Home Blog Page 6

ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია – The New York Times

ევროპის მიერ თავდაცვაზე დადებული ფსონი, ყველა დანარჩენ დარგებთან შედარებით, ძალიან სარისკოა იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი უფრო მეტად უკან დაიწევს, ვიდრე წინ წავა, – ნათქვამია ამერიკულ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს: ეკონომიკის მილიტარიზაცია ევროპელი მოქალაქეებისათვის საზარალო და წამგებიანია“ (ავტორი – ანტონ იეგერი, პოლიტოლოგი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან). „თავდაცვისათვის მეტი ფინანსური ასიგნება იმას ნიშნავს, რომ ევროპელები ტრადიციულ და უკვე მიჩვეულ სოციალურ შეღავათებს დაკარგავენ. გამოდის, რომ ბრიუსელი თავის თავს თვითონ იზიანებს და უბედურებების პანდორას ყუთს აღებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ბრიუსელიდან მატარებლით მიდიხარ, თითქმის ყველაზე პირველს, რასაც დაინახავ, ეს არის Audi-ს ქარხანა – რუხი მართკუთხა შენობების ანსამბლი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ბელგიის უდიდესი საავტომობილო საწარმო. ქარხნის გარეგნული სახე ბელგიის დედაქალაქისათვის იდეალურ სიმბოლოს წარმოადგენდა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში Audi-ს საწარმო უცერემონიოდ დაიხურა: სამრეწველო კრიზისი, რომელმაც კონტინენტი მოიცვა, ბელგიის ავტომრეწვსაც მისწვდა. ქარხნის კედლები, რომლებიც მუდამ ახლად გამოიყურებოდა, უკვე გრაფიტებით და საღებავების ლაქებით არის დაფარული.

Audi-ს ქარხანასთან დაკავშირებული ბოლო თვეების მოვლენები მთელი ევროპის ისტორიად იქცა. Audi „გმირულად დაეცა“ ახალი საუკუნის გეოეკონომიკური ნაკადის წინაშე, რაც მთელ ევროპას წალეკვას უქადის. ბრიუსელის რეაქცია გაჩენილ პრობლემაზე დროის შესაფერისია – როგორც მინისტრები აცხადებენ, საერთო მილიტარიზების ჩარჩოებში ქარხანა პროფილს შეიცვლის და საიარაღო საწარმოდ გადაიქცევა. მომხრეების მტკიცებით, აწ უკვე ყოფილი Audi-ს გასამხედროება  ევროპის სტრატეგიულ ავტონომიას მოაახლოვებს და 3 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.

ევროპელი პოლიტიკოსები ერთნაირ სტრატეგიას ახორციელებენ და იმედოვნებენ, რომ „ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავენ“: ერთი მხრივ, სამხედრო ხარჯების ზრდით ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ რუსეთისაგან და დამოუკიდებელს გახდიან აშშ-საგან (ანუ ევროპა იარაღის მწარმოებელ მძლავრი „ზესახელმწიფოს“ სტატუსს იღებს), ხოლო მეორე მხრივ, ამით გამოცოცხლდება ჩინელ კონკურენტებთან ბრძოლით და ენერგომატარებლების გაძვირებით დაუძლურებული ევროპის მრეწველობა. ანუ გამოდის, რომ თუ სამხედრო ხარჯებისათვის ბიუჯეტიდან მეტი ფული გადაიდება, ამით გადაილახება ორმაგი კრიზისი – გეოპოლიტიკური მოწყვლადობა (ევროპა კუნთებს იმაგრებს) და ეკონომიკური ავადმყოფობა (დასაქმების დონე მატულობს, შემოსავლები იზრდება).

მაგრამ… როგორც ჩანს, ვარდისფერი იმედები ფუჭად ჩაივლის. საეჭვოა, რომ ევროპის მილიტარიზაციამ რაიმე პოზიტიური ნაყოფი გამოიღოს: ზედმეტად მაღალია [ინვესტიციების ჩადების] მასშტაბი და ზედმეტად დაბალია უკუგება. გარდა ამისა, თავდაცვაზე ფსონის დადება უფრო ბევრად დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე უბრალოდ წარუმატებლობა. სამხედრო მრეწველობის გადაქცევა ეკონომიკის საყრდენად ევროკავშირს წინსვლას კი არა, უფრო მეტად უკუსვლას უქადის. იარაღის სწრაფ წარმოებას და ამ მხრივ შვიდმეტრიანი ნაბიჯებით „ხტომას“ ისტორიული შეცდომის დაშვება შეუძლია.

ევროპის ახალ მიდგომას ხშირად ძველებურად უწოდებენ „სამხედრო კეინზიანობას“. ეკონომიკის მართვის ასეთი წესი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა, როცა ხელისუფალნი ცდილობდნენ ეკონომიკური ვარდნებისათვის წინააღმდეგობა სამხედრო ხარჯების გადიდებით გაეწიათ [კონფლიქტების დაწყების მიზნით]. მეცნიერული თვალსაზრისით კი კონცეფცია შემუსავდა მე-20 საუკუნეში ცნობილი ეკონომისტის ჯონ კეინზის მიერ. მსხვილი მასშტაბით „კეინზიანობას“ პირველად გერმანელმა ნაცისტებმა მიმართეს 1930-იან წლებში, შემდეგ კი, უკვე 1940-იანი წლების დასწყისში, ამერიკელებმა მას გლობალური ხასიათი შესძინეს. სრულიად ახლახან კი ეს ტერმინი პუტინისეული რუსეთის სამხედრო ეკონომიკას უწოდეს. 

თითქოსდა უწყინარი სახელის მქონე „კეინზიანობის“ კონცეფციის დანერგვაში ბევრი ნეგატიური ცვლილება იმალება. პირველ რიგში ეს ნისნავს იმას, რომ ევროპის კონტინენტი, უბრალოდ, სამხედრო ხარჯების ძველ დონეს უბრუნდება, ანუ იმას, რაც 1989 წლამდე იყო – ფაქტიურად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მაგალითად, ცივი ომის დროს, 1960-იანი წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენდა. შედარებისათვის: კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ ახლახან გამოცხადებული სამხედრო ხარჯების დონე გერმანიის ამჟამინდელი მშპ-ის მხოლოდ 3,5%-ს უდრის და თუ 5%-იანი აღდგება, ასეთ აღდგენას ძნელად თუ ვუწოდებთ ეკონომიკურ „დიდ ნახტომს“…

„კენზიანური“ ეკონომიკური სტრატეგიის საზოგადოებრივი სიკეთეც აშკარა არ არის: მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ (და გერმანიამაც) საკმაოდ შეარბილა ადრინდელი საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა საბიუჯეტო დეფიციტის დაშვების თაობაზე, ევროპელი მთავრობები მაინც არ ჩქარობენ მის გადიდებას – დამატებითი ხარჯები ხომ მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს და ფულს წაართმევს სოცუზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მეურნეობის განვითარებას. ევროპული სამხედრო კეინზიანობა საკმაოდ ჰგავს 1980-იანი წლების „რეიგანომიკას“, როცა სამხედრო ხარჯები იზრდებოდა, ხოლო სოციალური შეღავათები მცირდებოდა.

ასეა თუ ისე, ბელგიის ოდესღაც არსებული ავტოგიგანტი დღეს ნელ-ნელა სამხედრო რელსებზე გადადის, რუსეთის ქარხნების მსგავსად. ამ გეგმის მთავარი მომხრეა თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი, რომლის თქმით, სახელმწიფო როცა ერთდროულად ცდილობს ბიუჯეტის დეფიციტის სტაბილურობის შენარჩუნებას და სამხედრო ხარჯების ზრდას, ის აუცილებლად ამცირებს სოციალურ ხარჯებს: „სოციალური უზრუნველყოფა ჩვენთან ზედმეტად „მსუქანია“ და განა რა ისეთი კატასტროფა მოხდება, თუ მას ჩვენ 200 მილიარდით შევამცირებთ? ეს არაადამიანური მიდგომა არ არის“, – ასეთია ბელგიელი მინისტრის პოზიცია, თუმცა მან კარგად იცის, რომ სოციალური ხარჯების შემცირება აუცილებლად გააძლიერებს უკიდურესად მემარჯვენე განწყობებს მოსახლეობაში და ძირს გამოუთხრის ევროპის ერთიანობას. ანუ ეს თვალსაზრისი უკეთეს შემთხვევაში ახლომხედველურია, უარეს შემთხვევაში კი ანტიევროპული.

რემილიტარიზაციასთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც არის: პირველი – მრეწველობის ბევრ სექტორს ანგარებითი დაინტერესება ექნება საზღვარგარეთ მიმდინარე ომებით, რომელიც სამხედრო კომპანიების დიდი შემოსავლების ფრიად საიმედო წყაროს წარმოადგენს, ვიდრე მოქალაქეების მიერ ავტომობილების შეძენა. მეორე – აუცილებლად გაჩნდება კოორდინირების პრობლემა. ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა ისედაც ძალიან ძვირია, მაგრამ კონტინენტის გადაიარაღების ხარჯები უფრო მეტად გაიზრდება, როცა ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციას დაიწყებენ კონტრაქტების მისაღებად. ამ პრობლემის აჩრდილი უკვე გამოჩნდა ევროპის ჰორიზონტზე, როცა ვერადავერ მოხერხდა უკრაინისათვის ჭურვების წარმოების დაწყება. იქმნება ისეთი ირონიული სიტუაცია, რომ სამხედრო დაკვეთებს ევროპული კომპანიები კი არა, ამერიკელები მიიღებენ, რომლებიც უფრო გამოცდილები და მობილურები არიან ამ საკითხში

ევროპის რემილიტარიზაციის სირთულეები კულტურულ მომენტებსაც უკავშიდება. 1990-იან წლებში, როცა პაციფიზმი გაძლიერდა და ევროპის მთავრობებმა ჯარში სავალდებულო გაწვევა გააუქმეს (მტერი – საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა!), მას შემდეგ მთავრობებმა ვერანაირად ვერ დაარწმუნეს თავიანთი თანამოქალაქეები, რომ „ჯარში სამსახური აუცილებელია სამშობლოს დაცვისათვის“.

თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები თავისას მაინც ცდილობენ – ნატოს ჰააგის სამიტზე დამტკიცდა სამხედრო ხარჯების გადიდების გეგმა 2035 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის ოდენობით (თუმცა მისგან მხოლოდ 1,5% დაიხარჯება სუფთა სამხედრო საქმეზე – თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე და კველევებზე). ევროპელი პოლიტიკოსები იმოწმებენ მსოფლიოში ამჯამად მიმდიბარე ომებს (ისრაელ-ერაყის კონფლიქტის ჩათვლით) და აღნიშნავენ, რომ სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპა წამგებიან გზაზე დგას: ის ვერ დაეწევა თავის კონკურენტებს და მოწინააღმდეგეებს – ამერიკას, ჩინეთს, რუსეთს… ბრიუსელში როცა დაბრუნდებით, საკმარისია იმავე Audi-ს ქარხანას შეხედოთ და თუ შენობების კორპუსები ისევ ცარიელია და ძველებურად თუ ვიტყვით, „მილებიდან კვამლი არ ამოდის“, ეს ნიშნავს, რომ არაფერი შეცვლილა. ეს ფაქტი თქვენ ზემოთ ხსენებულ ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

27 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, Hubs.ge-ს შოურუმში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ და ბორჯომის საფეხბურთო კლუბ „თორის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ქართული და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავს – გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ.

საგანგებოდ ამ დღისთვის, გიორგისთან კოლაბორაციით, თიბისიმ ბავშვებისთვის შექმნა ბრენდული ატრიბუტიკა, რომელიც პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად გადაეცათ და რომელზეც მამარდამ მათ სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა.

გიორგი მამარდაშვილმა პატარა ფეხბურთელებს შთამაგონებელი სიტყვით მიმართა, გაუზიარა თავისი გამოცდილება, რაც, ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად და შთაბეჭდილებად დარჩება.

გვჯერა, რომ ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა დიდ შთაგონებად იქცევა და ამის შემდეგ, უფრო მეტი მონდომებით, მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ იმ გზაზე სიარულს, რომელიც აირჩიეს და რომლისაც დაიჯერეს.

ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ნიკა გვარამია და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, განსხავავებული ფორმატით ჩატარდება.  

წელს, პირველად, ღონისძიების პირველ ნაწილში, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება და ის სპორტისა და ბიზნესის თემატიკას დაეთმობა.

 ამჯერად, Setanta Sport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩა მალაზონია, JBS Academy-ს დამფუძნებელი, ლევან ახვლედიანი და სპორტის ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებენ თემაზე – „სპორტი, როგორც ბიზნესი“.

სპიკერები საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების პერსპექტივასა და სპორტული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ   და მიმოიხილავენ, თუ როგორ უწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაცია ბიზნესინდუსტრიაში ახალი ბიზნესების აღმოჩენას.

ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიაზე დასასწრებად, რეგისტრაციის წინასწარ გავლა აუცილებელია ბმულზე:  თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რუსეთის ქალაქებში – სარატოვსა და ენგელსში – აფეთქებების ხმები ისმოდა, ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში, დღეს დილით აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმის და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების ტერიტორიებზე 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

უწყების ცნობთ, 16 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 5 – კურსკში, 4 – სარატოვში, 2 – ბელგოროდის ოლქში, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებში კი – თითო-თითო.

დღეს ტრამპი სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ ბრძანებას მოაწერს ხელს

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტის თქმით, სანქციების მოხსნა არის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

„ბრძანება გააუქმებს სირიაზე დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკომოვაჭრეების, ქიმიურ იარაღთან, იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი მხარდამჭერების, ასევე ირანელი დაქირავებულების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლევიტმა.

1 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები შესაძლოა სწორედ დღეს მოაგვაროთ, მთავარია, საქმეების მსვლელობისას, გამორიცხოთ ყველა მოსალოდნელი არასასურველი ფაქტორი, რომელიც წარმატებაში შეგიშლით ხელს.

კურო

მცირე საჩუქარიც კი დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში და პოზიტიური მუხტით აგავსებთ, ყველა საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება, გზა ხსნილია თქვენი შესაძლებლობებისთვის.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო, ფინანსურ საკითხებში გაუგებრობების გამო, მნიშვნელოვანი საქმეები, სჯობს, უკეთეს პერიოდამდე გადადოთ.

კირჩხიბი

დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ უსიამოვნო საუბრებთან გასამკლავებლად, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდება. მალე, გაიგებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა სტრატეგიით მოქმედებს.

ლომი

ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, დღეს, სასიკეთო იქნება ფიზიკური აქტივობა, მხოლოდ ასე შეძლებთ შინაგან მღელვარებას გაუმკლავდეთ და შეცდომებს აარიდოთ თავი.

ქალწული

გარემოებებმა შესაძლოა, ცხოვრებაზე დაგაფიქროთ. სწორედ ახლა გაუჩნდება ყველას სურვილი მყუდროება დაგირღვიოთ, ამიტომ, ეცადეთ, გათიშოთ საკომუნიკაციო საშუალებები და საკუთარ თავთან განმარტოვდეთ.

სასწორი

ნუ აჰყვებით უიმედობას და ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირგვლივ მყოფი ადამიანების ყურადღება და თანადგომა უანგარო პატივისცემის გამოხატულებაა თქვენდამი და ამით უნდა იამაყოთ.

მორიელი

მოზღვავებული ძალების ფონზე ნუ შეეცდებით ბევრ საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, გააკეთეთ მთავარი და ძირითადი, წვრილმან და უმნიშვნელო საკითხებზე ნუ დაიხარჯებით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგები.

მშვილდოსანი

მოულოდნელი საფრთხის ალბათობაა გარემოებებიდან გამომდინარე, თუ სრულიად დარწმუნებული არ ხართ საკუთარ თავში, სჯობს, განმარტოვდეთ და შეხვედრებს მოერიდოთ. მოერიდეთ ასევე სარისკო ქმედებებს.

თხის რქა

იყავით ფხიზლად, იმოქმედეთ საღი გონებით ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სამსახური თუ საოჯახო საკითხები, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ ენერგოტონუსი.

მერწყული

დიდი ალბათობით, ყველას ადვილად მოინადირებთ და თქვენი გავლენის ქვეშ მოაქცევთ, მოიფიქრეთ საინტერესო იდეები, გაერთეთ მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხოველებთან.

თევზები

იყავით გაბედული და მეტი სითამამე გამოიჩინეთ არჩეულ მიზნებთან მიმავალ გზებზე. მალე დარწმუნდებით მიღწეული გადაწყვეტილებების სისწორეში, იმოქმედეთ, გადადგით უფრო მტკიცე ნაბიჯები.

მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი ახალი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში განიხილავს. დღეს მოქმედი კანონით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტით მკაცრდება პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისთვის და აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. პროექტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება იურიდიული პირისთვისაც და ეს უკანასკნელი დაჯარიმდება 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, ასევე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დისპოზიციას ემატება ჩანაწერი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან რეალიზაციისთვის. ცვლილებების მიხედვით, დასახელებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ზემოაღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენაც და სახდელის სახით ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 1000 ლარიდან 6 000 ლარამდეოდენობით ჯარიმა ან 10 დღიდან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმა 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე, აგრეთვე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

,,ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა”- ლევან მახაშვილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილე ოპოზიციონერის მხარდასაჭერად მისვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გერმანიის ელჩს მოუწოდებენ თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს.

„ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

,,ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა”- მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„სამწუხაროდ ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სწორედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ვხედავთ იმ მოძრაობებს, რა მოძრაობაც არის საქართველოში – არ აღიარებას სახელმწიფო ინსტიტუტების, არ აღიარებას დემოკრატიული პროცესების, არჩევნების და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

,,პუტინი ოდესის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას” – „ფაინენშალ თაიმსი“

პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ რუსეთი მზადაა, დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას. მაღალი რანგის ოფიციალურ პირის თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ოდესა „ისტორიულად რუსული ქალაქია“.

ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინისთვის ამ ქალაქის ხელში ჩაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარი მიზანია. გამოცემამ აღნიშნა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რაც ამცირებს დაძაბულობას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის.

გარდა ამისა, გამოცემამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიპლომატიურად უკეთეს მდგომარეობაშია, გამოცემის აზრით, ომში მისი მდგომარეობა, როგორც ჩანს, უარესდება.

როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტზე ვითარება შემოდგომაზე, შეიძლება, სერიოზულად გაუარესდეს. ამასთან, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები რესურსების ამოწურვის ზღვარს უახლოვდებიან, თუმცა, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს ოპერაციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინამ, შესაძლოა, ექვსი თვის განმავლობაში მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების ზღვარს, თუ მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ მიიღებს.

გარდა ამისა, გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ჯარისკაცების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

“პუტინის “ბაიკერი-თვითმკვლელები” ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია”-The Times

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) საკვირაო გამოშვება „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „პუტინის „ბაიკერი-თვითმკვლელები“ ნეიტრალურ ზოლში ქაოსს იწვევენ: რუსული მოტოციკლეტური შეტევების სტრატეგია“ (ავტორი – ტომ ბოლი).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსეთისა და უკრაინის საარმიო ქვედანაყოფებს შორის საკმაოდ ფართო ნეიტრალური ზოლი არსებობს, რომელშიც ჩინურ მოტოციკლეტებზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცები ხშირად იჭრებიან და არცთუ იშვიათად, ახალ ტერიტორიებს იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები მათ დრონებითა და ქვემეხების ცეცხლით ანადგურებენ („ფაქტობრივად, რუსები თვითმკვლელობის მისიას ასრულებენ და უკან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება“, – ამბობს „თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში უკრაინელი კაპიტანი), რუსების „ახლებური საკავალერიო შეტევები“ „რკინის ცხენებით“ სულ უფრო დამახასიათებელი ხდება მოსკოვის სამხედრო სტრატეგიისთვის.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა შემტევითი ოპერაციები გააორმაგეს. ამჟამად რუსები ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 200-მდე „ნახტომისებურ“ იერიშებს ახორციელებენ, რაც ორჯერ და მეტად აღემატება აპრილის მაჩვენებლებს. მათგან დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან ხდება – უკრაინის ერთ-ერთ ბოლო საყრდენთან დონბასში – და ახლომდებარე ქალაქ ტორეცკთან, რომელიც უკვე დიდი ხანია ბარიერის როლს ასრულებს რუსეთის ამბიციური მიზნის რეალიზებაში, რომელიც მთელი რეგიონის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.

აღმოსავლეთის ფრონტზე, კონკრეტულად კი ტორეცკთან ახლოს, მოტოციკლებზე ამხედრებული რუსული ქვედანაყოფები პირველად სამი თვის წინ გამოჩნდნენ, შემდეგ კი მათი „თავდასხმები“ ყოველდღიურ მოვლენად იქცა. როგორც 33 წლის უკრაინელი კაპიტანი ევგენი ამბობს, რუსი სამხედრო ბაიკერები ფრონტის ხაზის ნეიტრალურ ზოლში დილაობით ჩნდებიან, თითო ქვედანაყოფში 10-20 ჯარისკაცით და ერთმანეთისაგან 200 მეტრის მოშორებით, წინ მიიწევენ. მათი მოძრაობა ისეთი სწრაფია, რომ უკრაინული დრონების ოპერატორები ზოგჯერ დამიზნებას ვერ ასწრებენ. სამაგიეროდ, უფრო ზუსტად მუშაობენ არტილერისტები (ნაღმმტყორცნელები), რომლებიც „რკინის ცხენებზე“ ამხედრებულ საკმაოდ ბევრ ბაიკერ ჯარისკაცს ანადგურებენ.

და მაინც, რუსები, ყოველდღიური რამდენიმე შეტევების წყალობით, გარკვეული წარმატების მიღწევას ახერხებენ და ტერიტორიებს იკავებენ, შემდეგ კი მათ დამატებითი ძალებით ამაგრებენ.

რუსეთის არმიამ მოტოციკლეტებით სარგებლობა გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო ზოგიერთი პოლკი ერთგვარი ინიციატივა, შემდეგ კი მათ სხვებმაც მიჰბაძეს. ეს გამოწვეული იყო ქვეითი ქვედანაყოფების მზარდი დანაკარგებით, რომელთა გადაადგილება ნელი იყო და დრონები ასწრებდნენ მათ მიზანში ამოღებას და ლიკვიდირებას. მოტოციკლეტების გამოყენების იდეამ გაამართლა, ის ოფიციალურად არის შეტანილი თავდასხმის საარმიო ტაქტიკაში. ბაიკერი ჯარისკაცებისათვის ამჟამად მომზადების კურსების გავლა აუცილებელია.
მოტოციკლეტებით სარგებლობა უკრაინამაც დაიწყო, თუმცა ძირითადად მცირე საბრძოლო ტვირთების გადასაზიდად. რუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჩინურ მოტოციკლებს იყენებენ, უკრაინელები სამამულო წარმოების ელექტროველოსიპედებით სარგებლობენ – ისინი შედარებით ნაკლებ ხმაურს იწვევენ და ამით მძღოლს შესაძლებლობა ეძლევა გაიგონონ ციდან მოახლოებული მტრის დრონის ზუზუნი. თუმცა უდავოა, რომ დრონები მაინც უპირატესობას ფლობენ მოტოციკლეტებთან და ელექტროველოსიპედებთან შედარებით.

ამჟამად უკრაინისა და რუსეთის არმიების დაპირისპირება ისეთ სტადიაშია შესული, როგორც ეს იყო პირველ მსოფლიო ომში – მხარეებს გათხრილი აქვთ, სანგრები, ტრანშეები და მიწისქვეშა თავშესაფრები (რკინა-ბეტონისა და ხის მიწურები).
უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ რამდენადაც პოკროვსკის აღება რუსებმა ზამთარში ვერ შეძლეს აღმოსავლეთიდან, ახლა ცდილობენ ქალაქს დასავლეთიდან შემოუარონ და ის გზა გააკონტროლონ, რომელიც მას კონსტანტინოვკასთან აკავშირებს – მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ კვანძთან, რომელიც პოკროვსკიდან 35 კილომეტრზე მდებარეობს.

პოკროვსკი უკვე ერთი წელია რუსების მიერ აღების საფრთხე ემუქრება, მაგრამ უკრაინელებმა მისი შენარჩუნება შეძლეს, მართალია, მძიმე დანაკარგების ფასად. კიევი იმედოვნებს, რომ პოკროვსკს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დათმობს.

დრონებმა – როგორც უკრაინულმა, ასევე რუსულმა – მნიშვნელოვნად გააძნელებს დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების თავმოყრა ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩნენ. დრონები ზემოდან ყველაფერს ხედავენ და ყველანაირ მოძრავ ობიექტს დაუბომბავს არ უშვებენ. ბოლო დროს რუსებმა ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: კონსტანტინოვკის ახლოს განლაგდა დრონების ორი რუსული ელიტური ქვედანაყოფი („რუბიკონი“ და „განკითხვის დღე“), რომლებიც ახლად მოდერნიზებული დრონებით არიან შეიარაღებულნი. მათ ღამღამობით ფრენა და „ნაცრისფერი ზოლის“ განათებაც შეუძლიათ. ბოლო დრომდე ღამის პერიოდი შედარებით უსაფრთხო იყო უკრაინელებისათვის, რომლებიც სიბნელის დროს ბრძოლის ველზე დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაციას ახორციელებდნენ, მაგრამ ახლა „სიკვდილი“ (დრონი) სულ მუდამ ცაზეა დაკიდებული და სიტუაციას აკონტროლებს.

„დიახ, თეორიულად შეიძლება ომის რაღაც ახალი წესები შემუშავდეს, ახალი ტექნიკის გამანადგურებელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც დრო გადის, ომი სულ უფრო სასტიკი და სასიკვდილო ხდება“, – ამოიოხრა ევგენიმ, რომელიც უკრაინის არმიაში 2019 წლიდან მსახურობს, – „ჩვენს დროში ცოცხლად დარჩენის სულ უფრო ნაკლები შანსები არსებობს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: