Home Blog Page 6

რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს?  – კახა კალაძე 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციაზე 

რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს? შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გასამართად ლოკაციის შეცვლას ეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

„რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება [ღონისძიების ადგილი] შეიცვალოს?! მაგალითისთვის ვამბობ, ჩვენ ნაძვის ხე გვქონდა რესპუბლიკის მოედანზე. შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება. ხელისუფლება ვართ და რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე რადიკალებს“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან- კახა კალაძე ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, ის აგენტურა, რომლის შესაქმნელადაც, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ასეულობით ლარი იხარჯებოდა, დღეს რადიკალური დაჯგუფების სახითაა წარმოდგენილი.

„ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მისცემენ გარედან. არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან, მით უმეტეს, ეს აგენტურა, ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები არიან, ხელფასებს, ფულს იღებენ. ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონია დახარჯული ქვეყანაში აგენტურის შექმნაში. ეს უსამშობლო აგენტურაა წარმოდგენილი დღეს რადიკალური დაჯგუფების სახით. დღეს შეიძლება უთხრან, არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ხვალ, როგორც კი მიიღებენ მითითებებს, რომ კი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ადგებიან და თავჩაღუნულები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ ადამიანებს არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ; არ გააჩნიათ სამშობლო, მისი სიყვარული. როდესაც ხარ აგენტი, რაზე უნდა ვისაუბროთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არ არის გამორიცხული, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ, არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ-ირაკლი ქადაგიშვილი

x

თუ დავაკვირდებით, საქართველო რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო, მათ შორის ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, რომელიც ჩავარდა, მაგრამ ამ საქმეს მაინც ეპოტინებიან.

„სამწუხაროდ, დღის წესრიგიდან არც ეს მოხსნილა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც რომ ვერ მოახდინონ ქვეყანაში რევოლუცია, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს. ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე, რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში, პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში გაწირავენ თუ არა ევროკავშირის საინტერესო ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება, კრიტიკას ვერ მივიღებთ ადამიანებისგან, რომლებიც თავად არიან პრობლემის წყარო -ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების მიზანია იმ თანხის გამჭვირვალობა, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება.

მახაშვილმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.

ლევან მახაშვილის განმარტებით, კრიტიკას ვერ მიიღებენ ადამიანებისგან, რომლებიც თავად არიან იმ პრობლემის წყარო, რასაც კანონი ეხება.

„იმ ვითარებაში არ ვართ, რომ მათ არგუმენტებით არ ვუპასუხოთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, შემოგვთავაზეთ-თქო. გამოსავალი არავის შემოუთავაზებია. მეტიც, ყველა დუმილით ელოდებოდა იმ პროცესებს, ვიდრე საპარლამენტო განხილვები დასრულდებოდა. ჩვენ ხმამაღალი განცხადებები არ გვჭირდება. ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვთ, არის საერთო გამოსავალი. თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, ამაზე ვილაპარაკოთ და ეს პრობლემა ასე გადავწყვიტოთ. ეს პრობლემა თუ რამით შეიძლება გაქრეს, ეს არის ის ცვლილებები, რაც მივიღეთ. ამ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი ნაბიჯებით ქმნიან. ამიტომ, კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პრობლემას არათუ აგვარებენ, არამედ თავად არიან ამ პრობლემის წყარო. ბიუროკრატიაზე როცა ვსაუბრობთ, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგ ნაწილში ბრიუსელს ვერ ვაჯობებთ. რაც შეეხება დანარჩენს, გავიხსენოთ, რაზეა საუბარი – ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება. ჩვენ მიერ მიღებული კანონების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. მთავრობაზე მიმართვით უზრუნველყოფილი იქნება, რომ გვეცოდინება, საქართველოში რა თანხა შემოდის, რამდენს ხარჯავს და ვინ სად ხარჯავს. ამას ამდენი ხანია, ვითხოვთ და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კანონიერი არ იყო. მთავრობისთვის მიმართვა იქნება გარანტია, რომ ის თანხა, რაც საქართველოში შემოდის, ემსახურება არა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, არამედ იმას, რაც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

“ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არის კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან -ჯინ შაჰინი 

საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ეხმაურება. ამის შესახებ შაჰინი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.

“ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არის კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დახევა დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან“, – წერს შაჰინი.

“მოქალაქეებმა მიიღეს გაურკვეველი შეტყობინებები, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და ყველად მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში” -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა.

მათივე ცნობით, ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

“მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს

მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს:

„გვსურს, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ რედაქციის სახელით, გამოვეხმაუროთ კარენ კარაპეტიანის ფსევდონიმით რეგისტრირებულ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც, პირად გვერდზე, ძველ, კერძოდ, 2020 წლის 23 მაისის მასალას აზიარებს და მისი მხრიდან, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში გვადანაშაულებს.

განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია,  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, – ზვიად გამსახურდიას წარმომავლობის შესახებ, რომელიც, წარმოადგენს ერთ-ერთი კერძო მომხმარებლის სტატუსს, ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდა ისე, როგორც დეზინფორმაციის მხილება. ის არანაირად არ წარმოადგენს „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტურ პროდუქტს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმაცია იყო სოციალური ქსელიდან აღებული და აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მცდარი მოსაზრება.

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ რედაქცია პასუხისმგებლობით ეკიდება აუდიტორიის გაურკვევლობაში შეყვანის ფაქტს და აღნიშნულ ინფორმაციას მედიაპლატფორმიდან საერთოდ შლის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვინც ახლა ცდილობთ დახვრეტილი აფრასიძეების ხელახლა ჩახოცვას, დარჩენილი შვილების ცოცხლად დამარხვას,სააკაშვილ-ბარამიძე-ადეიშვილ-მერაბიშვილის ე.წ. სპეცოპერაციის გამართლებას-ხართ ყველაზე სულმდაბალი და უგვანო! ბოროტი და კაცთმოძულე არსება-ნანა ფაჟავა

ვინც ახლა ცდილობთ დახვრეტილი აფრასიძეების ხელახლა ჩახოცვას, დარჩენილი შვილების ცოცხლად დამარხვას,სააკაშვილ-ბარამიძე-ადეიშვილ-მერაბიშვილის ე.წ. სპეცოპერაციის გამართლებას-ხართ ყველაზე სულმდაბალი და უგვანო! ბოროტი და კაცთმოძულე არსება! როგორც ვხედავ, თეა წულუკიანი დაგაჭედებთ ბოლო ლურსმანს! სწორედ ამ სვანმა გოგომ გაგითხარათ ახალი პოლიტიკური სამარე და შიგ ინერციით ჩაცვივდით! – წერს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა სოციალურ ქსელში.

ფაჟავა აფრასიძეების საქმის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „სწორედ სააკაშვილი და ბარამიძე უკვეთავდა აფრასიძეებს სვანეთის მთებში განლაგებული მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების აფეთქებას 2000-2003 წლებში. თუ სწორად მახსოვს, ერთი ანძის აფეთქებაში სააკაშვილი 5 ათას ამერიკულ დოლარს იხდიდა. მაშინ რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, შუამავალი ამ საქმეში ბადრი ზარანდია იყო და ფულიც მას აჰქონდა სვანეთში. და სააკაშვილმა ვინ მოიშორა პირველი?! ცხადია, ბადრი ზარანდია. ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა სააკაშვილმა 2003 წლის იანვარში, ზუგდიდში მდებარე კაფეში, ის როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ავტომატური იარაღიდან დემონსტრაციულად ჩაცხრილა. შემდეგ, 2004 წლის მარტში, შურისძიებით მოტივირებული სააკაშვილი სვანეთში ავიდა და მისი ბოროტმოქმედების მთავარი მოწმეები-აფრასიძეები უმოწყალოდ ჩახოცა.“

„ვინც ახლა ცდილობთ დახვრეტილი აფრასიძეების ხელახლა ჩახოცვას, დარჩენილი შვილების ცოცხლად დამარხვას, სააკაშვილ-ბარამიძე-ადეიშვილ-მერაბიშვილის ე.წ. სპეცოპერაციის გამართლებას-ხართ ყველაზე სულმდაბალი და უგვანო! ბოროტი და კაცთმოძულე არსება! როგორც ვხედავ, თეა წულუკიანი დაგაჭედებთ ბოლო ლურსმანს! სწორედ ამ სვანმა გოგომ გაგითხარათ ახალი პოლიტიკური სამარე და შიგ ინერციით ჩაცვივდით! იძახოს ახლა მონების მონამ წულუკიანის მონობაზე და ისევ გოროზიას აეტუზოს! ეთერებში ბარამიძე ოროსანი წითლიძით ჩაანაცვლონ კიდევ. უი, შეხსენებაც არ გინდათ?!

თითქოს არ იცოდეთ, რომ წარსულის გარეშე მომავალი არ გაქვთ! აქ ვიღაც, ვითომ ჟურნალისტი, საბჭოთა კგბ-ს მიერ ევგენი აფრასიძეზე შექმნილი ,,რაპორტის’’ სრულ კოპირებას ახდენდა-თუ როგორ გახდა 21 წლის ბიჭი სიძის მკვლელი და შემდეგ ძებნილი. იქნებ ისიც გაიხსენოთ, როგორ ცდილობდა ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილი ამ ოჯახის კრიმინალურ სინდიკატში ჩართვას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. დიახ, სწორედ სააკაშვილი და ბარამიძე უკვეთავდა აფრასიძეებს სვანეთის მთებში განლაგებული მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების აფეთქებას 2000-2003 წლებში. თუ სწორად მახსოვს, ერთი ანძის აფეთქებაში სააკაშვილი 5 ათას ამერიკულ დოლარს იხდიდა. მაშინ რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, შუამავალი ამ საქმეში ბადრი ზარანდია იყო და ფულიც მას აჰქონდა სვანეთში.

და სააკაშვილმა ვინ მოიშორა პირველი?! ცხადია, ბადრი ზარანდია. ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა სააკაშვილმა 2003 წლის იანვარში, ზუგდიდში მდებარე კაფეში, ის როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ავტომატური იარაღიდან დემონსტრაციულად ჩაცხრილა. შემდეგ, 2004 წლის მარტში, შურისძიებით მოტივირებული სააკაშვილი სვანეთში ავიდა და მისი ბოროტმოქმედების მთავარი მოწმეები-აფრასიძეები უმოწყალოდ ჩახოცა. არ დაინდო არც ქალი და არც ბავშვი. სამუდამოდ, საშინელი დაღი დაასვა მათ ფსიქიკას. როგორც გახსოვთ, სააკაშვილმა ანძების აფეთქებით ერთ-ერთ მთავარ მიზანს- სახელმწიფოს მიმართ დესტრუქციას მიაღწია. სახეზე იყო დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, უწყვეტი პროტესტი და ალმოდებული საბურავების ჭვარტლით გამურული ქალაქები. მაშინ, შევარდნაძის ხელისუფლება შეეცადა დაჰპირისპირებოდა ამ ყველაფერს და სვანეთში სპეცოპერაცია დაგეგმა, რომელსაც აფრასიძეები უნდა გაენეიტრალებინა. მაშინდელი შს მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი მესტიაში იყო გამაგრებული.

მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მოსალოდნელი წინააღმდეგობისა და მსხვერპლის გამო, შევარდნაძეც კი თავს იკავებდა სპეცოპერაციის ჩატარებისგან და რამდენჯერმე უკან დაიხია. იმხანად, 2003 წლის 3 ივნისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში ტვ ,,იმედის’’ რეპორტიორად ვმუშაობდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ აფრასიძეების დემონიზირებას ყველა ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა. მათ მკვლელებად და კაციჭამიებად წარმოაჩენდა და ეს მუშაობდა კიდეც საზოგადოებრივ განწყობაზე. არც მაშინ და არც შემდეგ, რეალური მტკიცებულებები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ არ არსებობდა.

არადა, მგონია რომ აფრასიძეები თავად იყვნენ მსხვერპლები, გარემოების მძევლები. შესაძლოა ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ მაინც მოგიყვებით. მაშინ ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ეცერში ევგენი აფრასიძესთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. მას წინ უძღოდა აფრასიძეების ნათესავებთან ზუგდიდში შეხვედრა და ხელნაწერი ბარათის გადმოცემა, სადაც აფრასიძეების ოჯახში მეგობრის სტატუსით სტუმრად მყოფი ჩემთვის ნაცნობი უშიშროების აგენტ-ჟურნალისტი (ცოტა ხნით ადრე შევარდნაძის უშიშროება ამ ქალის ჩემთან დამეგობრებას შეეცადა) ნარჩემაშვილის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად აფრასიძეებთან ერთად მის შესაძლო ლიკვიდაციაზე მატყობინებდა და პრევენციის მიზნით ინფორმაციის გასაჯაროებას მთხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ აფრასიძეების შესახებ კარგი არაფერი მსმენია და ჭორ-მართალი ერთმანეთში ირეოდა, გულწრფელად ვუთანაგრძნე მათ ასეთი სტუმრის მასპინძლობის გამო, რომელსაც ამ ოჯახისთვის ბოლო გვირგვინის დადება საერთოდ არ გაუჭირდებოდა. მაშინ შევიტყვე, რომ ჟურნალისტად მისული ქალი ომეხ აფრასიძეს ხასად დაუჯდა, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად მისი მძევალი გახდა, რადგან მას მუხლთან მიმაგრებული რადიოგადამცემი აღმოუჩინა… ამიტომაც, არც მაშინ და არც ახლა მიკვირს თუ რატომ იდგა აფრასიძეების აივანზე ტყვიამფრქვევი, რატომ იყვნენ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში, თორემ არ მგონია უკვე პარკინსონით დაავადებულ, ასაკოვან ევგენი აფრასიძეს დაუმორჩილებელი ხელებით იარაღის ჟღარუნი შესძლებოდა. ინტერვიუ კი ისე წავიდა, რომ მეგონა კრიმინალური მენტალობის ადამიანთან კი არა ლიტერატორთან ვიჯექი პირისპირ. ვერ წარმოვიდგინე-ეს კაცი ყაჩაღობდა, ძარცვავდა, კლავდა და შემდეგ ქართულ მწერლობას ეცნობოდა?! მხოლოდ ხმის ჩაწერა მთხოვა, რადგან ურიცხვ მტერთან პირისპირ გამოჩენა არ სურდა. ის მაშინ არც ძებნილი იყო და როგორც ბევრჯერ თქვა-არც საშიში იყო ვინმესთვის! თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 21 წლის შემდეგაც, ფერფლად ქცეულმა ადამიანმა ბევრს მოსვენება დაუკარგა…

და კიდევ, რადგან გამჩენი არ გასვენებთ, ოდესმე მოვყვები, თუ როგორ გეგმავდა სააკაშვილი და ბარამიძე ჩემს დაკავებას (უკეთეს შემთხვევაში) და ტვ ,,იმედის’’ მანქანაში საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკების ჩადებას. შემდეგ როგორ დაამტკიცებდნენ ჩემს კავშირს აფხაზ კრიმინალებთან მაშინ, როცა მათი და კიდევ უფრო დიდი ნაძირალა გიორგი თარგამაძის უსუსურობის გამო ენგურის ხიდზე პირდაპირ შევეჯახე მკვლელ ოთარ ტურნანბას, დავიხსენი ტყვეობიდან ,,დროების’’ ჟურნალისტი და ოპერატორი, დავიბრუნე კამერა. თავზე დაგახურავთ იმ თქვენი ჟურნალისტების საქმიანობასაც, ვინც ფსბს აგენტობას წლების განმავლობაში აწარმოებდა, ვისაც აფხაზი ბოევიკები ენგურის ხიდიდან თურქეთის საზღვრამდე ტელევიზიის მანქანით გადაჰყავდა, ვინც აფხაზ მესაზღვრეებს აფეთქებდა, ვისაც აფხაზ ბოევიკებთან ზუგდიდიდან ქალები მიჰყავდა და ვინც ქართველების სისხლით გაჟღენთილი მკვლელების ლოგინში ეგდო, ვისაც აფხაზ მესაზღვრეებთან ერთად ვენაში ,,ჰეროინი’’ შეჰყავდა, ვინც აფხაზ ბოევიკებს ჩემს მკვლელობას უკვეთავდა! ვინმეს გგონიათ, ამას დაგივიწყებთ?!“-წერს ნანა ფაჟავა.

თიბისი კამპუსი: განათლების უფასო პროგრამა სტუდენტებისთვის

ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსში ბიზნეს მიმართულებების სწავლა, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით შეუძლია ყველა 18-24 წლის ახალგაზრდას.

თიბისი კამპუსის პროგრამების ჩამონათვალი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას – SEO და ციფრულ მარკეტინგს მოიცავდა, ახალ ნაკადზე კი ორი ძალიან საინტერესო მიმართულება – IT ბიზნეს ანალიზი და ბაზრის კვლევა დაემატა.

არ გადადო დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე 25 აპრილის ჩათვლით.

თიბისის გუნდი კი დაგახვედრებთ მხიარულ, ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოგეცემათ ბიზნეს-ტექნოლოგიურ სივრცეში სანაცნობო წრის გაფართოებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა.

(R)

აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია? -ირაკლი კობახიძე

უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და კითხულობენ, 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებული.

„იყო რამდენიმე ექსცესი, რამდენიმე მძიმე ინცინდენტი, რაც ჩვენ დავგმეთ. რა თქმა უნდა, არა თუ არ მივესალმებით, ვგმობთ, ბუნებრივია, ასეთ გადაცდომებს. პირველ-მეორე დღეს მოხდა ასეთი ინცინდენტები და მერე კიდევ უფრო მკაცრი ინსტრუქციები წავიდა, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ შემდეგ დღეებში მთლიანად აგვერიდებინა ეს ყველაფერი თავიდან, შემდეგი 3 დღე ასე გაგრძელდა და მერე მოვახერხეთ მთლიანად ამ ძალადობის აღკვეთა. მთლიანობაში უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე. ნორმალურია ახლა ეს? ამდენი დანაშაული, დამნაშავე არ არის. წარმოიდგინეთ, ასეულობით ადამიანი სჩადიოდა დანაშაულს და 30 კაცი რატომ არის დაპატიმრებულიო ამას კითხულობენ. აქ სად არის ან ლოგიკა, ან სამართლიანობა, ან რაიმე სხვა. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესია. ხელისუფლება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომლის შეცდომაში შეყვანა არის უფრო მარტივი, მით უმეტეს, თუ ოჯახში გაქვს ასეთი ვითარება. ერთ-ერთი მსახიობი აღნიშნეთ, დედა, დეიდა, დეიდაშვილი, ეგეთი გარემოცვა რომ გყავს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანაუგრძნო ამ ახალგაზრდას, ოჯახიდან აქვს ჩაბეჭდილი თავში, რომ შეიძლება გუშინ ითამაშო რუსულ ფილმში და ხვალ სხვა გამოაცხადო რუსად. პოლიციელებს ეძახდა რუსებს, რომლებიც 2008 წელს ცხინვალში იბრძოდნენ. თვითონ რუსულ ფილმში მონაწილეობდა და რუსს უწოდებდა პოლიციელებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ 2008 წელს. როცა ხარ ელენე ხოშტარიას დეიდაშვილი, რომელიც დღემდე ათეულობით ათას დოლარს იღებს რუსეთის ხაზინიდან და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ანტირუსია, რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევი, როცა დეიდა გყავს ასეთი, დედა და ა.შ. პრობლემაა ეს და ამიტომ უფრო მეტად შეიძლება თანავუგრძნოთ ასეთ ახალგაზრდებს, ვიდრე ნებისმიერ სხვას იმიტომ, რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოექცნენ, მართლა დაიჯერეს. კაცმა დაიჯერა, რომ გუშინ შეიძლება მივიღო რუსულ ფილმში მონაწილეობა და ხვალ შეიძლება 2008 წლის ომის გმირს დავუძახო რუსი, დაიჯერა ეს, რა ვქნათ, მაგრამ კანონი ხომ უნდა აღსრულდეს. რანაირად შეიძლება, კანონი არ აღსრულდეს, თუ არ აღსრულდება კანონი, მომავალ წელს განმეორდება იგივე, იმის შემდეგაც იგივე. ეს ქვეყანას აზიანებს. ეს ხომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობაა, რომ შენ კანონი აღასრულო იმისათვის, რომ სახელმწიფო წარმოჩინდეს, როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.

ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად – დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? -ირაკლი კობახიძე

საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს.

„იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართული, მათ შორის უცხოელები, პირდაპირ ელჩები, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები და ა.შ. ბუნებრივია, საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც ისეთ ოჯახში, ვიღაც მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაც ნაკლებად. საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების უმეტესობა, ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება, პოლიციის და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, არიან მსხვერპლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური. ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. კანონის აღსრულება არის აუცილებელი რატომ, ნახეთ რა მოხდა, იყო 2023 წელსაც გარედან დაგეგმილი და წარმართული რევოლუციური პროცესი, უმძიმესი პროცესები, იქაც იყო შტურმი პარლამენტზე, პოლიციელებისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, მათი ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ. ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და ერთადერთი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ცნობილი გრიგორიადისი. ამხელა ამბავი მოხდა, ამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, თან ჯგუფურად და ერთი კაცი იყო დაკავებული, ისიც შეწყალებით გამოვიდა გარეთ. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესს აქვს წამახალისებელი ეფექტი, არა პრევენციული, არამედ პირიქით. შემდეგ იყო გაზაფხულზე, შარშან, 2024 წელს, ანალოგიური პროცესები, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, იქაც დაპატიმრებული იყო 6 ადამიანი, აქედან ერთი შეიწყალა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ იყო არასწორი მიდგომა. რაღაც მესიჯები რომ აქვთ, იმის ანალოგია რომ ავიღოთ, რეალური ანალოგია, ყველგან დანაშაული, არსად დამნაშავე. შეიძლება ასეთი რამე მოხდეს? ოპოზიციის მესიჯია, რომ ჩვენ გადავწვით ნახევარი ქალაქი, გახსოვთ რა ხდებოდა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, უამრავი სხვა პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .