„ნატოს სამიტმა უკრაინის მძიმე მდგომარეობა ვერ დამალა. კიევის მდგომარეობა სწრაფად უარესდება“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილ სტატიას, რომლის ავტორია გიდეონ რიხმანი. მასალაში განხილულია უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივა – რა მოხდება რუსეთთნ ომში, თუ კიევს დასავლეთი არ დაეხმარება.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა დონალდ ტრამპი ნატოს სამიტიდან ვაშინგტონში დაბრუნდა, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ „მამიკო სახლში დაბრუნდა“. ეს პოსტი ერთდროულად საზეიმოც იყო და ღიმილის მომგვრელიც და მიანიშნებდა იმ „სახელზე“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ უწოდა. ამბობენ, რომ გენმდივანმა ასეთი მოფერებითი ფორმით დონალდ ტრამპს იმიტომ მიმართა, რომ სამიტის დროს ლიდერების ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. მართლაცდა, ევროპელი ლიდერები მთლიანობაში ნამდვილად გამოიყურებოდნენ კმაყოფილნი იმ სამიტის შემდეგ, რომელიც პირველად გაიმართა დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტს ნაადრევად დატოვებდა, ან საერთოდ ნატოდან გასვლას განაცხადებდა, არ გამართლდა. ნატოს ყველა ევროპელმა წევრმა ივალდებულა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს სამხედრო ხარჯებს მოახმარდა.
ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის აზრით, სამიტის დროს სამი ძირითადი მიზანი იქნა მიღწეული: პირველი – ნატო გადაერთო თავის საკვანძო მისიის შესრულებაზე – რუსეთის შეკავებაზე. მეორე – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით უბრუნდება ცივი ომის დროინდელ დონეს, რუსეთის სწრაფი მილიტარიზებისა და ძლიერების ზრდის პასუხად. მესამე – ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრი ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდის შედეგად ნატო ევროპასა და ამერიკას შორის ყველაზე დაბალანსებული ალიანსი გახდება.
ჰააგის სამიტის ატმოსფერო შეცვალა იმ ფაქტმაც, რომ შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ირანისადმი დარტყმების შემდეგ: დონალდ ტრამპი ნიდერლანდებში კარგი განწყობით ჩავიდა, ხოლო მისმა გადაწყვეტილებამ ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტის დაბომბვის თაობაზე ევროპელებს გაუქრო ის შიშები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საერთოდ თავს აარიდებდა ძალის გამოყენებას. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მეგობრულად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ამით ნაწილობრივ მაინც გამოსწორდა სიტუაცია თეთრ სახლში თებერვალში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ.
მაგრამ იმ დროს, როცა უკრაინის დიპლომატიის საქმე კარგად მიდის, ამას ვერ ვიტყვით ომზე, სადაც სიტუაცია უარესია. ნატოს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტის ხაზზე მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად გართულდეს ორიოდე თვის შემდეგ, შემოდგომის დასაწყისში. რეალურად ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ქაღალდზე დაწერილ რომელიმე ვალდებულებას და პირობას, რომლებიც ნატოს კომუნიკეშია ნახსენები. სამხედრო შეფასებები აჩვენებენ, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ჯარები ახლოს არიან გამოფიტვის ზღვართან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება მინიმუმ კიდევ ერთი წელი მაინც შეუძლია, უკრაინას კრიტიკულ წერტილს უკვე ექვს თვეში მიაღწევს – თუ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას არ მიიღებს.
(…)
უკრაინის არმიას ისეთი პრობლემებიც საკმაოდ აქვს, რომელთა მოგვარება დასავლელ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ – მაგალითად, არმიის პირადი შემადგენლობის დეფიციტი. როგორც ითვლება, რუსეთმა ომის განმავლობაში მილიონამდე ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულებისა და დაჭრილ-დასახიჩრებულების სახით, მაგრამ უკრაინის არმიის დანაკარგებიც არანაკლებია. ამ შემთხვევაში უფრო მძიმე მდგომარეობა უკრაინას აქვს, რადგან რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა 4-ჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობის რაოდენობას, ანუ კრემლს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ცოცხალი ძალის შევსების თვალსაზრისით.
(…)
რა თქმა უნდა, ომების მიმდინარეობას წინასწარ ზუსტად ვერ გათვლი, ყველაფერს წინასწარ ვერ იწინასწარმეტყველებ – განწყობები ხშირად შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთები დასავლეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეტევებს გაუძლოს მომავალი წლის განმავლობაშიც კი. მათი თქმით, დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთმა გასულ წელს მხოლოდ ის შეძლო, რომ დამატებით უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ოპტიმისტების მტკიცებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მაღალი დონის ოსტატობამ დრონების მართვის საქმეში შეუძლებელი გახადა რუსეთის არმიის მსხვილი დაჯგუფებების შეტევების განხორციელება. მათივე თქმით, თუნდაც რუსეთმა უკრაინელების პოზიციები გაარღვიონ, კრემლს მაინც არ ეყოფა მექანიზებული ქვედანაყოფები, რომ ამ მიღწევით ისარგებლოს.
ომის მსვლელობაში უკვე მრავალჯერ დამტკიცდა, რომ ზოგიერთი საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნეც კი შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ მზარდი პესიმიზმი მათ შორის, ვინ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის მოვლენებს, გამართლდება, მაში ნატოს სამიტით გამოწვეული ნებისმიერი პოზიტიური განწყობა შეიძლება მალე გაქრეს. ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ცნობილია ხალისიანი განწყობით და მუდმივი ღიმილით. მაგრამ ვნახოთ, გაიცინებს თუ არა მარკ რიუტე წლის ბოლოს. სიცილის გაგრძელება, ალბათ, ძნელი იქნება.
მოამზადა სიმონ კილაძემ