Home Blog Page 6

ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება საქართველოს ინტერესს, შესაბამისად, ვერ იქნება აღქმული როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა -ნინო წილოსანი

ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. მისი თქმით, შესაბამისად, ევროკომისიის წერილი ვერ იქნება აღქმული, როგორც სამართლიანი და ობიექტური მოთხოვნა.

„ამ მუქარის და შანტაჟის ავტორებისთვის კომფორტულია თუ ხელისუფლებაში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ისევე როგორც 2008 წელს საქართველოს ჩართავდა ომში. ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს და ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება აღქმული როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა“, – აცხადებს წილოსანი.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

ბრიუსელმა რატომღაც ყველა ტრადიციული რელიგიის მხარდაჭერილი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომელზეც ერიც და ბერიც შეთანხმებულია და წესით, უვიზო მიმოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი

რამდენიმე დღეა, პროპაგანდისტული მედია „არკვევს“, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა „გამორკვევის“ მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, „სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს“.

„მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც, უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.

ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში „გარკვევის“ ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა? უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?“, – წერს პაპუაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრით ირკვევა, რომ ნაცმოძრაობამ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია – “ნელსონ მალინსი” (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP) – დაიქირავა. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.

11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომელიც ლობისტების 6 თვის საქმიანობის ღირებულებას შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობა ხელშეკრულებაში ოფიციალურად მითითებულია, როგორც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, და არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ “ნელსონ მალინსის” სათავო ოფისი სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ კოლუმბიაში მდებარეობს.

წლების განმავლობაში, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს(Donations to PAC), მათ შორისაა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ღია წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უილსონის კამპანიისთვის ლობისტურ კომპანიას ჯამში 87,500 აშშ დოლარი აქვს შეწირული (ბოლო 20 წლის განმავლობაში). 2024 წლის კონგრესის არჩევნებისთვის კი „ნელსონ მალინსმა“ პოლიტიკურ კამპანიას 10,000 აშშ დოლარი შესწირა. კომპანიის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებს შორისაა სამხრეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემიც, რომლის 2024 წლის კამპანიასაც „ნელსონ მალინსმა“ ჯამში 35,000 აშშ დოლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური შემოწირულობები ხორციელდება არამხოლოდ აღნიშნული კომპანიის სახელით, არამედ მასში დასაქმებული პირების სახელითაც, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლობისტებისთვის ნაციონალური მოძრაობის გადახადილი თანხა კონგრესმენ ჯო უილსონის კამპანიას მოხმარდება, რის სანაცვლოდაც კონგრესმენი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს შესახებ და ხელს შეუწყობს მეგობარი აქტის მიღების პროცესს.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან და ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ გეგმავს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ აქტიურად აპირებს აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ლობირებას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, ოთხ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა – ბერდია ჩანქსელიანი

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე მეწყერი 4 ადგილზე ჩამოწვა. სტიქიის გამო მოძრაობა აკრძალულია სოფელ საყდართან. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

„გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა, რადგან ჩამოვიდა ოთხ ადგილზე მეწყერი. გადავკეტეთ ცენტრალური გზა და 06:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები. სამ ლოკაციაზე გზა უკვე გამავალია. უშგულთან ახლოს დარჩენილი მეწყერი, სადაც რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ივლისს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +32 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22.

ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.

ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +33 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +27, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება თელავშიც, +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +39 გრადუსი, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +38 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი – გვაქვს ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს “დიფ სთეითის” გავლენით – ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვას, კერძოდ, საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმად “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი”.

კობახიძის თქმით, არის ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც “დიფ სთეითის” გავლენით.

“რაც შეეხება ამერიკულ გზავნილს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი, გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც “დიფ სთეითის” გავლენით. ამას ამყარეს რა – ჩვენი პასუხი, ბიძინა ივანიშვილის პასუხი იყო საჯარო, მან განაცხადა, შემდეგი რამ: ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ, პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება. არა მარტო ფინანსური, სანქციები, მანამდე იყო დე ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს და სხვებს, ჩვენს შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ არ ვართ არც ფორმალური არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი უნდა იყოს ბუნებრივია, რატომ თქვეს, ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი მაგალითად, პრემიერ-მინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემასა და გაზიარებაზე. რა თქმა უნდა ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე ხომ? ამის პრობლემა არ იყო”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 28 მაისს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა:

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გააანალიზეთ მშობლებთან ურთიერთობები, გადახედეთ ცხოვრების პირობებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, გაარკვიეთ, რისკენ ისწრაფვით და, საერთოდ, რა გინდათ ცხოვრებისგან.

კურო

შეეცადეთ, დაალაგოთ ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მოიყვანეთ წესრიგში თქვენი გარემო, მოიცილეთ არაკეთილმოსურნეები და დატოვეთ თქვენთვის მისაღები და საინტერესო ადამიანები.

ტყუპები

დროა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ფინანსური საკითხების მიმართ, გაწერეთ ხარჯები და საჭიროებები, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაზარდოთ შემოსავლები.

კირჩხიბი

მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ თქვენ სამყაროს ნაწილი ხართ, იფიქრეთ საკუთარ თავზე, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გახდეთ თქვენი თავის უკეთესი ვერსია.

ლომი

გააანალიზეთ თქვენი მიღწევები, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მიიღოთ უკეთესი შედეგები ნაკლები ძალისხმევით და თქვენს საქმიანობაშიც უფრო წარმატებული იყოთ.

ქალწული

აუცილებელი იქნება, იმუშაოთ უფრო ეფექტურად, მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს და წინ წაიწიოთ, ყველაფერი კი საჭიროა იმისთვის, რომ პროფესიულად გაიზარდოთ.

სასწორი

საჭიროა, შეცვალოთ თქვენი აზრები და მიზნები, დაიწყეთ რაიმე ახალი, ან შეიტანეთ სიახლეები ურთიერთობებში. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, ცხოვრების მიზანს.

მორიელი

დღეს, გაგიტაცებთ ფიქრები სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან თქვენს დამოკიდებულებაზე, დროა, მართვის სადავეები აიღოთ საკუთარ ხელში და შეცვალოთ სიტუაციები, რომელიც თავისით არასდროს შეიცვლება.

მშვილდოსანი

ნუ შეგეშინდებათ შეცდომების აღიარების, მნიშვნელოვანია, თვითონ გაიაზროთ ყოველივე და დაიწყოთ მათი გამოსწორება, თქვენ შეძლებთ ყოველდღიური პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნებთან დაახლოებას.

თხის რქა

ახლა, მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები გადამეტებულად არ შეაფასოთ, ყური მიუგდეთ ახლობლებს. შესაძლოა, მოგიწიოთ პოზიციებისა და ინიციატივის დროებით სხვისთვის დათმობა.

მერწყული

შესაძლოა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოგიწიოთ საკუთარი ამბიციების შეზღუდვა, ყველაზე გონივრული ქმედება ახლა სიმშვიდე და მოთმინებაა.

თევზები

შეუძლებელია, ყველაფერს მარტო გაუმკლავდეთ, ენდეთ თქვენს მეგობრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩიხში შეხვიდეთ და წაგებული დარჩეთ.

მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი – პრემიერი

xr:d:DAFTUNmfRks:3,j:42489315507,t:22112909

მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.

პრემიერის თქმით, „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება კი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.

„ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას. პირიქით, თქვენ თუ დააკვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას, უმრავლესობას ვგულისხმობ, მთლიანად არის მომართული ეს რიტორიკა ომის გახანგრძლივებისკენ. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით. ეს ძალიან მკვეთრად ჩანს. „დიფ სთეითის“ ინტერესი არის, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს. ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს შესაძლო თეორიული და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადის ჩვენს ქვეყანას, მაგრამ „დიფ სთეითისთვის იქნება ძალიან მომგებიანი პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მოახდენს რუსეთის ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროპაგანდამ არ დაკარგოს თავისი ძალა და მეორე – სამხედრო თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. გავიხსენოთ კურსკის სპეცოპერაცია, რაც ჩატარდა უკრაინელების მიერ. აქ საუბარია კურსკის ოპერაციაზე, ოღონდ ცოტა უფრო დიდი მასშტაბით. ეს რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება რუსეთისთვის და ამას ესწრაფვიან „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები და მათი აგენტურა. აქედან გამომდინარე, მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც, დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერსი, ამაზე საუბრობენ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა. არავის უნდა უკვირდეს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ დაზიანება მიიყენა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ ყელზე დაზიანება მიიყენა. აღნიშნულ პიროვნებას დახმარება ადგილზე გაეწია და ადგილზე რჩება.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქემ თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. ის ბუფერულ ზონაში არსებულ პირობებს აპროტესტებდა და ქვეყნის დატოვების უფლებას მოითხოვდა.

როგორც შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალ პირებს, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

როგორც უწყება აღნიშნავს, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. უწყება იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება – ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატის განმარტებით, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს ქვეყანამ ევროკავშირის გზას გადაუხვია, უარგუმენტოა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

„როდესაც ევრობიუროკრატების ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციით შანტაჟისა და მოსახლეობაზე ზეწოლის შეჩერების მოლოდინი არ აქვს, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება.

„საგარეო ურთიერთობების მხრივაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენს მიმართ გაჟღერებულია ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს ა.შ. როდესაც ევრობიუროკრატების ამ ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ
განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, მაგალითად ხორციელდება ასოცირების ხელშეკრულება, სხვადასხვა უწყებები მუშაობენ, ქვეყნის პოლიტიკური კურსი აბსოლუტურად პროდასავლური და ცივილიზებული ღირებულებებისკენ არის მიმართული და ამას ადასტურებს სხვადასხვა რეიტინგიც, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება.

რაც შეეხება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თემას, ეს არის მათი ერთ-ერთი იარაღი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის შანტაჟისკენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი [ევრობიუროკრატები] ამ იარაღს გადააგდებენ, შეწყდება შანტაჟი და არ იქნება ზეწოლა მოსახლეობაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს საღი და გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება. ეს რომ მოხდეს, საქართველომ უნდა დაარღვიოს ის ტექნიკური მოთხოვნები, რაც ვიზალიბერალიზაციით არის გათვალისწინებული. ეს არის ოთხი დიდი ბლოკი – დოკუმენტების უსაფრთხოება, ადამიანების უფლებების დაცვა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ყველა ამ ოთხი მიმართულებით საქართველოში არის პროგრესი და ამას ადასტურებს სხვადასხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს – 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ დონეს მიაღწია. ისრაელის მთავრობის დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზაში მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს. საშინელებაა ის, რომ დახმარების მიღებისას 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოწოდებით გამოდიან.

„2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლები საშინლად იტანჯებიან. ჩვენი მოწოდება მათი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. მოვუწოდებთ მხარეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად ერთად იმუშაონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.

თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„22 ივლისს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში, გალაკტიონის ხიდის ქვეშ და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბებში.

სამივე გვირაბში არსებული განათებები თანამედროვე, ეკონომიური LED სანათებით იცვლება.

აღნიშნულ პერიოდში ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელ გვირაბში საგზაო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება; გალაკტიონის ხიდის ქვეშ გვირაბში შეზღუდვა ცალმხრივად, „ლაგუნა ვერედან“ მშრალი ხიდის მიმართულებით იმოქმედებს; დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებულ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით ერთ ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.