Home Blog Page 6

ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა ჯავახიშვილი მოიშორეს, მოიყვანეს ვინმე ღლონტი და მერე დაიწყო უნივერსიტეტის ნგრევა – გიორგი გოგოლაშვილი

ამბობენ, ისტორია მეორდებაო და ძალიან საინტერესო ანალოგიური შემთხვევებია, ჯერ კიდევ 20-იან წლებში, როცა ჯავახიშვილი მოიშორეს რექტორობიდან, მოიყვანეს ვინმე ღლონტი და მერე დაიწყო უნივერსიტეტის ნგრევა, – განაცხადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

„არის ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი. ბერიას წერილი არის, რომელიც არქივიდან ამოიღე. უნივერსიტეტის 10 წლის თავზე, შინსახკომის [შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი] უროსი ზემდგომ ორგანოებს წერს, რომ საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას ქართული უნივერსიტეტი იმიტომ, რომ სტუდენტები განწყობილი არიან ჩვენს საწინააღმდეგოდ; რომ ივანე ჯავახიშვილი კერპია. ისინი ივანე ჯავახიშვილის სიტყვას ისმენენ და ჰყვება იმ ამბავს, რომ საიუბილეო სხდომაზე ფილიპე მახარაძის შემოსვლა არავის აღუნიშნავს და ჯავახიშვილის ხსენებაზე დაინგრა დარბაზი. ეს ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ეს უნივერსიტეტი, როგორც საფრთხე უნდა გავანეიტრალოთ. დაახლოებით, ეს არის ბერიას მაშინდელი [წერილი] და დაიწყო კიდევაც შეტევა 30-35 წლებში, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ის, სამწუხაროდ, რაც შეძლო ამ [„ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლებამ უნივერსიტეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

თბილისის მერია მიმდინარე წელს საზაფხულო პროგრამებს 6 000-მდე ახალგაზრდისთვის განახორციელებს

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს საზაფხულო პროგრამები 6 000-მდე ახალგაზრდისთვის განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ისეთ სპორტულ აქტივობებში როგორებიცაა: ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობებში თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში.

„პროგრამაში შარშან 5 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. წელს გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ აქტივობებთან ერთად, განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების. ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება.

„პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. 2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამები დაიწყება 15 ივნისიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე. პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge ეტაპობრივად განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როცა ლომაიას „რეფორმა“ ჩატარდა, დაიწყო კათედრების ნიველირება – თამარ კეკელიძეს უთხრეს, სიაში არ ხარო, სახლში წავიდა, ცუდად გახდა და გარდაიცვალა – მელიქიშვილი

როცა ლომაიას ე.წ. რეფორმა ჩატარდა, არა მარტო უნივერსიტეტში, ჩვენთან ინსტიტუტშიც იგივე მდგომარეობა იყო. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს, ამაზე ვსაუბრობდით და ძალიან აღშფოთებული ვიყავთ,- განაცხადა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

ლია მელიქიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და იხსენებს, როგორ დაიწყო უნივერსიტეტში შემცირება.

„ქალბატონი მარიკა [ლორთქიფანიძე] და დავით მუსხელიშვილი, ორი აკადემიკოსი გვყავდა და როდესაც ქალბატონმა მარიკამ უთხრა მომავალ დირექტორს, რომ ორი აკადემიკოსია და პრესტიჟული იქნება დარჩეს ინსტიტუტშიო, უარი უთხრეს და ბატონი დავითიც და ქალბატონი მარიკაც იმის მერე აღარ ყოფილან ინსტიტუტში. ასეთივე მდგომარეობა იგრძნობოდა უკვე უნივერსიტეტშიც. დაიწყო კათედრების ნიველირება და ამ პერიოდში მე მახსოვს, როგორ გამოცხადდა, რომ უნივერსიტეტში უნდა იყოს შემცირება, ჩვენთანაც იყო ეს შემცირება, რომ „გაიგებთ ვინ არის შემცირებული, როცა მიხვალთ სალაროსთან“, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ნამდვილად მახსოვს. თამარმა [კეკელიძე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორ-მეცნიერი] მითხრა, რომ ასეთი საშინელება გაგიგია, რომ მივიდე მე სალაროსთან და იქ მითხრან, რომ შენ ხარ განთავისუფლებულიო. ამ პერიოდში თამარი მუშაობდა ჩემს პროექტში და პანკისის ხეობაზე აკეთებდა წიგნს. ასეც მოხდა. როდესაც ხელფასის დღე იყო და თამარი მივიდა, მოლარემ უთხრა, რომ სამწუხაროდ თამარ, შენ სიაში არ ხარო. თამარს ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავის დაელაპარაკა და წავიდა სახლში ძალიან შეწუხებული. სახლში რომ წავიდა, იმ საღამოს მთელი ღამე ჩვენს მეგობარს ესაუბრა. ჰყვებოდა, რამდენად შეურაცხყოფილია იმით, რაც მოხდა და ამბობდა, რომ მე ჩემს თავს არ ვჩივი, უნივერსიტეტზე მწყდება გული და საერთოდ საქართველოზე, რა ხდება ეს, როგორ არ აფასებენ ადამიანებსო. იმ საღამოს უკვე რომ დაამთავრა საუბარი, გახდა ცუდად, თამარი იყო კუზანოვების მეზობელი, მათ იმ წუთშივე საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს თამარს, ის გულით გარდაიცვალა“-განაცხადა ლია მელიქიშვილმა.

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

თანამედროვე ბიზნესფორუმებზე, ტედ თოქებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირად შეხვდებით გმირებს, რომლებიც საკუთარი წარმატებული ბიზნესის გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ. თუმცა, ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იმ მძიმე გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრებენ, თუ როგორ მოუწიათ საკუთარი ბიზნესის „მოკვლა“, იმ საქმის მიტოვება, რაშიც სული და გული, მსუყე ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს.

ასეთი გამბედავები განახლებული ფორმატის „ხუთშაბათის შეხვედრების“  მთავარი სპიკერები“ ელენე ზამთარაძე (ჰოსტელ „შავი პომიდვრის“ დამფუძნებელი) და გაბრიელ მელივა – ტექ ანტრეპრენერი აღმოჩდნენ.

ელენემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ქუთაისის ისტორიულ უბანში, ჰოსტელის გახსნის დროს  გადააწყდა. თავგადასავლების მოყვარული სოლო ტურისტებისთვის გათვლილი სოციალური სივრცის მართვა დედაქალაქიდან  წარმატებული, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი ჯერ კოვიდმა მოკლა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი  გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად თავად მიიღო.

“იმ ინვესტიციის ამოღებას, რომელიც საქმეში ჩავდეთ, ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნდა გაგვეაზრებინა: გვინდოდა მოცდა და ძირითადი სამსახურის პარალელურად ამ საქმის მართვა თუ – არა. ჩვენ „მოკვლის“ გადაწყვეტილება მივიღეთ“, -“აღიარა” ელენემ.

ელენესგან განსხვავებით,  ბიზნესების მოკვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს გაბრიელ მელივას. წარმატებული ბანკირის პირველი საქმე, ჰოთდოგები ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც სადგურის მოედნისა და მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს გახსნა. გახსნა და მალევე ინანა. მას შემდეგ, ბევრი  სხვა ბიზნესი ააწყო  და ძალიან წარმატებულიც, თუმცა ყველა გადაწყვეტილება, როდესაც „მოკვლას“ ეხებოდა, გააზრებული და ნაფიქრი იყო.

სპიკერების გულწრფელობამ აუდიტორიაში სხვასაც მოანდომა საკუთარი წარუმატებელი ისტორიის აღიარება, ამიტომ   მრგვალ მაგიდას დამატებით სამი სკამი დაემატა.

ცოტნე ყალუჩავამ, რომელმაც ველოსიპედზე მოძრავი საყავე ცოტა ხნის წინ „დაამუხრუჭა“, საკუთარ მაგალითზე ახსნა ის სირთულეები, რაც ბიზნესის მართვის პროცესს ახლავს.

„ჩემს ყავის აპარატს წინა მხრიდან რომ შეხედოთ ისეთ პრიალა ზედაპირს, ლამაზ ბრენდინგს დაინახავთ, ყავის დალევის სურვილს რომ გაგიჩენთ. საკმარისია, მეორე მხრიდან მოუაროთ და დაინახავთ ალაგ-ალაგ ამომწვარ ხის დეტალებს. ასეა ბიზნესიც, გარედან მიმზიდველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უამრავი შრომა დევს.თუმცა, დროულად უნდა მიხვდე, რომ  ყავა არ გადმოვიდეს და ყველაფერი არ გაფუჭდეს“-ამბობს ის.

გური სიჭინავამ, რომელმაც ახლახან საკუთარი პრინტინგ ბიზნესი „მოკლა“ ( როგორც ამბობს დროებით) პროცესის ემოციურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქმის შეჩერება, ხანდახან  ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იდეას აღარ აქვს ზრდის პოტენციალი და შენს ძალასა და რესურსს უმჯობესია თუ  სხვა მიმართულებას მოახმარ.

„ჩემი ლექტორისგან მუდამ მახსოვს ფრაზა, რომ ბიზნესში ორი დიდი და 4 მცირე გასასვლელია,“-აღნიშნა  ტანსაცმლის ბრენდის „რუმორის“ დამფუძნებელმა მარიამ ( მაკუნა) გოგიბედაშვილმა, რომელმაც  ბიზნესმოდელი სრულიად შეცვალა და უნიფორმების წარმოებაზე გადავიდა.

მიუხედავად  განსხვავებული ისტორიებისა, არც ერთ სპიკერს არ უნანია საქმის წამოწყება. თითოეულმა მათგანმა ამ პროცესით ბევრი რამ ისწავლა და დიდი გამოცდილებაც მიიღო.

თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება. ივნისის თვის სესიის თემატიკის და სპიკერების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ცოტნე გამსახურდიას მიმართ უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია.

დაწესებული უკანონო შეზღუდვების მიუხედავად ცოტნე გამსახურდია არ წყვეტდა მცდელობას, დაეცვა მისი და სხვა მსჯავრდებულების უფლებები. ამ მიზნით მან ამავე დაწესებულების კონტროლიორს სთხოვა მისი წერილების დედისთვის გადაცემაში დახმარება. კონტროლიორმა ცოტნე გამსახურდიას თხოვნის შესახებ N18 დაწესებულების დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გააცნო.

ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა. კერძოდ: 2010 წლის 7 ივნისს კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე, რაზედაც თავდაპირველად კონტროლიორმა უარი განუცხადა, თუმცა მკურნალიძის მუქარის შემდგომ იგი დათანხმდა წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას.

გაგა მკურნალიძის გეგმის მიხედვით, N18 დაწესებულების კონტროლიორს უნდა ეთქვა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიასთვის, რომ შვილი ჰყავდა ავად და ესაჭიროებოდა ძვირად ღირებული მკურნალობა, რისი ფინანსური საშუალებაც მას არ გააჩნდა, რათა მსჯავრდებულს მის მიმართ გასჩენოდა სიბრალულის გრძნობა და დახმარების მიზნით შეეთავაზებინა გარკვეული თანხა. ეს ყოველივე კი ჩაიწერებოდა ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში და წარმოჩინდებოდა, როგორც ქრთამის შეთავაზება-მიცემის ფაქტი.

კონტროლიორის მიერ, გაგა მკურნალიძის კარნახით დაწერილი ყალბი პატაკის საფუძველზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, 2010 წლის 7 ივნისს დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები. 2010 წლის 8 ივნისს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი კონტროლიორი შეხვდა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას და მათ შორის გამართული საუბრის შემდეგ ამ უკანასკნელს გამოართვა წერილები დედისთვის გადასაცემად.

კონტროლიორის მიერ მსჯავრდებულის თხოვნით, 2010 წლის 13 ივნისს გადაცემული წერილებიდან ერთ-ერთ წერილში მოკითხვასთან ერთად, მსჯავრდებული სთხოვდა წერილის ადრესატს, წერილის მომტანისთვის საჩუქრად გადაეცათ 500 ლარი, რაც კონტროლიორმა საბოლოოდ მსჯავრდებულის მეგობრის მეშვეობით მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემული თანხა არ წარმოადგენდა წინასწარ შეპირებულ ქრთამს და განპირობებული იყო ,,მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში“ მყოფი კონტროლიორის დახმარების სურვილით, გამოძიების მიერ მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას ქმედება შეფასდა, როგორც ქრთამის მიცემა და 2010 წლის 7 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 22 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა მორიგების საფუძველზე დასრულდა ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარესა და სახელმწიფოს შორის არსებული დავა, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ აღიარა გამსახურდიას მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა, მიკერძოებული გამოძიება და იკისრა 2500 ევროს გადახდის ვალდებულება მომჩივნის სასარგებლოდ.

გამოძიების პროცესში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სამართალწარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და შესაბამისი შუამდგომლობა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მიზნით გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რის საფუძველზეც 2017 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარუდგინა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა, რაც ექსტრემიზმია – შალვა პაპუაშვილი

x

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილ წერილში.

„ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორენი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები.

ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წაქეზებული ჯგუფები, მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება და დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, რომ, ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით, ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ექსტრემიზმია“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.

მინდა გამოვხატო იმედგაცრუება, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე – შალვა პაპუაშვილი

x

მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკინს წერს.

წერილი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა.

„მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ.

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.

ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება „ევროპული ღირებულებების“ სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები“, – აღნიშნულია წერილში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +23 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ომალოში ზმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზეა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას რეკორდული რაოდენობის – 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და იგი, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა.

„რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება.

რეზოლუციის განხილვისას, 3 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), კანადამ (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელით) და იაპონიამ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერადაც შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კირიბატი, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ფიჯი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერი საქმის შესრულებას სერიოზულად მიუდგეთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი ადვილად გამოგივათ. მოსალოდნელია უმნიშვნელო უთანხმოება ირგვლივ მყოფებთან. წყენას რაც უფრო ადრე დაივიწყებთ, თქვენთვის მით უფრო უკეთესი იქნება.

კურო

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. შესანიშნავი დროა პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენისა და გრძნობების აღიარებისთვის. გამორიცხული არ არის სასიამოვნო დამთხვევა, რაც საშუალებას მოგცემთ, სასარგებლო ნაცნობობა დაამყაროთ. კარგი დღეა ალკოჰოლზე უარის თქმისა და ორგანიზმის განტვირთვისთვის.

ტყუპები

ეს დღე შესაძლოა, განსაკუთრებით ნაყოფიერი არ იყოს, თუმცა სიმშვიდითა და ჰარმონიით გამოირჩევა. გამორიცხული არ არის, რომ დილას ახალი კონტაქტების დამყარება გაგიჭირდეთ. სავარაუდოდ, სხვებისგან ძალიან ბევრს ელით, მაშინ როცა თავად არაფერს სთავაზობთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, რაც ნერვიულობას გაიძულებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად იპოვით. შეიძლება მოულოდნელად აღსარების და შეცდომების აღიარების სურვილიც გაგიჩნდეთ. გამძაფრებული ინტუიციის დამსახურებით ფინანსურ საკითხებს მარტივად მოაგვარებთ. აუჩქარებლად იმოქმედეთ. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

ლომი

მოვლენებით დატვირთული დღეა. მიმდინარე პრობლემების მოგვარებას და დაწყებული საქმეების დასრულებას ადვილად შეძლებთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, რომელმაც შეიძლება თქვენი მომავალი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ბევრი ლომი საკუთარ მომავალს გაიაზრებს და მიზნებს განსაზღვრავს.

ქალწული

ამ დღეს ოჯახური საქმიანობა უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. შესაძლოა, მისტიკამ ან ფილოსოფიამ დაგაინტერესოთ. მდიდარი წარმოსახვის უნარი მოულოდნელ დასკვნამდე მიგიყვანთ. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი საიდუმლო არავის გაუზიაროთ.

სასწორი

შესაფერისი დღეა მოდუნებისა და დასვენებისთვის. თუ მნიშვნელოვანი საქმეები არ გაქვთ დაგეგმილი, ეცადეთ მთელი დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა — შესაძლოა, სწორი არჩევანის გაკეთება რთული იყოს. გამორიცხული არ არის, საღამოს ყველა საქმის გადადება მოგიწიოთ, რათა სხვისი შეცდომები გამოასწოროთ

მორიელი

დღის დასაწყისმა შეიძლება ოჯახური უთანხმოება და უსაფუძვლო ნერვიულობა მოგიტანოთ, თუმცა ეს რთული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, თქვენი ახალი იდეები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.

მშვილდოსანი

გადაწყვეტილების მიღებამდე ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით – მოსალოდნელია შეცდომა, რომლის გამოსწორება რთული იქნება. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგიც, მაგრამ ის, რასაც დღეს ისწავლით, მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. შესაძლოა, ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებსაც ადრე მოკავშირეებად არ მიიჩნევდით.

თხის რქა

კარგი დღეა ახალი კონტაქტების დამყარებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება არაფორმალურ გარემოში შეხვედრები. შესაძლოა, მოულოდნელი სტუმრების ვიზიტმა ფინანსური სარგებელი მოგიტანოთ. მანამდე კი ეცადეთ, ხარჯები შეამციროთ – მაშინაც კი, თუ საქმე ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების ყიდვას ეხება.

მერწყული

დღის დასაწყისი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ დროისთვის გაბედული გეგმები ჰქონდა. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ, რომელიც შეიძლება უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე თავიდან გეგონათ. მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება.

თევზები

დღეს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების პრობლემების გადაჭრაც მოგიწევთ. შემოქმედებითი საქმიანობა თქვენს ცხოვრებაში ახალ იმპულსებს მოიტანს და ძველი პრობლემების გადაჭრის გზებსაც გაჩვენებთ. მოსალოდნელია საინტერესო შემოთავაზებები, მათ შორის – სამუშაოს მიმართულებით.

 პუტინი არ ცვლის ქცევას, როცა არ ეშინია თავისი ქმედებების შედეგების, რუსეთმა უნდა იგრძნოს, რა არის ომი, რუსეთმა უნდა იგრძნოს ომისგან ზარალი -ზელენსკი

პუტინი არ ცვლის ქცევას, როცა არ ეშინია თავისი ქმედებების შედეგების, რუსეთმა უნდა იგრძნოს, რა არის ომი, რუსეთმა უნდა იგრძნოს ომისგან ზარალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ ყოფილა დღე თავდასხმის, სიკვდილის გარეშე.

„დღის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე იყო საჰაერო განგაში, იყო თავდასხმები. ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე მკვლელობების გარეშე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და სხვები რუსეთისგან ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებებს ომის დასასრულებლად. ვხედავთ რუსეთის მკაფიო განწყობას ომის გასაგრძელებლად, ისინი ამას ამტკიცებენ როგორც თავდასხმებით, ასევე თავიანთი განცხადებებით, ყველაფერი ეს არის არგუმენტები, რომ დაუწესდეთ ახალი სანქციები, მკაცრი სანქციები. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელებს, ყველა ევროპელს, ვინც მხარს უჭერს ასეთ გზას – რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინი არ ცვლის თავის ქცევას, როცა არ ეშინია თავისი ქმედებების შედეგების. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რა არის ომი. რუსეთმა უნდა იგრძნოს ზარალი ომისგან. მათ რეალურად უნდა იგრძნონ, რომ ომის გაგრძელებას ექნება მათთვის დამანგრეველი შედეგები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა შეწყდეს მკვლელობები და უზრუნველყონ უკრაინის დაცვა.

„ახლა ვაშინგტონში უკვე მუშაობს უკრაინის დელეგაცია იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით. მასთან ერთად ანდრეი ერმაკი და სხვები. ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან. მკვლელობების შეწყვეტა, ნამდვილი მშვიდობა, ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკასთან. ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს კონკრეტულ და ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის შეხვდა.

„განვიხილეთ უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც რუსული ოკუპაციით შეგვექმნა. ეს არის სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ არ დავუშვათ რადიაციული, თუ სხვა ინციდენტები. სამწუხაროდ, რუსულმა ოკუპაციამ შექმნა პრობლემა, რომელსაც მანამდე მსოფლიოში არავინ იცნობდა. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება ამ სიტუაციის უსაფრთხოების ფარგლებში შენარჩუნებაში. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ უკრაინის კონტროლი სადგურზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა სექტემბერში აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა სექტემბერში აშშ-ში ჩავა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება. ეს იქნება სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი გაერო-ში 1967 წლის შემდეგ.

ვიზიტი ალ-შარაასა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის მაისში საუდის არაბეთში გამართულ ისტორიულ შეხვედრას მოჰყვება, რაც აშშ-ისა და სირიის ლიდერებს შორის 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირდაპირი შეხვედრა იყო.

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით ორგანიზებული შეხვედრა განიხილება, როგორც სირიის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის გარდამტეხი მომენტი და ალ-შარაას გაერო-ში მომავალი გამოსვლის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.

დონალდ ტრამპმა სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების სრული მოხსნა გამოაცხადა.