Home Blog Page 6

„ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.

„ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება. ახლა გადაწყვეტილება რუსეთმა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

,,რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს” – Bloomberg

რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიან ზავს, თუმცა მანამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე მომგებიანი პირობები მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, უკრაინელებთან გუშინდელ მოლაპარაკებებამდე ამერიკელებს არ განუხილავთ რუსებთან ზავის იდეა და კრემლი თავისთვის მიუღებლად მიიჩნევს გამოცხადებულ ჩარჩოს.

„ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიღწეული შეთანხმება დილემას უქმნის პუტინს, რომელიც აქამდე ახერხებდა თავიდან აეცილებინა ის ზეწოლა, რომელსაც კიევი ექვემდებარებოდა თეთრი სახლის მხრიდან“, – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეიცავს არცერთ მოთხოვნას, რომელიც რუსეთმა ადრე დააფიქსირა. კერძოდ, ომის გრძელვადიანი დარეგულირების მკაფიო პარამეტრების არსებობა.

კრემლთან დაახლოებული წყარო მიიჩნევს, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის პირობად უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.

ევროკავშირი ამერიკას საპასუხო ტარიფებს უწესებს

ევროკავშირი ამერიკას საპასუხო ტარიფებს უწესებს. პირველ აპრილს ძალაში შევა 25%-იანი გადასახადი ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის, 26 მილიარდის ოდენობის პროდუქტზე, რომლის ევროპის ქვეყნებში შეტანა შემდგომ თვეში არის დაგეგმილი. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ამერიკის დაწესებულ ტარიფს მოჰყვა, რომელიც ძალაში დღეს შევიდა.

ევროკავშირის ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დანიშვნა, ტრამპის, როგორც 47-ე პრეზიდენტის, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო. ტრამპი სავაჭრო ომში არამარტო ევროპას, არამედ ჩინეთს, მექსიკასა და კანადასაც იწვევს. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ძალიან ვწუხვართ, რომ საჭირო გახდა ამ ზომების მიღება. ტარიფები იგივე გადასახადებია. ეს აზიანებს, როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. ასევე, არღვევს მიწოდების ჯაჭვებს და ეკონომიკაში გაურკვევლობას იწვევს. საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და ზრდის ტარიფებს. ეს არცერთ მხარეს ჭირდება- არც შტატებს და არც ჩვენ. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაცავად. დღეს, ჩვენ მიერ მიღებული საპასუხო ზომები ძლიერი და პროპორციულია. შეერთებული შტატები 28 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფებს გვიწესებს, ამიტომაც ჩვენ 26 მილიარდი ევროს ღირებულების საპასუხო ზომებით ვპასუხობთ. ჩვენს საპასუხო ზომებს ორ ეტაპად გაგაცნობთ. დავიწყებთ პირველი აპრილიდან და სისრულეში მოვიყვანთ 13 აპრილისთვის”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სოზარ სუბარი: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრატად

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მოხდეს მისი ქვეყანაში შემოშვება.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი მოწოდებების გამო საქართველოში პერსონა ნონგრატად უნდა გამოცხადდეს.

„როცა ლორა თორნტონი ამბობს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და ენჯეოებია, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ ენჯეოები არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც.

დავალებები, რომელსაც ლორა თორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა ხელისუფლებას ვერ შეცვლით“ – ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრატად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მაჭავარიანი: თუ განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა და იგულისხმება ისეთი რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა

„თუ განახლდება ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიულ პარტნიორობაში ვგულისხმობ ისეთ რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას შეინარჩუნებს. 

„რა ბერკეტები გვაქვს, ეს გამოჩნდა, მით უმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში. არნახული წნეხი იყო, აბსოლუტურად უსამართლო, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ძალიან მყარად დავდექით, მყარად ვდგავართ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას. აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ არის ამის მთავარი გარანტი.

რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს, როგორც ამას ვუწოდეთ, ბატონმა ტრამპმა ღია ბრძოლა გამოაცხადა „დიფ სთეითთან“ და შესაბამისად, ამერიკაში მისი გავლენები შედარებით მცირდება.

თუ განახლდება ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიულ პარტნიორობაში ვგულისხმობ ისეთ რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებისთანავე დაინიშნა პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაიწყო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა.

ვისურვებდით, როგორც აშშ-ში ებრძვიან „დიფ სთეითს“, ეს ბრძოლა ევროპაშიც გადავიდეს და ევროკავშირი გამოვიდეს თავისი ინტერესებიდან“, – აღნიშნავს მაჭავარიანი. 

,, უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება და ამ პროცესს სპეციალურად არავინ გააჭიანურებს.

„ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ისინი ომის საბოლოოდ დასრულების გეგმაზე იმუშავებენ.

„ეტაპობრივი გეგმა უკრაინული მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, ასეთი გეგმის მომზადების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ეტაპობრივი განხორციელება, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“,  – განაცხადა ზელენსკიმ.

,,მთავარი სიახლე მოსკოვიდან იქნება”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. 

ზახაროვას თქმით, მოსკოვი თავად ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას.

„მთავარი სიახლე მოსკოვიდან იქნება. ამბებს უნდა მივყვეთ არა ჯედადან, არამედ რუსეთის დედაქალაქიდან. რუსეთის ფედერაციის პოზიციის ჩამოყალიბება საზღვარგარეთ არ ხდება. რუსეთის ფედერაციის პოზიციის ფორმირება ხდება რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა ზახაროვამ. 

ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

“ნამდვილად არის თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტი? შეთქმულების თეორიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა”-უცხოური პრესა

დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დიდი ხანია აცხადებდნენ, რომ ის „მოსკოვზე მუშაობს“, მაგრამ არავითარი მტკიცებულებები მათ არ ჰქონდათ. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული კამპანია კვლავ ენერგიულად გრძელდება, თანაც სრულიად ფანტასტიკური ელემენტებით“, – ნათქვამია დანიის სახელმწიფო რადიოსადგურის Danmarks Radio-ს მიერ ეთერში გადაცემულ სიუჟეტში სათაურით „ნამდვილად არის თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტი? შეთქმულების თეორიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა“ (ავტორი – ლაურა კირკებენ-იოჰანსონი). მასალის ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია რადიოს ვებ-გვერდზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სინამდვილეს შეესაბამება თუ არა მოარული ხმები, რომელთა მიხედვით, დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტია კონსპირაციული მეტსახელით „კრასნოვი“? რით შეიძლება აიხსნას აშშ-ის პრეზიდენტის ამასწინანდელი აშკარად დაახლოება თავის რუს კოლეგასთან, თუ არა „კაგებე“- სთან მრავალწლიანი კავშირებით, რომელსაც ფესვები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აქვს გადგმული? თუ დავიჯერებთ შეთქმულების უცნაურ თეორიას, რომელიც ისევ გაძლიერდა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მაშინ მართლაც ასე გამოდის.

ამას წინათ საბჭოური „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცერი და ამჟამად ყახაზეთის დაზვერვის უფროსმა ალნურ მუსაევმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ საბჭოთა დაზვერვამ 40 წლის დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 1987 წელს გადაიბირა (ასე ვთქვათ, „დაავერბოვკა“).

ალნურ მუსაევს თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად არავითარი მტკიცებულება არ მოაქვს, ამიტომ მის „მხილებას“ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ იმავდროულად ისიც ფაქტია, რომ ალნურ მუსაევი პირველი არ არის „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლებიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტს წარმოადგენს.

მოდით, გავარკვიოთ, საიდან და როგორ იბადებიან მსგავსი ჰიპოთეზები.

„მიდრეკილია მაამებლობისაკენ“

2021 წელს ამერიკელმა ჟურნალისტმა კრეიგ ანგერმა გამოაქვვეყნა წიგნი სახელწოდებით :ამერიკული კომპრომატი“. სწორედ იმ დროიდან დაიწყო დონალდ ტრამპის აგენტობის თეორიამ გავრცელება. წიგნის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა იური შვეცი, რომელიც 1980-იან წლებში „კაგებეს“ ვაშინგტონის რეზიდენტურაში მუშაობდა სსრ კავშირის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ТАСС-ის კორესპონდენტის სახით. ამჟამად იგი აშშ-ში ცხოვრობს, სადაც მან მოქალაქეობაც მიიღო.

იური შვეცის ვერსიის თანახმად, დონალდ ტრამპი საბჭოთა სპეცსამსახურების თვალსაწიერში 1977 წელს მოხვდა 1977 წელს მოხვდა, როცა მან ცოლად შეირთო სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე ივანა ზალნიჩკოვა.

1987 წელს დონალდ ტრამპი პირველად ეწვია მოსკოვს, სადაც, იური შვეცის თქმით, „კაგებემ“ მთელი თავისი ხიბლი გამოავლინა და მას გუნდრუკს უკმევდა. „აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის შესახებ მთელი დოსიე შექმნეს. საბჭოთა სპეციალისტებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ იმის ინტელექტი შეზღუდულია, მოწყვლადია ფსიქოლოგიურად და მიდრეკილება აქვს მაამებლობისაკენ“, – ამბობდა იური შვეცი ბრიტანული გაზეთის „გარდიანისათვის“ მიცემულ ინტერვიუში 2021 წელს. „სწორედ ამით ისარგებლეს „კაგებეშნიკებმა“ – ისე მოაჩვენეს ამერიკელ ბიზნესმენს თავი, რომ გაოცებულნი იყვნენ მისი პიროვნული თვისებებით, ჭკუა-გონებით და მას აშშ-ის პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველეს“, – აღნიშნავს იური შვეცი ინტერვიუში. როცა დონალდ ტრამპი მოსკოვიდან ნიუ-იორკში დაბრუნდა, იგი პირველად დაფიქრდა იმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად თავისი კანდიდატურა წარედგინა რესპუბლიკური პარტიიდან.

თამაში პოლიტიკასთან

მოსკოვური ვიზიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ დონალდ ტრამპმა ამერიკის რიგი უმსხვილესი გაზეთების პირველ გვერდებზე სენსაციური მასალა განათავსა – ღია წერილი ამერიკელი ხალხისადმი, რომელსაც საკმაოდ გრძელი სათაური ჰქონდა: „ამერიკის უსაფრთხოების პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები შეიძლება მტკიცე ხასიათით და ძლიერი ნებისყოფით გამოსწორდეს“.

პუბლიკაციაში დონალდ ტრამპმა ცივი ომის ფონზე სრულიად უჩვეულო აზრი გამოხატა, მათ შორის ბრალი დასდო აშშ-ის მოკავშირე იაპონიას, თითქოსდა „ამომავალი მზის ქვეყანა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექსპლუატაციას უწევს. გარდა ამისა, მან დაწერა, რომ ამერიკამ ფული არ უნდა დახარჯოს ისეთი ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა თვითონაც კარგად შეუძლიათ“.

1987 წლის ოქტომბერში დონალდ ტრამპმა მიტინგი ჩაატარა ამომრჩევლებისათვის ნიუ-გემპშირის შტატში, სადაც მან იგივე თვალსაზრისი და პოზიცია გამოხატა.

როგორც იური შვეცი ამბობს, დონალდ ტრამპის საგაზეთო კამპანიამ ისე გააოცა საბჭოელი „კაგებეშნიკები“, რომ მათ მისი გადაბირების ოპერაცია წარმატებულად ჩათვალეს: „ეს ნამდვილად უპრეცედენტო ფაქტი იყო“.

რუსეთთან კავშირების გამოძიება

როგორც ალნურ მუსაევს, ისე იური შვეცსაც არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულებები თავისი ნათქვამის დასადასტურებლად, ამიტომაც ეს მიმზიდველი ჯაშუშური ისტორია არ უნდა იქნეს მიღებული როგორც მოცემულობა, – გვეუბნება ექსპერტი, ამერიკის მცოდნე მათიას სეიდელინი, რომელიც გაზეთ Olfi-ს უფროს კორესპონდენტად მუშაობს, – „თუმცა ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ დონალდ ტრამპს რუსეთში ფართო კავშირები აქვს“.

„ამრიგად, არავითარი ეჭვი არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მას რუსეთთან და რუს ოლიგარქებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩამოყალიბებული. ეს ფაქტი არავითარ მტკიცებულებას არ საჭიროებს“, – განმარტავს მაითიას სეიდელინი.

როცა 2016 წელს დონალდ ტრამპი პირველად იქნა არჩეული აშშ-ის პრეზიდენტად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი დაინიშნა სპეციალურ პროკურორად „რუსეთის ჩარევის“ ფაქტის გამოძიების მიზნით, რომელსაც თითქოსდა ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს. როცა სპეცპროკურორმა გამოძიება დაასრულა, ნათელი გახდა: დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის წარმომადგენლობას შორის არანაირი კავშირის ფაქტი  არ გამოვლენილა, რომ მას რაიმე გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

მაგრამ მაშ რატომ მოპოვა ამ თეორიამ ესოდენ ფართო პოპულარობა?

„საქმე იმაშია, რომ მასში, უბრალოდ, მარტივად არის ახსნილი ის ზოგიერთი წარმოუდგენელი და ბევრისათვის მართლაც დაუჯერებელი საკითხი – მაგალითად, ის, თუ რატომ უახლოვდება აშშ რუსეთს აქტიურად ბოლო ხანებში. ადამიანები ხშირად ხდებიან ხოლმე ფანტასტიკური თეორიების ტყვეები – მათ სურთ დაიჯერონ ის ფაქტი, რასაც თითქოსდა ერთი შეხედვით აქვს საფუძველი, მაგრამ მთლიანობაში სინამდვილეს არ შეესაბამება“, – ამბობს მატიას საიდელინი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7775 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0297 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0396 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0099 ლარი შეადგინა.

სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა-გურამ მაჭარაშვილი

სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ საააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

„ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები მზეთუნახავ სააკაშვილზე საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცეს და დაადგინეს. საერთაშორისო სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბევრმა გაასაჩივრა, მათ შორის იყვნენ მელია, გვარამია, „რუსთავი 2“-ის საქმეები, მაგრამ ყველა ჯერზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყო გამოტანილი. ამ საქმის გასაჩივრების ილუზია თუ აქვთ, ნახავენ, რომ ესეც სამართლიანი გადაწყვეტილებაა. პოლიტიკურ ნაწილზე დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობს. მათი მმართველობის თაობაზე ფაქტებს დავადგენთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაშისტური რეჟიმი აღარ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია შეიმუშავებს კონცეფციას, რომელსაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა დაეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა ოთხ წელში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რას წერს უცხოური პრესა საუდის არაბეთში გამართულ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

დასავლურმა პრესამ ჯიდაში (საუდის არაბეთში) გამართული აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა, თუ არ ვიტყვით „ცივად და ფრთხილად“.

ამერიკულ “ვაშინგტონ პოსტში” (The Washington Post) გამოქვეყნებული სტატიის („რადგან კიევი ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება, აშშ დახმარებას განაახლებს“) ავტორები ჯონ ჰადსონი და რობინ დიქსონი, პირველ რიგში აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ მოლაპარაკების შემდეგ თეთრმა სახლმა შეწყვეტილი დახმარების განახლების გადაწყვეტილება მიიღო: „ტრამპის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ განაახლა სამხედრო დახმარება უკრაინისადმი და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება მას შემდეგ, რაც კიევმა მოიწონა თეთრი სახლის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) რედაქცია სტატიაში „ტრამპი ზელენსკის ისევ თეთრ სახლში იწვევს“ ხაზს უსვამს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა თანხმობის მიღწევა მოახერხეს და რომ ომის ბედი ახლა რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული: „მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჯიდაში გამართული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯი და იმედია, რომ რუსეთის მოქმედებაც ასეთივე იქნება: „აშშ ახლა რუსეთს წინადადებას შესთავაზებს – გააკეთოს მთავარი სამშვიდობო ჟესტი“ და თქვას „დიახ“.

ამერიკული ტელეარხის “სი-ენ-ენ“ის (CNN) პუბლიკაციაში („უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ეთანხმება“. ავტორები – იავანა კოტასოვა და ლორენ კენტი) ყურადღება გამახვილებულია მოლაპარაკების მნიშვნელობაზე: „როგორც იქნა, ჯიდაში მიღწეული შეთანხმება კეთილ გავლენას მოახდენს მრავალტანჯულ გარიგებაზე მინერალებით სარგებლობის შესახებ, რომელიც თითქმის ორი კვირის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხტომის გამო ჩაიშალა. სიტუაციის ასეთი განვითარება კიევისათვის ერთგვარ სულის მოთთქმას წარმოადგენს ოვალურ კაბინეტში განცდილი დაუვიწყარი წუთების შემდეგ“.

თუმცა, როგორც ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აღნიშნავს სტატიაში სათაურით „უკრაინა თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს…“ (ავტორი – ენდროუ რუთი), მოლაპარაკების ამგვარი შედეგი უკრაინას მაინცდამაინც დიდ მიღწევად ვერ ჩაეთვლება: იმიტომ, რომ, უბრალოდ, კიევს სხვა გზა არ ჰქონდა, მისი ვარიანტები შეზღუდული იყო: „კიევს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ის, რომ თეთრ სახლთან ურთიერთობა ააწყოს. ვოლოდიმირ ზელენსკის ბედს მაინც ამერიკა წყვეტს“.

საკვირველ შორსმხედველობას ავლენენ აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) სტატიის – „დახმარების განახლება ზავზე თანხმობის სანაცვლოდ“ – ავტორები ენდრიუ კრამერი და ალან რაპოპორტი, რომლებიც წერენ, რომ უკრაინული და ამერიკული დელეგაციების ხმამაღალი განცხადებები სულაც არ იძლევა იმის გარანტიებს, რომ რუსეთის მისთვის მიუღებელ დათმობებს დათანხმდება. „შეერთებული შტატები მოლაპარაკებას აწარმოებს ცალკე უკრაინასთან და ცალკე რუსეთთან. დღემდე არავითარი საჯარო სიმპტომები არ გამოვლენილა იმისა, რომ რუსეთი უპირობოდ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ყველამ გაიხსენოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა მინიშნება – იგი მოითხოვს დათმობებს, მაგალითად, საჯარო განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღების თაობაზე… და ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ კრემლი საომარი მოქმედებების რაიმე სახით შეწყვეტაზე დათანხმდება“.

„მთლიანობაში კიევის იმედები მოსკოვის „იძულებაზე“ კრემლისთვის მიუღებელ პირობებზე დასათანხმებლად შეიძლება უკვალოდ გაქრეს – უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპსაც მოჰბეზრდება“, – ნათქვამია ბრიტანულ „სფექთეითორში“   (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით  „უკრაინა დათანხმდა ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, მაგრამ…“ (ავტორი – ლიზა ჰასელდინი). „თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ პირობებზე ან ყურადღებას არ იქცევს, მაშინ „ბურთი უკვე დონალდ ტრამპის მხარეზე იქნება“ მას მოუწევს იმის გადაწყვეტა, რას გააკეთებს სამომავლოდ. ტრამპს შეუძლია ან შეასრულოს თავისი მუქარა ახალი დამატებითი ანტირუსული სანქციების გამოცხადებაზე, ან საერთოდ უარი თქვას უკრაინაზე, როგორც უიმედო საქმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დიდი ხნის ლოდინი არ მოგვიწევს შედეგების სანახავად“, – ნათქვამია სტატიაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ