Home Blog Page 60

ქართული სახელმწიფო არ გააუქმებს არცერთ საკითხს, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციას, სუვერენიტეტს, მშვიდობას, იდენტობას -გურამ მაჭარაშვილი

x

რა საკითხი უნდა დაგვისვან ისეთი, რომ მასში ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი გავცვალოთ? ერთი საკითხი მაინც დააყენონ, რომელიც საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას უშლის ხელს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ქართული სახელმწიფო იმ პოზიციაზე დგას, რომ არ გააუქმებს არცერთ საკითხს, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციას, სუვერენიტეტს, მშვიდობას, ქართველი ხალხის განვითარებას, ეროვნულ იდენტობას.

„როგორც კანდიდატის სტატუსზე გვქონდა მოლოდინი, რომ არეულობას შეეცდებოდნენ, ასეთივე მოლოდინი გვაქვს ახლაც. თუ გვთხოვენ, რომ გავნადგურდეთ და აღარ იყოს აღარც ტრადიცია, აღარც სიმშვიდე და იყოს ომი, ქაოსი, რა საკითხი უნდა დაგვისვან ისეთი და რა ვიზა უნდა მოგვცენ, რომ ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი გავცვალოთ, თან უსამართლოდ? ერთი საკითხი მაინც დააყენონ, რომელიც საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულებას უშლის ხელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან” -BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან“. პუბლიკაციაში განხილულია ანტიდასავლურ ფრონტზე შექმნილი სიტუაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთ-ჩინეთის კავშირებს და მათი ურთიერთობის პროგნოზს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი ისევ ჩავიდა ჩინეთში, მაგრამ ამჯერად – ახალი სტატუსით. პირველად უკრაინაში შეჭრის მომენტიდან რუსეთის პრეზიდენტი თავის მთავარ მოკავშირესთან – ჩინელ ლიდერთან – გაემგზავრა არა როგორც სი ძინპინის ვასალი, კუთხეში მიმწყვდეული დასავლური სანქციებით, არამედ როგორც მსოფლიოს ლიდერი, რომელიც თანასწორად საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტთან – პლანეტის წამყვან სამხედრო-ეკონომიკურ ლიდერთან და ჩინეთის მთავარ მოწინააღმდეგესთან.

ვლადიმერ პუტინი ტრიუმფატორის როლში

ჩინეთში ვიზიტი, შეიძლება ითქვას, ვლადიმერ პუტინის ტრიუმფს წარმოადგენს ალასკიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სადაც დონალდ ტრამპმა იგი საზეიმოდ მიიღო აშშ-ის მიწაზე. კრემლის ბინადარის ტრიუმფის აუდიტორია ძალზე ფართოა: ჩინეთში, მასპინძელ სი ძინპინის გარდა, რუს სტუმარს ვლადიმერ პუტინს ანტიდასავლური კოალიციის ათზე მეტი ლიდერი ხვდება. 31 აგვისტოს ისინი ყველა ქალაქ ტიანძინში შეიკრიბნენ, შანხაის თანამშრომლობის წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტზე, რომელიც ორდღიანია და პირველ სექტემბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ტიანძინის სამიტის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პეკინში გადაფრინდება, სადაც რამდენიმე დღე დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის არმიის სამხედრო აღლუმში, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონელ ოკუპანტებზე გამარჯვების 80 წლისთავს.

რა აკავშირებს ერთმანეთთან რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს

ექსპერტთა აზრით, ვლადიმერ პუტინის უჩვეულოდ ხანგრძლივი ვიზიტი მოწოდებულია დასავლეთს აჩვენოს, რომ რუსეთისა და ჩინეთის „უსაზღვრო მეგობრობა“ სულ უფრო მტკიცდება, ხოლო აშშ-ის მცდელობები შუღლი ჩამოაგდოს მოსკოვ-პეკინს შორის, ჩასაშლელად არის განწირული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონალდ ტრამპი უკრაინას ვლადიმერ პუტინს ჩააბარებს და სანქციებს გააუქმებს, ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს ზურგს მაინც არ შეაქცევს.

„ჩინეთზე ვაჭრობის სფეროში ზეწოლის გაძლიერებით, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისა და ჩინეთის ღერძს აძლიერებს. ორ ქვეყანას შორის კავშირების დასუსტების მცდელობებმა და „პირუკუ კისინჯერის“ პოლიტიკის განხორციელებამ რაიმე საგრძნობი შედეგები ვერ მოიტანა“, – ამბობს პიერ ანდრიე, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, რომელიც რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
1970-იანი წლების დასაწყისში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის მცდელობების შედეგად აშშ-მა შეძლო კომუნისტური ჩინეთის გამოყვანა საბჭოთა კავშირის ორბიტიდან, მაგრამ იმ პერიოდში აშშ-სა და ჩინეთს ისეთი დაპირისპირება არ იყო, როგორიც დღეს არის.

„თუ აშშ-ის სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ შუღლი ჩამოაგდოს მოსკოვსა და პეკინს შორის უკრაინაში ომის შეწყვეტით და რუსეთისადმი გამოცხადებული ზოგიერთი სანქციის მოხსნით, მაშინ გამოდის, რომ ვაშინგტონი სრულად ვერ აფასებს რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის სიღრმეს და მრავალფეროვნებას“, – წერს ექსპერტი ნატალია ხაბაროვსკაია სტატიაში, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის Center For European Policy Analysis-სის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, – „მოსკოვი და პეკინი ამჟამად ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მჭიდრო ორმხრივი კავშირების პერიოდში იმყოფებიან და ამრიგად, არცერთი მხარე არ მოისურვებს ერთმანეთზე უარი თქვას, როგორც არ უნდა შეეცადოს ვაშინგტონი თავის მხარეზე რომელიმეს გადაბირებას“.

ჩინეთს და რუსეთს მხოლოდ ვაჭრობა და ეკონომიკა არ აერთიანებთ. დიახ, ჩინეთი რუსული ენერგორესურსების მთავარი მყიდველია და ასევე ჩინური ავტომობილებისა და სხვა პროდუქციის მთავარი მიმწოდებელი რუსეთისათვის დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ.. მაგრამ უკრაინასთან ომმა პეკინი და მოსკოვი ერთმანეთთან იდეოლოგიურადაც დააახლოვა.

„ორივე ქვეყანა დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოდის და ბრძოლას უცხადებენ „ამერიკულ ჰეგემონიას“. ორივე ქვეყანა ბირთვული სახელმწიფოა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს წარმოადგენენ. მათი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, – ამბობს პიერ ანდრიე, რომელიც ამჟამად Asia Society Policy Institute-ში ექსპერტად მუშაობს, – ეკონომიკაში ისინი ერთმანეთს ავსებენ. რუსეთი ნედლეულის ქვეყანაა, ჩინეთი – სამრეწველო და ტექნოლოგიური სახელმწიფო. სამხედრო-სტრატეგიული გეგმებით ჩინეთი იგებს იმ გეოგრაფიული ფაქტორებით, რომელსაც რუსეთი „ჩრდილოეთის საზღვაო გზით“ უზრუნველყოფს.

მაგრამ მთავარს იმ მრავალი ფაქტორებიდან, რომელთა მიხედვით შეიძლება რუსეთისა და ჩინეთის ერთმანეთთან დაახლოება აიხსნას, პიერ ანდრიე ორი დიდი ქვეყნის ლიდერების პირად თბილ ურთიერთობას ასახელებს.

ვლადიმერ პუტინსა და სიძინპინს ერთმანეთთან ბევრი რამ საერთო აქვთ: ორივე 72 წლისანი არიან, ორივე „საბჭოური ჩამოსხმის კომუნისტური წყობის დროს გაიზარდნენ, ორივე დიდი ხნის მმართველები არიან და და ასეთებად დარჩენა სურთ თავიანთი სიცოცხლის ბოლომდე. ორივემ ხელისუფლების ავტორიტარული ვერტიკალი ჩამოაყალიბეს, ვერ ითმენენ სხვაგვარად მოაზროვნეებს და საკუთარ თავს მიწების შემკრებებად თვლიან.

ვლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპის სკალპით ხელში

სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს „ძვირფას მეგობრად“ თვლის. იგი მას ყველაზე ბევრჯერ შეხვდა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის ლიდერს – 42-ჯერ. მაგრამ ამ ვიზიტს ყველა სხვა ვიზიტებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინის აქტივში არ იყო ხალიჩების გაფენა ალასკაზე, იყო მხოლოდ მისი დაპატიმრების ორდერი, რომელიც ჰააგის სასამართლომ გამოწერა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულობების გამო. ჩინეთი ერთადერთ წამყვან სახელმწიფოდ რჩებოდა, სადაც რუს ლიდერს გარანტირებული თბილი მიღება ელოდებოდა. იმავდროულად სი ძინპინი თბილად ხვდებოდა ჯო ბაიდენს, ხოლო იმ დროისათვის მთავარი ევროპელი ლიდერი, ფრანგი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინელ სტუმარს ფრანგულ პირენეებს ათვალიერებინებდა.
ახლა კი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ამერიკელი პრეზიდენტის სკალპით (დამარცხებული მტრის თავზე აჭრილი თმებიანი კანით) ჩავიდა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს არა სი ძინპინის უმცროს ძმად გამოჩნდეს, არამედ მისი თანასწორი სტატუსით.
„მაგრამ მათი ურთიერთობა თანასწორია მხოლოდ ერთი შეხედვით, – ამბობს პატრიცია კიმი, ბრუკინგის ინსტიტუტის ექსპერტი, – ჩინეთისათვის მომგებიანია, რომ ვლადიმერ პუტინი მოკლე თოკით ეჭიროს და არ დაუშვას კრემლის შებრუნება დასავლეთისაკენ (როგორც ეს ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს მოხდა), თუმცა პეკინს არ რუსეთის გაძლიერება არ სურს: „პეკინისათვის იდეალური შედეგია ის, რომ რუსეთი საკმაოდ ძლიერი იყოს დასავლეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ სუსტიც დარჩეს და ჩინეთის ორბიტაზე იყოს“.

რუსების შიში ჩინელების მიმართ

„რუსეთ-ჩინეთის ამჟამინდელი ურთიერთობა ბევრისთვის ასიმეტრიულია, ანუ უფრო მეტად მომგებიანია ჩინეთისათვის, რომელიც რუსეთს „სანედლეულო დანამატად“ იყენებს და სადაც თავისი პროდუქციის გასაღებას ახორციელებს, – აღნიშნავენ რუსული „ლევადა-ცენტრის ანალიტიკოსები, – ასეთი ვითარება რუსებში დისკომფორტს და ჩინეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულების შიშს იწვევს“. იმავე დროს რუსები ჩინეთს „მაშველ რგოლადაც“ განიხილავენ აშშ-სთან დაპირისპირებაში.

რუსეთში ჩინეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება დღეს რეკორდულია, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში – მინიმალური. ჩინეთი რუსების ცნობიერებაში აღქმულია როგორც ანტიამერიკა, რომელიც რუსეთთან ერთად დასავლურ გავლენას ეწინააღმდეგება.

ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი ვოიაჟი მოწოდებულია იმისათვის, რომ რუსებს იმედი განუმტკიცოს: ბირთვული სახელმწიფო რუსეთი მოძმე უიარაღო უკრაინას კი არ იპყრობს, არამედ ხელს უშლის დასავლეთის მზაკვრული ზრახვების განხორციელებას.

„ავტოკრატების ღერძი“?

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელიც დასავლურ გავლენის წინააღმდეგ გამოდის, ანუ მის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს და ნატოს ღირსეული ალტერნატივა აქვს.
ჩინეთში ჩავიდა თვით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელსაც პეკინთან სასაზღვრო დავა აქვს, ორიოდე წლის წინ ინდოეთსა და ჩინეთს შორის ჰიმალაებში სისხლიანი შეტაკებებიც მოხდა. მაგრამ ახლა რიგ მომენტებში ინდოეთისა და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – დონალდ ტრამპი ორივეს – ნარენდრა მოდისაც და სი ძინ პინსაც სანქციებით და ტარიფების გაზრდით ემუქრება.

„ჩინეთს ძლიერი ეკონომიკა აქვს, ის უდიდესია კიდევ ერთი გაერთიანების – „ბრიკსის“ წევრებს შორისაც, მაგრამ რუსეთის გარეშე ანტიდასავლური ფრონტის შექმნა ძნელია“, – ამბობს პიერ ანრიე, – „რუსეთი ჩინეთისათვის სასარგებლო პარტნიორია, რაც სი ძინპინს ეხმარება ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნებაში და საერთოდ, მთელი ცენტრალური აზიის რეგიონში, რუსეთთან თანამშრომლობით ჩინეთი „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებშიც მხარდაჭერით სარგებლობს.
ანტიდასავლური ფრონტის საბრძოლო ხაზზე ვხედავთ ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ჩრდილოკორეელ ლიდერს კიმ ჩენ ინს, რომლებიც პეკინში, ტიანანმენის მოედანზე სამ სექტემბერს ჩინეთის არმიის სამხედრო აღლუმს მიიღებენ.

„პირველად ისტორიაში ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ერთ ადგილზე იკრიბებიან – სამხედრო აღლუმის დროს პეკინში. გახდება თუ არა ეს „ავტოკრატების ღერძის“ წევრთა ლიდერების პირველი სამიტი? საეჭვოა. იმიტომ, რომ გარეგნული სოლიდარობის მიუხედავად, მათ სხვადასხვა მიზნები აქვთ და ისინი ერთმანეთს არ ენდობიან… თუმცა ვლადიმერ პუტინის, მასუდ პეზეშკიანისა და კიმ ჩენ ინის ერთად ყოფნა ხაზს უსვამს ჩინეთის როგორც წამყვანი ავტორიტარული სახელმწიფოს როლს“, – ამბობს – ამბობს ნილ თომასი, ექსპერტი Asia Society Policy Institute-დან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული გ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ფ. მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა 1971 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. დასახელებული თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ გ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ე.წ. პრეზიდენტის სახელით გავრცელებული წერილი, რეალურად, არის ივანიშვილის წერილი დონალდ ტრამპს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის სრულ კრახს-ანი წითლიძე

წერილი, რომელიც დღეს გავრცელდა ე.წ. პრეზიდენტის, ყაველაშვილის სახელით, რეალურად, არის ბიძინა ივანიშვილის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის სრულ კრახს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რომლითაც ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.

„გახსოვთ, წინასაარჩევნოდ როგორ ატყუებდა „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეძლებდნენ ურთიერთობის დალაგებას აშშ-სთან და ტრამპი მათ მხარს დაუჭერდა, არ იქნებოდა სანქციები. მიუხედავად ამისა, დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი და როგორც ანტიდემოკრატიული, პრორუსული ძალა, ვერანაირ ურთიერთობას ვერ დაალაგებს ვერც აშშ-სთან და ვერც  საერთაშორისო პარტნიორებთან. მით უმეტეს, როდესაც საუბარია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. „ქართულ ოცნებას“ ამის შესაძლებლობა ძალიან ბევრჯერ ჰქონდა, მათ შორის იმ გზამკვლევით, რაც არსებობს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე და გულისხმობს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც საქართველოს აქვს ევროპული განვითარების გზაზე. ეს წერილი სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა ბიძინა ივანიშვილის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მძიმე სანქციები დაეკისრება, მეტად მძიმე იქნება მათი მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ უფრო რთული იქნება მათთვის, მათი ოჯახებისთვის, რადგან ამ ქვეყნის ღალატია გზა, რომელსაც ისინი ადგანან“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს

საბედნიეროდ, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილშია აღნიშნული, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.

როგორც წერილშია აღნიშნულია, დიფ სთეითის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.

„პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს.

როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიფ სთეითი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. დიფ სთეითის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა“, – აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის წერილში.

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს საქმე მშვიდად უნდა აკეთოთ და გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლებად უსმინოთ – რთულ ვითარებაში გარკვევას ინტუიციის დახმარებით მოახერხებთ.
პრინციპული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ ყოველთვის გრძნობთ, როდისაა საჭირო უკან დახევა, თქვენი გეგმების განხორციელების დროებით გადადება. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.

კურო

უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. მცირე დეტალებზე.
დღის მეორე ნახევარში საქმეში – სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

ტყუპი

დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და მისი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

კირჩხიბი

ეს დღე უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად ახერხებთ და არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით. საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებთ, სწრაფი გამარჯვების იმედი არ გაქვთ და ახლობლებისგან დახმარებას არ მოელით. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

ლომი

ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოეემზადოთ.

ქალწული

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

სასწორი

ეს დღე ძლიერ განცდებს მოგიტანთ. ნერვიულობისთვის სერიოზული მიზეზი არ გაქვთ, უბრალოდ ყველა წვრილმანი გაღიზიანებთ და ისეთი რამის გამო განიცდით, რასაც სხვა დროს ვერც შენიშნავდით. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაგამშვიდონ და მხარი დაგიჭირონ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.

მორიელი

განწყობა მარტის ამინდივით გეცვლებათ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. ზოგ მორიელს ამ დღეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, მაგრამ ყოველთვის არ იცის, ამისთვის ვის მიმართოს. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ეცადეთ გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

მშვილდოსანი

შესანიშნავი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ. თუ სიტუაცია მოითხოვს, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც.
ამ დღეს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თხის რქა

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. დღეს, სამსახურის გარდა, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

მერწყული

მოვენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, უხერხული შეხვედრები და საუბრები გელით, გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო იქნება. ეცადეთ წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშაოთ – ასე ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა აუდიენციის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნაყოფიერ შეხვედრას ელოდება.

„მოხარული ვართ თქვენი ხილვით და დღევანდელი სამიტის ფარგლებში მოლაპარაკების შესაძლებლობით. დიდი ხანია, არ შევხვედრილვართ, დაგროვდა მრავალი საკითხი, ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო. ვიმედოვნებ, დღევანდელი შეხვედრა იქნება სასარგებლო და არსობრივი“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებისას.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მოხარულია ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შესაძლებლობით.

„მოხარული ვარ იმ პარტნიორობისა და დიალოგის, რომელიც ჩვენ შორის განვითარდა. ჩვენი პირადი დიალოგი და რა თქმა უნდა ჩვენს მოძმე ქვეყნებთან ძალიან აქტიური დიალოგი“, – აღნიშნავს ფაშინიანი

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გაეცნო.

მისი თქმით, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი, ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყებას“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკების მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება.

“რაღაც კოლუმბიური სერიალია… არ გვიკვირს ის დაპირისპირება, რომელსაც ვხედავთ ამ გაუგებარ ე.წ. რვიანში” – ლევან მახაშვილი

“რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის ძალიან არასერიოზული, რაღაც კოლუმბიური სერიალი ჩვეულებრივი. არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს რეალურად არ აერთიანებთ არაფერი სერიოზული, ან იდეა ან მიზანი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოებას გამოეხმაურა.

“ეს გაერთიანება არის სიძულვილის გარშემო გაერთიანება, ერთი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანება, ამიტომ არ არის გასაკვირი ის დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის მათი სახე და ეს არის რეალურად, რაც მათ შეუძლიათ. შეუძლიათ არა რაღაცის გარშემო გაერთიანება, მიზნის დასახვა, შენება, არამედ სიძულვილი, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა. ამიტომ, ჩვენ არ გვიკვირს ის დაპირისპირება, რომელსაც ვხედავთ ამ ე.წ. გაუგებარ რვიანში”, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ცალკეული წევრები ბოიკოტს უკვე ერთმანეთს უცხადებენ. დიდი პოლიტიკური დავის სათავეში ისევ “ნაციონალური მოძრაობაა”. სააკაშვილის პარტია ოპოზიციური რვიანიდან თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას ისევ ითხოვს და ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ცალკეული ინდივიდების გარდა, რომელთა ქმედებები ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს სცდება, ურთიერთობას ყველა ძალასთან გააგრძელებს. თავად ჩერგოლეიშვილისთვის “ნაციონალური მოძრაობის” მუქარა გაუგებარი, ტონი კი მიუღებელია.

“ენჯეოების” მტკიცება, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები ვერ მოიგო, უკიდურესად არადამაჯერებელია”- პოლ გრეინერი

მეჩვენება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის არჩევნები ვერ მოიგო – რომ მათ მხოლოდ რაღაცნაირად მოტყუებით შეეძლოთ გამარჯვება, უკიდურესად არადამაჯერებელია, – წერს სიმონ ვეილის პოლიტიკური ფილოსოფიის ცენტრის პრეზიდენტი, პოლ გრეინერი, სტატიაში “მშვიდობა და “ქართული ოცნება”.

მისი განცხადებით, სანამ მმართველ პარტიასა და დასავლურ საგარეო პოლიტიკურ პრეფერენციებს შორის უთანხმოება არ გამოვლინდა, 2012 წლიდან “ქართული ოცნების” მიერ მოგებულ არც ერთ არჩევნებზე, დასავლეთს გამარჯვებების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

ასევე, სტატიის თანახმად, ძნელად მოსალოდნელი იყო, რომ “ქართული ოცნება” ამომრჩეველთა დიდ ნაწილს მხოლოდ იმიტომ დაკარგავდა, რომ მათ მტკიც უარყვეს კონფრონტაციული პოლიტიკა.

“ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა პოპულარობა და 2012 წლიდან არაერთხელ მოიგო არჩევნები. სანამ პარტიას დასავლურ საგარეო პოლიტიკურ პრეფერენციებთან უთანხმოება არ აღმოაჩნდა, მანამდე დასავლეთში არ არსებობდა მტკიცება, რომ ეს გამარჯვებები არალეგიტიმური იყო; ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც მათი მოსაზრებები გაიყო. უფრო მეტიც, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო მუდმივად აფიქსირებდა დადებით ეკონომიკურ ზრდას. მსოფლიო ბანკის უახლესი სტატისტიკა, რომელიც მოვიძიე, 2023 წლისაა, სადაც მშპ-ს ზრდის ტემპი 6.7%-ს შეადგენდა. რამდენადაც მე შემიძლია დავადგინო, 2024 წლის შესაბამისი მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო. გარდა ამისა, როგორც ჩემმა რამდენიმე თანამოსაუბრემ თბილისიდან ხაზი გაუსვა, ძნელად მოსალოდნელი იყო, რომ გასულ წელს “ქართული ოცნება” მოულოდნელად დაკარგავდა ამომრჩეველთა დიდ ნაწილს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მტკიცედ უარყოფდნენ კონფრონტაციულ პოლიტიკას, რამაც ომი და უკრაინის თითქმის სრული განადგურება გამოიწვია!” – აღნიშნულია გრეინერის სტატიაში.

ცესკოს თავმჯდომარე ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიების სამზადისს ეცნობა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და ცესკოს სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდინარე საქმიანობებს და მზადების პროცესს გაეცნო.

გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო პროცესებს, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხორციელდება. ისაუბრეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პროფესიული გადამზადების პროცესზე და განიხილეს სწავლების ეტაპები, რაც საუბნო კომისიების წევრების სრულ მზადყოფნას უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ, ისე ტექნოლოგიურ დონეზე, იმისათვის, რომ თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებზე კვალიფიციურად მოემსახუროს ამომრჩეველს. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საოლქო საარჩევნო კომისიების მნიშვნელობაზე და მათ როლზე არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამომრჩეველთა ინფორმირებასთან დაკავშირებით განხორციელებული და განსახორციელებელი აქტივობები და ყურადღება გაამახვილეს ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. 

თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, სპიკერთან ნათია იოსელიანთან ერთად თელავში საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლების მეოთხე ეტაპს გაეცნო, რაც კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით წარმართვას მოიცავს. სწავლების მონაწილეებთან გიორგი შარაბიძემ ტრენინგების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესების ზუსტად და ზედმიწევნით წარმართვის აუცილებლობას, რაც ჯამში მაღალპროფესიულ სტანდარტს უზრუნველყოფს.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის.

“თიკა ბოკუჩავას და გია ბარამიძეს არავინ ეკითხება ჩემთან ურთიერთობას”- თამარ ჩერგოლეიშვილი

ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ცალკეული წევრები ბოიკოტს უკვე ერთმანეთს უცხადებენ. დიდი პოლიტიკური დავის სათავეში ისევ “ნაციონალური მოძრაობაა.” სააკაშვილის პარტია ოპოზიციური რვიანიდან თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას ისევ ითხოვს და ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ, ცალკეული ინდივიდების გარდა, რომელთა ქმედებები ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს სცდება, ურთიერთობას ყველა ძალასთან გააგრძელებს.

თავად ჩერგოლეიშვილისთვის “ნაციონალური მოძრაობის” მუქარა გაუგებარი, ტონი კი მიუღებელია. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, თინა ბოკუჩავასთან მას ურთიერთობა აქამდეც არ ჰქონია.

“თიკა ბოკუჩავას და გია ბარამიძეს არავინ ეკითხება ჩემთან ურთიერთობას. მიშა სააკაშვილს, ანუ მათ ბელადს ჩემზე ჯიხადი აქვს გამოცხადებული 2016 წლიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თანასწორ, რიგით მოკვდავად მივიჩნევ, კერპად არ ვაღიარებ და ჩემს განულებას ითხოვს უკვე მრავალი წელია. ასე, რომ ბოკუჩავას არავინ არ ჰკითხავს ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტას, რომელიც არათუ არ არსებობდა, არამედ უკიდურესად მტრული იყო და ისედაც დაბლოკილი ვიყავი ყველგან, სადაც სააკაშვილს ხელი მიუწვდებოდა. ამიტომ, აშანტაჟონ ისინი, ვისთანაც გასდით.

დინამიკას თუ შევხედავ 2016 წლიდან მოყოლილიყო აქამდე, ვინ განულდა ვხედავთ ხომ?! – არ ვიცი საიდან გარიცხვას ითხოვდნენ ჩემსას. ერთი Chat-ია, სადაც ერთად ვართ და იმ Chat-იდან თავი თვითონ გაირიცხეს,” – განაცხადა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “კურიერთან” საუბრისას.