Home Blog Page 6

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას;

დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.

საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“, – წერს ყაველაშვილი.

მინდა, მადლიერება გამოვხატო პაპ ლეო XIV-ს მიმართ, რომელმაც რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად ვატიკანი შემოგვთავაზა – ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა პაპ ლეო XIV-ს, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა.

„საჭიროა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესი, რომელიც, ცხადია, სათანადოდ გაითვალისწინებს თავდასხმის ქვეშ მყოფი ერისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს. მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობის, პაპ ლეო XIV-ის მიმართ, რომელიც წმინდა საყდრის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ადგილად შეთავაზებით გამოვიდა“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, პაპი ლეო XIV ვატიკანის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პლატფორმად შეთავაზებით გამოვიდა. ამ წინადადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც გამოეხმაურა და ძალიან კეთილშობილური შეთავაზება უწოდა.

საქართველოში რეგისტრირებულია 11 218  აივ ინფიცირებული პირი – მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი

18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.18 მაისს მსოფლიო 42-ჯერ, ხოლო საქართველო 29-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას:

პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა;

გამოვხატოთ სოლიდარობა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 39 მლნ-ზე მეტია;

ხელი შევუწყოთ საზოგადოების განათლებასა და მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ, გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ ყველა აივ ინფიცირებულ ადამიანს, რადგან მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 85%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ;

წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხებაში და ყველა ადამიანს მივცეთ მკურნალობის საშუალება, რადგან აივ თერაპიაზე ინფიცირებული პირების მხოლოდ 75% იმყოფება;

ჩავებათ აივ/შიდსის პრევენციის აქტიურ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს როგორც აივ ინფიცირებული პაციენტების გამოვლენას და მათ მკურნალობას, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თავიდან იყოს აცილებული აივ-ის გადაცემის ახალი შემთხვევები და დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია.

რაც შეეხება აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაციას საქართველოში:

დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 – მამაკაცი და 2 809 – ქალი; 2 402 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

30 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;

53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;

0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.

„გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“ – 2025 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გამოვაცხადოთ გლობალური სოლიდარობა აივ ინფიცირებულების მიმართ, ვიმოქმედოთ, რათა დავარღვიოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 2030 წლისათვის დასრულდეს აივ/შიდსის ეპიდემია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იმ ადამიანების ინტერესების უზრუნველყოფაა, რომლებიც რუსეთს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ.

„ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ – სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულს მშობლიურ ენად და რუსეთს სამშობლოდ მიიჩნევენ“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს „კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა პუტინმა.

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული თ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის ნახევარზე მეტი ბავშვია.

ისრაელის თავდაცვის ძალებს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, ისრაელი ღაზას სექტორში გაფართოებულ ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაიპყრობენ ღაზას და ტერიტორიაზე დარჩებიან, თავს დაესხმებიან „ჰამასს“, ხელს შეუშლიან მას ჰუმანიტარული დახმარების მარაგების კონტროლის ხელში ჩაგდებაში.

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი და 19 დაშავდა

ნიუ-იორკის ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემი, რომლის სიგრძე 91 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრი, ზღვაში პირველად 1982 წელს გავიდა. ის ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს. წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღის მთავარი ამოცანა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა. საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ, ამიტომ მათთან გამკლავებისთვის დრო უნდა გამონახოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასურველია, რომ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ და მასაჟების კურსი ჩაიტაროთ.

კურო

ამ დღეს ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ საქმიანობაში მხარს დაგიჭერენ და დახმარებას გაგიწევენ. ერთობლივი საქმიანობა თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ამ დღეს მუშაობა იმედებს გაგიცრუებთ – თქვენ ახალ, საინტერესო პროექტებს და უჩვეულო დავალებებს ელით და არა ყოველდღიური რუტინას.

ტყუპები

წინსვლისა და განვითარებისთვის ძველისგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს პირად სივრცეს და პირად ურთიერთობებს ერთნაირად ეხება. შეზღუდეთ კონტაქტები, რომლებიც დროს გართმევთ, მოაწესრიგეთ საკუთარი აზრები და პრიორიტეტები. სასურველია საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მცირე, ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად, დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები კი ჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. კარგად ნაცნობი და საყვარელი საქმის კეთება სიმშვიდეს და თავდაჯერებას შეგმატებთ. შეეცადეთ, ვალი დროულად გადაიხადოთ და ადრე მიცემული დაპირება შეასრულოთ.

ლომი

ამ დღის მთავარი ამოცანა ფინანსური საკითხების მოგვარება და ბიუჯეტის შევსებაა. გირჩევთ, ფინანსური ოპერაციები ოჯახის წევრებთან თათბირის და მათთან შეთანხმების შემდეგ დაგეგმოთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას გრძნობთ, ამიტომ ახალი და რთული პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ და უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ოჯახური საქმეების კეთება დ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. სრულყოფილი დასვენება თქვენს შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სასწორი

ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი ყოფითი საქმეები აკეთოთ. რთული და გლობალური ამოცანები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ: ამ დღეს აქტიური მოქმედებები და გადაღლა უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და რამე, თქვენთვის შესაფერისი დიეტა დაიწყოთ.

მორიელი

მშვიდი სამუშაო დღეა. მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას და ნებისმიერ წვრილმანზე კამათს. აუცილებელი არაა, რომ ყველა თქვენსავით ფიქრობდეს და მუშაობდეს. ყურადღება მიაქციეთ ამ დღეს მიღებულ ყველა შეთავაზებას – მათ შორის შეიძლება, რაღაც ძალიან საინტერესო და მოგებიანი შეთავაზებაც იყოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ზოგი ადამიანის წარმატება თქვენს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად, პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. გირჩევთ, კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს თქვენი ახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბოთ. ეს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სამწუხარო შეცდომამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილოთ და აუჩქარებლად აკეთოთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. საღამო უმჯობესია სახლის დასუფთავებას და მოწესრიგებას დაუთმოთ.

მერწყული

აქტიური და ნაყოფიერი დღე – დილიდან სახლში და სამსახურში უამრავი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. გარშემომყოფები თქვენგან მხარდაჭერას და აქტიურ ქმედებებს ელიან. დროა, პროფილაქტიკურ მკურნალობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იფიქროთ – ახლა ყველაზე მეტად ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ.

თევზები

თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმა ძლიერ დაბრკოლებას შეეჯახა და მიმდინარე საქმე წინ ნელა მიიწევს, უმჯობესია საკუთარ გეგმებს და მათი განხორციელების გზებს გადახედოთ. ნათესავები და მეგობრები ამ საკითხში სიამოვნებით დაგეხმარებიან და საინტერესო იდეებს მოგაწვდიან. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – ამ დღეს შეძენილი ნივთები უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ და დიდხანს მოგემსახურებათ.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

„მოსალოდნელმა წვიმამ, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

,, ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომში განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

„ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც იქნება ამ მოვლენის მონაწილე. ჩვენ დავესწრებით ამ დიდ ცერემონიას, რომელიც ვატიკანში გაიმართება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილი, 18 მაისს, მეუღლესთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

,,26 მაისი აღინიშნება ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენს ამაყ ერს ეკადრება”- ვლადიმერ ბოჟაძე

26 მაისი აღინიშნება ძალიან ღირსეულად, ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება, ჩვენს ამაყ ერს ეკადრება, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, 26 მაისი აღინიშნება არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში.

„ძალიან მრავალრიცხოვანი იქნება ღონისძიებების ჩამონათვალი. თუ ვინმე გაბედავს და ჩათვლის საჭიროდ, რომ კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ეს დღესასწაული აქციოს დაპირისპირების დღედ, პასუხი იქნება სათანადო კანონის მხრიდან“, – აღნიშნა მან.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, არ სურს, რომ ხალხის მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იყოს, ვინაიდან კანონი იმიტომ არსებობს, კანონმა უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ქცევების, მათი საქციელების მიუხედავად, რომ შევძლოთ და ღირსეულად ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.