Home Blog Page 61

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ვიქტორ ორბანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. გაჟღერდა ორივე ქვეყნის ჰიმნი.

მხარეებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, გუშინ ჩამოვიდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბანი ქვეყანას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

 უნგრეთის მხრიდან გამოწვდენილი ხელი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპის გზაზე – მარიამ ლაშხი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს ეხმაურება. მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მყარად დგას ევროპულ გზაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორბანის ვიზიტი ქვეყანაში, არა მხოლოდ როგორც ევროპული ქვეყნის ლიდერის, არამედ როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერის. ჩვენ ძალიან კარგ პერიოდში გვიწევს მასთან მეგობრობა. ის გამოწვდენილი ხელი, რაც უნგრეთის მხრიდან გვაქვს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპის გზაზე და საქართველოს ჰყავს ჭეშმარიტი მეგობარი, რომელიც მიიყვანს ქვეყანას ამ კავშირში. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, იმისთვის რომ ვაჩვენოთ ჩვენი მიღწეული შედეგები, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ“, – აცხადებს ლაშხი.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 ოქტომბერს ქუთაისში +18 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +10, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, – ამის შესახებ მედიას შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ განუცხადა.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები უკვე დიდი ხანია, შემაშფოთებელია. გასულ უქმეებზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ამას კიდევ უფრო ამძაფრებს“, – აცხადებს ბენჟამინ დუსა ადგილობრივ მედიასთან.

შვედი დიპლომატის თქმით, „ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული როლის შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის შემზღუდველი კანონმდებლობის მეშვეობით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“.

„შესაბამისად, მთავრობა აჩერებს შვედურ-ქართულ სამთავრობო უწყებებს შორის მიმდინარე პირდაპირ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სამსახურთან“, – აცხადებს შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენჟამინ დუსა.

დუსას განცხადებით, თანამშრომლობა შესაძლოა, განახლდეს მომავალში, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შვედეთის დახმარება საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ კრონს შეადგენს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს 25 მილიონი კრონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადანაწილდა.

საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება, გამოიძიოს-მეთიუ მილერი

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომლის გარემოც ფორმირებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ამან ხელი შეუწყო არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, სრულად გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ცნობა დარღვევების შესახებ. ასევე, გავცემთ მოწოდებას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ოფიციალურ პირებს, გაითვალისწინონ, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ნაცვლად იმ პოლიტიკის გაძლიერებისა, რომელსაც ავტორიტარები აქებენ“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.

„საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც შემოთავაზებული და მხარდაჭერილია ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ, ადგენს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას. ყველა პარტია კამპანიის დროს მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. ჩვენ წლის განმავლობაში მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, უკან დაეხია ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება. ჩვენ გვსურს, ვნახოთ პროცესის გამოძიება. ჩვენ აღვრიცხეთ დარღვევები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ოფიციალური პირების მოწოდებები სრული გამოძიების ჩატარების შესახებ. ვუერთდებით ამ მოწოდებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს, მილერმა უპასუხა, რომ ამაზე საბოლოო შეფასება ჯერ არ აქვთ.

„ჯერჯერობით არ გვაქვს საბოლოო შეფასება. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ გამოძიება“, – დასძინა მილერმა.

მილერს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენმა განაცხადა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და რუსული ოპერაციის ნაწილია. არის რაიმე მიზეზი, რატომ არ არის ეს ასახული სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გადიან, რომელმა ორგანომ შეიძლება ჩაატაროს გამოძიება.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს გამოძიების ჩატარება. სიცხადისთვის განვმარტავ – მე არ მითქვამს ჩემს განცხადებაში, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმის თაობაზე, თუ რომელი სათანადო ორგანო შეიძლება იყოს ასეთი გამოძიების ჩამტარებელი“, – აღნიშნა მილერმა.

კითხვაზე, არ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ ჩაატარებს გამოძიებას, მილერმა კვლავ გაიმეორა, რომ გადიან კონსულტაციებს პარტნიორებთან.

„მოისმინეთ ჩემი პასუხი ამ კითხვაზე – ჩვენ ვკონსულტირებთ ჩვენს პარტნიორებთან იმის თაობაზე, თუ რომელი სხვა სათანადო ორგანო შეძლებს ასეთ გამოძიების ჩატარებას. მე არ გავცდები იმას, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი – საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს რეაგირებას. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, რამდენიმე თვეა, გადახედვის პროცესშია. თქვენ უკვე ნახეთ, რომ შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენი სხვა დახმარებები კვლავ გადახედვის პროცესშია“, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ასევე კითხვა დაუსვეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის თქმით, რომ აქციაზე შეკრებილებს სჯერათ, რომ ისინი მიატოვა აშშ-მა. მან მილერს ჰკითხა, თუ აქვს რაიმე სათქმელი აქციის მონაწილეებისთვის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების უფლებას მშვიდობიან შეკრებაზე. გვსურს, ვნახოთ სრული გამოძიება არჩევნებში სავარაუდო დარღვევების შესახებ“, – განაცხადა მილერმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ნახსენები რუსეთი სახელმწიფო მდივნის გუშინდელ და მილერის დღევანდელ განცხადებებში და მიიჩნევს თუ არა, რომ რუსები ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში, მილერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს შეფასება ამასთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე არ მაქვს შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის ჩარევის ბრალდებების მიღმაც კი, მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ვნახეთ რეპრესიები. რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია რუსეთის ჩარევისგან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ჩარევა მისი არაერთი მეზობლის არჩევნებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მათი ჩარევა ჩვენს საკუთარ არჩევნებშიც. ჩვენ განვაგრძობთ ყურადღებით დაკვირვებას, მაგრამ არ მაქვს შეფასება ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მილერმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა რამე რეაქცია ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზე, მილერმა უპასუხა: „არა“.

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაგეგმვისა და დაწყებისთვის, მაგრამ მიზანს გააზრებული გეგმის დახმარებით, აჩქარების გარეშე უნდა მიაღწიოთ. შეადგინეთ გეგმა და მიჰყევით. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. რომანტიკულ ურთიერთობებში უფრო რბილი და დამთმობი უნდა იყოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

კურო

დროა, მთელი წლის მანძილზე დაუღალავად შრომისთვის საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ – დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ. ამ დღეს, მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაც მოგიწევთ. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ.

ტყუპები

ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს. ვარსკვლავები მიზნის მიღწევას და კარგ შემოსავალს გპირდებიან. მთავარია, დამატებითი პასუხისმგებლობის აღებაზე უარი არ თქვათ. ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ. მუშაობის დროს ხანმოკლე შესვენება ძალის აღდგენის საშუალებას მოგცემთ. პარტნიორთან ურთიერთობებში ეცადეთ, ეგოიზმის შეტევებს სძლიოთ და ზოგჯერ საყვარელი ადამიანის სურვილებზეც იფიქროთ. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

კირჩხიბი

იმისათვის, რომ პრობლემა გადაჭრათ და სასურველი შედეგი მიიღოთ, მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი მიდგომა უნდა გამოავლინოთ. ამან შეიძლება თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაში ბევრი რამ შეცვალოს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი კარგად გააანალიზეთ. კარგი დღეა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილი გაქვთ.

ლომი

ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს აუცილებელია. სახლში და სამსახურში თქვენი ავტორიტეტი იზრდება. ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი საქმიანი თანამშრომლობისთვის. ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული შემოქმედი ადამიანებისთვის იქნება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გატაცება ბიზნესად აქციონ და კარგი შემოსავალი მიიღონ.

ქალწული

გირჩევთ, უფრო თამამად იმოქმედოთ, რადგან ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ურთულეს ამოცანებთან გამკლავება შეგიძლიათ. ნუ იტყვით უარს სამუშაოზე, რომელიც ერთი შეხედვით, შეუსრულებელი და დაუძლეველი ჩანს. იღბალი თქვენს მხარესაა და თქვენი ჭოჭმანით ნუ დააფრთხობთ. ოთხ კედელში ნუ იჯდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით – ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს სასარგებლო კავშირები თქვენთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მათი წყალობით ის, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ, ადვილად განხორციელდება. დიდი კონკურენციის არ შეგეშინდეთ. თქვენი მებრძოლი ბუნების დახმარებით ყველა კონკურენტს ჩამოიცილებთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით და იუმორით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებასა და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს დაანახვოთ, რომ ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი ხართ. ხელსაყრელი დროა სწავლის დაწყების და ახალი უნარების შესაძენად, რაც უახლოს ხანებში ძალიან გამოადგებათ. გახსოვდეთ, ხელს თუ არ გაანძრევთ და სასწაულს დაელოდებით, ვერაფერს მიაღწევთ. ამ დღეს ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყოთ ან ძველი, უსიამოვნო საკითხი მოაგვაროთ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და სულელური კამათის გამო სიყვარული არ დაკარგოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება ძალის უჩვეულო მოზღვავება იგრძნოთ, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი გატაცება დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ცვლილებები – ზოგი ურთიერთობას გააღრმავებს და ახალ ეტაპზე გადავა, ზოგი კი ურთიერთობას გაწყვეტს.

მერწყული

იყავით უფრო გახსნილი სამყაროს მიმართ, გააფართოვეთ ინტერესების სპექტრი და პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო წარმატებული იქნება. ძველი მეგობრები საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაჩნდებიან და დაგეხმარებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები გელით.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ცხოვრებას ახლებურად შეხედოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ საქმიან წინადადებაზე იფიქროთ და კარგად გააზრებული პასუხი გასცეთ. ხელსაყრელი დროა მენეჯმენტთან და კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ამ დღეს მოთმინების გამოჩენა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს, რადგან წარმატებას სწორედ მოთმინების წყალობით მიაღწევთ. საღამოს შეგიძლიათ სამსახურის შესახებ დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებთან სამომავლო გეგმები განიხილოთ.

მეფეებს აგინეს, სპორტსმენებს აგინეს, ხელოვანებს აგინეს, ქართულ ჯარს აგინეს, პოლიციელებს აგინეს … და რატომ წავაგეთოოო … – ედმონდ მინაშვილი 

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი ოპოზიციის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წაგებას ეხმიანება.

„მეფეებს აგინეს,
სპორტსმენებს აგინეს,
ხელოვანებს აგინეს,
ქართულ ჯარს აგინეს,
პოლიციელებს აგინეს,
პატრიარქს და მღვდლებს აგინეს,
მრევლს აგინეს,
ტრადიციებს აგინეს,
მშვიდობას აგინეს,
ღვინოს აგინეს,
კახელებს აგინეს,
აფხაზებს აგინეს,
მარნეულელებს აგინეს,
ერთმანეთის ცოლებიც კი გაცვალეს,
სამშობლო გაყიდეს,
სტრასბურგში ვერცერთი საქმე ვერ მოიგეს,
ვისი ვისაში აქვთ ვერ გაიგებ,
ერთმანეთს ხომ მკვდარი და ცოცხალი აგინეს და აგინეს, დაა …
რატომ წავაგეთოოო?!“, – წერს ედმონდ მინაშვილი.

“ქართული ოცნება” უარყოფს გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება -ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

„ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, „ქართული ოცნების“ პრორუსულ პარტიად მოხსენიება არის თაღლითობა.

„ქართული ოცნების“ პრორუსულ პარტიად მოხსენიება თაღლითობაა. ეს არის პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვოუქიზმს, გლობალიზმსა და ომის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ სურთ ფონ დერ ლაიენსა და სოროსს მისი დამხობა და ამიტომაც იმყოფება პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში მათ მხარდასაჭერად“, – წერს მარიანი.

https://x.com/ThierryMARIANI/status/1850954042492797032

ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო, უსარგებლო ლექციების ნაცვლად, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება -ვიქტორ ორბანი

უსარგებლო ლექციების ნაცვლად, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, – წერს ვიქტორ ორბანი.

საქართველოში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები -ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას

დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები, – ამის შესახებ  „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება საერთო ბრძოლა.

„აქ ყველანი ვდგავართ ერთმანეთის გვერდიგვერდ. იცოცხლე პოლიტიკოსებს ყველას დალანძღული გვყავს ერთმანეთი, ჩემპიონატი გვქონდა, ვინ უფრო ხმამაღლა მივაყენებდით ერთმანეთს შეურაცხყოფას. გვქონდა, აღარ გვაქვს. გულზე ხელი დავიდოთ, ახლაც დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ის ძალები, ოთხი პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელმაც გადალახა ბარიერი, ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთმანეთის მხარდამხარ, ერთად შეკრული, ერთ მუშტად შეკრული. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც შემიყვარდა ან ვიღაცას შევუყვარდი, საქართველოს სჭირდება ასე. ჩვენი საერთო ბრძოლა სჭირდება საქართველოს.

გუშინ ვუსაყვედურე გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილი, დაქანცული ვართ და ცოტა ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, მილანძღია იცოცხლე, არც თუ უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, მაგრამ ახლა არ არის ერთმანეთზე წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა. პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები. არჩევნებს რომ დავანიშნინებთ, მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ”-გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ითხოვს, საქართველოში არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.

გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, მათ შორისაა მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა.

ამავდროულად, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებენ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას და დიალოგების წარმოებას. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახალ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია.

„პირველი – როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად;

მეორე – არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არათუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს;

მესამე – ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, ერთად გავიმარჯვებთ;

მეოთხე – ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.