხადებაა, კანონი უცხო სამკაულს და უცხო ვარცხნილობას შეადარო – აი, რა არის სამართლისგან დაცლილი! – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოპასუხე მხარეს – პარლამენტის აპარატის წარმომადგენელს ლევან ღავთაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინდელ განხილვაზე სამართლისაგან დაცლილი განცხადებები მოისმინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კამათი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც გამოხატა სურვილი იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მტკიცებულებათა სტანდარტზეც ესაუბრა.

ძამაშვილს საუბარი ბესელიამ გააწყვეტინა, რომელმაც სასამართლოსგან მოითხოვა უზრუნველეყო, რომ იუსტიციის სამინისტროს საკუთარი მანდატის ფარგლებში ესაუბრა. როგორც ბესელიამ განმარტა, იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის მანდატი არ იყო და მას ამ თემაზე არ უნდა ესაუბრა.

დისკუსიაში პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ლევან ღავთაძეც ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს გადასაწყვეტია, ვინ რას ისაუბრებს.

“იმის მიუხედავად, რომ გუშინ ჩვენ სამართლისგან დაცლილი განცხადებები მოვისმინეთ, ჩვენი თავისთვის არ გვიკადრებია, რომ გამომსვლელს საუბარში ჩავჭროდით. სასამართლომ მიიღოს ზომა, სხდომა აკადემიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს. თუ გინდათ სამართლებრივად საუბარი, ნუ გაგვიკონტროლებთ აზრს, ჩვენ რას ვიტყვით“, – განაცხადა ლევან ღავთაძემ, რაზეც ბესელიამ მიმართა, რომ “სამართლისაგან დაცლილი განცხადებაა, კანონი უცხო სამკაულს და უცხო ვარცხნილობას შეადარო“.

კამათისას სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ სასამართლო “აზრის პოლიცია არ არის“.

“ჩვენ აზრის კონტროლს ვერ განვახორციელებთ. სასამართლო აზრის პოლიცია არ არის. ყველა ამბობს იმისა, რისი თქმაც უნდა სასამართლოს წინაშე და თუ ჩავთვალეთ, რომ საკითხებს სცდება, შენიშვნას მივცემთ“, – განაცხადა ტურავამ.

“დარწმუნებული ვარ, ყველა საუკეთესოს გააკეთებს მიზნის მისაღწევად” – საქართელოს ნაკრები უეფას ერთა ლიგისთვის ემზადება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024- 2025 წლის სეზონის გათამაშების პირველ შეხვედრას გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 10-ში კი სტუმრად ალბანეთთან ითამაშებს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გერმანიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ვილი სანიოლი პირველ პრესკონფერენციას ამ წუთებში მართავს.

“ჩვენ საოცარი მომენტები გავიარეთ და ყველას გვსურს ასეთი მომენტები კიდევ მრავლად გვქონდეს. საკვალიფიკაციო ეტაპამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს, წელს დიდი გამოცდილება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ ყველა საუკეთესოს გააკეთებს მიზნის მისაღწევად,”- აცხადებს სანიოლი.

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად

თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. 

თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტებში, თიბისის ბარათით გადახდისას 50%-მდე თანხის მომენტალურად უკან დაბრუნებაა შესაძლებელი.

კვირეულის ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ წიგნების, საკანცელარიო ნივთების, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სხვა ყველა საჭირო ნივთის შეძენას.

6-7 სექტემბერს, თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას შეთავაზება იმოქმედებს შემდეგ ობიექტებში: Bata, Bambino, Scarpiera, Aw lab, Okaidi, Jakadi, Factory, Levis, Lee/Wrangler, Jack and Jones, Stradivarus, Pull and Bear, Bershka, Mango, Kiko Milano, OVS / OVS kids.

დამატებით, მოსწავლის და სტუდენტის ბარათის მფლობელები ისარგებლებენ შეთავაზებებით ბიბლუსში, მინისოში, ორგსერვისში, Giggles-ში, სულაკაურის გამომცემლობაში, Reckless-ში, დიოგენესა და Extra.ge-ზე.  

გაეცანით შეთავაზებების თარიღებს და  დამატებით პირობებს.