Home Blog Page 62

შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ – თამარ კორძაია

შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება.

„მთავარი არის ის, როგორ შეიძლება მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს მართალი. ვიცით, რომ დაშინების ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდა. არ გაგვიხმაურებია ეს ფაქტები, ვერც გავახმაურებთ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ყველა ფაქტზე დამატებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“,-განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ გაყალბებაზე ქართული საზოგადოება სათანადოდ ხმას არ ამოიღებთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება.

„მთავარი საფრთხე დადგა, ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველაფერი იკადრა, დაწყებული ბიულეტენების ჩაყრიდან, დამთავრებული მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ბიულეტენების ჩაყრით. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამაზე სათანადოდ ხმას არ ამოვიღებთ და არ დავიცავთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი არჩევანის დაცვა და ეს არჩევანი იყო ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. ეს არჩევანი არ ყოფილა ის, რომ ოპოზიციისთვის და „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულ მცირე, ხმების 12% მოეპარათ“,-განაცხადა კორძაიამ.

“მათ სურთ – დამანგრეველ ომში შეგვიყვანონ და პოლიტიკურ ბრძოლებში გადარჩენილები უკანასკნელ ქართველამდე გაანადგურონ”-დავით ქართველიშვილი

“მათ სურთ – ჩვენ ფიზიკურად გავანადგუროთ ერთმანეთი.
მათ სურთ – ჩვენი ოჯახები გაყონ.
მათ სურთ – თაობები დაუპირისპირონ ერთმანეთს.
მათ სურთ – დამანგრეველ ომში შეგვიყვანონ და პოლიტიკურ ბრძოლებში გადარჩენილები უკანასკნელ ქართველამდე გაანადგურონ.
მათ ნაწილობრივ ამას უკვე მიაღწიეს.
მოსახლეობის მილიონამდე – ინტელექტის რეცეპტორები გათიშული აქვთ. არანაირი კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური თუ ასოციაციური მსჯელობის უნარი. ზერო!
ისინი მომზადებულები არიან ბოროტი დამკვეთის ხელში “საზარბაზნე ხორცად” გადაიქცნენ.
აპელირება – ოჯახთან, სკოლასთან, ეკლესიასთან: “რამ გაგზარდათ და სად გაიზარდეთ” – დღეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
დღეს ქვეყნის გადარჩენა მთლიანად ჯდება წმ. სერაფიმ საროველის “ფორმულაში” – “გადაარჩინე თავი შენი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან”.
ჩვენ ამ ქვეყანაში – ორმილიონიან მოსახლეობას წარმოვადგენთ. ამ ეტაპზე საკუთარი თავები შევუნარჩუნოთ ერთმანეთს და საქართველოს.
ხვალ – მიეხედოს ოჯახებს, სკოლებს და ეკლესიას. ეს ერისა და ბერის მხედრობასა და მთავრობას ეხება! ზეგ კი – ამ “ინსტიტუტების” რეფორმირების პირველი მოსავალი უნდა მივიღოთ.
დღეს – ამ “მილიონზე” ბრძოლა ჩვენ: ოჯახს, სკოლას, ეკლესიას – წაგებული გვაქვს. ვაღიაროთ ეს და ერთად ვიზრუნოთ ხვალინდელ მომავალზე.” – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი

ლევან დავითაშვილი ლარის კურსის მერყეობაზე – არჩევანის გაკეთებამდე იყო წნეხი, ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, არჩევნების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა – ლევან დავითაშვილი ლარის კურსის მერყეობაზე 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ლარის კურსის არასტაბილურობას არჩევნებამდე არსებული წნეხითა და გაუგებრობით ხსნის.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკის ნაბიჯი, კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით, არის სწორი.

„ეროვნული ბანკის მიდგომებსა და პოლიტიკას სრულად მინდა მხარი დავუჭირო. ეს გადაწყვეტილებები [რეზერვების გაყიდვა] იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როცა ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა. არჩევანის გაკეთებამდე იყო წნეხი, ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა. პირიქით, იქნება სიცხადე და იქნება აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები.

რეზერვებს, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია, სწორედ ასეთი ფუნქცია აქვთ, ასეთი როლის შესრულება შეუძლიათ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმ შოკების დროს, ისეთი გამოწვევების დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ფაქტორებიდან, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე. მიზეზის მიუხედავად, ზუსტად ამისთვის უნდა გამოიყენონ რეზერვები, რომ საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ. შემდეგ პერიოდში ვნახავთ წნეხის მოხსნას. კურსი ნამდვილად შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, რომელიც ჩვენ კურსს გააჩნია. იმიტომ, რომ ყველა სხვა პარამეტრი არის ჯანსაღი ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კარგი ტემპით გააგრძელებს წინსვლას. წლის ბოლო კვარტალი იქნება ერთ-ერთი კარგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ენტონი ბლინკენს ავიწყდება, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება. მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება -თამარ ჩიბურდანიძე

მოუწევთ საქართველოს სუვერენული უფლებებისადმი პატივისცემა. ეს ქვეყანა აღარ იყიდება. ვინც მათ მიჰყიდა საქართველო, სწორედ მათგან ჩვენი ბრძოლით გამოვისყიდეთ, ხელიდან გამოვგლიჯეთ, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აფასებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, როცა ამ უკანასკნელმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა.

თამარ ჩიბურდანიძის აზრით, ამერიკას, სადაც წინასაარჩევნოდ პრეზიდენტს ესვრიან, არ აქვს უფლება საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასოს და ქართველ ხალხს დემოკრატიის გაკვეთილები მისცეს.

„ერთი კითხვა მაქვს, ვინ დაუწერა ენტონი ბლინკენს ეს განცხადება? ამერიკა რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს იწუნებს და ამ დროს თავად ამერიკაში პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან, ეს როგორ არის? რომელ დემოკრატიაზე გვესაუბრება ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ქართველ ხალხს რომ დემოკრატიის მანტიით შეფუთული ჯალათები მოუყვანეს ხელისუფლებაში 2003 წელს და დღეს იგივე მკვლელების დაბრუნება სურთ? რატომ ცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას? კიდევ ერთი შეურაცხყოფა საქართველოს „მეგობარი” ქვეყნიდან.

კიდევ ერთი მცდელობა ზეწოლის, შანტაჟის, დამორჩილების. ისეთი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, რომ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, ვეღარაფერს ამბობენ. ამიტომ მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ. ის კი ავიწყდებათ, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება.

მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება. მოუწევთ საქართველოს სუვერენული უფლებებისადმი პატივისცემა. ეს ქვეყანა აღარ იყიდება. ვინც მათ მიჰყიდა საქართველო, სწორედ მათგან ჩვენი ბრძოლით გამოვისყიდეთ, ხელიდან გამოვგლიჯეთ. საქართველო უკან აღარ დაბრუნდება და ასეთ განცხადებებს აჯობებს ქართველ ხალხთან ჭეშმარიტი მეგობრობა. ახალ რეალობას წარსულით ვეღარ შეცვლიან”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას, ეჭვგარეშეა, რომ მკაფიო უმრავლესობამ ხმა მისცა მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”-გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო

პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას, ეჭვგარეშეა, რომ მკაფიო უმრავლესობამ ხმა მისცა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

გერმანელი დეპუტატის თქმით, როგორც ელექტრონულმა, ასევე ხელით დათვლამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელურმა გადამოწმებამ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 54 პროცენტი მიანიჭა, უძლიერესმა ოპოზიციურმა ალიანსმა, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ კი 11 პროცენტზე ნაკლები მიიღო.

„ვაკვირდებოდი ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურს საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია სოფლის ზოგიერთ უბანზე შესაძლო დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ (ჩემი, რა თქმა უნდა, სუბიექტური შთაბეჭდილებით, უფრო მეტიც, ვიდრე შაბათს). უმაღლესმა საარჩევნო ორგანომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება ქვეყნის პატარა საარჩევნო უბანზე ვიდეოზე დაფიქსირებულ „ბიულეტენების ჩაყრის“ ერთ შემთხვევაზე. ეს შეუძლებელი იყო საარჩევნო უბნების 90 პროცენტში, რადგან ახლად დანერგილი ხმის მიცემის აპარატები მხოლოდ ერთ ჯერზე აგროვებენ ბიულეტენებს. ყველა დარღვევა უნდა მოგვარდეს, მაგრამ ისინი არ ცვლიან არჩევნების შედეგს. არ არის აუცილებელი, „ქართული ოცნება“ მოგწონდეს, რათა პატივი სცე არჩევნების შედეგებს. არაღიარება იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აშკარა ნების სერიოზული უგულებელყოფა და, შესაბამისად, დემოკრატიული პრინციპების დარღვევა“, – წერს ანდრეი ჰუნკო სოციალურ ქსელში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადაო ხდება, ქართული ოპოზიცია მოსახლეობას საპროტესტო აქციების გამართვისაკენ მოუწოდებს“ (ავტორი – ანასტასია სტოგნეი), რომელშიც მიმოხილულია ხმის მიცემის დროს მომხდარი დარღვევები, სადამკვირვებლო მისიის განცხადებები და არჩევნების შემდგომი სიტუაცია.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართულმა ოპოზიციამ მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე გამოსვლისაკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. 26 ოქტომბერს გამართულ ხმის მიცემას ბევრი განიხილავს როგორც არჩევანს ევროპულ მომავალსა და რუსეთის ორბიტაზე გადასვლას შორის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც პრორუსული ოლიგარქი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ხმების 54,2% მიიღო. პარალელურად კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი, მოსახლეობას საპროტესტო აქციების დაწყებისაკენ მოუწოდა, რომელიც ორშაბათს, საღამოს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში გამართულ არჩევნებს „რუსული არჩევნები“ უწოდა.

ცესკოს მონაცემებით, ძირითადმა ოპოზიციამ – ოთხპარტიულმა „კოალიციამ ცვლილებებისათვის“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დაარსებული (იგი ამჟამად პატიმრობაშია), შესაბამისად ხმების 10,8% და 10,1% მიიღეს.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება.

თუ ბიძინა ივანიშვილის პარტია 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამით შეიძლება ქართველი ხალხის იმედები გაცრუვდეს ევროკავშირში წევრად მიღების თაობაზე. გარდა ამისა, ეს იქნება სერიოზული დარტყმა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. „ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. კოალიციის სხვა წევრებმაც აღნიშნეს, რომ  არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ჩვენ უარს არ ვიტყვით ევროპულ მომავალზე და არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა“.

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა [და ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები], ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოსნებამ „დამაჯერებელი გამარჯვება“ მოიპოვა. „ეს იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როცა ერთიდაიგივე პარტია წარმატებას აღწევს რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისის წინ გამართულ მიტინგზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ ლიდერს წარმოადგენს, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა.

კვირას, 27 ოქტომბერს, ევროპის კომისიამ საქართველოს ცესკოს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა  ორგანოებს მოუწოდა, რომ „სწრაფად იქნას გამოძიებული და განხილული სასამართლოების მიერ არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები“. „ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის“, – განაცხადეს ევროპის კომისიაში.

კრემლს ჯერ-ჯერობით ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს.

დამკვირველებმა რიგ საარჩევნო უბნებში გამოავლინეს ხმის მიცემის დროს მომხდარი ისეთი სხვადასხვა უხეში დარღვევები, როგორებიცა ხმის მიცემის ფარული ხასიათის უგულვებელყოფა, წინასწარ მონიშნული ბიულეტენების დარიგება და ა.შ. „საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დამახინჯება და მათი ბოროტად გამოყენება, როგორც ამას ქვეყნის მმართველი პარტია აკეთებს, გარანტირებული შედეგის მირების მიზნით, ადამიანებს ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთების უფლებას ართმევს“, – თქვა დენიელ ტვინინგმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის მისიის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ერთობლივმა მისიამ – ნატოს ჩათვლით – განაცხადა, რომ „პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დიბალანსი ჰქონდათ, რის გამოც ისინი არათანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ“. მისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ირღვეოდა ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა უფლებები, ხდებოდა სახელმწიფო სექტორის მოსამსახურეთა და სოციალური დახმარების მიმღებ მოაქალაქეთა დაშინება.

უცნობი მამაკაცები, რომლებიც მუქი ფერის ჯინსებში და შავი ქურთუკები ეცვათ (როგორც ვარაუდობენ, ისინი „სპეცრაზმელები“ იყვნენ), თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინას და ოპოზიციური ტელეარხის გადამღებ ჯგუფს. სხვვათა შორის, ეს ადამიანები თბილისი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტმაც დაინახა.

წინასწარი მონაცემებით, რომელიც ცესკოს საიტზეა გამოქვეყნებული, მმართველმა პარტიამ თბილიში ხმების მხოლოდ 38-40% მიიღო, სამაგიეროდ რეგიონებში, მაგალითად, ბოლნისში და მარნეულში – 80%.

პირველმა ეგზიტპოლებმა მკვეთრად წინააღმდეგობრივი შედეგები აჩვენა: ორი გამოკითხვის მიხედვით, რომლებიც Edison-მა და HarrisX-მა ჩაატარეს ოპოზიციური ტელეარხების დაკვეთით, „ქართულმა ოცნებამ“ 40,9%-დან 42%-მდე ხმები მიიღო, თუმცა „გორბის“ გამოკითხვით, რომლის შედეგები პროსამთავრობო ტელეარხით გავრცელდა – 56%.

ბევრი ქართველი არჩევნებს გარდამტეხ მომენტად თვლის. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. ეს პერსპექტივა უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, 2023 წლის დეკემბერში.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად „ქართული ოცნების“ მთავრობა ძველებურად ერთგულია ევროპუული ინტეგრაციის იდეისა, მისი ანტიევროპული რიტორიკა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაძლიერდა. თბილისმა უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შესრულებაზე და ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.

„ქარტთლმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები წარმოადგინა როგორც „არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის“ და პოზიციონირებს ბალანსის დამცავად დასავლეთსა და კრემლს შორის.

საქართველოში შექმნილი სიტუცია ბევრად ჰგავს მოლდოვაში შექმნილ ვითარებას, სადაც გასულ კვირას ამომრჩევლებმა  რეფერენდუმის დროს ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ კურსს, თუმცა მინიმალური უპირატესობით.

„ომისა და მშვიდობის“ იდეის წარმოსაჩენად „ქართულმა ოცნებამ“ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა და ისეთი კონტრასტული პლაკატები გამოიყენა, რომლებზეც, დანგრეულ-დაბომბილი უკრაინული ქალაქების ამსახველი სურათების გვერდით ქართული მშვიდობიანი აღმშენებლობის პროცესი მოჩანს.

წყარო

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიციონერი დეპუტატები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! -შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს! ოპოზიცია როგორც მაშინ – 2020 წელს, პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებს, თუმცა ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩება, არის პანიკა, ისტერიკა და ძალადობა.

“ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონიათ. მათ ამ ყველაფერზე 2020 წელს აქვთ ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული. ტყუილია, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება. პარლამენტი ძალიან კარგად იქნება ლეგიტიმური – პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს.

ამ მონაცემებით “ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი ერგება. როგორც 2020 წელს, ასევე შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის უფლებამოსილებას ცნობს და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა.

ოპოზიცია როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ასევე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ. ასე რომ, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს!

ერთადერთი რაც მათმა ქმედებამ შეიძლება მოიტანოს არის კვლავ მღელვარება, ძალადობა, რაც ბევრჯერ ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოვითხოვთ, რომ ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები – შალვა პაპუაშვილი

ISFED-ი პარალელური დათვლის ანგარიშს მალავს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციას შედეგების სრულად გასაჯაროება მოსთხოვა.

„განმეორდა 2020 წლის სცენარი. მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. მათი მეთოდოლოგიით ეუთო/ოდირის ანგარიშამდე ქვეყნდება მათი ანგარიში, 12:00 საათზე და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ, რომ აყალბებდნენ პარალელურ შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა ციფრები დაესვათ ზუსტად. წელსაც იგივე განმეორდა. ISFED-ი ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო. ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სუბიექტმა მოიკითხა რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გუშინ, გვიან ღამით გაავრცელეს განცხადება. რა თქმა უნდა, ამას ვერ გაექცეოდნენ და თქვეს, რომ მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს ემთხვევა, თუმცა დანარჩენი დეტალები დამალეს და არ უნდათ, რომ საზოგადოებას აცნობონ. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ჩვენი მთავარი პრიორიტეტი  არის ევროინტეგრაცია –  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება -ირაკლი კობახიძე 

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ  ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა პრემიერმა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე -ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი როლი იყო განსაკუთრებული.

„ბატონ ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული მადლობა. უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში და თვითონ არჩევნების დღეც თვისებრივად წარიმართებოდა მშვიდად. ქვეყნის მასშტაბით სულ შექმნილ იყო 3 111 უბანი, აქედან 3100-ზე მეტ უბანზე იყო სრული სიმშვიდე. იყო რამდენიმე უბანი, სადაც იყო კოორდინირებული პროვოკაციები, თუმცა საბოლოო ჯამში აქაც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმოქმედეს სამართალდამცავმა უწყებებმა და მოხერხდა თვისებრივად მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება, არჩევნების დღის ჩათვლით.

ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს. რა თქმა უნდა, მათი როლიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას განსაკუთრებული მადლობა არჩევნების ჯეროვნად ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცესკო-ს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა. პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით, ხმა მისცა ელექტრონულად და მათი ხმებიც დათვლილი იქნა ელექტრონული წესით. განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდა ამ ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვას და ამ ამოცანას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისევე როგორც სხვა ამოცანებს, სრულფასოვნად გაართვა თავი. შესაბამისად, ცესკო-ს და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას ეკუთვნის ჩვენგან განსაკუთრებული მადლობა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი – პრემიერი

ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს მთავრობა პარლამენტის წინაშე წარადგენს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას და ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ მოგვიწევს, წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით და ეს პროგრამა ეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც წარადგინა მმართველმა გუნდმა. ამ პროგრამას აქვს ერთი საერთო მიზანი. ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას – ეს მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა – ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა.

მისი თქმით, ის, რომ მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მეტყველებს, „როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“.

„მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.